განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001432203
საქმე №1/ბ-26-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აპრილი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ნ-------------–---–ის, ნ---------------ის,მსჯავრდებულ: ა---------–-------–--–--ის,ადვოკატების: ე-----------------–---–ის, ნ--------–-–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულის ა---------–-------–--–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------–-----------------–--–--ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი #0----------, რეგისტრირებულის: თ---–---------–--–------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბერის განაჩენით ა---------–-------–--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ა---------–-------–--–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ა---------–-------–--–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა---------–-------–--–--ემ უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) წონით 0,000036 გრამს და ამფეტამინს წონით 0,000033 გრამს, რაც 2016 წლის 24 ივნისს, შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლების მიერ, თბილისში მაჩაბელის ქუჩა #4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული იქნა ა---------–-------–--–--ის პირადი ჩხრეკისას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა---------–-------–--–--ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ--------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს ბრალდების ნაწილში სადაოდ არ გაუხდია ფაქტობრივი გარემოებები, მანამ სანამ სასამართლო სხდომაზე არ მოხდა ნივთმტკიცების - ერთჯერადი ინსულინის შპრიცის დათვალიერება, რა დროსაც მასში აღმოჩნდა 0, 06 გრ. სითხე, თუმცა ექსპერტებს არ აღუნიშნავთ სითხის არსებობის შესახებ. ავთენტურობის ნაწილში საქმეზე ნივთმტკიცების იდენტურობა მრავალ კითხვის ნიშანს ბადებდა. საქმეში არ არის პირადი ჩხრეკის ამსახველი არანაირი ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, არ არის საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზა, რითაც ნათელი მოეფინებოდა საქმეში არსებული საინექციო შპრიცის ა---------–-------–--–--ის კუთვნილებასთან მიმართებაში. საქმეზე განაჩენი დადგა ორი მოწმე პოლიციელის ჩვენების საფუძველზე.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულის ა---------–-------–--–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბერის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა---------–-------–--–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ა---------–-------–--–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტი.
პოლიციის თანამშრომლების - მოწმეების ზ--------------------ისა და თ------–------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ივნისს, თბილისში მაჩაბელის ქუჩა #4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრიკეს ა---------–-------–--–--ე. ა--------–--–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთჯერადი საინექციო შპრიცი, მასში მოთავსებული ნარკოტიკული ნივთიერებით.
ა---------–-------–--–--ის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 24 ივნისს ა---------–-------–--–--ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთჯერადი საინექციო შპრიცი სადაც მერვე ნიშნულამდე მოთავსებული იყო მოყვითალო ფერის სითხე.
2016 წლის 24 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის #9-------------- დასკვნის თანახმად, ა---------–-------–--–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთ ცალ 1 მ.ლ. ტევადობის ერთჯერადი მოხმარების „ინსულინი“-ს შპრიცში მოთავსებული, მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე 0,06 მლ. ოდენობით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს - მეტამფეტამინს (მარილი) – 0,000036 გრამს და ამფეტამინს - 0,000033 გრამს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ-------------–---–მა და ს--------–--------მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ნარკოლოგიური შემოწმების 2016 წლის 24 ივნისის #7------ დასკვნის თანახმად ა---------–-------–--–--ეს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა იმ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი (ამფეტამინი, მეტამფეტამინი), რომელიც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკისას. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, ნივთმტკიცების ავთენტიკურობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დაცვის ეს ვერსია დაუსაბუთებელია და არაფერი მიუთითებს ამ ვერსიის ნამდვილობაზე. ა---------–-------–--–--ის ბრალეულობის დამადასტურებელ ცენტრალურ მტკიცებულებას წარმოადგენს მისი პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შესაბამისობაშია მოწმე სამართალდამცავთა ჩვენებებთან. ასევე, საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა კანონიერად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ შესაბამის პროცესუალურ ეტაპზე. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ჩხრეკის ოქმის შინაარსობრივ მხარეს თავად ა---------–-------–--–--ეც ადასტურებს ხელმოწერით, ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ერთჯერად საინექციო შპრიცში მერვე ნიშნულამდე იყო მოთავსებული მოყვითალო ფერის სითხე. ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება იქვე დაილუქა და ლუქზე გაკეთდა ჩხრეკაში მონაწილე პირთა ხელმოწერები, მათ შორის ა--------–--–--ის ხელმოწერაც. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ საკვლევი ობიექტი წარდგენილი იქნა დალუქული სახით, იმ ლუქით, რა ლუქითაც ჩხრეკის შემდეგ დაილუქა ა--------–--–--ესთან ერთად და პაკეტის და ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული. საექსპერტო კვლევის შემდეგ ექსპერტიზაზე წარდგენილი ერთჯერადი მოხმარების „ინსულინის“ შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით კვლავ დაილუქა პაკეტში #FCD720387. სწორედ ხსენებული დალუქული ნივთიერი მტკიცებულება იქნა მხარეთა მონაწილეობით პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, რა დროსაც სასამართლო და მხარეები დარწმუნდნენ, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნის ავტორები და ორივე მათგანმა განმარტა, რომ საკვლევი ობიექტი იყო დალუქულ მდგომარეობაში და ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული. შესაბამისად არ არსებობს ნივთიერი მტკიცებულების ავთენტიკურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნარკოლოგიური შემოწმებისას ა---------–-------–--–--ეს დაუდგინდა იმავე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტი, რაც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკისას (ამფეტამინი და მეტამფეტამინი), რაც კიდევ უფრო ამყარებს ა---------–-------–--–--ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის გონივრულ ეჭვს და უსაფუძვლოს ხდის დაცვის მხარის მითითებას, რომ საქმეში არ არის პირადი ჩხრეკის ამსახველი არანაირი ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, არ არის საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზა და საქმეზე განაჩენი დადგა მხოლოდ ორი მოწმე პოლიციელის ჩვენების საფუძველზე.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა---------–-------–--–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ა---------–-------–--–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბერის განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულის ა---------–-------–--–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბერის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ა---------–-------–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ა---------–-------–--–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
ა---------–-------–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2017 წლის 22 ნოემბრიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2016 წლის 24 ივნისიდან - 2016 წლის 29 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;
ა---------–-------–--–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივნისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გ-----------–--–--ის უძრავი ქონების შესაბამის პროპორციულ წილზე (მდებარე ბა----------------------------------------------------–----------------------------–-------------------------------------------------------------------------------------- დადებული ყადაღა.
ნივთიერი მტკიცებულება:
ნარკოტიკული საშუალება - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი