განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2018
საქმის ნომერი
330210016001260925
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 330210016001260925

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4790-17 21 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი - ს-------–----

წარმომადგენელი - თ----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე – ე-----------–---–----

წარმომადგენელი - ნ--------–----

 

დავის საგანი – მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

ე-----------–---–----------- სს „----–----- სასარგებლოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის - 3642.16 ლარის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სს „----–----- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ე-----------–---–----ს სს „----–----- სასარგებლოდ დაეკისრა 785.20 ლარის გადახდა;

 

გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს „----–----- სააპელაციო საჩივრით და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, რამაც საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. კერძოდ, გადაწყვეტილების 3.1.2 პუნქტით სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ არსებულ დავალიანებაზე მხარეებს შორის შეთანხმება მოხდა და საბოლოოდ გადასახდელ თანხად დაფიქსირდა 2559.85 ლარი. შესაბამისად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა არ გამომდინარეობს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც 2012 წლის 22 სექტემბერს მოპასუხეს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. უფრო მეტიც, 2013 წლის 11 აპრილს მოპასუხემ გადაიხადა 25 ლარი, რომლითაც აღიარა ვალდებულების არსებობა.

 

სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოება იმის შესახებ, რომ კრედიტორს თითოეულ პერიოდზე ანუ ყოველთვიურად გადასახდელ თანხაზე დამოუკიდებლად წარმოეშობა მოთხოვნა. თუ დამოუკიდებელ მოთხოვნასთან გვაქვს საქმე, როგორც ამას სასამართლო მიუთითებს, მაშინ მხარეებს შორის არსებული სადავო ურთიერთობების წარმოშობის საფუძველი სხვა სამართლებრივი საფუძველია და არა ის, რაც სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 2013 წლის 11 აპრილს გადახდილი თანხა მიმდინარე გადასახდელ თანხას წარმოადგენდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

1. სადავო არ არის გარემოება, რომ მოპასუხე ე-----------–---–----ს (აბონენტის N2------) სს „----–----- მიმართ გააჩნია 3642.16 ლარის ოდენობით დავალიანება.

 

2. პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებობდა ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა. ამასთან, უდავოა, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად.

 

პალატა განმარტავს, რომ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს ვალდებულება, რომელიც კანონით ან ხელშეკრულებით გარკვეული დროის მონაკვეთში უნდა შესრულდეს განსაზღვრული პერიოდულობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს.

 

3. სს „----–----- სასარჩელო მოთხოვნა 2013 წლის 25 თებერვლამდე ხანდაზმულია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისი უფლების რელიზაცია ან დაცვა განახორციელოს. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად, ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია ვალდებული პირის ნება-სურვილზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისათვის, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

პალატა განმარტავს, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება ისაა, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თითოეულისთვის ცალ-ცალკე იწყება, ანუ ვადა ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად აითვლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, N2------ აბონენტის ბრუნვის ისტორის საფუძველზე დადგენილია, რომ მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული აბონენტის გამრიცხველიანება განხორციელებულია 2008 წლის 20 თებერვალს; 2009 წლის 18 სექტემბერს აბონენტის დავალიანება დაკორექტირდა და მისი ოდენობა 2559.85 ლარით განისაზღვრა; 2009 წლის 22 სექტემბერს აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და იგი მხოლოდ 2012 წლის 22 ოქტომბერს აღუდგა. აბონენტის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია 2013 წლის 11 აპრილს; 2014 წლის მაისიდან აბონენტს ელექტროენერგია კვლავ აღარ მიეწოდება. დღეის მდგომარეობით ელექტროენერგიის მოხმარებით დაგროვილმა დავალიანებამ 3642.16 ლარი შეადგინა. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ 2013 წლის 11 აპრილს განხორციელებული გადახდა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს მიმდინარე დავალიანების დაფარვად.

 

დადგენილია, რომ სს „----–----- სარჩელით სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვალს მიმართა, შესაბამისად, მისი მოთხოვნა 2013 წლის 25 თებერვლამდე ხანდაზმულია. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2013 წლის 25 თებერვლის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების გადახდა, ხოლო 2013 წლის 25 თებერვლამდე არსებული დავალიანება, 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიჩნეულ უნდა იქნეს ხანდაზმულად. ვინაიდან, 2013 წლის 04 მარტს მოპასუხის დავალიანება სს „----–----- მიმართ 2856.96 ლარს შეადგენდა, ხოლო 2014 წლის 29 მაისს დაფიქსირებული ბოლო ჩვენება 3642.16 ლარია, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 785.20 ლარის გადახდა.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა

 

1. სს „----–----- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე