განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.04.2018
საქმის ნომერი
120310017002168203
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №120310017002168203

საქმე N3ბ/298-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

30 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა-------ს რაიონული განყოფილება;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი---- ტ-----–-–--ლი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------ს რაიონული განყოფილების 2017 წლის 24 ოქტომბრის N------------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 ოქტომბრის N0------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------ს რაიონულ განყოფილებას დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ი---- ტ-----–-–--ლისათვის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის შესახებ და გამოანგარიშდეს კომპენსაციის ოდენობა 2016 წლის 01 იანვრიდან ძალაში არსებული ნორმების მიხედვით.

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ა-------ს რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია განონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ი---- ტ-----–-–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------ს რაიონული განყოფილების 2017 წლის 24 ოქტომბრის (№0------------) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 ოქტომბრის (№0-------) გადაწყვეტილებები სახელმწიფო გასაცემლის - მოსამართლის კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------ს რაიონულ განყოფილებას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ი---- ტ-----–-–--ლისათვის სახელმწიფო (მოსამართლის) კომპენსაციის დანიშვნის შესახებ (2017 წლის 27 სექტემბრიდან).

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. ი---- ტ-----–-–--ლი 1991 წლის 5 აპრილს დაინიშნა ა-------ს რაიონის სასამართლოს მოსამართლედ. აღნიშნულ თანამდებობაზე დაკისრებულ უფლება- მოვალეობას ი---- ტ-----–-–--ლი ასრულებდა 1999 წლის 15 მაისამდე, სულ - 8 წელი, 1 თვე და 10 დღე. (ს.ფ. 22 );

 

4.2. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის N--- განკარგულების შესაბამისად, 1999 წლის 15 მაისიდან გათავისუფლდა ა-------ს რაიონის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა ა-------ს რაიონის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. ა-------ს რაიონის სასამართლოს მოსამართლის უფლება-მოვალეობას ასრულებდა 2003 წლის 26 ივნისამდე, სულ 4 წელი, 1 თვე და 11 დღე. (ს.ფ. 22 );

 

4.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 26 თებერვლის N1------------------ გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 852 მუხლის 1-ლი პუნქტი. (ს.ფ.59 )

 

4.4. 2003 წლის 26 ივნისს ი---- ტ-----–-–--ლს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 852 მუხლის 1-ლი პუნქტის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილება. ი---- ტ-----–-–--ლი მოსამართლის უფლებამოვალეობას ასრულებდა 12 წლის, 2 თვისა და 22 დღის განმავლობაში. (ს.ფ. 22 )

 

4.5. მოსარჩელე ი---- ტ-----–-–--ლის დაბადების თარიღია 1----–-–-----------------ი. 2----–-–-----------------ს შეუსრულდა 65 წელი. (ს.ფ.17);

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი, რომლის თანახმად, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. გ) მიეკუთვნება „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლში მითითებულ მოსამართლეებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ,, პუნქტის თანახმად, ,,ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა არის უფლებამოსილებადამთავრებული/უფლებამოსილებაშეწყვეტილი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი.

 

სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს ის პოზიცია, რომ 2003 წლის 26 ივნისს მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი ვერ აკმაყოფილებს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან, კანონის იმპერატიული მოთხოვნა - სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დამთავრება, დაკავშირებულია მოსამართლის მიერ 10 წლის ვადით სამოსამართლო უფლებამოსილების შესრულებასთან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სამოსამართლეო უფლებამოსილებას ასრულებდა 12 წლის განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის N--- განკარგულების შესაბამისად, 1999 წლის 15 მაისიდან გათავისუფლდა ა-------ს რაიონის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა ა-------ს რაიონის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. არსებული კანონმდებლობის საფუძველზე სახელმწიფომ მასთან გააგრძელა შრომითი ურთიერთობა და ამ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში თანამდებობაზე გამწესებული მოსამართლე აღჭურვილი იყო მოსამართლის ყველა უფლებითა და მოვალეობით. საერთო ჯამში მოსამართლე 12 წლის განმავლობაში უწყვეტად ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, იღებდა გადაწყვეტილებებს, რომელიც იყო სამართლებრივი შედეგების მომტანი მხარეთათვის. ის გარემოება, რომ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომენტისთვის - 2001 წლის 5 აპრილისთვის იგი არ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ვადის ამოწურვის გამო და ამის შემდეგ არ გაუგრძელდა უფლებამოსილება თანამდებობის ფაქტიურად დაკავების ვადით, არ უნდა გახდეს მისთვის კომპენსაციის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს კომპენსაციის დანიშვნისათვის შემდეგ გარემოებათა გამო: ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება პირს, ვისაც 1997 წლის 13 ივნისის ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელეს საპენსიო ასაკის მიღწევის დროისათვის გააჩნია მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებისათვის რათა არ დაირღვეს თანასწორობის პრინციპი და არ იქნეს უგულებელყოფილი სახელმწიფო კომპენსაციის ბუნება და მისი დანიშვნის ზოგადი მიზნები.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს მისთვის დანიშნული კომპენსაციის გაანგარიშება 2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში არსებული ნორმების მიხედვით, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტასთან ერთად საყურადღებოა კომპენსაციის გაანგარიშება და მისი ოდენობა, რაზეც სასამართლოს ამ ეტაპზე არ უმსჯელია, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, შესაბამისად, ვერ იქნება დავის საგანი.

 

6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------ს რაიონული განყოფილების სააპელაციო მოთხოვნა:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა-------ს რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, 1999 წლის 14 მაისის განკარგულების საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან და აღნიშნული მომენტისთვის მას ჰქონდა რვა წლიანი მოსამართლედ მუშაობის სტაჟი. ხოლო კანონმდებლობა ითხოვს უწყვეტად ათ წლიანი მოსამართლედ მუშაობის სტაჟს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით გათავისუფლებულთათვის. აპელანტს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან წარმოდგენილ მასალებში მოცემული ინფორმაცია არ იძლევა საფუძველს, რომ მოსარჩელეს დაენიშნოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაცია, ვინაიდან, სასამართლო სისტემიდან 2003 წლის 26 მაისს ი---- ტ-----–-–--ლის გათავისუფლების საფუძველი ვერ აკმაყოფილებს "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო 1999 წლის 15 მაისს, მისი მოსამართლის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება მოხდა კანონით გათვალისწინებული ატესტაციის გაუვლელობის გამო და აღნიშნული პერიოდისთვის მას არ ჰქონია "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონის 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუქნტის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და 86-1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამართლეებისთვის კანონით განსაზღვრული სამოსამართლეო მუშაობის 10 წლიანი სტაჟი. 10 წლიანი სამოსამართლეო სტაჟის არსებობის პირობა, 1999 წლის 15 მაისს სასამართლოდან მსგავსი საფუძვლით გათავისუფლებული მოსამართლეებისთვის, წარმოადგენს კანონის იმპერატიულ მოთხოვნას და სახელმწიფო კომპენსაციაზე უფლების განსაზღვრის ნაწილში აღნიშნული პირობის დაუკმაყოფილებლობა წარმოადგენს სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველს.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

"სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. გ) მიეკუთვნება „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლში მითითებულ მოსამართლეებს.ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ,, პუნქტის თანახმად, ,, ამ მუხლის პირველი პუნქტითათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა არის უფლებამოსილებადამთავრებული / უფლებამოსილებაშეწყვეტილი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი.

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის: ა) 46-ე–49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე; ბ) საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში; გ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი; დ) 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურაღება საქართველოს კონსტიტუციის ამჟამად მოქმედი 86-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით. ზემოაღნიშნული ნორმის ამოქმედებამდე 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება ხდება არანაკლებ 10 წლის ვადით. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, თანამდებობიდან განთავისუფლების წესი განისაზღვრება კანონით". შესაბამისად, ზემოთმითითებულ ნორმატიულ აქტებში მოხსენიებული სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა გულისხმობს 10 წელს, ასევე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის სავალდებულოდ მიიჩნევს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას 10 წლის განმავლობაში.

 

პალატა მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მასზედ, რომ 2003 წლის 26 ივნისს მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი ვერ აკმაყოფილებდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ვინაიდან, კანონის იმპერატიული მოთხოვნა - სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დამთავრება დაკავშირებულია მოსამართლის მიერ 10 წლის ვადით სამოსამართლო უფლებამოსილების შესრულებასთან. სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოსარჩელე სამოსამართლეო უფლებამოსილებას ასრულებდა 12 წლის განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის N--- განკარგულების შესაბამისად, 1999 წლის 15 მაისიდან გათავისუფლდა ა-------ს რაიონის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა ა-------ს რაიონის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. არსებული კანონმდებლობის საფუძველზე სახელმწიფომ მასთან გააგრძელა შრომითი ურთიერთობა და ამ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში თანამდებობაზე გამწესებული მოსამართლე აღჭურვილი იყო მოსამართლის ყველა უფლებითა და მოვალეობით. საერთო ჯამში მოსამართლე 12 წლის განმავლობაში უწყვეტად ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, იღებდა გადაწყვეტილებებს, რომელიც იყო სამართლებრივი შედეგების მომტანი მხარეთათვის. ის გარემოება, რომ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომენტისთვის - 2001 წლის 5 აპრილისთვის იგი არ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ვადის ამოწურვის გამო და ამის შემდეგ არ გაუგრძელდა უფლებამოსილება თანამდებობის ფაქტიურად დაკავების ვადით, არ უნდა გახდეს მისთვის კომპენსაციის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სასამართლომ ასევე მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის ის პოზიცია, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს კომპენსაციის დანიშვნისათვის შემდეგ გარემოებათა გამო: ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება პირს, ვისაც 1997 წლის 13 ივნისის საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელეს საპენსიო ასაკის მიღწევის დროისათვის გააჩნია მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებისათვის, რათა არ დაირღვეს თანასწორობის პრინციპი და არ იქნეს უგულებელყოფილი სახელმწიფო კომპენსაციის ბუნება და მისი დანიშვნის ზოგადი მიზნები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის №ბს-707-693(კ-14) გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო მოსამართლეთა მიმართ თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევის დაუშვებლობაზე, ასევე კომპენსაციის ბუნებასა და მისი დანიშვნის მიზნებზე და უთითებს, რომ ,, საკასაციო სასამართლო მ. ღ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას ყურადღებას მიაქცევს თავად კომპენსაციის ბუნებასა და მისი დანიშვნის მიზნებს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოხატა ნება შეექმნა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო. აღნიშნული სოციალური დაცვის გარანტია მოსამართლისთვის უზრუნველყოფილია ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით (77-ე მუხ.). სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნა მათი დამსახურების ერთგვარ კომპენსირებას ახდენს. შესაბამისად, კომპენსაციის არსისა და მისი მიზნების გათვალისწინებით, გაუგებარია მ. ღ-ეს სამოსამართლო საქმიანობის გაგრძელებამ და 24 წლის განმავლობაში სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებამ რატომ შეუზღუდა კომპენსაციის მიღების - დამატებითი სოციალური გარანტიით სარგებლობის უფლება. თუ 16 წლის სტაჟის მქონე მოსამართლე მიიღებდა კომპენსაციას, მაშინ რატომ ვერ უნდა მიიღოს კომპენსაცია 24 წლის სტაჟის მქონემ. ეს იმ პირობებში, როდესაც კომპენსაციის დანიშვნის მიზანს სწორედ მოსამართლის მიერ გაწეული შრომის ერთგვარი კომპენსირება წარმოადგენს....“...სამართალურთიერთობის ამგვარი განმარტებით იგნორირებულია კომპენსაციის დანიშვნის მიზნები და იწვევს მოსამართლეთა მიმართ თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ფაქტი ერთნაირ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს მოსამართლეებს. შესაბამისად, დაუშვებელია იდენტურ სამართლებრივ მდგომარეობას სხვადასხვა მოსამართლისთვის განსხვავებული რეგულირება დაედგინა და განსხვავებული სამართლებრივი მდგომარეობა შეექმნა მათთვის....“

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ი---- ტ-----–-–--ლი 1991 წლის 5 აპრილს დაინიშნა ა-------ს რაიონის სასამართლოს მოსამართლედ. აღნიშნულ თანამდებობაზე დაკისრებულ უფლება - მოვალეობას ი---- ტ-----–-–--ლი ასრულებდა 1999 წლის 15 მაისამდე, სულ - 8 წელი. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის N--- განკარგულების შესაბამისად, 1999 წლის 15 მაისიდან გათავისუფლდა ა-------ს რაიონის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა ა-------ს რაიონის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. ა-------ს რაიონის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოვალეობას ასრულებდა 2003 წლის 26 ივნისამდე, სულ 4 წელი.

 

ასევე დადგენილია, რომ 2003 წლის 26 ივნისს ი---- ტ-----–-–--ლს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 852 მუხლის 1-ლი პუნქტის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილება. შესაბამისად, ი---- ტ-----–-–--ლი მოსამართლის უფლებამოვალეობას ასრულებდა 12 წლის 2 თვისა და 22 დღის განმავლობაში.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პირობებს. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსარჩელისათვის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კომპენსაციის არსისა და მისი დანიშვნის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი წესით მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ი---- ტ-----–-–--ლისათვის მოსამართლის კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

ამავე კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად,ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------ს რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -