განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.04.2018
საქმის ნომერი
330310016001298322
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310016001298322

საქმე N3ბ/653-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

30 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - მ--- თ--------ძე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის N0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე”;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 05 თებერვლის №-- ბრძანება მ--- თ--------ძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში არ არის კონკრეტული მითითება და მსჯელობა იმ გარემოებაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგება კანონს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მ--- თ--------ძის სარჩელი მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 ივნისის N1--------- წერილის მიხედვით, ქ. თბილისში, ჩ--------ის ქუჩა N3/3- ში (ბრძანებაში იდენტიფიცირებული - ქ. თბილისის, ვ. ბ------- ქუჩა N1/ჩ--------ის ქუჩა N--თან) მდგარ შენობას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის N----- ბრძანების საფუძველზე მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. (ს.ფ. 70).

 

4.2. ბმა ,,ვ. ბ------- ქ. N3/3’’-ის 2015 წლის 04 თებერვლის კრების N- ოქმის თანახმად, ამხანაგობამ დაადასტურა, რომ ზემოთ ხსენებული ფართის მოშენება მოხდა 2009 წლის სექტემბერში, მეზობლების თანხმობითა და უშუალო მონაწილეობით.

 

ბმა ,,ვ. ბ------- ქ. N3/3’’-ის 2015 წლის 25 ივლისის კრების N11 ოქმით დგინდება, რომ მ--- თ--------ძემ 2009 წელს აივნის ფართის კუთვნილ ნაწილზე გააკეთა მცირე მოშენება. აღნიშნულ მიშენებაზე მ--- თ--------ძეს მეზობლების თანდასწრებით სიტყვიერი თანხმობა განუცხადეს 2007 წელს ადგილზე მისულმა გამგეობის წარმომადგენლებმა. მიშენება ჩატარდა 2009 წელს მეზობლების უშუალო მონაწილეობით. (ს.ფ. 25-30).

 

4.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 22 ივლისს მ--- თ--------ძის მიმართ შედგა N0----- მითითება, საიდანაც ირკვევა, რომ მ--- თ--------ძემ ქ. თბილისში, ვ. ბ------- N3/3-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განახორციელა სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. კერძოდ, განახორციელა საერთო სარგებლობის აივნის ნაწილობრივი ამოშენება. ამავე მითითებით სამართალდამრღვევს დაევალა კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 25 კალენდარული დღე. (ს.ფ. 81-82).

 

4.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 29 ივლისის N2------ გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა განცხადება და თანდართული საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქ. თბლისში, ჩ--------ის ქ. N3/ბ------- (ქ. (ყოფ. ც-----ა) N3-ში საპროექტო სამუშაოების ჩატარების საკითხს, ვინაიდან განცხადება არასწორი ნომეკლატურით იქნა წარდგენილი, 2007 წლის 01 ოქტომბრის N----- ბრძანების თანახმად, ქ. თბილისში ვ------– ბ------- ქ.N3-ში, არსებულ შენობა - ნაგებობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ობიეტები არ ექვემდებარება I კლასის შესაბამის განხილვას. საჭიროა საკითხი შესაბამისი ნომეკლატურით იყოს წარმოდგენილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ--- თ--------ძის 2015 წლის 24 ივლისის N A-------- განცხადება დარჩა განუხილველი. (ს.ფ. 158-159)

 

4.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 17 აგვისტოს მ--- თ--------ძის მიმართ შედგენილი იქნა N0----- შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ მ--- თ--------ძემ არ შეასრულა 2015 წლის 22 ივლისის N0----- მითითებით მოთხოვნილი პირობები. (ს.ფ. 79-80)

 

4.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის N0----- დადგენილებით, მ--- თ--------ძე დაჯარიმდა 4000 ლარით ქ. თბილისში, ვ. ბ------- ქ. N3/3-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის საერთო სარგებლობის აივნის ნაწილობრივი ამოშენებისთვის. მას დაევლა ქ. თბილისში, ვ. ბ------- N3/3-ში მდებარე ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. დაკისრებული ჯარიმის გადახდა მ--- თ--------ძეს დაევლა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. (ს.ფ. 14-16).

 

4.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2015 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა. (ს.ფ. 60-64)

 

4.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 05 თებერვლის N38 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა მ--- თ--------ძის 2015 წლის 06 ნოემბრის N7------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის N0----- დადგენილება. (ს.ფ. 17-23)

 

4.9. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 02 აპრილის ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე” ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სამინისტროს მიერ, ქ. თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემის; კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილების დელეგირება თბილისისთვის.

 

აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: სამინისტრო უზრუნველყოფს თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო- რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შეთანხმების და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვების, აღნიშნული ნებართვების/შეთანხმების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების და ამ აქტებზე თანდართული შესაბამისი დოკუმენტაციის თბილისისათვის გადაცემას.

 

თბილისი უფლებამოსილია განახორციელოს თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო - რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემა, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმება, გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღება, ასევე წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლი. (ს.ფ. 56-59)

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. საქმის განმხილველმა სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ--- თ--------ძის დაჯარიმებისა და უნებართვოდ განხორციელებული ამოშენების აღმოფხვრის თაობაზე, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №0----- დადგენილება სასამართლომ მიიჩნია კანონერად. რაც შეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 05 თებერვლის №-- ბრძანების (მ--- თ--------ძეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლო დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. მ--- თ--------ძის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.1. მ--- თ--------ძის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის N0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე”, ასევე ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 05 თებერვლის №-- ბრძანება მ--- თ--------ძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე” 2015 წლის 02 აპრილის ადმინისტრაციული ხელშეკრულებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ სამინისტროს მიერ, ქ. თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო - რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილების დელეგირება მოხდა თბილისისთვის.

 

აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: სამინისტრო უზრუნველყოფს თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შეთანხმების და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვების, აღნიშნული ნებართვების/შეთანხმების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების და ამ აქტებზე თანდართული შესაბამისი დოკუმენტაციის თბილისისათვის გადაცემას. თბილისი უფლებამოსილია განახორციელოს თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემა, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმება, გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღება, ასევე წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლი.

 

პალატა მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის №1-2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების’’ 3.2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა საკულტო-რელიგიურ და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღება, სამუშაოების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი აქტის გამოცემა, ასევე წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლი.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

7.2. პალატა მიუთითებს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 22 ივლისს მ--- თ--------ძის მიმართ შედგა N0----- მითითება მასზედ, რომ მ--- თ--------ძემ ქ. თბილისში, ვ. ბ------- N3/3 -ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განახორციელა სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. კერძოდ, განახორციელა საერთო სარგებლობის აივნის ნაწილობრივი ამოშენება. ამავე მითითებით სამართალდამრღვევს დაევალა კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 25 კალენდარული დღე.

 

ასვე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 17 აგვისტოს მ--- თ--------ძის მიმართ შედგა N0----- შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ მ--- თ--------ძემ არ შეასრულა 2015 წლის 22 ივლისის N0----- მითითებით მოთხოვნილი პირობები.

 

7.3. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.2 მუხლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო- კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.

 

მითითებული მუხლის შესაბამისად, პალატა განმარტავს, რომ სამართალდარღვევადაა მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა - ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ასევე საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ იქნა N0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე,’’ რომლითაც მ--- თ--------ძე დაჯარიმდა 4000 ლარით ქ. თბილისში, ვ. ბ------- ქ. N3/3 -ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის საერთო სარგებლობის აივნის ნაწილობრივი ამოშენებისთვის. მასვე დაევლა ქ. თბილისში, ვ. ბ------- N3/3 -ში მდებარე ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

 

7.4. პალატა განმარტავს, რომ ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ამავე კანონის 2.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.

 

,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე.

 

პალატა მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია:ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი) ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება(არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება;

 

ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა- ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, შენობა- ნაგებობების შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არის შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გაგრძელებას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მშენებლობის განხორციელება (კერძოდ, ახალი მშენებლობა, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი) დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა- ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა- ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ) ქსელების რეკონსტრუქცია – შენობა- ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება. როგორც უკვე აღინიშნა მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, რომელიც არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო- კომუნალური ქსელების შეკეთება; გ) ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ) ხორციელდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება; ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.

 

საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 29 ივლისის N2------ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა მ--- თ--------ძის განცხადება და თანდართული საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა ქ. თბილისში, ჩ--------ის ქ. N3/ბ------- (ქ. (ყოფ. ც-----ა) N3-ში საპროექტო სამუშაოების ჩატარების საკითხს, ვინაიდან განცხადება არასწორი ნომეკლატურით იქნა წარდგენილი, 2007 წლის 01 ოქტომბრის N----- ბრძანების თანახმად, ქ. თბილისში ვ------– ბ------- ქ.N3-ში, არსებულ შენობა -ნაგებობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. განმცხადებელს ეცნობა, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ობიეტები არ ექვემდებარება I კლასის შესაბამის განხილვას და შესაბამისად საჭიროა საკითხი შესაბამისი ნომეკლატურით იყოს წარდგენილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ--- თ--------ძის 2015 წლის 24 ივლისის N A-------- განცხადება დარჩა განუხილველი. შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია მ--- თ--------ძეს არ გააჩნდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ--- თ--------ძის დაჯარიმებისა და უნებართვოდ განხორციელებული ამოშენების აღმოფხვრის თაობაზე, შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №0----- დადგენილება კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7.5. პალატა ყურადრებას ამახვილებს მხარის ერთ-ერთ მოთხოვნაზე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 05 თებერვლის №-- ბრძანების ბათილად ცნობაზე, რომლითაც მ--- თ--------ძეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოსნ განმარტებებს და შედეგს აღნიშნული მოთხოვნის ნაწილშიც და განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 05 თებერვლის №-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება - დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა- განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელ მ--- თ--------ძე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დაუსაბუთებელი სააპელაციო საჩივარი, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ--- თ--------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -