განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002125731
საქმე №3ბ/3065-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
3 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები: ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
წარმომადგენელი - თ-----------ა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ-----–----ძე;
წარმომადგენელი - თ--------–--–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 25 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს ,,ქ-------------------------–ი და სამართლის ი-----------ის“ მიერ ნ-----–----ძის სახელზე გაცემული AA №0------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ ის უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ნ-----–----ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 25 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ-----–----ძის სახელზე გაცემული AA №0------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. შპს ,,ქ-------------------------–ი და სამართლის ი-----------მა” ნ-----–----ძის სახელზე გასცა დიპლომი AA №0------ (ს------------–-------), რომლის თანახმად, ნ-----–----ძემ 1999 წელს დაამთავრა აღნიშნული ი-----------ის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სახელმწიფო - საგამოცდო კომისიის 1999 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით ნ-----–----ძეს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. (ს.ფ.16)
4.2. ნ-----–----ძემ 2017 წლის 23 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს ,,ქ-------------------------–ი და სამართლის ი-----------ის“ მიერ გაცემული დიპლომის AA №0------ (ს------------–-------) ნამდვილობის დადასტურება.
4.3. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 15 სექტემბერს ქ-------------------------– და სამართლის ი-----------ზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია №-------------. ქ--------ს სასამართლოს მიერ 1996 წლის 03 სექტემბერს რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,ქ-------------------------–ი და სამართლის ი-----------ი”. 1997 წლის 15 ნოემბრის შპს ,,ქ-------------------------–ი და სამართლის ი-----------ის” პარტნიორთა კრების №4 ოქმის საფუძველზე, შპს ,,ქ-------------------------– და სამართლის ი-----------ს“ დამოუკიდებელ იურიდიულ პირად გამოეყო მისი ნაწილი, მთელი თავისი ქონებითა და ინფრასტრუქტურით. გამოყოფილი ერთეული შპს ,,ქ--------ს ჰ-----------ულ და სამართლის ი-----------ის” უფლებამონაცვლედ ჩაითვალა გამყოფი ბალანსის ფარგლებში, მის მიმართ მესამე პირთა მიერ ნაკისრი ვადადაუმდგარი გრძელვადიანი ვალდებულებების, აგრეთვე ამ საზოგადოების მიერ მესამე პირთა მიმართ ნაკისრი ვადადაუმდგარი შეუსრულებელი ვალდებულებების ნაწილში. ამავე სასამართლოს მიერ 1998 წლის 12 იანვარს რეგისტრაციაში გატარდა სპს ბ------------ნი-ჰ-----------ული და სამართლის ი-----------ი №2, რომელიც წარმოადგენს ქ. ქ--------ს სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრირებული სუბიექტის უფლებამონაცვლეს. 1999 წელს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრირებულია შპს ,,ჰ-----------ული და სამართლის ი-----------ი“ ნაცვლად სპს ბ------------ნი-ჰ-----------ული და სამართლის ი-----------ი №2, ამ უკანასკნელმა განიცადა რეორგანიზაცია და ფუნქციონირებდა, როგორც შპს ,,ქ-------------------------–ი და სამართლის ი-----------ი N2.“ აღნიშნულ სუბიექტს 2000 წლის პირველ იანვრამდე არ მიუმართავს საქართველოს განათლების სამინისტროსათვის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით. შესაბამისად, მან დაკარგა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება 2000 წლის 1 იანვრიდან.
4.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 25 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილებით. ნ-----–----ძეს უარი ეთქვა მასზე გაცემული AA №0------ (ს------------–-------) უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ქ-------------------------–ი და სამართლის ი-----------ის“ მიერ 1998 წლის 12 იანვრიდან განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, ნ-----–----ძის სწავლის პერიოდი, მისთვის 1999 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების AA №0------ (ს------------–-------) დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ (ს.ფ. 20-23)
4.5. ნ-----–----ძე 2002 წლიდან მუშაობს პროფესიით. ამასთან, შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობს 2008 წლის 20 ივნისიდან, ხოლო 2016 წლის 12 თებერვლიდან დაკავებული აქვს სსიპ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) სერვისების ცენტრალური ბიუროს (მთავარი სამმართველო) სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის სარეგისტრაციო განყოფილების უფროსი ინსპექტორის პოლიციის კაპიტნის თანამდებობა.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება, იურისტის კვალიფიკაციით. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლომ კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ენდობოდა შპს ,,ქ-------------------------–ი და სამართლის ი-----------ის“ მიერ მის სახელზე გაცემული AA №0------ დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - პროფესიული კარიერა დაგეგმა სწორედ ამ კუთხით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ-----–----ძემ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
5. სააპელაციო მოთხოვნა:
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ხარისხის განვითარების ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების ცენტრის მიერ დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან კონსტიტუციის დებულებების დარღვევა, შემოიფარგლა მხოლოდ ნორმათა ციტირებითა და მათი ფორმალური მითითებით. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ცენტრის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით გამოიცა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ცენტრს არ უგულებელუყვია და არ გაუბათილებია მის მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე.
აპელანტს მიაჩნია, რომ კონკრეტული პირის განათლების უფლებაზე აპელირება დაუშვებელია თავად საგანმანათლებლო სისტემის, მისი ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების უგულებელყოფის საპირწონედ. მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცენტრს არ განუხორციელებია არამართლოზმიერი ჩარევა მოსარჩელის განათლების უფლებით დაცულ სფეროში. წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას ნ-----–----ძის კუთვნილი საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე, რითიც უხეშად დაირღვა „წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო კრიტერიუმი, რომლის დადგენის მიზნებისთვისაც ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
სააპელაციოს საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 1998 წლის 12 იანვრის შემდგომ, ნ-----–----ძის მიერ ქ-------------------------– და სამართლის ი-----------ში სწავლის პერიოდი ვერ იქნება აღიარებული სახელმწიფოს მიერ. კერძოდ, შპს ქ-------------------------–ი და სამართლის ი-----------ის მიერ, 1996 წლის 09 აგვისტოდან 1998 წლის 12 იანვრამდე განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის ნ-----–----ძის მიერ აღნიშნული სწავლის პერიოდი აღიარებულია, ხოლო 1998 წლის 12 იანვრის შემდგომ შპს ქ-------------------------– და სამართლის ი-----------ში ნ-----–----ძის სწავლის პერიოდი და მის სახელზე გაცემული უმღლესი განათლების AA №0------ დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების არგუმენტაცია არ შეესაბამება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №---- ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის იმ ნორმათა შინაარსსა და მიზანს, რომლებითაც რეგულირებულია საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების პროცედურა და ამ უკანასკნელისათვის აუცილებელი ფაქტობრივ - სამართლებრივი წინაპირობები.
7. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
7.1. მოწინააღმდეგე მხარე სააპელაციო შესაგებლით და საქმის განხილვაზე მიცემული ახსნა - განმარტებით არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 23 აგვისტოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს N------ განცხადებით მიმართა ნ-----–----ძემ და მოითხოვა შპს ,,ქ-------------------------–ი და სამართლის ი-----------ის“ მიერ მის სახელზე გაცემული AA №0------ (ს------------–-------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 25 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილებით ნ-----–----ძეს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
შპს ,,ქ-------------------------–ი და სამართლის ი-----------ის“ მიერ ნ-----–----ძის სახელზე გაცემული AA №0------ (ს------------–-------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად მოპასუხემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ი-----------ის მიერ 1998 წლის 12 იანვრიდან განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, ნ-----–----ძის სწავლის პერიოდი, მისთვის 1999 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების AA
№0------ დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ქ-------------------------–ი და სამართლის ი-----------მა” ნ-----–----ძის სახელზე გასცა დიპლომი AA №0------ (ს------------–-------), რომლის თანახმად, ნ-----–----ძემ 1999 წელს დაამთავრა აღნიშნული ი-----------ის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სახელმწიფო - საგამოცდო კომისიის 1999 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით ნ-----–----ძეს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
დადგენილია ასევე, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 15 სექტემბერს ქ-------------------------– და სამართლის ი-----------ზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია №-------------. ქ--------ს სასამართლოს მიერ 1996 წლის 03 სექტემბერს რეგისტრაციაში გატარდა შპს ”ქ-------------------------–ი და სამართლის ი-----------ი”. 1997 წლის 15 ნოემბრის შპს ,,ქ-------------------------– და სამართლის ი-----------ის” პარტნიორთა კრების №4 ოქმის საფუძველზე, შპს ,,ქ-------------------------– და სამართლის ი-----------ს“ დამოუკიდებელ იურიდიულ პირად გამოეყო მისი ნაწილი, მთელი თავისი ქონებითა და ინფრასტრუქტურით. გამოყოფილი ერთეული შპს ,,ქ-------------------------– და სამართლის ი-----------ის” უფლებამონაცვლედ ჩაითვალა გამყოფი ბალანსის ფარგლებში, მის მიმართ მესამე პირთა მიერ ნაკისრი ვადადაუმდგარი გრძელვადიანი ვალდებულებების, აგრეთვე ამ საზოგადოების მიერ მესამე პირთა მიმართ ნაკისრი ვადადაუმდგარი შეუსრულებელი ვალდებულებების ნაწილში. ამავე სასამართლოს მიერ 1998 წლის 12 იანვარს რეგისტრაციაში გატარდა სპს ბორის ონიანი-ჰ-----------ული და სამართლის ი-----------ი №2, რომელიც წარმოადგენს ქ. ქ--------ს სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრირებული სუბიექტის უფლებამონაცვლეს. 1999 წელს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრირებულია შპს ,,ჰ-----------ული და სამართლის ი-----------ი“ ნაცვლად სპს ბ------------ნი-ჰ-----------ული და სამართლის ი-----------ი №2, ამ უკანასკნელმა განიცადა რეორგანიზაცია და ფუნქციონირებდა, როგორც შპს ,,ქ-------------------------–ი და სამართლის ი-----------ი N2.“ ამდენად, სპს ბ------------ნი-ჰ-----------ული და სამართლის ი-----------ი №2 ჩაითვალა შპს ,,ქ-------------------------–ი და სამართლის ი-----------ის“ უფლებამონაცვლედ საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილში სასამართლოს 1998 წლის 12 იანვრის სასამართლო დადგენილების საფუძველზე. აღნიშნულ სუბიექტს 2000 წლის პირველ იანვრამდე უნდა მიემართა საქართველოს განათლების სამინისტროსათვის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით. ვინაიდან მას მიმართული არ ჰქონდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დადგენილ ვადაში, მან დაკარგა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება 2000 წლის 1 იანვრიდან.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივირებას ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ო” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებას, რომ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისადმი მფლობელს გააჩნია კანონიერი ნდობა და რომ დიპლომსა და დიპლომის დანართს, როგორც უკვე არსებული ფაქტის (აქტის) დამადასტურებელი სპეციალური დოკუმენტს, რეალაქტს, გააჩნია აღმჭურველი ბუნება მისი ადრესატისადმი.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
ზემოაღნიშნულ გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–----ძის მიმართ გაცემული სასწავლო - საგანმანათლებო დაწესებულების დიპლომი წარმოადგენს იმ სახის იურიდიულ შედეგს, რომლის მოქმედებაც განვრცობილია დროში. მოცემულ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დიპლომის მიღებით მხარე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა დიპლომმა მიანიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის დოქტრინითაა გათვალისწინებული. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის ინეტერსების დაცვის განხორციელების შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის მიღმა არ უნდა დარჩეს თავად სახელმწიფო ან ადგილი არ უნდა ჰქონდეს სხვა, მესამე პირთა კანონიერ უფლებების ან ინტერესების დარღვევას. კანონიერი ნდობის უფლებით დაცვით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარჩელის კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს სხვა პირთა ინტერესებთან, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, მოსარჩელისათვის დიპლომის დადასტურების შემთხვევაში არ იკვეთება და არ დასტურდება სახელმწიფოსა თუ მესამე პირების კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევა და მათი კანონიერი ინტერესებისათვის არსებითი ზიანს მიყენების ფაქტი. პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
9. პროცესის ხარჯები:
9.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -