განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058100
საქმე №1აგ/325 -18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ-----------–------–ვილის (პ/ნ 0----------) შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება;
თ-----------–------–ვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170(ას სამოცდაათი) საათის ვადით.
თ-----------–------–ვილს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა:
ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება;
დ)პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
ვ)პასიური საარჩევნო უფლება;
ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2018 წლის 20 აპრილს მსჯავრდებულმა თ-----------–------–ვილმა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ თ-----------–------–ვილის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გ--- შ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის განაჩენით თ-----------–------–ვილს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 (ას სამოცდაათი) საათის ვადით.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული თ-----------–------–ვილი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. რაც შეეხება მსჯავრდებულ თ---------- შ------–---–-------- დანიშნულ სასჯელს, პალატა მხედველობაში იღებს 2016 წლის 6 თებერვლის N4155 მც--------------------------–----------ოს შეტყობინებას რომლის მიხედვითაც სსკ–ის 273 მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170(ას სამოცდაათი) საათის ოდენობით, მსჯავრდებულმა შრომა დაასრულა 2016 წლის 01 სექტემბერს. შესაბამისად პალატა არ მსჯელობს ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან მსჯავრდებულის განთავისუფლების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ თ-----------–------–ვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ-----------–------–ვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებული თ-----------–------–ვილი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის განაჩენი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, რომლის საფუძველზეც თ-----------–------–ვილს ჩამორთმეული ჰქონდა 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა:
ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება;
დ)პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
ვ)პასიური საარჩევნო უფლება;
ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ისაევი
მოსამართლეები: მ.ხოლოაშვილი
მ. კაპანაძე