განაჩენი

სისხლის სამართლის 04.05.2018
საქმის ნომერი
010100218700050647
ინსტანცია
თარიღი
04.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100218700050647

საქმეN1ბ/801-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: გერონტი კახეთელიძე

ვეფხვია ლომიძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ზ-------–--------–ის, ს--–------------ის და გ-------------–---–ის

ადვოკატის: ზ--------------ს

მსჯავრდებულის: ა------------–-----ის

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა------------–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ--------------ს, ასევე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის ზ-------–--------–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ა-----ა გ------ის ძე ჯ---–-----ის მიმართ, დაბადებული: 1987 წლის 27 ოქტომბერს, (პ/№59001068280), საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გორის რაიონი, სოფელ რეხაში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენით, ა------------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი)წლის ვადით.

მსჯავრდებულ ა------------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 7 ნოემბრიდან.

ა------------–-----ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ რეხაში, ა------------–-----მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლებით, განზრახ მოკლა ზ------------–-–---–ი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის დამძიმების კუთხით.

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის ქმედების დაკვალიფიცირება სწორი კვალიფიკაციით(კონკრეტული მუხლის მითითების გარეშე)ფსიქოლოგიური ექსპერტიზის გათვალისწინებით, ხოლო, თუ მსჯავრდებულის მიმართ არ დადგებოდა გამამართლებელი განაჩენი, მაშინ კონკრეტული მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.

სააპელაციო სასამართლოში, აპელანტმა შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და განმარტა, რომ მსჯავრდებული აღიარებდა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ განზრახ მკვლელობის ჩადენას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა პირდაპირი განზრახვით, არამედ არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილ მკვლელობას და მოითხოვა მხოლოდ სასჯელის შემსუბუქება. აღნიშნულ მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული ა------------–-----იც.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. პალატა უპირველესად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული ა------------–-----ი, როგორც გამოძიებისას, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში მომხდარ ფაქტს აღიარებდა, თუმცა განმარტავდა, რომ მას ზ------------–-–---–ი განზრაზ არ მოუკლავს და მისი მხრიდან გასროლები განპირობებული იყო შიშის ფაქტორით.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ა------------–-----ის ჩვენებით დგინდება, რომ მკვლელობამდე მასსა და გარდაცვლილს შორის კონფლიქტი იყო. ზ------------–-–---–ი წლების განმავლობაში მას სისტემატურად ავიწროვებდა და ჩაგრავდა. მისი ოჯახის კუთვნილი მაღაზიიდან სხვადასხვა ნივთები მიჰქონდა და საფასურს არასდროს არ იხდიდა. ასევე, მოტყუებით გამოართვა ქორწინების ბეჭედი, დაულომბარდა და აღარ უბრუნებდა. მიუხედავად გარდაცვლილის მხრიდან დამცირებისა და მუქარისა, ყოველთვის ცდილობდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. მსჯავრდებულის განმარტებით, 2016 წლის 6 ნოემბერს, იგი ზ------------–-–---–თან გასესხებული ფულის დასაბრუნებლად მივიდა, რომელიც მისი სახლის წინ ორ პიროვნებასთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდა. თუმცა, მისი აგრესიული ქცევის გამო, სიტუაციას განერიდა და კონფლიქტის მოგვარების მიზნით, მანქანით მას ქუჩის ბოლოს დაელოდა. მას შემდეგ, რაც ზ------------–-–---–ი მანქანიდან გადმოვიდა და ავტომანქანა წავიდა, ეს უკანასკნელი მისი ავტომანქანისკენ წავიდა, მიუახლოვდა მას და მისვლის მიზეზი ჰკითხა, რაზეც მან(ა------------–-----მა)უპასუხა, რომ ფულის დასაბრუნებლად იყო მისული. ზ------------–-–---–მა მას წინა დღეს ბაზარში შემდგარი დიალოგი შეახსენა, როდესაც ბანკიდან ფულის გამოსატანად თავდებობა სთხოვა, ამასთან, პირობა მისცა, რომ ფულის აღების შემთხვევაში, ბრალდებულს ვალს სრულად დაუბრუნებდა, მათ შორის, ლომბარდში დატოვებული ა------------–-----ის ქორწინების ბეჭდის გამოსატანად საჭირო თანხას. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ზ------------–-–---–მა მას ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ა------------–-----მა, კონფლიქტის გაგრძელების თავიდან არიდების მიზნით, მის კუთვნილ ავტომანქანას წრე დაარტყა, თუმცა, შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია. ზ------------–-–---–ი კი აგრძელებდა მუქარას და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. ზ------------–-–---–მა მძღოლის მხრიდან ა------------–-----ის ავტომანქანის კარი გამოაღო და ავტომანქანაში რაღაცას ეძებდა. ამ დროს ა------------–-----მა ავტომანქანიდან მისი კუთვნილი სანადირო თოფი გადმოიღო, ზ------------–-–---–ს მიუშვირა და უთხრა, ახლოს არ მოხვიდე, თორემ გესვრიო. აღნიშნულზე ზ------------–-–---–ი გახდა უფრო აგრესიული, შეაგინა მას და უთხრა, რომ სწორედ მისივე თოფით მოუღებდა ბოლოს. ამგვარი მიმართვის პასუხად, ა------------–-----მა სანადირო თოფიდან ზ------------–-–---–ს ორჯერ ესროლა, რის შედეგადაც იგი მიწაზე დაეცა. მსჯავრდებულის განმარტებით, მას ზ------------–-–---–ის მკვლელობის წინასწარი განზრახვა არ ჰქონია. იგი სახლიდან მოშორებით მას იმიტომ დაელოდა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. მას უნდოდა ზ------------–-–---–ისათვის ეთქვა, რომ მისგან არაფერს აღარ ითხოვდა და თავი დაენებებინა, თუმცა, შემთხვევის ადგილზე მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მან თავდაპირველად ზ------------–-–---–ს შიშის გამო ორი ტყვია ესროლა, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი მიწაზე დაეცა და მომაკვდავმა ფეხი გაამოძრავა, იფიქრა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და კვლავ რაღაცას დაუშავებდა, ამიტომ სანადირო თოფში ახალი ტყვია ჩადო და ზ------------–-–---–ს მესამედ ესროლა, რის შემდეგაც მან დატოვა შემთხვევის ადგილი და თავისი ავტომანქანით გაემართა ქარელის მიმართულებით.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ მართალია, დაცვის მხარემ მტკიცებულებათა უმრავლესობა უდაოდ სცნო, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ა------------–-----ი განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ სცნობდა. მსჯავრდებულს არ ჰქონია ზ------------–-–---–ის მოკვლის განზრახვა. მან შიშის ფაქტორიდან გამომდინარე მოახდინა მსჯავრდებულის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლები, რასაც წინ უძღოდა დაზარალებულის მიერ მსჯავრდებულის სისტემატური ჩაგვრა (ფულის გამორთმევა - არ დაბრუნება, საქორწინო ბეჭდის გამორთმევა და მითვისება, მანქანის წართმევის მუქარა) და არაერთი დამცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა------------–-----ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. აღნიშნულის ნათელი დადადსტურებაა სააპელაციო საჩივარში იმაზე მსჯელობა, თუ რა პასუხს გასცემდა მსჯავრდებული სააპელაციო პალატას იმ კითხვაზე, სურდა თუ არა მას ზ------------–-–---–ის მკვლელობა და ახსოვდა თუ არა მას რამდენი გასროლა განახორციელა.

სააპელაციო სასამართლოში, დაცვის მხარემ პოზიციების ურთიერთშეჯერების შემდეგ, ზემოაღნიშნული პოზიციისაგან განსხვავებით, დააფიქსირა საბოლოო მოთხოვნა და განაცხადა, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა არაპირდაპირი განზრახვით, რასაც აღიარებს და ინანიებს, კერძოდ, მსჯავრდებული მოცემული შემთხვევის დროს ითვალისწინებდა მისი ქმედების მართლწინააღმდეგობას, იცოდა რა შედეგი მოყვებოდა მის ქმედებას, მაგრამ არ სურდა ამ შედეგის - ზ------------–-–---–ის სიკვდილის დადგომა, შესაბამისად, დაცვის მხარე ქმედების კვალიფიკაციას სადაოდ არ ხდის და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით მოითხოვა მხოლოდ დანიშნული სასჯელის შემცირება.

პალატა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვისას სახეზე უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებული ქმედება, რომლის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი პირს გაცნობიერებული აქვს. პირდაპირი განზრახვისგან განსხვავებით არაპირდაპირი განზრახვით მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას, დამნაშავეს არ სურს კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, ასევე ბრალდებულის ჩვენებებით ნათლად დგინდება, რომ შემთხვევის დროს მსჯავრდებულსა და ზ------------–-–---–ს შორის შემდგარ საუბარს წინ უძღოდა გარკვეული სახის უთანხმოება, რა დროსაც როგორც ამას მსჯავრდებული აღნიშნავს, დაზარალებული მას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომელსაც ჰქონდა მისი გარკვეული ვალი, ამასთან აიძულებდა მოეხდინა ბანკიდან თანხის გამოტანისას თავდებში დადგომა. დადგენილია ისიც, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მხოლოდ მსჯავრდებული და დაზარალებული. როგორც პირველი, ასევე, სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ როდესაც სანადირო თოფს დაზარალებულს უმიზნებდა და ეუბნებოდა არ მიახლოვებოდა, გააზრებული/გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა. გაცნობიერებული ჰქონდა ისიც, რომ თუ იგი მოახდენდა მის მიმართ გასროლას, ამას მოყვებოდა მართლსაწინააღმდეგო შედეგი. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულის მიერ ქმედებების დროს განხორციელებული იქნა, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვისათვის დამახასაიათებელი ორი პირობა, ა------------–-----ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინაარმდეგობა და ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგომის შესაძლებლობას.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსჯავრდებულს არ ჰქონდა შედეგის - ზ------------–-–---–ის მოკვლის - დადგობის სურვილი. ასეთი შეფასების საფუძველს, გარდა სასამართლოში გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებისა, უპირველესად, იძლევა თავად მსჯავრდებულის განმარტებები.

მსჯავრდებულ ა------------–-----ის ჩვენებით დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ზ------------–-–---–მა სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა, დაემშვიდობა მას და უთხრა ვალთან დაკავშირებით სხვა დროს დაელაპარაკებოდა. დაშორდა მას და ქუჩის ბოლოს მანქანით დაელოდა მხოლოდ იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა კონფლიქტი მშვიდობიანად მოეგვარებინა, ზ------------–-–---–ისთვის ეთქვა, რომ მისგან არაფერს არ ითხოვდა და მისთვის თავი დაენებებინა, რაც არადამაჯერებელია, ვინაიდან აღნიშნულის თქმა მსჯავრდებულს შეხვედრის დროსაც შეეძლო და ამისთვის ქუჩის ბოლოს ლოდინი, არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

მსჯავრდებულის ჩვენებით ასევე დგინდება, რომ უშუალოდ შემთხვევის დროს, გარდაცვლილის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. რის შემდეგაც მან ავტომაქანიდან გადმოიღო სანადირო თოფი, ზ------------–-–---–ს უთხრა: არ მიახლოვებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ესროდა. ვინაიდან ზ------------–-–---–მა არ შეწყვიტა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მან ორჯერ ესროლა მას სანადირო თოფიდან, ხოლო შემდეგ წაქცეულს მესამეჯერ.

პალატა სწორედ ამ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ დამდგარი შედეგის სურვილის არარსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულს შეეძლო გამაფრთხილებელი გასროლა გაეკეთებინა, მით უმეტეს, როდესაც რაიმე სერიოზული საფრთხე გარდაცვლილის მხრიდან არ მომდინარეობდა. მაგრამ ამის სანაცვლოდ, მან ორჯერ ესროლა მას, ხოლო, როდესაც ზ------------–-–---–ი წაიქცა და მსჯავრდებულს შეეძლო შემთხვევის ადგილი დაეტოვებინა, მან ხელმეორედ ახალი ტყვიები მოათავსა სანადირო თოფში და წაქცეულის მიმართ მესამეჯერ მოახდინა გასროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პალატის აზრით, მსჯავრდებულის აღნიშნული ქმედებები ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ მსჯავრდებულს არ სურდა შედეგის დადგომა და პირდაპირ მიანიშნებს მასზე, რომ მან ზ------------–-–---–ის მკვლელობა ჩაიდინა პირდაპირი განზრახვით. დაზარალებულზე მიყენებული ჭრილობების სიმძიმე, ინტესივობა და ლოკალიზაცია აშკარად ადასტურებს, რომ მსჯავრდებულს სურდა ასეთი შედეგის დადგომა და ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულს დანაშაულის ჩადენისას ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, რაც ერთი მხრივ განპირობებული იყო ზ------------–-–---–თან წარსულში არსებული კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე მის მიმართ მკვეთრად უარყოფითი განწყობით და მეორე მხრივ, დაზარალებულისაგან განმეორებით მიღებული შეურაცხყოფით.

ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ მსჯავრდებულმა ა------------–-----მა საქართველს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება არაპირდაპირი განზრახვით ჩაიდინა, დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.

პალატა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შეფასებისას, ითვალისწინებს მის პიროვნებას, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიიჩნევს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებეულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. საქმეში არსებული მტკიცებულებების, მოწმეების: გ------------–---–ის, ლ-–-----------ის, ს------------------ის ჩვენებების და ექსპერტიზის დასკვნების ერთობლიობაში შეფასებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა------------–-----მა ჩაიდაინა ზ------------–-–---–ის განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

 

2.პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში, ა------------–-----ის პიროვნების გათვალისწინებითდანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი ნების და პიროვნების, ასევე ფაქტობრივი გარემოებების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, ბრალდების მხარის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის ზ-------–--------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ა------------–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. ა------------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10(ათი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. მსჯავრდებულ ა-----ა ჯ---–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 7 ნოემბრიდან.

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ა------------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა გაუქმებულია;

7. მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

-ზ------------–-–---–ის გვამიდან აღებული ხელის მტევნების ანაწმენდები, რომლებიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, განადგურდეს;

-ზ------------–-–---–ის გვამიდან აღებული თმის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს;

-ზ------------–-–---–ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, განადგურდეს;

-ზ------------–-–---–ის გვამიდან აღებული ხელის თითების ანაბეჭდები, რომელიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, განადგურდეს;

-ზ------------–-–---–ის გვამიდან აღებული ხელის ფრჩხილის ნიმუში, რომელიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, განადგურდეს;

-განხორცილედეს ა------------–-----ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ორლულიანი სანადირო თოფის - იჟ (მრ) 27 N132725399 და 6(ექვსი)ცალი ვაზნის საპროცესო კონფისკაცია, რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

- ა------------–-----ის ავტომანქანის ჩხრეკისას ავტომანქანაში ნანახი სანადირო თოფიდან ამოღებული გასროლილი მასრა, რომელიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

-ა------------–-----ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ა------------–-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

- ა------------–-----ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული გასროლილი მასრა, რომელიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

-ა------------–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული სავაზნე, მასში მოთავსებული 17 ცალი დატენილი მასრით, რომელიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, დაუბრუნდეს ა------------–-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

-ა------------–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული 6 (ექვსი) ცალი ცარიელი მასრა, რომელიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, დაუბრუნდეს ა------------–-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

- ა------------–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ა------------–-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

- ა------------–-----ისაგან ამოღებული ავტომანქანა „ფოლკსვაგენ ტუარეგი“, სახელმწიფო ნომრით „WQ-677-QW“, რომელიც განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ა------------–-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

-ზ------------–-–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - თემურ ქარელიშვილს;

-ზ------------–-–---–ის პირადი ნივთები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - თემურ ქარელიშვილს;

-ზ------------–-–---–ის გვამიდან ამოღებული ლითონის 8 (რვა) ცალი უცხო სხეული და 2(ორი)ცალი პლასტმასის პიჟი, რომლებიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, განადგურდეს;

- ა------------–-----ის კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღებული ბიოლოგიური მასალის ნიმუშები, რომლებიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, განადგურდეს;

- ა------------–-----ისაგან აღებული ხელის ანაბეჭდები, რომლებიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- ა------------–-----ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს;

-ა------------–-----ისაგან აღებული თმის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს;

-ა------------–-----ისაგან აღებული ხელების ანაწმენდები, რომლებიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, განადგურდეს;

- ა------------–-----ისაგან აღებული ფრჩხილის ნიმუში, რომელიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, განადგურდეს;

- ა------------–-----ის სახისა და ყელის არედან აღებული ანაწმენდები, რომლებიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, განადგურდეს;

- ა------------–-----ისაგან აღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, განადგურდეს;

-ა------------–-----ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომლებიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ა------------–-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

-შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, განადგურდეს;

-ერთი ცალი ლაზერული დისკი, რომელზეც ასახულია შემთხვევის ადგილის დათვალირების, ავტომანქანის ჩხრეკის და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 12 კალიბრიანი სანადირო თოფის ქარხნული წესით დამზადებული 2(ორი)ცალი გილზა, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ა------------–-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

8. პალატის განაჩენი gamocხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ვ. ლომიძე

 

გ. კახეთელიძე