განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001628030
საქმე №3ბ/2065-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მ----–-–--–-–--ლი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ირ---–--–--------–---–ი
დავის საგანი - თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ირ---–--–--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ოქტომბრის №2------ ბრძანება ირ---–--–--------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების შესახებ; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ირ---–--–--------–---–ის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება, განთავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის;
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2016 წლის 30 აგვისტოს ირ---–--–--------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახში ძალადობის გამო, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ბრალდებულ ირ---–--–--------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ს.ფ 82-84);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინება (ს.ფ.85-89).
3.2. 2016 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ პოლიციის კაპიტანი ირ---–--–--------–---–ი დროებით გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დასკვნა (ს.ფ 91-93).
3.3. 2016 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა №2------ ბრძანება, რომლის თანახმად, შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მარაგებით უზრუნველყოფის სამმართველოს საკვები პროდუქტების მოთხოვნების დაზუსტების და მარაგებით უზრუნველყოფის სამსახურის საკვები პროდუქტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი პოლიციის კაპიტანი ი-----–ი ბ-------ს ძე ც--------–--ლი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2016 წლის 20 ოქტომბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ოქტომბრის №2------ ბრძანება (ს.ფ 50).
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ოქტომბრის №2------ ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანია კანონშესაბამისია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
4.2. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები. მითითებული კანონის მე-11 მუხლი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურეების სახეებს, რომელზეც არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ??????????? ???????????? , სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ირ---–--–--------–---–ი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მარაგებით უზრუნველყოფის სამმართველოს საკვები პროდუქტების მოთხოვნების დაზუსტების და მარაგებით უზრუნველყოფის სამსახურის საკვები პროდუქტების მართვის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
4.3. სასამართლომ განმარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
მითითებულმა სამართლის ნორმის შინაარსმა ასახვა ჰპოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 33-ე მუხლში, კერძოდ: 1. სამინისტროს მოსამსახურე საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ან დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ; 2. თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის/დანიშვნის თაობაზე; 3. თანამდებობიდან გადაყენებულ პირს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები და სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პირს ეკრძალება სამინისტროს შესაბამისი ფორმის ტანსაცმლის ტარება.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
სასამართლომ, მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) სათანადო დასკვნის საფუძველზე, პოლიციელის დროებით გადაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
4.4. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს ირ---–--–--------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 - ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახში ძალადობის გამო, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, ბრალდებულ ირ---–--–--------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
სასამართლოს მიერ აგრეთვე დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №2------ ბრძანებით შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მარაგებით უზრუნველყოფის სამმართველოს საკვები პროდუქტების მოთხოვნების დაზუსტების და მარაგებით უზრუნველყოფის სამსახურის საკვები პროდუქტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პოლიციის კაპიტანი ი-----–ი ბ-------ს ძე ც--------–--ლი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2016 წლის 20 ოქტომბრიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციელის თანამდებობიდან დროებითი გადაყენების მიზანია, რომ პოლიციელმა თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით ხელი არ შეუშალოს გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან/და არ განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა.
სასამართლომ განმარტა, რომ თანამდებობაზე/სამუშაოზე დარჩენით გამოძიებისთვის ხელის შეშლის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფრთხე არსებობს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული დაკავშირებულია მის საქმიანობასთან ან/და ბრალდებულმა სწორედ მისი თანამდებობა/სამუშაო გამოიყენა დანაშაულის ჩასადენად. პირის თანამდებობაზე დარჩენა გულისხმობს მის მიერ ძალაუფლების/პოზიციების/ავტორიტეტის შენარჩუნებას სამსახურში. შესაბამისად მას ხელი მიუწვდება იმ დოკუმენტებზე, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას. ასევე, მას ურთიერთობა აქვს იმ პირებთან, რომლებმაც შეიძლება იცოდნენ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაკითხულ პირებთან. შესაბამისად, არსებობს საფრთხე იმისა, რომ ბრალდებული შეეცდება მის ხელთ არსებული დოკუმენტების/მონაცემების შეცვლას ან განადგურებას, მოწმეებზე ზემოქმედებას (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი მის დაქვემდებარებაში იმყოფებიან), შემოსავლების დაფარვას.
ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს არის თუ არა სახეზე ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც უფლებამოსილ პირს მისცემდა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ არსებობს ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საქართველოს გენერალური ინსპექცია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას; ბ) აკონტროლებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; გ) ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენასა და პრევენციას, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საქმიანობაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენას, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; დ) ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ირ---–--–--------–---–ის მიმართ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, 2016 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა იქნა მიჩნეული, რომ პოლიციის კაპიტანი ირ---–--–--------–---–ი დროებით გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
4.5. სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“. სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებებად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2016 წლის 20 ოქტომბრის დასკვნის ცალსახად გაზიარებისა და დამატებითი დასაბუთების გარეშე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ოქტომბრის №2------ ბრძანებით შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მარაგებით უზრუნველყოფის სამმართველოს საკვები პროდუქტების მოთხოვნების დაზუსტების და მარაგებით უზრუნველყოფის სამსახურის საკვები პროდუქტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პოლიციის კაპიტანი ი-----–ი ბ-------ს ძე ც--------–--ლი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან საქმეზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, 2016 წლის 20 ოქტომბრიდან.
სასამართლომ ყურადღება გამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2016 წლის 20 ოქტომბრის დასკვნით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ოქტომბრის №2------ ბრძანებით არ დგინდება, თუ რატომ მიაჩნია მიზანშეწონილად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ირ---–--–--------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან დროებითი გადაყენება. აგრეთვე, არ დგინდება ირ---–--–--------–---–ის თანამდებობაზე დარჩენით ხელი შეეშლება თუ არა გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან დაირღვეოდა თუ არა დაზარალებულის - ანა ნემსწვერიძის კონსტიტუციური უფლებები.
4.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ოქტომბრის №2------ ბრძანება.
4.7. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლით თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
სასამართლომ მითითებულ მუხლებზე დაყრდნობით დადგინა, რომ ვინაიდან ბათილად იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ოქტომბრის №2------ ბრძანება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს ირ---–--–--------–---–ის დროებით გადაყენებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა.
ამასთან, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.
ამდენად, უკანონოდ განთავისუფლებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს იძულებითი განაცდური.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ირ---–--–--------–---–ს უნდა აუნაზღაურდეს სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდური. სასამართლომ აღნიშნა, რომ იძულებითი განაცდური მოიცავს ხელფასის ისეთ განაკვეთებს, რომლის მიღება გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და არ არის დამოკიდებული შრომის შედეგებზე, სხვა ფაქტორებზე. საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო არის გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად.
5. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეუსაბამოა სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღნიშნული დებულება ასახულია ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 33-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც 1. სამინისტროს მოსამსახურე საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ან დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ; 2. თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის/დანიშვნის თაობაზე; 3. თანამდებობიდან გადაყენებულ პირს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები და სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პირს ეკრძალება სამინისტროს შესაბამისი ფორმის ტანსაცმლის ტარება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №2------ ბრძანებით შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მარაგებით უზრუნველყოფის სამმართველოს საკვები პროდუქტების მოთხოვნების დაზუსტების და მარაგებით უზრუნველყოფის სამსახურის საკვები პროდუქტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პოლიციის კაპიტანი ი-----–ი ბ-------ს ძე ც--------–--ლი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2016 წლის 20 ოქტომბრიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციელის თანამდებობიდან დროებითი გადაყენების მიზანია, რომ პოლიციელმა თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით ხელი არ შეუშალოს გამოძიებას. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს განმარტება, თითქოს არ არსებობს ირ---–--–--------–---–ის მიერ გამოძიებისათვის ხელის შემშლელი გარემოებები უსაფუძვლოა, რადგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ერთი მთლიანი სტრუქტურა, ხოლო ირ---–--–--------–---–ისთვის როგორც ამ უწყებაში დასაქმებული პირისათვის თავისი თანამდებობიდან და საქმიანობიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება მის მიმართ დაწყებული გამოძიებისათვის ხელის შეშლა. ამასთან, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია, იმ გარემოებებს, რომ ირ---–--–--------–---–ი ბრალდებულია ისეთ სისხლის სამართლის დანაშაულში, როგორიცა ოჯახში ძალადობა (სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი). შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აქტიურ კამპანიას ახორციელებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული პირი დროებით, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან, სამინისტროს მხრიდან არის ერთგვარი ბერკეტი იმისა, რომ ხაზი გაუსვას, აღნიშნული დანაშაულის სიმძიმეს და სერიოზულობას, რომ მიუხედავად იმისა სამინისტროს თანამშრომელი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ყველას მიმართ შესაბამისი ღონისძიებები იქნება გატარებული.
აქედან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ირ---–--–--------–---–ის სარჩელი.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.1.ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
6.2. სამართლებრივი დასაბუთება:
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სამართლებრივ ნორმებზე, თუმცა არასწორად განმარტა ისინი და ასევე, არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
პალატა განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი, რომლის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ან დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის/დანიშვნის თაობაზე; ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, თანამდებობიდან გადაყენებულ პირს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები და სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პირს ეკრძალება სამინისტროს შესაბამისი ფორმის ტანსაცმლის ტარება.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საქართველოს გენერალური ინსპექცია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას; ბ) აკონტროლებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; გ) ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენასა და პრევენციას, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საქმიანობაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენას, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; დ) ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ირ---–--–--------–---–ი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მარაგებით უზრუნველყოფის სამმართველოს საკვები პროდუქტების მოთხოვნების დაზუსტების და მარაგებით უზრუნველყოფის სამსახურის საკვები პროდუქტების მართვის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
დადგენილია, ისიც რომ 2016 წლის 30 აგვისტოს ირ---–--–--------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახში ძალადობის გამო, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, ბრალდებულ ირ---–--–--------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ირ---–--–--------–---–ის მიმართ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, 2016 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ პოლიციის კაპიტანი ირ---–--–--------–---–ი დროებით გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №2------ ბრძანებით შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მარაგებით უზრუნველყოფის სამმართველოს საკვები პროდუქტების მოთხოვნების დაზუსტების და მარაგებით უზრუნველყოფის სამსახურის საკვები პროდუქტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პოლიციის კაპიტანი ი-----–ი ბ-------ს ძე ც--------–--ლი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2016 წლის 20 ოქტომბრიდან.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულია შრომის უფლება. აღნიშნული გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდვას გამორიცხავს. ამასთან, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ის საფუძვლები რომლებსაც პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის წინაპირობად წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს შეფასების საგანს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში. კერძოდ, პოლიციის კაპიტნის ირ---–--–--------–---–ის თანამდებობიდან დროებით გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით. გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების განსაკუთრებული მაღალი ხარისხია საჭირო იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.4-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერ ვალდებულებას განაპირობებს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილ იქნეს და მოექცეს სამართლებრის ჩარჩოებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის სწორად გადაწყვეტამდე, ვინაიდან სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების შედეგს. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2016 წლის 20 ოქტომბრის დასკვნაზე და განმარტავს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია აღნიშნულის საფუძველზე, შესაბამისად, იგი განხილული უნდა იქნეს, როგორც გასაჩვრებული აქტის შემადგენელი ნაწილი. ამდენად, უსაფუძვლოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება გასაჩვრებული აქტის დაუსაბუთებლობაზე.
პალატა სრულად იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ირ---–--–--------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახში ძალადობის გამო, მისი დაკავებული თანამდებობიდან დროებითი გადაყენება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე სამინისტროს მიდგომებისა და პრინციპების დაცვის ბერკეტს.
ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას პოლიციელის თანამდებობიდან დროებითი გადაყენების მიზანზე - პოლიციელმა თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით ხელი არ შეუშალოს გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან/და არ განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა, თუმცა ვერ გაიზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ არ დასტურდება ირ---–--–--------–---–ის თანამდებობაზე დარჩენით ხელი შეეშლება თუ არა გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან დაირღვეოდა თუ არა დაზარალებულის - ანა ნემსწვერიძის კონსტიტუციური უფლებები. პალატა მიუთითებს, რომ თანამდებობიდან დროებითი გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ერთგვარი პრევენციაა იმისა, რომ პირის თანამდებობაზე დარჩენით ხელი არ შეეშალოს გამოძიებას, შესაბამისად, უსაფუძვლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითება.
მოცემულ პირობებში, პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის/დანიშვნის თაობაზე.
მოცემულ ნორმაზე დაყრდნობით, საგულისხმოა, ისიც რომ გარანტირებულია ირ---–--–--------–---–ის გამართლების შემთხვევაში მისი დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, რის გამოც არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ირ---–--–--------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. სასამართლო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის მიხედვით აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ირ---–--–--------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მდებარე - ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე