განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002267544
საქმე №1/ბ-393-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მაისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ----–-----–--–---–ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №1----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ბო---------------–----–---------------–---------------------–-----------–ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენით ვ----–-----–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ვ----–-----–--–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, ბ----------------------------–-------–-, გ-------–-----------ის სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ------------–-–---–ს, კერძოდ, მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად შემოარტყა, მარცხენა მხარის სახის არეში და ძალის გამოყენებით შეიყვანა გ-------–-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ პირუტყვის სადგომში, სადაც მარჯვენა ფეხი სამჯერ ჩაარტყა მარცხენა მხარეს ფერდში, ასევე მძლავრად ჩაარტყა თავის არეში და გაუტეხა თავი, რითაც ვ------------–-–---–მა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო--------------ემ, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ვ----–-----–--–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მსჯავდრებულს ჩადენილი აქვს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული, რომელმაც უმოწყალოდ და დაუნდობლად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა დაზარალებულს, რომელიც შემსწრე პირებმა დააწყნარეს და დაამშვიდეს და შეფარდებული ლმობიერი სასჯელი შეუსაბამოა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებასთან.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვ----–-----–--–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ვ----–-----–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაზარალებულ ვ------------–-–---–ის ჩვენებებით, მოწმეების გ------------------ის, შ--–------------–ის, მ--------------ის, გ----------–--ის, თ--------–-–---–ის და გ-------–-----------ის ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ვ----–-----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ვ----–-----–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ვ----–-----–--–---–ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ს----------------
დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით; მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი