განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002068085
საქმე № 1ბ/276-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
თავჯდომარე: მზია ლომთათიძე
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
შორენა ყაველაშვილი
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
პროკურორ - დ----------------–---–ის
ადვოკატ - ზ---------------ის
მსჯავრდებულ - მ--–------------ის
თარჯიმან - ს--------------–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ--–------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლი საქმე:
მ--–------------ის მიმართ, დაბადებულის ქუთაისში, 1--- წლის 30 ივნისს, ისრაელის მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ისრაელი, ქ. ი-----–--–---ი, ტ----------------------; ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ო---------–---–-----------------------ში, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით მ--–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ--–------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მ--–------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
მ--–------------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0.192 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’ რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად და თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2017 წლის 24 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისში, ო------------–---–ის ქუჩა N-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი და 2017 წლის 25 ივლისს ქ. თბილისში, ო------------–---–ის ქუჩა N-- კორპუსი, ბინა N---ში მდებარე მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკების შედეგად იქნა ამოღებული.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: მსჯავრდებულ მ--–------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, კერძოდ ის, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. მას აქვს მძიმე სოციალურ მდგომარეობა, არის შრომითი ინვალიდი და დანიშნული აქვს პენსია. შესაბამისად, ითხოვს მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრას 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
პროკურორი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ მ--–------------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებულ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მ--–------------ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, ბინის ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების გამოკითხვის ოქმები.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემსუბუქების შესახებ პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად “ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსაჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი“. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ მ--–------------ს ნარკოტიკული საშუალება ამოუღეს პირადი ჩხრეკისას, ასევე ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა მისი დროებითი საცხოვრებელი სახლიდან. შესაბამისად არ არსებობს მ. ბ---------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ--–------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მ--–------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ--–------------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან 2017 წლის 24 ივლისის 22 საათიდან და 53 წუთიდან.
მ--–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ--–------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - მ--–------------ის პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოს საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე
მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი
შ. ყაველაშვილი