განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310015001048078
საქმე N3ბ/1527-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
10 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–ი;
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი - მ----------–---ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ---- ფ----ა;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ს--------–-------------------------ის მომსახურების ცენტრის 10.03.2015წ. №1------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 29.06.2015წ. №------- ბრძანება;
1.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ს--------–-------------------------ის მომსახურების ცენტრის დავალება გ---- ფ----ას განცხადების თაობაზე მიიღოს ახალი გადაწყვეტილება
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვარს და აღნიშნული ქონებით სარგებლობს მოსახლეობა, რის გამოც მისი კერძო მფლობელობაში გადასვლა არ იყო მიზანშეწონილი. სააგენტომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოიკვლია და შეისწავლა გ---- ფ----ას მოთხოვნის საფუძვლიანობა და მართლზომიერად ეთქვა უარი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემაზე.
2.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. სააგენტომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა გ---- ფ----ას მოთხოვნა და მიზანშეუწონლად მიიჩნია მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა. მოპასუხე მხარე ასევე უთითებს, რომ მოსარჩელეს სადავო აქტების მიმართ ინტერესი არ გააჩნია. გ---- ფ----ა ისედაც სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთით და იჯარით გადაცემაზე უარით რა ზიანი ადგება მას, არ დგინდება. ამდენად, საქართველოს კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიიჩნევს, რომ გ---- ფ----ას მართლზომიერად ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 29.06.2015წ. №1-
1---- ბრძანება სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გ---- ფ----ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 29.06.15წ. №------- ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.03.15წ. №1------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 9 ივნისის N1------- მომართვისა და 2014 წლის 9 ივნისის N------- ბრძანების საფუძველზე 2014 წლის 16 ივნისს წ--–------ის მუნიციპალიტეტში მდებარე 60109.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (ს---------) მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N4-----------) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
4.2. გ---- ფ----ამ 2014 წლის 7 მაისს N2------- განცხადებით მიმართა ს--------–-------------------------ის მომსახურების ცენტრს და მოითხოვა წ--–------ის რაიონში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (ს---------) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N4-----------) იჯარით გადაცემა.
გ---- ფ----ას მოთხოვნაზე თანხმობის მისაღებად, ს--------–-------------------------ის მომსახურების ცენტრმა სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორის ადმინისტრაციას მიმართა, რომელმაც თავის მხრივ განცხადება წ--–------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაუგზავნა.
წ--–------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიზანშეუწონლად მიიჩნია თანხმობა გაეცა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრივატიზების დეპარტამენტის ს--------–-------------------------ის მომსახურების ცენტრს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, წ--–------ის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 60109 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ა-–-----------------) მიწის, ს/კ N4----------- იჯარის ფორმით გადაცემაზე, ვინაიდან არ იყო ცნობილი თუ რა დანიშნულებით სურს დაინტერესებულ პირს მისი გამოყენება და რა პირობებით განხორციელდებოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გაცემა.
სახელმწიფო გუბერნატორის ადმინისტრაციის 2014 წლის 23 დეკემბრის N1----- და წ--–------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 19 დეკემბრის N---- წერილების საფუძველზე, ს--------–-------------------------ის მომსახურების ცენტრმა მიზანშეუწონლად მიიჩნია გ---- ფ----ასათვის ზემოაღნიშნული უძრავი ქონების იჯარით გადაცემა, რის თაობაზეც გამოსცა 2014 წლის 24 დეკემბერს N1------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
3.3. გ---- ფ----ამ 2015 წლის 26 იანვარს N4------ განცხადებით კიდევ ერთხელ მიმართა ს--------–-------------------------ის მომსახურების ცენტრს და მოითხოვა წ--–------ის რაიონში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (ს---------) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N4-----------) იჯარით გადაცემა.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 მარტის N1------- წერილით გ---- ფ----ას განემარტა, რომ ს--------–-------------------------ის მომსახურების ცენტრი მიზანშეუწონლად მიიჩნევდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების იჯარით გადაცემას. სადავო აქტში მითითებულია, რომ ცენტრმა გადაწყვეტილება წ--–------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 19 თებერვლის N--- და სახელმწიფო გუბერნატორის ადმინისტრაციის 2015 წლის 27 თებერვლის N------ წერილების საფუძველზე მიიღო, სადაც ასევე განმარტებულია, რომ წ--–------ის რაიონში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (ს---------) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N4-----------) იჯარით გადაცემა არ იყო მიზანშეწონილი.
4.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 მარტის N1------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით გ---- ფ----ამ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 29 ივნისის N1-1---- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ---- ფ----ას ადმინისტრაციული საჩივარი. გ---- ფ----ს განემარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო - გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის მიერ გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული და არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლები.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 10 მარტის №1------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი არ არის დასაბუთებული. წერილში არ არის მითითება ადმინისტრაციულმა ორგანომ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება გ---- ფ----ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 10 მარტის №1------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 29 ივნისის №------- ბრძანება, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ გ---- ფ----ამ 2015 წლის 26 იანვარს N4------ განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა წ--–------ის მუნიციპალიტეტში მდებარე 60109.00 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო (ს---------) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N4-----------) აუქციონის ფორმით, იჯარის უფლებით გადაცემა. სააგენტოს 2015 წლის 28 იანვარის N1------ და 2015 წლის 25 თებერვალს N1------- კორესპონდენციებით, განცხადება შესაბამისი მოსაზრების მიღების მიზნით, გადაიგზავნა ა--–---------------------------–-------------------------------–------–--–---------------ს მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფ----–ი სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორისათვის, ამასთან, სააგენტოს 2015 წლის 25 თებერვლის N1------- გადაწყვეტილებით, განცხადების განხილვის ვადა გაგრძელდა მისი წარმოებაში მიღებიდან 90 დღის ვადით.
აპელანტის განმარტებით, ა--–-----------------------------–----------------------------------–-------–--–---------------ის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველ ქალაქ ფ----–ი სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორის ადმინისტრაციის 2015 წლის 27 თებერვლის №0----- კორესპონდენციით წარდგენილ იქნა საქართველოს წ--–------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 19 თებერვლის №--- წერილი, რომლითაც მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ქონების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა.
წარმომადგენლის განმარტებით, მიწის ნაკვეთი, რომელზედაც გ---- ფ----ა იჯარის უფლებით ითხოვდა საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის გადაცემას, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის ქვეშ ექცევა. კერძოდ, პრივატიზებას არ ექვემდებარება, რაც ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით გაცემასთან დაკავშირებითაც უნდა შეფასდეს მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში განახორციელა სააგენტომ, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით.
აპელანტი მითითებს, რომ სააგენტოს 2015 წლის 10 მარტის №1------- კორესპონდენციით გ---- ფ----ას ეცნობა, რომ სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია ქონების იჯარით გაცემა, მიეთითა ის შესაბამისი მიმართვა, რომელიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული აქტის მიღებას და გ---- ფ----ა სრულად იქნა ინფორმირებული მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო აქტის გამოცემას. წარმომადგენლის განმარტებით, მიზანშეუწონლობის დასასაბუთებლად გაკეთდა შესაბამისი განმარტება. კერძოდ საძოვარს ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს და შესაბამისად, არც გ---- ფ----ა იყო შეზღუდული ესარგებლა სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, მისი კატეგორიდან გამომდინარე, შესაბამისი დანიშნულებით.
წარმომადგენელს არამართებულად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე და განმარტავს, რომ სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებაში არ უთითებს თუ კონკრეტულად რა ფაქტობრივი გარემოება არ იქნა გამოკვლეული და დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რამაც განაპირობა ზემოაღნიშნული მუხლის გამოყენების აუცილებლობა.
აპელანტი ყურაღებას ამახვილებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების მმართველი. წარმომადგენელი განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე სააგენტო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოებისას, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია და მოსაზრებები სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, რაც, წარმომადგენლის განმარტებით, სრულად განახორციელა სააგენტომ.
6.2 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების მმართველი არის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც ახორციელებს მესაკუთრის უფლებამოსილებებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მიმართ. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით კერძო პირებზე გადაცემას ახორციელებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება ქონების იჯარის უფლებით გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო სააგენტოს 2015 წლის 10 მარტის №1------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას და მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; იმავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების განკარგვა გულისხმობს სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემას, პრივატიზებას, მართვის უფლებით გადაცემას, რეალიზაციას, ლიზინგის ფორმით გაცემას, განაწილებას და განადგურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) სარგებლობაში გადაცემას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით, სასყიდლით, აუქციონის ფორმით; საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, კერძო სამართლის სუბიექტისთვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში აუქციონის გარეშე გადაცემას უზრუნველყოფს სააგენტო.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ---- ფ----ამ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს მიმართა წ--–------ის რაიონში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (ს---------) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N4-----------) იჯარით გადაცემის მოთხოვნით. გ---- ფ----ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ ცენტრს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილს, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 13 სექტემბრის №ბს-246-243(კ-14) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 10 მარტის №1------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არ არის დასაბუთებული. წერილში არ არის მითითება ადმინისტრაციულმა ორგანომ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება გ---- ფ----ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ განმარტებას: ადმინისტრაციულმა ორგანომ გაიზიარა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ს--------–-------------------------ის მომსახურების ცენტრის პოზიცია და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და არ არის მითითება კონკრეტულად რა გარემოების თუ სამართლებრივი საფუძვლით ეთქვა უარი გ---- ფ----ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. რატომ არ იყო მიზანშეწონილი მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იჯარის ფორმით გადაცემა გ---- ფ----ასათვის. ზოგადად, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის კერძო მფლობელობაში გადაცემა არ იყო მიზანშეწონილი თუ გ---- ფ----ას მიერ შეთავაზებული პირობები იყო მიუღებელი ადმინისტრაციული ორგანოსათვის. ასევე არ არის განმარტება, რა შემთხვევაში ხდებოდა და ხდებოდა თუ არა მსგავსი მიწის ნაკვეთის (საძოვრის) იჯარით კერძო მფლობელობაში გადაცემა.
რაც შეეხება სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებას, რომ მათ სატელეფონო ურთიერთობა აქვთ მუნიციპალიტეტთან და სწორედ ამ გზით გახდა მათთვის ცნობილი მიწის ნაკვეთის მოსახლეობის მიერ საძოვრად გამოყენების შესახებ, პალატა განმარტავს, რომ ამგვარი განმარტება არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით და ადმინისტრაციული წარმოების ამ ფორმით წარმართვა სააპელაციო პალატას უფრო მეტად არწმუნებს გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლდ ბათილად ცნობის საჭიროებაში.
მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ს--------–-------------------------ის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 10 მარტის №1------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 29.06.2015წ. №------- ბრძანება, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიუთითებს: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის მოთხოვნებს.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. აპელანტები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტები განთავისუფლებულნი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -