განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2018
საქმის ნომერი
110210017002001507
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110210017002001507

საქმე№2/ბ-371-18წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

23 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები :ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე,ლაურა მიქავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - ზ----------ის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ჯ--------- ი------ი“

წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–---

დავის საგანი - შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭირო თანხისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1.სასარჩელო მოთხოვნა

ზ----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (შემდგომში მერია, მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი აღძრა ზ----------ის რაიონულ სასამართლოში შპს ,,ჯ--------- ი------ის“ (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭირო თანხის - 61380 ლარისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს -19069.37 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2.1.1.სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის განმარტებით, ზ----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,ჯ--------- ი------ს“ შორის 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა №188 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც შემსრულებელს უნდა მოეხდინა ქ. ზ----------ში კ----–--ის ქუჩაზე არსებული სპორტული მოედნისა და პ--–----ს ქუჩაზე არსებული მინი მოედნის რეაბილიტაცია, ასევე ქ----- ს-----ის თემში, სოფელ ჭ--–-----ში ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის მოწყობა, რაც ხელშეკრულების მე-7 და 7.1. პუნქტის თანახმად უნდა დაესრულებია 2016 წლის 19 დეკემბერს. ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შპს ,,ჯ--------- ი------მა“ აიღო ვალდებულება სამუშაოების დასრულებიდან 2 წლის ვადაში რაიმე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში თუ დადგინდებოდა, რომ წუნი გამოწვეული იყო შემსრულებლის მიზეზით, ვალდებული იქნებოდა აღდგენითი სამუშაოები ეწარმოებინა საკუთარი ხარჯებით. ზ----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესაბამისი წერილებით მიმართა შპს ,,ჯ--------- ი------ს“ და აცნობა, რომ სოფელ ჭ--–-----ში,სადაც მხარემ აწარმოა მინი სტადიონის მოწყობითი სამუშაოები, დროთა განმავლობაში თავი იჩინა ხარვეზებმა და რომ ასევე ხარვეზები წარმოიქმნა კ----–--ისა და პ--–----ს ქუჩებზე არსებულ მინი მოედნებზე და მოთხოვა ხარვეზების აღმოფხვრა. შპს ,,ჯ--------- ი------ის“ მიერ გამოსწორებული იქნა ხარვეზების ნაწილი, ამასთან 2017 წლის 04 ივნისის წერილით მან უარი განაცხადა დარჩენილი ხარვეზების გამოსწორებაზე იმ საფუძვლით, რომ ასეთი მისი ბრალით არ არის გამოწვეული. აღნიშნულის შემდგომ ზ----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შედგენილი იქნა დეფექტური აქტები, სადაც დაანგარიშებულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად გამოწვეული ხარვეზების აღმოფხვრისათვის გასაღები თანხების ოდენობა, რაც შეადგენს 61380 ლარს, რომლის ანაზღაურებაც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან ერთად 19 069.37 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს შპს ,,ჯ--------- ი------ს “ .

2.1.2.მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შპს ,,ჯ--------- ი------მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბემება სინამდვილეს, რადგან მის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, გამოვლენილი მცირეოდენი ხასიათის ხარვეზები კი გამოსწორებული და აღმოფხვრილია, რაც სარჩელითვე არის დადასტურებული. ამასთან მითითებული ხარვეზები გამოწვეული იყო არა მისი, არამედ თვით მოსარჩელის ბრალეული ქმედებით, სახელდობრ ასეთი განპირობებულ იქნა იმით, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გზები არ არის მოწესრიგებული და წვიმინ ამინდში ხდება წყლების ჩადინება, ხელოვნური საფარი კი მოედნებზე დაგებულია იმ სტანდარტების დაცვით, რაც გათვალისწინებულია მისი დაგებისათვის და მოწონებულ იქნა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ეტაპზე გამგეობის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ, რომელთა მხრიდან რაიმე სახის ნაკლის თაობაზე გაცხადება არ წარმოდგენილა. ამდენად, არ არსებობს სარჩელით წარმოდგენილ მოთხოვნათა დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.

2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ზ----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგს:

 

2.3.1. 2017 წლის 07 ივლისს ზ----------ის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოპასუხე შპს ,,ჯ--------- ი------ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭირო თანხის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

2.3.2 ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომიდან მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2018 წლის 13 თებერვალს, 12:00 საათზე სასამართლო მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი მ--- გ-------–ი.

 

2.3.3.2018 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი მ--- გ-------–ი არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

2.3.4 მოპასუხის წარმომადგენელმა რ--------- ხ----–--–---მ სასამართლო სხდომაზე ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.

 

2.3.5. სასამართლომ განიხილა რა საქმის მასალები, მოისმინა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სახელდობრ,სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელ მ--- გ-------–ისათვის და ამდენად მოსარჩელისათვის, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ცნობილი იყო ამავე წლის 13 თებერვალს, 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც მოსარჩელეს საკმაო დრო ჰქონდა სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმეში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებლად.

 

2.3.6. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმადაც თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2.3.7. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი მ--- გ-------–ი არ გამოცხადდა მოსამზადებელ სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, რაც ადასტურებს იმას, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და რადგან არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, დაასკვნა, რომ უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2.3.8. სასამართლო გზავნილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე ზ----------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელ მ--- გ-------–ს ჩაბარდა 2018 წლის 20 თებერვალს (იხ.ს.ფ. 290)

 

2.3.9. 2018 წლის 20 თებერვალს მოსარჩელემ -ზ----------ის მუნიციპალიტეტის მერიამ საჩივრით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

 

მოსარჩელე ზ----------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა საჩივარში მიუთითა, რომ სხდომა დაიწყო 2018 წლის 13 თებერვლის 12:00 საათზე, ის კი სასამართლოს შენობაში გამოცხადდა 12:05 წუთზე, რა დროსაც სასამართლო მანდატურმა აცნობა, რომ სხდომა დაწყებული იყო და მისი სხდომაზე დაშვება ვეღარ მოხდებოდა. საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი დაგვიანება მოხდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, რაც გამოიხატა იმაში, რომ ის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსთან, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან და იურიდიული განყოფილების უფროსთან ერთად არკვევდა მერის ბრძანებაში ცვლილების შეტანის საკითხს, რომელიც ამ დღეს შესასრულებელი იყო და საჩივარს დაურთო ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების, სახელდობრ იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი ცნობა, რომ იგი 2018 წლის 13 თებერვლის 11:45 საათიდან 12:00 სათამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

 

2.3.10. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და საჩივრის განხილვის მიზნით 2018 წლის 05 მარტს 12:00 საათზე დაინიშნა შესაბამისი სხდომა.

 

2.3.11. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განჩინებით ზ----------ის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა:

 

2.3.12. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა უნდა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთი საფუძვლები არ ყოფილა, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გაუქმდეს.

 

2.3.13.სასამართლოს თვალსაზრისით, საჩივრის ავტორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი 2018 წლის 13 თებერვალს 11:45 საათიდან 12:00 საათამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მერიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად თათბირობდა ზ----------ის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებაში ცვლილების შეტანის საკითხზე, კონკრეტულ შემთვევაში ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან მხარეს შეეძლო გამოუცხადებლობის ან სხდომაზე დაგვიანების შესახებ ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამდენად, მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მას გააჩნდა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შესახებ. სსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია გარემოებები, რომლის არსებობის შემთხვევაში უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა ამ მუხლის ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. კანონმდებელი მხარეს ავალდებულებს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ, გარდა იმ შემთვევისა, როცა ასეთი შეტყობინება შეუძლებელია. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, მართალია, ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მერიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად თათბირობდა ზ----------ის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებაში ცვლილების შეტანის საკითხზე, თუმცა საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა ის გარემოება, თუ რატომ არ შეეძლო წარმომადგენელს სხდომაზე გამოუცხადებლობის (დაგვიანების) მიზეზის შესახებ წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზი, შესაბამისად, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.3.14. ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა და განსახილველი საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა ანალიზის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ ყოფილა დარღვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი პუნქტი, რაც იქნებოდა საფუძველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და მიიჩნია, რომ ზ----------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. 1.აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები

 

3.1.1 ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი ძალაში დატოვების შესახებ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განჩინებაზე მოსარჩელე ზ----------ის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიტანა საპელაციო საჩივარი და მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

 

3.1.2.აპელანტ ზ----------ის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, გადაწყვეტილებაში დაშვებულია ფაქტობრივი უსწორობა, არასწორად არის მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მხარე არ გამოცხადდა სასამართლოში, რადგან ადგილი ჰქონდა სასამართლო შენობაში სხდომის მიმდინარეობის პროცესში გამოცხადებას, თუმცა დაგვიანების გამო არ მოხდა მისი პროცესზე დაშვება;

 

3.1.3.სასამართლომ არ გაითვალისწინა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო დაგვიანების ფაქტობრივი გარემოება და ის ,რომ დროის მონაკვეთის სიმცირის გამო არ მოხდა დაუყოვნებლივი შეტყობინების სასამართლოსათვის მიწოდება;

 

3.1.4.აპელანტის მითითებით სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია, რომ თითქოსდა მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს კანონით(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები) დადგენილი წესით ეცნობა 2018 წლის 13 თებერვალს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე , რადგან ასეთი შეფასება არ შეიძლება მიეცეს მერიის წარმომადგენლის 2018 წლის 18 იანვარს სასამართლო სხდომაზე ყოფნის ფაქტობრივ გარემოებას, შესაბამისად 2018 წლის 13 თებერვალს, 12:00 საათზე სხდომის თაობაზე ზ----------ის მუნიციპალიტეტის მერიისთვის და მისი წარმომადგენლისთვის უწყება ჩაბარებულად არ ითვლება.

 

3.1.5 აპელანტის თვალსაზრისით, დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რადგან განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, შესაბამისად კი სახეზეა ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

 

3.2.მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

3.2.1.მოწინააღმდეგე მხარის-შპს ,,ჯ--------- ი------ის“ წარმომადგენელი როგორც საჩივარზე წარდგენილი პასუხით, ასევე სააპელაციო შესაგებელში წარმოდგენილი პოზიციით არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და მიიჩნია აღნიშნული უსაფუძვლოდ შემდეგზე მითითებით:

3.2.2.დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო რწმუნდება ხომ არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლში მითითებული რომელიმე გარემოება, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის განხილვის დროს არ არსებობდა. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება სწორად იქნა გამოტანილი;

3.2.3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თუ ადგილი ჰქონდა 233-ე მუხლში მითითებულ გარემოებას, რომლის შესახებაც მხარეს ,,არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსთვის“. ამდენად, ხსენებული ნორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას, თუ მხარეს საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაშიც არ შეეძლო ეცნობებინა იგი სასამართლოსთვის, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე არაა სახეზე, რადგან საჩივარში არ არის წარმოდგენილი მითითება იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეეძლო შესაბამისი ინფორმაციის სასამართლოსთვის მიწოდება, ასეთი კი მითითებულ ვერ იქნა იმდენად, რამდენადაც მხარეს შეეძლო შეტყობინების განხორციელება და არ განახორციელა;

3.2.4.არასწორია და რეალობას არ შეესაბამება აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მას თითქოსდა დააგვიანდა სასამართლო სხდომაზე და მანდატურმა პროცესზე იგი არ დაუშვა დაგვიანების გამო, რადგან აღნიშნულის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და ვერც იქნება, არ შეესაბამება რა სიმართლეს. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს იმის შთაობაზე, რომ ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით იყო დაკავებული სასამართლო პროცესის დაწყების დროისათვის და ასეთი მიჩნეულ იქნეს პატივსადებ გარემოებად, საერთოდ მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, რადგან არ გამომდინარეობს მოცემული საკითხის მომწესრიგებელი ნორმებიდან;

3.2.5.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის დარღვევას, რადგან მხარე არ გამოცხადდა პროცესზე და არც გამოუცხადებლობის შესახებ არ შეატყობინა წინასწარ. შესაბამისად, სასამართლოს მიერ სწორად მოხდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. ამდენად, საპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე მისი ძალაში დატოვების თაობაზე გამოტანილი განჩინება.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

4.3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.4.მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზ----------ის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე წლის 05 მარტის განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.5. დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომიდან მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2018 წლის 13 თებერვალს, 12:00 სასამართლო მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი მ--- გ-------–ი. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ 279).

 

4.6. დადგენილია, რომ 2018 წლის 18 იანვარს სასამართლომ გადადო რა საქმის განხილვა და დანიშნა ახალი სასამართლო სხდომის დღე (13 თებერვალი) , ამასთანავე განსაზღვრა სხდომის დრო (12:00 საათი), აღნიშნულის თაობაზე ეცნობა სასამართლო პროცესზე გამოცხადებული მოსარჩელის წარმომადგენელ მ--- გ-------–ს, რომელსაც წარედგინა შესაბამისი სასამართლო უწყება, სადაც განმარტებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის შინაარსი, სახელდობრ იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. (იხ.ს.ფ. 282) .

 

4.7. დადგენილია, რომ სასამართლო უწყების ტექსტის გაცნობისა და სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე განმარტების მიღების ნამდვილობა დადასტურებულ იქნა მოსარჩელის წარმომადგენელ მ--- გ-------–ის ხელმოწერით (იხ.ს.ფ.282).

 

4.8 დადგენილია, რომ 2018 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომა დაწყებულ იქნა დაგვიანებით, 12:04:43 საათზე, რომელზეც მოსარჩელის წარმომადგენელი არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. (იხ. ს.ფ. 2851)

 

4.9.დადგენილია, რომ 12: 05: 24 საათზე მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. (იხ. ს.ფ. 2851)

 

4.10.დადგენილია, რომ 2018 წლის 20 თებერვალს მოსარჩელემ ზ----------ის მუნიციპალიტეტის მერიამ საჩივრით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

 

4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზედაც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიო მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა. ამასთან არის თუ არა მხარის გამოუცხადებლობა საპატიო, კონკრეტული მტკიცებულებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

 

4.12. განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მთვარ სხდომაზე გამოუცხადებლობა განაპირობა იმ ფაქტობრივმა გარემოებამ, რომ 2018 წლის 13 თებერვლის 11:45 საათიდან 12:00 საათამდე ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და რომ ამასთან ადგილი ჰქონდა არა სასამართლო სხდომაზე არგამოცხადებას, არამედ მხოლოდ 5 წუთით დაგვიანებას, რის გამოც ის დაშვებულ არ იქნა სასამართლო სხდომაზე.

 

4.13.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ზემოხსენებულ განმარტებას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა იგი 05 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა სასამართლო შენობაში, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული არ დასტურდება შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებით - სასამართლოში გამოცხადებისა და პროცესზე დაუშვებლობის შემდეგ, თუ ასეთს რეალურად ჰქონდა ადგილი, მოცემული განმარტების ამსახველი შინაარსის მქონე განცხადების სასამართლო კანცელარიაში წარდგენით, სადაც უტყუარად დაფიქსირებულ იქნებოდა განცხადების წარდგენის დროც და დღეც, ანდა თუნდაც საჩივრის განხილვის სასამართლო სხდომაზე იმ მანდატურის დაკითხვის თაობაზე შესაბამისი შუამდგომლობის დაყენების გზით, რომელმაც მისი განმარტებით, 05 წუთით დაგვიანების გამო არ დაუშვა იგი სასამართლო სხდომაზე, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სხდომა ფაქტობრივად ისედაც დანიშნულზე 04:43 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

 

4.14.სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის სამართლებრივ თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ თითქოსდა იგი, როგორც მოსარჩელე მხარე, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად არ იყო მოწვეული სასამართლო სხდომაზე და რომ 2018 წლის 13 თებერვალს 12:00 საათზე სხდომის ჩატარების თაობაზე უწყება ჩაბარებულად არ ითვლება,რადგან როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, განსახილველი საქმის ფურცელ 282-ზე განთავსებულია სასამართლო უწყება, რომლითაც დგინდება, რომ 2018 წლის 18 იანვარს სასამართლომ გადადო რა საქმის განხილვა 2018 წლის 13 თებერვალს 12:00 საათზე, აღნიშნულის თაობაზე ეცნობა სასამართლო პროცესზე გამოცხადებული მოსარჩელის წარმომადგენელ მ--- გ-------–ს, რომელმაც აღნიშნული დაადასტურა შესაბამისი ხელმოწერით.

საპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოხსენებული საპროცესო მოქმედება სასამართლოს მიერ განხორციელებულ იქნა აბსოლუტურად კანონშესაბამისად, სახელდობრ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, რომლის თანახმადაც სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანამხად მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს .

 

ამდენად, უტყუარად დადგენილია რა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა სასამართლო სხდომის დღე, ასეთი ჩაბარებულად ითვლება მოსარჩელე მხარისათვის.

 

4.15. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში, დაუშვებელია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლად მიჩნევის ზემოთ დასახელებულ პირობათაგან არც ერთი.

 

4.16.პალატას საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რადგან არ დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ისეთი საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას თავის დროზე არ შეეძლო ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

4.17.საქართველოს სამოქალაქო პროცესის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის განსაზღვარვს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესურულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს,სახელდობრ მთითებული ნორმის თანახმად ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შერულებას. მოცემულ შემთხვევაში კი -სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.მოხმობილი ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ყველა გარემოება, რაზეც მხარე აპელირებს.

 

4.18.პალატის თვალსაზრისით განსახილველ შემთხვევაში საპატიო მიზეზად შეფასებულ ვერ იქნება მხარის მითითება იმაზე, რომ აპელანტის წარმომადგენელმა ვალდებულებათა კოლიზიისას უპირატესობა მიანიჭა შიდაუწყებრივ თათბირს და თავისი დაუდევრობით უგულვებელყო სასამართლო სხდომაზე დროულად გამოცხადების ვალდებულება, ამასთან არ დაიცვა შესაბამისი სამართლებრივი წინდახედულობა და აღნიშნულის თაობაზე სათანადო ინფორმაცია არ მიაწოდა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე, რომლის განხორციელებაც მას საკანონმდებლო მოთხოვნიდან გამომდინარე ევალდებულებოდა და რისი შესაძლებლობაც მას ჰქონდა თუნდაც მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარების გზით.

 

4.19. ამდენად, დაუსაბუთებელია აპელანტის პოზიცია, რომ მოსარჩელე მხარეს სხვა საქმეებით დაკავების გამო არ ჰქონდა შესაძლებლობა გამოცხადებულიყო პროცესზე, დაედასტურებინა მხარის იურიდიული ინტერესი მოცემული დავის მიმართ, გამოეჩინა კეთილსინდისიერი დამოკიდებულება სასამართლოს წინაშე და შეესრულებინა მოსარჩელეზე დაკისრებული საპროცესო ვალდებულება.

 

4.20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის თვალსაზრისით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე მართებულად არ მიიჩნია საპატიოდ და მართებულად არ დაკმაყოფილა ასეთის საფუძველზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივარი.

 

4.21. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 05 მარტის განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ.სუსგ საქმე №ას 1043-997-2013; საქმე №ას 982-943-2014; საქმე №ას 479-449-2015; საქმე №ას 433-412-2015; საქმე №ას 1266-1186-2017)

 

5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა

 

5.1. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, ზ----------ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზ----------ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელად დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3.აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ სვანიძე ლაურა მიქავა