განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2018
საქმის ნომერი
210210017001915525
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210210017001915525

საქმე №2ბ/6575-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი 2018წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ეკატერინე ცისკარიძე

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი, ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი - ნა----–---------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარეები - მა--------–-–---–ი, გი----------–-–---–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ნა----–---------–---–ის სარჩელი მოპასუხეების მა--------–-–---–ის და გი----------–-–---–ის მიმართ 21 514 (ოცდა ერთი ათას ხუთას თოტხმეტი ) ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა სარჩელის ხანდაზმულობის გამო.

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ნა----–---------–---–ის და მოპასუხე მა--------–-–---–ის შორის დადებული იყო სესხის მარტივი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც გამოხატული იყო მსესხებლის მიერ შედგენილი ხელწერილის ფორმით. ხელშეკრულება უვადოდ დაიდო, რადგან სესხის დაფარვის კონკრეტული ვადა მხარეთა მიერ შეთანხმებული არ იყო. მხარეთა შეთანხმებით მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხის ერთი პროცენტი, რაც აისახებოდა ხელწერილებში.

 

დადგენილია და მხარეები ადასტურებენ, რომ მოპასუხეებმა ნა----–---------–---–ისაგან 2012 წლის 01 მაისს ისესხეს 200 (ორასი) ლარი, რომლის დასტურად მა--------–-–---–მა თავისი ხელით დაწერა ხელწერილი. ამავე წლის 30 მაისს მოპასუხეებმა მოუტანეს სარგებელი 60 (სამოცი) ლარი. 2012 წლის 06 ივნისს ისესხეს 200 ლარი, 2012 წლის 09 ივნისს ისესხეს 200 ლარი, 2012 წლის 06 ივლისს ლ----------–-–---–მა გ------–-–---–ისათვის ისესხა კიდევ 300 ლარი. სულ ისესხეს 900 (ცხრაასი) ლარი.

 

თანხის ან მისი ნაწილის დაბრუნების რაიმე მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარუდგენიათ, მაგრამ მხარეებმა დაადასტურეს, რომ გი----------–-–---–მა მოსარჩელეს სესხის ნაწილის დაფარვის სანაცვლოდ შეასრულა გარკვეული სამშენებლო სამუშაოები.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სასამართლო ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით მარტივი წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებაა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით: სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მოცემულ შემთხვევაში სესხის თაობაზე ზეპირი შეთანხმების არსებობას ორივე მხარე ადასტურებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა სესხის თაობაზე შეთანხმებისაგან.

 

შეთანხმება სარგებლის სახით ყოველდღიურად 1%-ის დარიცხვის შესახებ ბათილი გარიგებაა შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში.

 

შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

 

ვალდებულების დარღვევისათვის ერთი კონტრაჰენტისათვის შეუსაბამოდ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაწესება მეორე კონტრაჰენტის მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა უფლებათა ბოროტად გამოყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას (სკ-ის მე-10 მუხლის მესამე ნაწილი). სკ-ის 346-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია ნდობისა და კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო პირობები, რომლებიც საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის.

 

სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო პროცენტის განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის დარიცხვის ნაწილში.

 

2.3.2. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და განმარტა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით: ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ რა სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოთხოვნის მიმართ, მოქმედებდა დასახელებული მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რაც შეადგენს სამ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა ასრულებდა სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავდა სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არ გამორიცხავდა სუბიექტურ მომენტს – იცოდა თუ არა დაზარალებულმა ან უნდა სცოდნოდა თუ არა საკუთარი უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმებოდა დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა.

 

მოსარჩელე თავად უთითებს, რომ მოპასუხეებს არა აქვთ შესრულებული სარგებლის გადახდის ვალდებულება და ვალდებულების წარმოშობის დღიდან გასულია 54 თვე. სესხის ხელწერილით გათვალისწინებული იყო თვეში 30%-ს გადახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს და შესაბამისად მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ ხანდაზმულია და იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, მოპასუხე მხარე მოკლე ვადაზე გასაცემ თანხაზე თანხმობით, ცალმხრივად ადგენს ხელწერილს სარგებლიანი ვალის აღიარებისას, ვალდებულება-შესრულების გარანტირებული ყოველდღიური გადახდის პირობით, რომ ძირი თანხის გადახდამდე ყოველდღიურად დღეში უნდა გადაეხადათ ძირი თანხის 1%-იანი სარგებელი, სადაც ვალის დაფარვის ვადა განსაზღვრული არ იყო და სახელშეკრულებო შესრულების ვადა განისაზღვრებოდა მოპასუხე მხარის მხრიდან სრული არჩევანის უფლებრივი მდგომარეობით, თუ რამდენი დღით სარგებლობისათვის ესაჭიროებოდა თანხა. ვალის აღიარების ხელწერილის შინაარსი მიუთითებდა, რომ თანხა მოკლე ვადით იყო გაცემული. ვალდებულება განსაზღვრული იყო დღიური სარგებლის და არა თვიურისა, ხოლო ერთი თვის გასვლის შემდეგ ძირ თანხას დაემატებოდა ერთი თვის სარგებელი და ძირ თანხად იქცეოდა, თუმცა ამის დაწერის საჭიროება არ იყო, რადგან თვლიდა, რომ სესხი რამდენიმე დღეში უნდა დაებრუნებინა და სარგებლის გაცდენაზე არ უფიქრია. თანახმა იყო 8,10,12 დღეზე სარგებელი ძირ თანხასთან ერთად მიეცათ. პირობას სარგებლის მიტანის ვალდებულებისას უწერდნენ და ვალდებულების დარღვევას ზიანის ანაზღაურების ანაცდენ სარგებელს კანონი განკარგავს. მოკლე ვადით ნასესხები სარგებლიანი თანხა თავისი არჩევანით ჯერ თვიური სარგებლის 30%-იანი გადახდის ვალდებულებაში გადაიზარდა და დროის გაყვანით გადასახდელი თანხა გაზარდა.

 

3.2.3. აპელანტის განმარტებით, მისი სამართლებრივი დავიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად ცალსახაა რომ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია, არა კრედიტორის მოქმედებაზე, არამედ მოვალის მოქმედებაზე. სარგებლიანი ვალის აღიარების პირობებში ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილია და არა აქვს არსებითი მნიშვნელობა კრედიტორის მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული მოთხოვნის წარმოშობა თუ მოვალის მოქმედებაზე, რასაც განამარტავს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი. მოკლე ვადით ნასესხები თანხა ბევრად დიდ რაოდენობამდე გაიზარდა, ვიდრე ძირი თანხაა. მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს არა მარტო უშუალო ზიანი, არამედ ანაცდენი სარგებლის ზიანიც.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1.ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

 

სააპელაციო პალატა საქმის მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1. 2012 წლის 01 მაისს მა--------–-–---–მა ნა----–---------–---–ისგან სესხის სახით მიიღო 200 ლარი, ხოლო 2012 წლის 06 ივნისს დამატებით 200 ლარი, სულ 400 ლარი. სესხი ითვალისწინებდა სარგებელს დღეში 1%-ის ოდენობით. მა--------–-–---–მა მოსარჩელეს 2012 წლის ივნისში გადაუხადა ერთვის თვის სარგებელი 200 ლარზე 60 ლარი;

 

სასამართლო ამ გარემოებების დადგენისას ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას და საქმეში წარმოდგენილ მა--------–-–---–ის მიერ შედგენილ ხელწერილებს (ს.ფ.46);

 

4.1.2. 2012 წლის 09 ივნისს გი----------–-–---–მა ნა----–---------–---–ისაგან ისესხა 200 ლარი;

 

4.1.3. 2012 წლის 6 ივლისს მოსარჩელისაგან 300 ლარი ლ----------–-–---–ის მეშვეობით ისესხა გი----------–-–---–მა;

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ლ----------–-–---–მა ფული ისესხა თავისთვის, თუმცა მოგვიანებით განუმარტა მოსარჩელეს, რომ ეს თანხა ისესხა გი----------–-–---–ისათვის, რასაც მოპასუხე არ უარყოფს.

 

4.1.4. გი----------–-–---–სა და მოსარჩელეს შორის სესხისათვის პროცენტი შეთანხმებული არ ყოფილა;

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას. ამრიგად, სესხის სარგებელზე შეთანხმების არსებობის დადასტურება მოსარჩელის ვალდებულებაა, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება გარდა მოსარჩელის ახსნა- განმარტებისა, საქმეში წარმოდგენილი არ არის, მოპასუხე გი----------–-–---–ი კი უარყოფს სესხის პროცენტზე შეთანხმების არსებობას. რადგან მოსარჩელის ახსნა-განმარტება არ არის გამყარებული სხვა სახის მტკიცებულებებით, პალატა მიიჩნევს, რომ გი----------–-–---–ისათვის გაცემული სესხი სარგებლიანი არ იყო.

 

4.1.5. სესხის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა;

 

4.1.6. მა--------–-–---–ს მოსარჩელისათვის ნასესხები ფული და სესხის სარგებელი არ გადაუხდია;

 

სააპელაციო პალატა კვლავ განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას ვალდებულების შესრულების ფაქტი მოპასუხემ უნდა ამტკიცოს, მოსარჩელისათვის სესხისა და სარგებლის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

4.1.7. 2014 წლის ნოემბერში გი----------–-–---–მა მოსარჩელეს შეუსრულა 600 ლარის ღირებულების სამუშაოები.

 

4.1.8. სესხის გაცემიდან 2-3 თვეში მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეებს ნასესხები თანხისა და პროცენტის დაბრუნება (იხ. 22.03.2018წ სხდომის ოქმი);

 

4.1.9. სარჩელის მოთხოვნა მა--------–-–---–ის მიმართ ხანდაზმულია;

 

სააპელაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სოლიდარული ვალდებულების საფუძველი.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლით სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სარჩელის მოთხოვნები გამომდინარეობს მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან, რომელთაგან ორი - 400 ლარზე - 2012 წლის 1 მაისისა და 6 ივნისის ხელშეკრულებები, მოსარჩელესა და მა--------–-–---–ს შორისაა დადებული და მისგან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაც სწორედ ამ უკანასკნელს ეკისრება, ხოლო დანარჩენი ორი - 2012 წლის 9 ივნისის და 6 ივლისის ხელშეკრულებების მხარეს გი----------–-–---–ი წარმოადგენს, ის რომ მოპასუხეები არიან ცოლ-ქმარი, არ წარმოადგენს საფუძველს მათი სოლიდარული პასუხისმგებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. თუ პროცენტები არ არის შეპირებული, მოვალეს შეუძლია ვალი დააბრუნოს ვადამდე. პროცენტიანი სესხის ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით ან გამსესხებლის თანხმობით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შეწყდება მაშინ, როდესაც მეორე მხარე (კრედიტორი) მოითხოვს მის შესრულებას.

 

მოსარჩელის განმარტებით დგინდება, რომ რადგან მოპასუხეები არ იხდიდნენ პროცენტებს, მან სესხის დაბრუნება და პროცენტის გადახდა მოითხოვა სესხის ხელშეკრულებების დადებიდან მალევე - 2-3 თვეში, ივლისს-აგვისტოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ათვლის მომენტის დადგენის მიზნისათვის, სესხის ხელშეკრულებების შეწყვეტის თარიღად 01 სექტემბერი უნდა ჩაითვალოს, საიდანაც სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამი თვის განმავლობაში ე.ი. 2012 წლის 1 დეკემბრამდე, მოპასუხეებს უნდა დაებრუნებინათ ნასესხები ფული სარგებელთან ერთად.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მა--------–-–---–მა სესხი და სარგებელი მითითებულ ვადაში მოსარჩელეს არ გადაუხადა.

 

სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 01 დეკემბრიდან, როცა მოპასუხეს უნდა შეესრულებინა სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (მიუხედვადა იმისა, რომ მოსარჩელე თანხის დაბრუნებას მოითხოვდა დაუყოვნებლივ) და მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მისი უფლებების დარღვევის შესახებ, შესაბამისად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ამოიწურა 2015 წლის 01 დეკემბერს, სარჩელი კი აღძრულია 2017 წლის 16 ნოემბერს, ე.ი. ხანაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ;

 

4.1.12. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები სარჩელს უარყოფენ როგორც ვალდებულებითი ურთიერთობის შესრულების შეწყვეტის, ისე მისი ხანდაზმულობის მოტივით.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მა--------–-–---–ის წინააღმდეგ ხანდაზმულია, მოთხოვნის ხანდაზმულობა კი საკმარისი საფუძველია სარჩელის უარსაყოფად.

 

4.1.11. გი----------–-–---–მა შეასრულა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 379-ე მუხლით, კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როცა შესრულება დიდი ღირებულების მქონეა.

 

ამავე კოდექსის 428-ე მუხლის ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას.

 

პალატა განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს მხარეთა შეთანხმების განუხრელი დაცვით (სკ-ის 361.2 მუხლი), თუმცა ეს წესი არ არის იმპერატიული და კანონი გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ზემოთ მოყვანილი მუხლების შესაბამისად, მართალია, კრედიტორს სრული უფლება გააჩნია, უარი განაცხადოს სხვა შესრულების მიღებაზე, თუმცა, თუკი დადასტურდება, რომ იგი წინააღმდეგი არ ყოფილა შეთანხმებულის ნაცვლად მიეღო სხვა შესრულება, ამით ვალდებულება სრულად ან ნაწილობრივ (შესრულების ფარგლების გათვალისწინებით) წყდება, ამდენად, სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ვალდებულების შეწყვეტას კრედიტორის მიერ სხვა შესრულების მიღებით.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ გი----------–-–---–მა 2014 წლის ნოემბერში კრედიტორს შეუსრულა 600 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც მოსარჩელისავე განმარტებით, მან მოპასუხეს გაუქვითა სესხის პროცენტში - 600 ლარში. გამომდინარე იქედან, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა მხარეთა შორის სესხის პროცენტზე შეთანხმება, პალატა მიიჩნევს, რომ ამ სამუშაოების შერულებით, რაც შესრულების ანგარიშში მიიღო კრედიტორმა, მოპასუხემ შეასრულა სესხის ხელშერულებებიდან გამომდინარე ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლით, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

მოყვანილი ნორმის თანახმად, გი----------–-–---–ის მიერ 600 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებით, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა შესრულებით, შესაბამისად, მოსარჩელე ვეღარ წაუყენებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს მოპასუხეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნა----–---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით

 

თავმჯდომარე: ეკატერინე ცისკარიძე

 

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

 

ვანო წიკლაური