განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210018001660992
საქმე #2/ბ-180-18
ganCineba
საქართველოს სახელით
25 აპრილი 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: ვალერიან მურღულია
მოწინააღმდეგე მხარე: ანა გოგოლი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი: დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება
სააპელაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2016 წლის 27 დეკემბერს, სენაკის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ანა გოგოლმა, მოპასუხედ დაასახელა ვალერიან მურღულია და არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ყოველთვიურად, ალიმენტის-350 ლარის, ასევე გასული პერიოდის (2015 წლის დეკემბრიდან -2016 წლის დეკემბრამდე) ალიმენტის-4200 ლარის დაკისრება მოითხოვა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ანა გოგოლის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
2017 წლის 29 აგვისტოს, სენაკის რაიონულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა ვალერიან მურღულიამ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გაურკვეველია, თუ რატომ ვერ მოხერხდა მისთვის სარჩელის ჩაბარება, ვინაიდან მითითებულ მისამართზე ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელიც უმუშევარია და მუდმივად იმყოფება სახლში. ამათან, სასამართლოსათვის ცნობილი იყო მისი სამუშო ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერიც, რომლითაც არ მომხდარა მასთან კომუნიკაცია.
გარდა ამისა, სასამართლომ გასული პერიოდის ალიმენტის გადახდა დააკისრა ისეთ პერიოდზე, როდესაც მხარეები ერთად ცხოვრობდნენ და არ იყვნენ დაშორებულები.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, ვალერიან მურღულიას საჩივარი, ამავე სასამართლოს 2016 წლის 10 აპრილის N240210016001660992 (2/596-2026) დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ვალერიან მურღულიას, სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა საჯარო შეტყობინების გზით, ამავე სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განჩინების მეშვეობით. აღნიშნული განჩინება სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და ვებგვერდზე განთავსდა 2017 წლის 31 მაისს.
შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 20 ივნისს.
ვინაიდან, ვალერიან მურღულიამ, სენაკის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მიმართა 2017 წლის 29 აგვისტოს, ამ დროისათვის მის მიერ გაშვებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით (სსკ-ის 237-ე მუხლი) დადგენილი 10 დღიანი ვადა, რაც საჩივრის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ვალერიან მურღულიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინებაში სასამართლო რატომღაც გვერდს უვლის და უგულვებელყოფს იმ საკითხს, რომ საჯარო შეტყობინება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ძირითად, ასევე ალტერნატიულ მისამართზე ვერ მოხერხდება პირისათვის უწყების ჩაბარება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსათვის ცნობილი იყო მისი ალტერნატიული მისამართიც (სამუშაო ადგილი) სადაც უწყება საერთოდ არ გაგზავნილა.
აღსანიშნავია ისიც, რომ არათუ ალტერნატიულ მისამართზე, არც ძირითად მისამართზე კანონის შესაბამისად შეტყობინება არ გაგზავნია.
გარდა ამისა, სასამართლოსათვის ცნობილი იყო მისი ტელეფონის ნომერიც, რაზეც სატელეფონო შეტყობინება არ განხორციელებულა.
ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და მასზედ წარდგენილი საჩივის დაუშვებლად ცნობა კანონის უგულვებელყოფით განხორციელდა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ ვალერიან მურღულიას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადენილია, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს, სენაკის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ანა გოგოლმა, მოპასუხედ დაასახელა ვალერიან მურღულია და არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ყოველთვიურად ალიმენტის-350 ლარის, ასევე გასული პერიოდის, (2015 წლის დეკემბრიდან -2016 წლის დეკემბრამდე) ალიმენტის 4200 ლარის დაკისრება მოითხოვა.
დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ანა გოგოლის სარჩელი დაკმაყოფილდა; ვალერიან მურღულიას დაეკისრა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2016 წლის 27 დეკმბრიდან) ანა გოგოლის სასარგებლოდ, თავისი არასრულწლოვანი შვილის - თათა მურღულიას (დაბადების თარიღი - 04.06.2006 წ.) საზრდოდ, მისი სრულწლოვანების მიღწევამდე, ყოველთვიურად 350 (სამასორმოცდაათი) ლარის გადახდა;
ვალერიან მურღულიას, ანა გოგოლის სასარგებლოდ დაეკისრა, თავისი არასრულწლოვანი შვილის - თათა მურღულიას (დაბადების თარიღი - 04.06.2006 წ.) საზრდოდ, წარსული დროის (2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე) ალიმენტის თანხის - 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარის გადახდა;
მოპასუხე ვალერიან მურღულიას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა, სახელმწიფო ბაჟის - 252 (ორასორმოცდათორმეტი) ლარის გადახდა.
2017 წლის 29 აგვისტოს, სენაკის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მიმართა მოპასუხე ვალერიან მურღულიამ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, ვალერიან მურღულიას საჩივარი, ამავე სასამართლოს 2016 წლის 10 აპრილის N240210016001660992 (2/596-2026) დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ვალერიან მურღულიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ვალერიან მურღულიას საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რომლითაც მხარე სადავოდ ხდის სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სარჩელზე საქმის წარმოებისას, მისი მოწვევის წესის დარღვევას.
დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სენაკი, სოფ, ახალისოფელში ვალერიან მურღულიას გაეგზავნა ორჯერ, რომლის ჩაბარება ვერ მოხერხდა ადრესატის არ ყოფნის გამო (ს.ფ.36-41).
დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საჯარო შეტყობინების გავრცელების გზით, 2016 წლის 31 მაისს გამოქვეყნდა სენაკის რაიონულ სასამართლოში თვალსაჩინო ადგილას და განთავსდა ამავე სასამართლოს ვებგვერდზე (ს.ფ.45).
ამდენად, 2016 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78.2 -ე მუხლის შესაბამისად, მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება 2016 წლის 7 ივნისს, საიდანაც გასულია სსკ-ის 237-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 10 დღიანი ვადა.
ამ გარემოების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი დაუშვებელია - დასაბუთებულია.
მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, პალატა დამატებით განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის ეს ჩანაწერი თავისთავად გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას (სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში), რასაც მხარე (მოსარჩელე, განმცხადებელი) მოითხოვს.
ამავე კოდექსით გათვალისწინებულია მხარის გამოუცხადებლობის ან მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივრის წარდგენა, თუ გასული არ არის ამავე კოდექსის 237-ე მუხლით დადგენილი 10 დღიანი ვადა.
ასეთი ვადის გასვლის შემთხვევაში, საპროცესო კანონმდებლობით დასაშვებია გადაწყვეტილების ბათილობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების წარდგენა, თუ მხარე დაასაბუთებს, რომ ადგილი ჰქონდა სსკ-ის 422.1 „ბ“ მუხლით გათვალისწინებულ შემთვევას, კერძოდ: „ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომდგენლი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-427, 429-431 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების წარდგენის ვადა, ფორმა (განცხადების შინაარსი), დასაშვებობის შემოწმებისა და განხილვის წესი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ვალერიან მურღულიას „საჩივარი“ იმ საფუძვლით ცნო დაუშვებლად, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული, რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-426-ე მუხლებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების დასაშვებობის კრიტერიუმებს, ეს საკითხები სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა.
ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამ გადაწყვეტილებაზე შეტანილი „საჩივარი“ თავისი პროცესუალური ბუნებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებას წარმოადგენს, რომლის დასაშვებობის შემოწმება და განხილვა-გადაწყვეტა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს კომპეტენციაა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-426-ე მუხლების თანახმად, ვალერიან მურღულიას განცხადება, სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დასაშვებობის შემოწმების საპროცესო ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სენაკის რაიონულ სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვალერიან მურღულიას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განჩინება;
3. ვალერიან მურღულიას განცხადება, სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დასაშვებობის შემოწმების საპროცესო ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს სენაკის რაიონულ სასამართლოს.
4. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე