განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190310015001197311
საქმე N3ბ/1846-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ილონა თოდუა
მოსამართლეები - შოთა გეწაძე, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ი---- მ----–--ე;
წარმომადგენელი - მ-----------–--ლი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ა---------ძე, ე-–------------–--ლი;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება ი---- მ----–--ის სასარჩელო მოთხოვნა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, ი---- მ----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. ქ. რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილებით ი---- კ-----ს ძე მ----–--ეს, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გაუფორმდა მიწის ნაკვეთი N--, ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფართობი 600 კვ.მ ოჯახის შემადგენლობა ოთხი სული (ტ. I, ს.ფ. 3-13;14).
2.1.2. 2007 წლის 04 ივნისის თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის N--- ცნობით, ი---- მ----–--ეს ეცნობა, რომ ნამდვილად გამოეყო ქალაქ რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის N--; 600 კვ.მ ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარედ (ტ. I, ს.ფ. 3-13; 15).
2.1.3. ქალაქი რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილებით, რუსთავის გამგეობის 1992 წლის 27 ნოემბრის N--- გადაწყვეტილებით გ---- ვ------–---–ს გაუფორმდა მიწის ნაკვეთი N---- ფ--–--–---–ის ქუჩაზე, ფართობით 600 კვ.მ ოჯახის შემადგენლობა ოთხ სულს, ხოლო 1992 წლის 06 მაისის N173 გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის ნაკვეთი N--- მე-6 მ/რ ფართობით 600 კვ. მ გაუფორმდა ლ-------–ა გ-------–ის ასულ გ-------–--ლს ოჯახის შემადგენლობით 1 სულს. ვინაიდან არქიტექტურული განყოფილების მიერ შეცდომით იქნა გადაცემული მიწის ნაკვეთის ნომრები, შეტანილი იქნა ცვლილება აღნიშნულ გადაწყვეტილებებში და გ---- ვ------–---–ს გაუფორმდა მიწის ნაკვეთი N--, ხოლო ლ-------–ა გ-------–--ლს მიწის ნაკვეთი N98 (ტ. I, ს.ფ. 20; 17).
2.1.4. არასასოფლო-სამერნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ.რუსთავი, ფ--–--–---–ის მიმდებარე ტერიტორია, ნაკვეთი N--, დაზუსტებული ფართი 603,40 კვ.მ, ს.კ. 0----------- საკუთრების უფლების აღრიცხულია გ---- ვ------–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ქალაქ რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ (ტ. I, ს.ფ. 20; 17).
2.1.5. ქ. რუსთავი, ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 0-----------) საბაზრო ღირებულება 2015 წლის 03 დეკემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 41 635 ლარს (ტ. I, ს.ფ. 25-35).
2.2. დასკვნები სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. ქალაქი რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- და N-- გადაწყვეტილებებით ი---- მ----–--ისა და გ---- ვ------–---–ის მიმართ ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გაფორმებული მიწის ნაკვეთი N-- წარმოადგენს ერთი და იგივე მიწის ნაკვეთს, რომელიც გ---- ვ------–---–ს თავდაპირველად გადაეცა ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 27 ნოემბრის N--- გადაწყვეტილებით.
2.2.2. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებით, კერძოდ კი გ---- ვ------–---–ისათვის 1992 წლის 27 ნოემბრის N--- გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის გადაფორმების შედეგად მოსარჩელეს ზიანი არ მიდგომია.
სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივის 2016 წლის 04 მაისის N-------- წერილით დგინდება, რომ არქივში დაცული ქ. რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- და 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილებების შინაარსის მიხედვით მიწის ნაკვეთების გაფორმება ხდებოდა, როგორც ფ--–--–---–ის ქუჩაზე, ასევე ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთან სპეციალისტის განმარტებით, მიწის ნაკვეთების გეგმაზე არსებული პირველ და მეორე ზოლზე მიწის ნაკვეთები გაცემულია ფ--–--–---–ის ქუჩაზე, ხოლო გაგრძელებაზე მიწის ნაკვეთები გაიცა ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გ---- ვ------–---–ისათვის 1992 წლის 27 ნოემბრის N--- გადაწყვეტილებით მოხდა მიწის ნაკვეთის გაფორმება, ე.ი. მანამდე სანამ მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანო გამოუყოფდა 600 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ მის კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართი კანონდარღვევით გადასცა სხვა პირს, კერძოდ კი გ---- ვ------–---–ს.
მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა, რომელიც ზიანის მიყენების ფაქტს დაადასტურებდა.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე და აღნიშნა, რომ ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან, ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209 მუხლები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.'' საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე Nბს-52-47(კ-13) 23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ფართი კანონდარღვევით გადასცა სხვა პირს. კერძოდ, ქალაქ რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილებით გ---- ვ------–---–ს გაუფორმდა მიწის ნაკვეთი N---- ფ--–--–---–ის ქუჩაზე, ფართობით 600 კვ.მ ხოლო 1992 წლის 06 მაისის N173 გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის ნაკვეთი N--- მე-6 მ/რ ფართობით 600 კვ. მ. გაუფორმდა ლ-------–ა გ-------–ის ასულ გ-------–--ლს ოჯახის შემადგენლობით 1 სულს. ვინაიდან არქიტექტურული განყოფილების მიერ შეცდომით იქნა გადაცემული მიწის ნაკვეთის ნომრები, შეტანილი იქნა ცვლილება აღნიშნულ გადაწყვეტილებებში და გ---- ვ------–---–ს გაუფორმდა მიწის ნაკვეთი N--, ხოლო ლ-------–ა გ-------–--ლს მიწის ნაკვეთი N98. ქ. რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილებით ი---- მ----–--ეს, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გაუფორმდა მიწის ნაკვეთი N--, ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფართობი 600 კვ.მ.
საასმართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- და N-- გადაწყვეტილებებით ი---- მ----–--ისა და გ---- ვ------–---–ის მიმართ ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გაფორმებული N-- მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთი და იგივე მიწის ნაკვეთს, რომელიც თავდაპირველად გ---- ვ------–---–ს გაუფორმდა 1992 წლის 27 ნოემბრის N--- გადაწყვეტილებით. აღნიშნული გარემოება მხარეთა მიერ სადავოდ არ მიჩნეულა. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს რუსთავის არქივის 2007 წლის 8 ივნისის N12/239 წერილის შინაარსით ირკვევა, რომ არქიტექტორული განყოფილების მიერ შეცდომით იქნა მიწის ნაკვეთის ნომრების მითითება და გ---- ვ------–---–ს გადაეცა N-- მიწის ნაკვეთი. სპეციალისტის განმარტებით, ორი N-- მიწის ნაკვეთი არ არსებობს, არსებობს დასახელებული ნომრით ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც მიწის ნაკვეთის გეგმაზე გ. ვ------–---–ის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ნომერი და ინიციალი ემთხვევა, ხოლო მოსარჩელესთან მიმართებაში მხოლოდ მიწის ნაკვეთის ნომერია მითითებული და ინიციალი არა. ამასთან მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სხვა N-- მიწის ნაკვეთი ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს სასამართლოში არ წარდგენილა. შესაბამისად სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენელთა მოსაზრებები დასახელებული მიწის ნაკვეთების სხვადასხვაობის შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 1992 წლის 27 ნოემბრის N--- და 1993 წლის 11 მარტის N-- და N-- გადაწყვეტილებები წარმოადგენს გარიგებას, რომლის საფუძველზეც ქალაქ რუსთავის გამგეობამ გამოხატა ნება გ---- ვ------–---–ისათვის და ი---- მ----–--ესათვის მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით. მართალია მიწის ნაკვეთების ნომრების შეცდომა გამოწვეულ იქნა არქიტექტორული სამსახურის მიერ ნომრის შეცდომით მითითებით, მაგრამ გ---- ვ------–---–მა გამოხატა ნება გადაცემული მიწის ნაკვეთის მიღების შესახებ და მოახდინა უფლების რეალიზაცია მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის გზით. ადმინისტრაციული ორგანო არ აიძულებს მიმღებს სავალდებულო ძალით ჩაიბაროს მიწის ნაკვეთი, არამედ აძლევს მხარეს ნების გამოვლენის საშუალებას, რაც იმას ნიშნავს, რომ 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილება მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენით, მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. მისი გამოცემა წარმოადგენს მხარეთა საერთო მიზნისკენ მიმართულ ნების გამოხატვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---- ვ------–---–ისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემა წინ უსწრებდა ი---- მ----–--ესათვის მიწის ნაკვეთის გადაცემას. ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელეს გადაცემული მიწის ნაკვეთი არ მიუღია.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზიანის მიყენება დამდგარი შედეგით საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან არ დასტურდება, უფრო მეტიც არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი რუსთავის გამგეობის მიერ მიწის ნაკვეთის ვ------–---–ზე გადაცემასა და ი---- მ----–--ისთვის შედეგის დადგომას შორის, ვინაიდან ეს უკანასკნელი დროში არ ემთხვევა ერთმანეთს, იმისათვის რომ დადგინდეს მიზეზობრივი კავშირის არსებობა ი---- მ----–--ისათვის მიწის გადაფორმების ფაქტი წინ უნდა უსწრებდეს ვ------–---–ზე მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტს, შესაბამისად ზიანის მოთხოვნის სავალდებულო ელემენტი მიზეზობრივი კავშირი სახეზე არ არსებობს.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის, სამართლებრივ შედეგებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, ხოლო წინაპირობებს 405-ე მუხლები. თუ ვერ ხერხდება კრედიტორის პირველადი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის მიერ (ვალდებულების შესრულება), მის ადგილს მეორადი მოთხოვნა იკავებს. პირველადი ვალდებულებებისაგან მეორადი ვალდებულებანი უნდა განვასხვავოთ. ეს უკანასკნელი უშუალოდ ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობიდან არ გამომდინარეობს. მეორადი ვალდებულება პირველადი ვალდებულებების (ქმედების განხორციელების) დარღვევის შედეგად წარმოიშობა და იკავებს ან მათ ადგილს, ანდა მათთან ერთად არსებობს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კერძოდ კი უშუალოდ მიწის ნაკვეთის გადაცემის მოთხოვნით არ მიუმართავს. ე.ი. პირველადი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოსარჩელეს არ მიუმართავს. ვინაიდან დაუდგენელია პირველადი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა და მხარის ინტერესი ამ დაკმაყოფილების მიმართ არ არსებობს მეორადი მოთხოვნის, ზიანის წარმოშობის საფუძვლები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოსათვის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გაადვილების, ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის, მოვალის დაცვის და ბრუნვის მონაწილეთა აქტიურობის სტიმულირების მიზნით კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის - ზიანის დადგომის და ზიანის მიმყენებლის შესახებ. სუბიექტურ ფაქტორს ყურადღება ექცევა იმ შემთხვევაში უკეთუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია. საერთო წესის თანახმად, ივარაუდება, რომ დაზარალებულმა უფლების დარღვევისთანავე შეიტყო დამდგარი ზიანის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს, რადგან თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას (სსკ-ის 102-ე მუხ.).
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსით განსაზღვრულია სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადები, სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მოთხოვნის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობაზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმარტებაზე ხანდაზმულობის საკითხზე საქმეზე ''ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'', სადაც აღნიშნულია, რომ ხანდაზმულობის ვადები ემსახურება ეფექტური, ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას, ასევე სამართლებრივი უსაფრთხოების, განსაზღვრულობის, სამოქალაქო ურთიერთობებში წესრიგისა და სტაბილურობის დამყარებას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა, ერთი მხრივ, იცავს სასამართლოს არასაიმედო მტკიცებულებებზე დაფუძნებული სარჩელებისაგან და მეორე მხრივ, ემსახურება სასამართლო ხელისუფლების ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილებას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის მიმართვას რეალური, ობიექტური გადაწყვეტის პერსპექტივის მქონე დავებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს, ხოლო ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა განისაზღვრება 10 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სხვათა უფლების შელახვას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. რუსთავი, ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა 2016 წლის 04 მაისს, (ტ. I, ს.ფ. 147) ხოლო უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველი წარმოეშვა 1993 წლის 11 მარტს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ 2007 წლის 4 ივნისსაც აიღო ცნობა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურიდან მისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით, თუმცა არც აღნიშნული ცნობა წარუდგენია მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების დასარეგისტრირებლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ შეიძლება მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველი გახდეს მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მისთვის მხოლოდ 2015 წელს გახდა ცნობილი გ---- ვ------–---–ის მიერ მისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტი ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც 1993 წლიდან მოსარჩელეს გამოეყო მიწის ნაკვეთი და მას არავითარი ღონისძიება არ გამოუყენებია მის დასარეგისტრირებლად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა დასახელებული უძრავი ქონების მიმართ ინტერესი. უფრო მეტიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია წარმომადგენლის მითითება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ იგი სარგებლობდა უძრავი ქონებით ვინაიდან საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ გ---- ვ------–---–ს 2008 წლის 20 ნოემბერს უკვე დარეგისტრირებული აქვს 603,40 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან 2015 წელს გაიგო უფლების დარღვევის შესახებ შესაბამისად ივარაუდება, რომ მოსარჩელემ გ---- ვ------–---–ის მიერ 2008 წელს მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. ე. ი. იმ შემთხვევაშიც კი, რომ დადასტურებულიყო ზიანის არსებობის ფაქტი, მოთხოვნა ხანდაზმული იქნებოდა.
,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ'' საქართველოს კანონის, რომელიც ძალადაკარგულია 2007 წლის 07 ნოემბრის N5274 საქართველოს კანონით, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებდა ფიზიკურ პირებისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებისათვის კერძო საკუთრების უფლების მინიჭებას მათ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგ მიწებზე: ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. ამავე ნორმის მესამე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი. ამ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ქ. რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გაუფორმდა 600 კვ.მ. ფართის N-- მიწის ნაკვეთი, ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა 2016 წლის 04 მაისამდე დასახელებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის მოთხოვნით მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არ მიუმართავს.
ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
სასამათლომ განმარატა, რომ განსახილველ შემთხვევაში მართალია დავის საგანს მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხი არ წარმოადგენს, მაგრამ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის განუხორციელებლობით მოსარჩელემ არ გამოხატა ნება მიწის ნაკვეთის მიღების შესახებ. ამასთან, სადავოდ არ გაუხდია 1992 წლის 27 ნოემბრის N--- გადაწყვეტილება გ---- ვ------–---–ისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ, რომელშიც მიწის ნაკვეთის ნომრის შესწორება განხორციელდა 1993 წლის 11 მარტს N-- გადაწყვეტილებით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი - ი---- მ----–--ე ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძოდ საკუთრებად გამოცხადების შესახებ“.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ სადავო ფაქტობრივი გარემოების სახით დადგენილ ფაქტებს და განმარტავს, რომ ქ. რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- და N-- გადაწყვეტილებებით ი---- მ----–--ისა და გ---- ვ------–---–ის მიმართ ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გაფორმებული მიწის ნაკვეთი N-- წარმოადგენს ერთი და იგივე მიწის ნაკვეთს. აღნიშნული დადასტურებულ იქნა სპეციალისტის მიერ, ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს თითქოს თავდაპირველად გ.ვ------–---–ს გადაეცა ზ/აღნიშნული მიწის ნაკვეთი ქ. რუსთავის გამგეობის 1992 წლის 27 ნოემბრის N--- გადაწყვეტილებით არ შეესაბამება რეალობას ვინაიდან, ქ. რუსთავის გამგეობის 1992 წლის 27 ნოემბრის N--- გადაწყვეტილებით გ. ვ------–---–ს გადაეცა მიწის ნაკვეთი N---. რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან არქიტექტურული განყოფილების მიერ შეცდომით იყო გადაცემული მიწის ნაკვეთის ნომრები, ცვლილება შევიდა აღნიშნულ დოკუმენტებში და გაუფორმდა გ. ვ------–---–ს მიწის ნაკვეთი N--. აპელანტის მოსაზრებით, რუსთავის გამგეობამ 1993 წლის 11 მარტს გამოტანილ გადაწყვეტილებაში კვლავ დაუშვა შეცდომა და მოქალაქე გ. ვ------–---–ს თავის გადაწყვეტილებით გადასცა ქონება, რომელიც უკვე განკარგული იყო. კერძოდ კი ქ. რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით N--, მიწის ნაკვეთი N-- თავდაპირველად გადაეცა მოსარჩელეს.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დაფიქსირებულ სპეციალისტის განმარტებას მასზედ, რომ მიწის ნაკვეთების გეგმაზე არსებული პირველ და მეორე ზოლზე მიწის ნაკვეთები გაცემულია ფ--–--–---–ის ქუჩაზე, ხოლო გაგრძელებაზე მიწის ნაკვეთები გაიცა ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. აპელანტს მიაჩნია, რომ სპეციალისტს ამგვარი განმარტება არ მიუცია.
ეროვნული არქივის 2016 წლის 4 მაისის N-------- წერილთან დაკავშირებით აპელანტი აღნიშნავს, რომ მისი შინაარსი ბუნდოვანია და მისი უტყუარი მტკიცებულებების სახით გამოყენება არამიზანშეწონილია.
აპელანტი მიუთითებს ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმატიული აქტი არ ადგენს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მარეგისტრირებელ ორგანოში. ი---- მ----–--ემ გამოხატა ნება 2007 წელს და აიღო ცნობა, რომ მას ნამდვილად გამოეყო მიწის ნაკვეთი და მან მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციისათვის.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ გ---- ვ------–---–ისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემა წინ უსწრებდა ი---- მ----–--ისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემას. აპელანტი განმარტავს, რომ რეალურად გ. ვ------–---–ზე 1992 წელს გაცემულ მიწის ნაკვეთს არანაირი კავშირი არ აქვს მ----–--ის მიწის ნაკვეთთან.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური პირებისა და კერძოს სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძოდ საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონი არ განსაზღვრავსს კონკრეტულ ვადას თუ რა ვადაში უნდა მოხდეს უფლების რეგისტრაცია, შესაბამისად მხარე არ არის შეზღუდული ვადებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო მიკერძოებულია მოპასუხე მხარის მიმართ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე იზიარებს მათ პოზიციას და გადაწყვეტილებაში მოჰყავს ფაქტები და არგუმენტები, რომელიც მოპასუხე მხარეს არც კი გაუჟღერებია სასამართლო სხდომის დროს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. ქ. რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილებით ი---- მ----–--ეს, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გაუფორმდა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი N--, ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.
4.1.2. 2007 წლის 04 ივნისის თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის N--- ცნობით, ი---- მ----–--ეს ეცნობა, რომ მას ნამდვილად გამოეყო ქალაქ რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილებით 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი N-- ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარედ.
4.1.3. ქალაქი რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილების თანახმად, რუსთავის გამგეობის 1992 წლის 27 ნოემბრის N--- გადაწყვეტილებით გ---- ვ------–---–ს გაუფორმდა მიწის ნაკვეთი N---- ფ--–--–---–ის ქუჩაზე, ფართობით 600 კვ.მ ოჯახის შემადგენლობა ოთხ სულს, ხოლო 1992 წლის 06 მაისის N173 გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის ნაკვეთი N--- მე-6 მ/რ ფართობით 600 კვ. მ გაუფორმდა ლ-------–ა გ-------–ის ასულ გ-------–--ლს ოჯახის შემადგენლობით 1 სულს. ვინაიდან არქიტექტურული განყოფილების მიერ შეცდომით იქნა გადაცემული მიწის ნაკვეთის ნომრები, შეტანილი იქნა ცვლილება აღნიშნულ გადაწყვეტილებებში და გ---- ვ------–---–ს გაუფორმდა მიწის ნაკვეთი N--, ხოლო ლ-------–ა გ-------–--ლს მიწის ნაკვეთი N98.
4.1.4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ.რუსთავი, ფ--–--–---–ის მიმდებარე ტერიტორია, ნაკვეთი N--, დაზუსტებული ფართი 603,40 კვ.მ, ს.კ. 0----------- საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ---- ვ------–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ქალაქ რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ.
4.1.5. ქ. რუსთავი, ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 0-----------) საბაზრო ღირებულება 2015 წლის 03 დეკემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 41 635 ლარს.
4.1.6. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქი რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- და N-- გადაწყვეტილებებით ი---- მ----–--ისა და გ---- ვ------–---–ის მიმართ ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გაფორმებული მიწის ნაკვეთი N-- წარმოადგენს ერთი და იგივე მიწის ნაკვეთს, რომელიც გ---- ვ------–---–ს თავდაპირველად გადაეცა ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 27 ნოემბრის N--- გადაწყვეტილებით.
4.1.7. სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივის 2016 წლის 04 მაისის N-------- წერილით დადგენილად არის ცნობილი, რომ არქივში დაცული ქ. რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- და 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილებების შინაარსის მიხედვით მიწის ნაკვეთების გაფორმება ხდებოდა, როგორც ფ--–--–---–ის ქუჩაზე, ასევე ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.
4.1.8. გ---- ვ------–---–ისათვის 1992 წლის 27 ნოემბრის N--- გადაწყვეტილებით მოხდა მიწის ნაკვეთის გაფორმება, 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილებით ადგილი ჰქონდა არა გ---- ვ------–---–ისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობას, არამედ უკვე გადაცემული მიწის ნაკვეთის ნუმერაციის დაზუსტებას, გადაცემულ მიწის ნაკვეთს არასწორად ჰქონდა მინიჭებული ნომერი.
4.1.9. რუსთავის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე მიწვეულმა სპეციალისტმა განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა ი---- მ----–--ისა და გ---- ვ------–---–ის მიმართ ერთიდაიგივე მიწის ნაკვეთის გადაცემას. გადაცემული მიწის ნაკვეთების ნუმერაცია იყო იდენტური. მიმდებარე ტერიტორიაზე ამგვარი ნუმერაციის სხვა ნაკვეთი არ არსებობდა. ამგვარი დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება სპეციალისტისთვის ცნობილი არ არის. მიწის ნაკვეთები გაცემული იყო ფ--–--–---–ის ქუჩაზე და ამ ქუჩასთან ახლოს მდებარე ტერიტორებზე (იხ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 19.04.2017წ. სასამართლოს სხდომის ოქმი 16:10:14, 16:14:10; 1:15:30).
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) NN 38-42).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოზე ზიანის დაკისრების საფუძვლები. აპელანტის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 41 635 ლარის დაკისრება ქ. რუსთავის მერიისთვის. ზიანის წარმოშობის საფუძვლად აპელანტი მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულ ქმედებას, კერძოდ - ი---- მ----–--ისათვის გადაცემული ქონების, ასევე სხვა პირისთვის გადაცემას, რითიც აპელანტს მიადგა ზიანი გადაცემული ქონების ღირებულების ოდენობით. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი დავისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს ადგილი აქვს თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, აპელანტისათვის დამდგარ ზიანს და მიზეზობრივ კავშირს მათ შორის. ამასთან, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ზიანის დადგომაში დაზარალებული პირის როლი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 27 ნოემბრის N--- გადაწყვეტილებით გ---- ვ------–---–ს გაუფორმდა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი N---- ფ--–--–---–ის ქუჩაზე, ხოლო 1992 წლის 06 მაისის N173 გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის ნაკვეთი N--- მე-6 მ/რ ფართობით 600 კვ. მ გაუფორმდა ლ-------–ა გ-------–ის ასულ გ-------–--ლს, თუმცა ქალაქ რუსთავის გამგეობის 1993 წლის 11 მარტის N-- გადაწყვეტილებით, ვინაიდან არქიტექტურული განყოფილების მიერ შეცდომით იქნა გადაცემული მიწის ნაკვეთის ნომრები, შეტანილი იქნა ცვლილება აღნიშნულ გადაწყვეტილებებში და გ---- ვ------–---–ს გაუფორმდა მიწის ნაკვეთი N--, ხოლო ლ-------–ა გ-------–--ლს მიწის ნაკვეთი N98. ამდენად, გ---- ვ------–---–ზე განხორციელდა უვე გადაცემული მიწის ნაკვეთის ნუმერაციის დაზუსტება. საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს გ---- ვ------–---–ზე 1992 წელს გადაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობას 1993 წელს, არამედ აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა მხოლოდ მიწის ნაკვეთის ნუმერაციის დაზუსტება.
დადგენილია, რომ ქ. რუსთავის გამგეობის მიერ 1993 წლის 11 მარტს N-- გადაწყვეტილებით ი---- მ----–--ეს გადაეცა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი N--, ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარედ.
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწვეული სპეციალისტის განმარტების თანახმად, მიწის ნაკვეთების გაცემას ადგილი ჰქონდა ფ--–--–---–ის ქუჩაზე და მის ახლოს მდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ფ--–--–---–ის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი N-- და ფ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი N-- წარმოადგენს ერთიდაიგივე ნაკვეთს. ამდენად, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას და მიაჩნია, რომ ი---- მ----–--ეზე და გ---- ვ------–---–ზე გადაცემულ იქნა ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ნაკვეთის გადაცემას პირველ ჯერზე ადგილი ჰქონდა გ---- ვ------–---–ისთვის, ხოლო შემდგომ ი---- მ----–--ისთვის. შესაბამისად, პალატა იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ გ---- ვ------–---–ისთვის ქონების გადაცემით ზიანი ვერ მიადგებოდა ი---- მ----–--ეს, რამეთუ აღნიშნულ პერიოდში - 1992 წელს, ი---- მ----–--ეს არ გააჩნდა რაიმე სახის უფლება N-- მიწის ნაკვეთზე. საგულისხმოა, რომ ი---- მ----–--ეს ვერ წარმოეშობოდა ნამდვილი საკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რომელიც უკვე წარმოადგენდა სხვა ფიზიკური პირის საკუთრებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ი---- მ----–--ის მიერ მოპოვებული საკუთრების უფლების ხელყოფას და მისგან წარმოშობილ ზიანს. პალატას მიაჩნია, რომ ადგილი არ აქვს ზიანის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ წინაპირობებს. კერძოდ, არ არსებობს რუსთავის მერიის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რამაც გამოიწვია ზიანის დადგომა ი---- მ----–--ისათვის.
პალატა მიუთითებს დადგენილ გარემოებაზე, რომ გ---- ვ------–---–მა მასზედ გადაცემული N-- მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მარეგისტრირებელ ორგანოში განახორციელა 2007 წელს, ხოლო ი---- მ----–--ეს მასზედ 1993 წელს გადაცემული დოკუმენტის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არ მიუმართავს 2016 წლამდე.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განმარტებას მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ზიანის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობის შემთხვევაშიც, სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე ხანდაზმული იქნებოდა, რაც გამორიცხავდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5.2. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1665.40 ლარის (ათას ექვსას სამოცდახუთი ლარი და 40 თეთრი) ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი---- მ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლეები: შოთა გეწაძე
გიორგი გოგიაშვილი