განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700059140
საქმე №1აგ/348-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ნათია ბარბაქაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ-------------იას და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - ლ-------------ია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელარსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
ლ-------------იას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2018 წლის 7 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ლ-------------იამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------------------ემ და მოითხოვეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის #1/8/696 გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენის ახალად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ლევან ხუბიტიას და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების - დეზომორფინის დამზადებისთვის, შეძენა-შენახვისათვის საპატიმრო სასჯელის გამოყენების არაპროპორციულობაზე და არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს 0,00009 გრამამდე დეზომორფინის დამზადებისთვის, შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ლ-------------იას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენით მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0,00005 გრამი - „დეზომორფინის“ უკანონო დამზადება-შენახვისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს ლ-------------იას მიერ ჩადენილი ინკრიმინირებული ქმედების გამო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელზე, რის გამოც აღნიშნულ განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს. ლ-------------იას მიმართ თავისუფლების სახით დანიშნული სასჯელიდან 1 წელსა და 6 თვეზე, რომელიც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, პალატა მსჯელობას ვეღარ იქონიებს, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი უკვე მოხდილია. რაც შეეხება სასჯელის ნაწილის 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის პირობითი მსჯავრს, როგორც თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 10 მაისის 8 18 00415033 მომართვიდან ირკვევა, ლ-------------ია თბილისის პრობაციის ბიუროში არღიცხვაზე იმყოფება 2015 წლის 13 თებერვლიდან და პირობითი მსჯავრის მოხდის ვადა უსრულდება 2018 წლის 17 ოქტომბერს. (იხ. თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 10 მაისის 8 18 00415033 მომართვა), რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს და ლ-------------ია უნდა გათავისუფლდეს 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განსაზღვრული პირობითი მსჯავრისგან. პალატა განმარტავს, რომ განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მითითებული მუხლი ალტერნატიულ სასჯელებს არ ითვალისწინებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში ლ-------------იას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ლ-------------იას და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენში ლ-------------იას მიმართ ცვლილება უნდა შევიდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ-------------იას და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
ლ-------------ია გათავისუფლდეს თავისუფლების აღკვეთის სახით 5 (ხუთი) წლის ვადით დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი ნაწილის - 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის პირობითი მსჯავრისგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ნ. ბარბაქაძე