განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330310016001473870
საქმე N3ბ/3048-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ----- კ-----ა;
წარმომადგენელი - მ-------------–-ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - კ------------ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი;
წარმომადგენელი - ფ---------------–--ლი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნები.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნ----- კ-----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. ნ----- კ-----ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოებული აღრიცხვით რეგისტრირებულია თბილისში, გ-----------ს ქუჩა N4-ში (ს.ფ. 19).
2.2.2. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის N1------- განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად დანართშივე მითითებულ პირებს გადაეცათ. მითითებული განკარგულების დანართის მიხედვით, თბილისში, გ-----------ს ქუჩა N4-ში მდებარე ბინა (საკადასტრო კოდი N0---------------) ც---–----------სა და ნ----- კ-----ას გადაეცათ (ს.ფ. 73-74, 75).
2.2.3. ,,სახელმწიფოს ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის N1------- განკარგულებისა და ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის N1------- ბრძანების საფუძველზე, 2012 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ----- კ-----ას შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც, ნ----- კ-----ას საკუთრებაში გადაეცა თბილისში, გ-----------ს ქუჩა N4-ში მდებარე 32,97 კვ.მ ბინა. დასახელებული ხელშეკრულების 2.2 და 2.5 პუნქტებით ნ----- კ-----ას მისთვის გადაცემულ ქონებაში ც---–----------ს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება დაეკისრა, ხოლო 2.4 პუნქტში აღინიშნა, რომ ხელშეკრულებით ბინით დაკმაყოფილებული პირები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღარ იქნებოდნენ უფლებამოსილნი, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისგან კომპენსაცია ან უძრავი ქონების გადაცემა მოეთხოვათ, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა (ს.ფ. 21-23);
2.2.4. ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით ც---–----------მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 7 ოქტომბერს მიმართა. პასუხად სამინისტროს 2016 წლის 11 ოქტომბერის წერილით ც---–----------ს განემარტა, რომ მის ოჯახს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსაგან საკუთრებაში გადაეცა თბილისში, გ-----------ს ქუჩა N4-ში მდებარე ბინა და იგივე ოჯახის ბინით დაკმაყოფილების საკითხი აღარ განიხილებოდა (ს.ფ. 164).
2.2.5. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის N1------- განკარგულებისა და თბილისში, გ-----------ს ქუჩა N4-ში მდებარე ბინის ნასყიდობის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ----- კ-----ას შორის 2012 წელს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს წარედგინა (ს.ფ. 1-18).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებისა და უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია უფლებით სამართლიან სასამართლოზე. თუმცა, „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3).
სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალური ხელმისაწვდომობა.
გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს, დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს. დასახელებული კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ თბილისში, გ-----------ს ქუჩა N4-ში მდებარე ბინის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებას მოსარჩელემ ხელი 2012 წელს მოაწერა, რაც მეტყველებს მასზე, რომ შესაბამისი ბინით დაკმაყოფილება სადავოდ დასახელებული დროიდან 3 წლის ვადაში უნდა გამხდარიყო, თუმცა სარჩელი არა ამ ვადაში, არამედ 2016 წლის 10 აგვისტოს არის წარმოდგენილი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებას მისი ხანდაზმულობა გამორიცხავს.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის N1------- განკარგულებისა და თბილისში, გ-----------ს ქუჩა N4-ში მდებარე ბინის ნასყიდობის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ----- კ-----ას შორის 2012 წელს დადებული ხელშეკრულების მოქმედების პირობებში საფუძველი ეცლება სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 11 ოქტომბრის N0------------- წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, რამეთუ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის № 1162 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთვრობის 2013 წლის 23 მაისის N--- განკარგულების მიხედვით, „დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულნი და მათი ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება.“
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტ ნ----- კ-----ას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შესაფასა საქმის გარემოებები, კერძოდ გადაწყვეტილებაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლზე და არასწორად განმარტა აღნიშნულ საქმესთან მიმართებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის N1------- განკარგულებით მას გადაეცა თბილისში გ-----------ს ქუჩა N4-ში მდებარე ბინა (ს/კ 0---------------). 2012 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ----- კ-----ას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საკუთრებაში გადაეცა აღნიშნული ქონება. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული ბინა იყო საცხოვრებალად უვარგის მდგომარეობაში, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების გადაცემის მომენტში აპელანტი არ იყო მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული.
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებაში არასწორად შეაფასა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით დადგენილ 3 წლიან ხანდაზმულობის ვადაზე. აპელანტს მიაჩნია, რომ მოცემული მუხლით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა არ უნდა მოხდეს ხელშეკრულების დადების დროიდან 2012 წლიდან, არამედ იმ დროიდან, როდესაც აღნიშნულ უძრავ ქონებას ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ ბინის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი და მაცხოვრებლისთვის მაღალი საფრთხის შემცველია, რაც ადასტურებს აპელანტისთვის ფართის გადაცემამდე ქონების უვარგისობას და მიუთითებს სახელმწიფოს მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე. აპელანტის მოსაზრებით, ექსპერტიზის ჩატარებამდე შეუძლებელი იყო სცოდნოდა ბინის მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობდა დავის საფუძველიც.
აპელანტის განმარტებით, ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის დაწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირდება, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ნ----- კ-----ას განმარტებით, ხელშეკრულების დადების დროისათვის, 2012 წელს, მისთვის უცნობი იყო გადაცემული უძრავი ნივთის მდგომარეობა. შესაბამისად, მოკლებული იყო შესაძლებლობას მოეთხოვა დარღვეული უფლების დაცვა. მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს ხანდაზმულობის ვადაზე, თუმცა ვერ ადასტურებს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ნ----- კ-----ასთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ის ფაქტი, რომ ბინა იყო საცხოვრებლად გამოუსადეგარი, შესაბამისად უფლების დარღვევის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. იგი კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების განხორციელების მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია, რომელიც განამტკიცებს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების რეალიზაციის უშუალო შედეგებს. აპელანტი განმარტავს, რომ მხარეთა ავტონომია, გარიგებების დადების თვალსაზრისით ყოველთვის შეზღუდულია. შეზღუდვა გამომდინარეობს, უპირველეს ყოვლისა, კანონის მოთხოვნებიდან, თუმცა გარიგება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს. აპელანტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება მხარეთა შორის გამოვლენილ ნებას სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის თვალსაზრისით, რომელიც ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული გარიგების კანონთან წინააღმდეგობის ფარგლებში.
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის N1------- განკარგულება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, რამეთუ მის მიზანს წარმოადგენდა სწორედ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა და მის საფუძველზე ხელშეკრულების დადების გზით ამ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.ვინაიდან ხელშეკრულება ბათილია კანონთან წინააღმდეგობის გამო, პრეზიდენტის გამოცემული აქტიც ნ----- კ-----ას დაკმაყოფილებულად მიჩნევის თვალსაზრისით ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული.
აპელანტის მოსაზრებით, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
აპელანტი ყურადღებას მიაქცევს სადავო ხელშეკრულების 1.1. მუხლზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მიზანია ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილტა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მტავრობის 2007 წლის 27 თებერვლის N47 განკარგულების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულად განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. სახელმწიფოს სტრატეგიის მთავარ მიზნად რჩება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რის მისაღწევადაც სამოქმედო გეგმა დევნილთა საცხოვრებლი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ითვალისწინებს. აღნიშნული სამოქმედო გეგმა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დევნილთა ინსტერესების დაკმაყოფილებას მათთვის სათანადო ფართის გადაცემის თვალსაზრისით. ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განკარგულება და მასსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის დადებული ნასყიდპობის ხელშეკრულება ზღუდავს აპელანტის უფლებას, როგორც დევნილმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფოს სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში მიიღოს სათანადო საცხოვრებელი ფართი.
სააპელაციო საჩივრის ავტორი ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს საქართველოს ოკუპირტებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით ნ----- კ-----ას უზრუნველყოფა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ: ბათილად იქნეს ცნობილი ნ----- კ-----ასა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულისააგენტოს შორის 2012 წლის 18 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის N1------- განკარგულება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მოსარჩელე ნ----- კ-----ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში; დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ნ----- კ-----ას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. ნ----- კ-----ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოებული აღრიცხვით რეგისტრირებულია თბილისში, გ-----------ს ქუჩა N4-ში.
4.1.2. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის N1------- განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად დანართშივე მითითებულ პირებს გადაეცათ. მითითებული განკარგულების დანართის მიხედვით, თბილისში, გ-----------ს ქუჩა N4-ში მდებარე ბინა (საკადასტრო კოდი N0---------------) ც---–----------სა და ნ----- კ-----ას გადაეცათ.
4.1.3. ,,სახელმწიფოს ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის N1------- განკარგულებისა და ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის N1------- ბრძანების საფუძველზე, 2012 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ----- კ-----ას შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც, ნ----- კ-----ას საკუთრებაში გადაეცა თბილისში, გ-----------ს ქუჩა N4-ში მდებარე 32,97 კვ.მ ბინა. დასახელებული ხელშეკრულების 2.2 და 2.5 პუნქტებით ნ----- კ-----ას მისთვის გადაცემულ ქონებაში ც---–----------ს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება დაეკისრა, ხოლო 2.4 პუნქტში აღინიშნა, რომ ხელშეკრულებით ბინით დაკმაყოფილებული პირები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღარ იქნებოდნენ უფლებამოსილნი, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისგან კომპენსაცია ან უძრავი ქონების გადაცემა მოეთხოვათ, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
4.1.4. ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით ც---–----------მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 7 ოქტომბერს მიმართა. პასუხად სამინისტროს 2016 წლის 11 ოქტომბერის წერილით ც---–----------ს განემარტა, რომ მის ოჯახს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსაგან საკუთრებაში გადაეცა თბილისში, გ-----------ს ქუჩა N4-ში მდებარე ბინა და იგივე ოჯახის ბინით დაკმაყოფილების საკითხი აღარ განიხილებოდა.
4.1.5. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის N1------- განკარგულებისა და თბილისში, გ-----------ს ქუჩა N4-ში მდებარე ბინის ნასყიდობის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ----- კ-----ას შორის 2012 წელს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს წარედგინა.
4.1.6. 2016 წლის 23 ივნისს ც---–----------მ განცხადებით მიმართა ექსპერტიზის ბიუროს იმ მოტივით, რომ ჩაეტარებინათ ექსპერტიზა და დაედგინათ ქ. თბილისში, გ-----------ს N4, ბ. 20-ის საცხოვრებლად ვარგისიანობა.
2016 წლის 15 ივლისის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, გ-----------ს ქ. N4-ში მდებარე ყოფილი IV კლინიკური საავადმყოფოს შენობის I სართულზე განთავსებული N20 ბინის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ბინის მზიდ კონსტრუქციებში არსებული დაზიანებები ქვის შენობების დაზიანებათა ინტენსიურობის შეფასების კლასიფიკაციით დაზიანებულია III-IV ხარისხის ფარგლებში. ასეთ ხარისხში დაზიანებული ბინა მაცხოვრებლებისთვის საფრთხის შემცველია და N20 ბინა შეფასდა უვარგისად შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის. ექსპერტიზის დასკვნას დაერთო ფოტო მასალა, სადაც აღბეჭდილია უძრავი ქონება (ტ.1, ს.ფ. 26-30).
4.1.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის N0----- დადგენილებით განხორციელდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტა. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, გ-----------ს ქ. N4-ში მოქ. ც---–----------ს მიერ განხორციელდა მიშენების და ბაქანის მოწყობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. 2015 წლის 11 ივნისს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გაიმართა საქმის განხილვა. სხდომაზე გამოცხადდა მოქ. ც---–----------, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე განაცხადა, რომ მიშენება მის მიერ განხორციელდა 20 წლის წინ, ხოლო ბაქანი მოეწყო 2015 წელს (ტ.1, ს.ფ. 71-72).
2015 წლის 22 ივნისს ნ----- კ-----ამ, მცხოვრებმა ქ. თბილისში, გ-----------ს N4, ბ.20-ში, განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ არის დევნილი აფხაზეთიდან და სოციალურად დაუცველი ოჯახი. 2007 წლამდე ჰქონდა მიშენებული 2 კვ.მ შემოსასვლელი კიბით ეზოდან და სხვა შემოსასვლელი არ გაააჩნია. 2014 წლის ნოემბერში კიბის გამაგრების მიზნით მიაშენა ბაქანი, რომელიც ზედამხედველობის სამსახურმა ჩათვალა კანონდარღვევაში. განმცხადებელი ითხოვდა 2007 წლამდე მიშენებული 2 კვ.მ კიბის უჯრედის დასრულების უფლების მინიჭებას და შემდგომში მის ლეგალიზებას (ტ.1, ს.ფ. 68).
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) NN 38-42).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენს მასსა და სახელმწიფოს შორის 2012 წელს დადებული ხელშეკრულების გაუქმება და ადმინისტრაციული ორგანოს ახალი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დავალდებულება. პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც უპირველესად გულისხმობს დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას, გარანტირებულია ყოველი პირისთვის, თუმცა „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). ყოველ უფლებადარღვეულ პირს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, თუმცა კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადებში. ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის შესახებ.
მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმარტება ხანდაზმულობის შესახებ საქმეზე ''ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'', სადაც სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადები ემსახურება ეფექტური, ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას, ასევე სამართლებრივი უსაფრთხოების, განსაზღვრულობის, სამოქალაქო ურთიერთობებში წესრიგისა და სტაბილურობის დამყარებას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა, ერთი მხრივ, იცავს სასამართლოს არასაიმედო მტკიცებულებებზე დაფუძნებული სარჩელებისაგან და მეორე მხრივ, ემსახურება სასამართლო ხელისუფლების ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილებას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის მიმართვას რეალური, ობიექტური გადაწყვეტის პერსპექტივის მქონე დავებზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ძირითადი დარღვეული უფლების შესახებ საკითხის შესწავლამდე, მნიშვნელოვანია განისაზღვოს აპელანტი (მოსარჩელე) მოქმედებს თუ არა უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ----- კ-----ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის N1------- განკარგულებით ნ----- კ-----ასა და მის ოჯახის წევრს ც---–----------ს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, გ-----------ს ქუჩა N4-ში. ,,სახელმწიფოს ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის N1------- განკარგულებისა და ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის N1------- ბრძანების საფუძველზე, 2012 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ----- კ-----ას შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც, ნ----- კ-----ას საკუთრებაში გადაეცა თბილისში, გ-----------ს ქუჩა N4-ში მდებარე 32,97 კვ.მ ბინა. დასახელებული ხელშეკრულების 2.2 და 2.5 პუნქტებით ნ----- კ-----ას მისთვის გადაცემულ ქონებაში ც---–----------ს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება დაეკისრა, ხოლო 2.4 პუნქტში აღინიშნა, რომ ხელშეკრულებით ბინით დაკმაყოფილებული პირები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღარ იქნებოდნენ უფლებამოსილნი, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისგან კომპენსაცია ან უძრავი ქონების გადაცემა მოეთხოვათ, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
ნ----- კ-----ამ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შორის 2012 წლის 18 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების და საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის N1------- განკარგულების ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ბათილად ცნობა მოითხოვა 2016 წლის 18 აგვისტოს. ამდენად, ხელშეკრულების დადებიდან 5 წელზე მეტი ვადის გასვლის შემდგომ.
პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ამდენად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებიდან გამომდინარე დარღვეული უფლების დაცვის საშუალება პირს გააჩნია მხოლოდ 3 წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადების მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ნ----- კ-----ამ დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს არ მიმართა 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადაში. სახელმწიფო ქონების გადაცემიდან გამომდინარე უფლების დარღვევის აღდგენაც შეუძლებელი ხდება აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ. შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ აპელანტისთვის გადაცემული ქონებით მოხდა თუ არა ნ----- კ-----ას უფლების შეზღუდვა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას, სადაც მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლას უკავშირებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თარიღს. აპელანტის განმარტებით, სწორედ აღნიშნული თარიღიდან შეიტყო მან დარღვეული უფლების შესახებ. პალატა ყურაღდებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოს მიერ ქონების ნ----- კ-----ას ოჯახისთვის ოფიციალურად გადაცემამდე, აპელანტი ცხოვრობდა აღნიშნულ ფართში, დიდი ხნით ადრე. ამასთან, ქონების გადაცემის შემდგომ იგი ახორციელებდა კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს, კერძოდ კი განახორციელა ეზოდან კიბისა და ბაქანის მიშენება, რაზეც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში დაწყებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება. აპელანტის მიერ განხორციელებული ქმედება შეფასდა უკანონო მშენებლობად და მას დაევალა მიშენების დემონტაჟი. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე აპელანტმა განაცხადა, რომ იგი 20 წელზე მეტი ხანია აღნიშნულ ფართში ცხოვრობს. ამდენად, პალატის მოსაზრებით, ნ----- კ-----ას როგოც სადავო ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, ასევე, უფრო ადრეც იყო ინფორმირებული საცხოვრებელი შენობის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ. იგი ცხოვრობდა იმავე მისამართზე და იმ შემთხვევაში თუკი შენობა საცხოვრებლად უვარგისი იყო ჯერ კიდევ ხელშეკრულების დადების მომენტში, მას ობიექტური შეფასების საფუძველზე, შეეძლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში ჩაეტარებინა ექსპერტიზა და სადავოდ გაეხადა ნაკლის მქონე ნივთის გადაცემა. ხოლო თუკი ქონების გაუარესებას ადგილი აქვს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ პერიოდში, აღნიშნული საერთოდ გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა ვერ უზრუნველყოფს იმის მტკიცებას საშუალებას, რომ ქონების გადაცემის მომენტშიც, ამავე მდგომარეობაში იყო საცხოვრებელი ფართი. პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ ქონებაზე ექსპერტიზის ჩატარება ხელშეკრულების დადებიდან 5 წლის შემდეგ განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მხარეს შეექმნა ის სამართლებრივი სივრცე, სადაც დაძლეული იქნებოდა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. აღნიშნული ქმედება პალატის მოსაზრებით მიზნად ისახავდა საკანონმდებლო რეგულაციის გვერდის ავლით ძირითად მოთხოვნაზე მსჯელობას.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებიდან გამომდინარე სარჩელის დაკმაყოფილებას მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5.2. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----- კ-----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა