განაჩენი

სისხლის სამართლის 18.05.2018
საქმის ნომერი
150100118002339852
ინსტანცია
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002339852

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

საქმე №1ბ/459-18 18 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ვ------------------ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები: ა---–---–---ს რაიონი, სოფელი კ------------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სასჯელი: ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა---–---–----ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ----------------------მ და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

 

მსჯავრდებულ ვ------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა განაჩენის ძალაში დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე ა---–---–---ს რაიონის სოფელ კ-----------ში ვ------------------სა და ლ---------------ს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ვ------------------მა სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი ლ---------------ს. შედეგად ლ---------------მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ვ------------------ის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ლ---------------ის ჩვენებით, მოწმის მ---------------ის ჩვენებით, მსჯავრდებულ ვ------------------ის აღიარებითი ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ლ---------------ის მიმართ და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ------------------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ვ------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატის აზრით ვ------------------ის მიმართ ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 26 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასჯელის განსაზღვრის დროს ზედმიწევნით სწორი შეფასება მიეცა მითითებულ გარემოებებს, გათვალისწინებული იქნა, რომ ვ------------------ი ქმედების ჩადენამდე არ იყო ნასამართლევი, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.

 

ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ ვ------------------ისადმი დანიშნული სასჯელი ზედმეტად ჰუმანური და ლმობიერია, რომ თითქოს ამგვარი სასჯელი მსჯავრდებულს ჩამოუყალიბებს დაუსჯელობის სინდრომს და წაახალისებს მის მიერ მომავალში მსგავსი ქმედების ჩადენას. პალატა კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ განაჩენით დაგდენილი ქმედების ჩადენამდე მსჯავრდებული ნასამართლევი არ ყოფილა, აღიარა დანაშაული, არ გაუხდია მტკიცებულებები სადავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, რაც მიუთითებს მის მიმართ გამოყენებული სასჯელის საკმარის ეფექტურობაზე.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, პალატა ვერ გაიზიარებს. ვ------------------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული. კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელები, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ------------------ს აღნიშნული მუხლის სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი - ჯარიმა განუსაზღვრა. პალატის აზრით დანიშნული სასჯელი არ არის ლმობიერი და წამახალისებელი, როგორც ამას ბრალდების მხარე მიუთითებს. აპელანტის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულვებელყო დაზარალებულის მდგომარეობა (მას მიაყენეს დაზიანებები, ამასთან არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა და თავის დაცვა, შეურაცხყოფას ადრეც ჰქონდა ადგილი) და ისეთი სასჯელი განუსაზღვრა ვ------------------ს, რომ მას დაუსჯელობის გრძნობა გაუჩნდა. პალატის აზრით, პროკურორის ასეთი პოზიცია საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისიწინა ის გარემოება, რომ ვ------------------მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მოინანია, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე გაითვალისწინა, რომ არ გააჩნდა დამამძიმებელი გარემოება და ისე დაუნიშნა სასჯელი. ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ ვ------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი მის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ვერ მოახდენს და თავიდან ვერ ავიცილებთ ახალი დანაშაულის ჩადენას, საფუძველს მოკლებულია.

 

პალატას მიაჩნია, რომ კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ვ------------------ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ------------------ისათის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ვ------------------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი ვ------------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა---–---–----ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- ო-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი ვ------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ვ------------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ვ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით ვ------------------ის მიმართ შერჩეული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ა----- ს--------ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას: მიწის ნაკვეთს, ფართობით 5000.00 კვ.მ, მდებარე ა---–---–---ს რაიონის სოფელ კ-----------ში, მოეხსნა ყადაღა.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე