განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2018
საქმის ნომერი
190210015001053510
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
16.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190210015001053510

საქმე №2ბ/6648-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - ე------ მ----------ი

წარმომადგენელი - ე---------- მ-–---–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი-----–- რ-----ე

წარმომადგენელი - თ----- რ-----ე

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი-----–- რ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე------ მ----------ს ი-----–- რ-----ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასახდელად დაეკისრა 4394 ლარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2013 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 15:50 საათზე, ქ. თბილისში, მდინარე მ-----------------------------------------–----------------ს მიმდებარე ტერიოტრიაზე ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომობილები ,,ტ-----------------–-’’, სახელმწიფო ნომრით №--------, რომელიც წარმოადგენს ი-----–- რ-----ის საკუთრებას და რომელსაც მართავდა მისი და - ნ---- რ-----ე და ,,ფ---–------------–---’’, სახელმწიფო ნომრით: P------, რომელსაც მართავდა მოპასუხე ე------ მ----------ი.

 

მტკიცებულება: 2013 წლის 30 ივლისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (დოკუმენტის #0---------).

 

2.2. ი-----–- რ-----ის კუთვნილი ავტომობილის ,--------------------–--- სახ #------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობამ შეადგინა 3960 ლარი.

 

მტკიცებულება: 2013 წლის 21 მარტის შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნა #-----.

 

2.3. ავარიის შედეგად, ი-----–- რ-----ის კუთვნილი ვატომობილი ,,-------------------–--’ გადაყვანილი იქნა სპეციალურ ავტოსადგომზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 434 ლარი.

 

მტკიცებულება: 2013 წლის 24 სექტემბრის ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაზიდვა-გადატვირთვის აქტი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4. ავტოსაგზაო შემთხვევა და ავტომანქანა ,,-------------------–--’’, სახელმწიფო ნომრით №-------- დაზიანება გამოწვეული იყო ავტომობილ ,,ფ---–------------–---ს’’ სახელმწიფო ნომრით: P------ მძღოლის ე------ მ----------ის ბრალეული ქმედებით.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ე------ მ----------ის წარმომადგენლის მითითება, რომ ავტოავარიის არსებობის შემთხვევაში აუცილებლობას წარმოადგნდა პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოწერილი ჯარიმის ქვითარი, ვინაიდან საქმეში არსებული 2013 წლის 30 ივლისის დადგენილებით დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამოწვევა მოპასუხე ე------ მ----------ის ბრალეულმა ქმედებამ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება რითაც გაამყარებდა თავის პოზიციას.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნა, პროკურორის 2013 წლის 30 ივლისის დადგენილება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართალურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძველზე;

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ი-----–- რ-----ისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომლის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის ავტომანქანა.

 

სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, დაზარალებული უფლებამოსილია მოპასუხისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 409-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. თუ არ არსებობს ზიანი, მაშინ საერთოდ არ არსებობს დელიქტური ვალდებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, ე------ მ----------ის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით, ხოლო ზიანის ოდენობა დადგენილია შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული დასკვნით, რომლის თანახმად მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოსარჩელეს მიადგა 3960 ლარის ზიანი. ამ თანხის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. ამასთან, საქმეში არსებული ავტოსასტრანსპორტო საშუალების გადაზიდვა-გადატვირთვის აქტიდან დასტურდება, რომ ავარიის შედეგად ი-----–- რ-----ის კუთვნილი ვატომობილი ,,-------------------–--’ გადაყვანილი იქნა სპეციალურ ავტოსადგომზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 434 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკამყოფიდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ე------ მ----------ს ი-----–- რ-----ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით უნდა დაკისრებოდა 4394 ლარი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი და მასში ე------ მ----------ის ბრალეულობა. ამავდროულად, აპელანატის განმარტებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლი, რომელიც არ გამოიყენა, კერძოდ ავტოავარიაში ბრალეულობის ფაქტის დასადასტურებლად მხარემ არ წარუდგენია ჯარიმის ქვითარი. მხარემ წარადგინა მხოლოდ დადგენილი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ე------ მ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და ასევე, სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედაგადაც სასამართლო მივიდა დასაბუთებულ გადაწყვეტილებამდე.

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობის ერთ- ერთი საფუძველია მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ სარჩელში, მოსარჩელე თავის მოთხოვნას დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე ამყარებს, შესაბამისად, მოცემული დავის მომწესრიგებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს. დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის დადგომის გარემოებები, აუცილებელია ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა და ზიანის დადგომასა და პირის ქმედებას შორის კაუზალური (მიზეზ- შედეგობრივი) კავშირი. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ- ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით, ხოლო ზიანის ოდენობა დადგენილია შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული დასკვნით, რომლის თანახმად მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოსარჩელეს მიადგა 3960 ლარის ზიანი. ამასთან ავარიის შედეგად ი-----–- რ-----ის კუთვნილი ავტომობილი ,,-------------------–--’ გადაყვანილი იქნა სპეციალურ ავტოსადგომზე, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 434 ლარი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი და მასში ე------ მ----------ის ბრალეულობა. აღნიშნული დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1–ლი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ავტომანქანის ექსპლუატაციით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი არ იყო გამოწვეული მისი ბრალეული ქმედებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაბათილება და მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რის გამოც პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი და ეს ზიანი გამოწვეული იქნა აპელანტის ბრალეული ქმედებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია აპელანტის მართლსაწინააღმდეგო ქცევა, ამით მიყენებული ზიანი, ბრალი, ასევე მიზეზობრივი კავშირი მის მოქმედებასა და დამდგარ შედეგეს შორის, რაც ზიანის ანაზღაურების საფუძველია. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, საქმის მასალებით დადასტურებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 4394 ლარს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს საქმის მასალებით დადასტურებული ზიანის ანაზღაურება 4394 ლარის ოდენობით.

 

საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ იძლევა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე------ მ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩიების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სსს კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე