განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2018
საქმის ნომერი
190210016001422783
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210016001422783

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2018 წელი თბილისი

საქმე №2ბ/1289-17

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი,მოსამართლეები: ვანო წიკლაური, ეკატერინე ცისკარიძე

 

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი - ა---------–ი

 

წარმომადგენელი - ი--------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – ნ---- ჯ-----–---–ი

 

წარმომადგენელი – დ--------------–--ე

 

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2015 წლის 24 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ა---------–სა და ნ---- ჯ-----–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ.----------------–-----------------------------,( ს/კ 0------------------).

 

2. უძრავი ქონება, მდებარე, ქ------------------–----------------------------------, (ს/კ

0------------------), ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ნ---- ჯ-----–---–ის სახელზე.

 

3. 2015 წლის 12 მარტს განხორციელდა ქ-----------–----–------------------------------ ში, (ს/კ 0------------------) მდებარე ფართის ცვლილების რეგისტრაცია;

 

4. ა---------–ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, კერძოდ, სმენის არმქონე;

 

5. ნ---- ჯ-----–---–ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, კერძოდ, ბავშობიდან არის სმენის არმქონე;

 

6. ა---------–მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა 2015 წლის 24 თებერვალს ანა რ----–სა და ნ---- ჯ-----–---–ს შორის, უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ-------------------–----------------------------------- (ს/კ 0------------------) ა---------–ის მესაკუთრედ ცნობა.

 

მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 24 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით, კერძოდ, მოპასუხემ მოამზადა ყველა საჭირო დოკუმენტი და ა---------–ს ხელი მოაწერინა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მოტყუებით, თითქოსდა ხელს აწერდა მიშენების შესახებ ხელშეკრულებას. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს უნდა გაეხსნა მაღაზია და უნდა დახმარებოდა ა---------–ს. გარდა ამისა თარჯიმანი ლ---- ფ-----–---–ი არ იყო დაქტილოლოგი და ჟესტების ენის მცოდნე.

 

7. მოპასუხე ნ---- ჯ-----–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა,რომ გახადხილი აქვს 6000 აშშ დოლარი, დარჩენილი 6000 აშშ დოლარი უნდა დაეფარა ეტაპობრივად, თუმცა მხარეთა შორის ურთიერთობის გართულების გამო დარჩენილი თანხა ვეღარ მისცა.

 

8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილებით ა---------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

8.1. ლ---- ფ-----–---–ი 2015 წლის 6 აპრილს გაცემული ცნობის თანახმად, არის საქართველოს ყრუთა კავშირის წევრი. ასევე 2016 წლამდე იყო თარჯიმან- დიქტალოლოგი; შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას, რომ ლ---- ფ-----–---–ი არ არის ყრუთა კავშირის წევრი და რომ იგი დაეხმარა ნ---- ჯ-----–---–ის ა---------–ის მოტყუებაში.

 

8.2. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რომ 2015 წლის 24 თებერვალს ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით ან მოსაჩვენებლად, რაც მოსარჩელემ მიუთითა სარჩელის დავის საგნის მოკლე მიმოხილვაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას, რომ მართალია, მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, თუმცა არ იცოდა რომ ხელს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას აწერდა, ვინაიდან მითითებული ხელშეკრულება გაფორმდა საჯარო რეესტრში, მხარეთა თანდასწრებით, ხელშეკრულების გაფორმებას ესწრებოდა ასევე ჟესტების ენის მცოდნე თარჯიმანი, რომელმაც ორივე მხარეს მათთვის გასაგებ ჟესტურ ენაზე წაუკითხა და უთარგმნა ხელშეკრულების შინაარსი.

 

8.3 მოპასუხე ნ---- ჯ-----–---–მა მოსარჩელე ა---------–ს გადაუხადა უძრავი ნივთის ნასყიდობის ფასი 6000 აშშ დოლარი, ხოლო ნასყიდობის დარჩენილი ფასი უნდა გადაეხადა ეტაპობრივად, თუმცა მხარეთა შორის გართულებული მდგომარეობის გამო, დარჩენილი 6000 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის არ მიუცია.

 

8.4 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ა---------–ი მოატყუა ნ---- ჯ-----–---–მა, აკისრია, თავად მოსარჩელე მხარეს. მან კი სასამართლოს ვერ დაუდასტურა სარჩელში მითითებული გარემოებები.

 

8.5 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვისას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა- არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

8.6 ხელშეკრულების ბათილობა თავისი სამართლებრივი ბუნებით აღიარებით სარჩელს წარმოადგენს. შესაბამისად, მისთვის დამახასიათებელია იურიდიული ინტერესის არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის სამართლებრივ საშუალებად აღიარებით სარჩელს ითვალისწინებს. თუმცა, ამ სახის მოთხოვნა, როგორც აღინიშნა, ყოველთვის შეზღუდულია იურიდიული ინტერესით. ანუ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიეტურად მიღწევადი უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში, ა---------–ის მოთხოვნის იურიდიული ინტერესს წარმოადგენს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობის გზით ნასყიდობის ხლეშეკრულებით გათვალისწინებული უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების აღდგენა. ამდენად, მნიშვნელოვანია იმ სამართლებრივი შედეგების განსაზღვრა, რომელსაც კანონის თანახმად იწვევს ხელშეკრულების ბათილობა. ზოგადი პრინციპის თანახმად, ხელშეკრულების ბათილობა იწვევს შესრულების რესტიტუციას, ანუ ამ ხელშეკრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების ანულირებას. მხარეებს უბრუნდებათ ის პირვანდელი მდგომარეობა, რომელიც არსებობდა ხელშეკრულების დადებამდე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის წარმოდგენისას იურიდიული ინტერესის განსაზღვრა, უნდა შეესაბამებოდეს იმ სამართლებრივ შედეგებს, რომელიც ხელშეკრულების ბათილობით იქნება გამოწვეული. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, გარიგება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედგების გამომწვევია. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქლაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). აღნიშნული ნორმის დანაწესის თანახამდ, მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი, ხოლო თვალთმაქცური გარიგების დროს გარიგების მონაწილე სუბიექტები ცდილობენ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით სხვა გარიგების დაფარვას. როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და მათ არ სურთ გარიგების შესრულება. ასეთი გარიგების შედეგად კონკრეტული მიზნის მიღწევა ან სხვა გარიგების დაფარვა ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას. ამავე კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.

საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა დადასტურებული 2015 წლის 25 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითი ან თვალთმაქცური ხასიათი, რაც აღნიშნული საფუძვლით მითითებული სადაო ხელშეკრულების ბათილობის სამართლებრივ შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა---------–მა. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

9.1. აპელანტის განმარტებით სასამართლო გადაწყვეტილება დაფუძნებულია მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დაუსაბუთებელ გარმეოებებზე. ამასთან გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი საფუძვლიანობის შემოწება შეუძლებელია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილება.

 

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

11. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მესაკუთრედ აპელანტის აღრიცხვა. დადგენილია, რომ მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება 2015 წლის 24 თებერვალს. ამასთან უდავოა ის გარემოება, რომ ა---------–ი არის ყრუ-მუნჯი, რომელსაც ხელშეკრულების დადებისას სჭირდებოდა სპეციალური თარჯიმანი, დაქტილოლოგი. ხელშეკრულების დადებისას თარჯიმნობას უწევდა, დაქტილოლოგი ლ---- ფ-----–---–ი (პ/ნ 0----------), რომელმაც ორივე მხარეს წაუკითხა და უთარგმნა ხელშეკრულება. აპელანტი, ა---------–ი სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ დაქტილოლოგის მიერ არ მოხდა ხელშეკრულების შინაარსის დეტალური გაცნობა. ამასთან იმ ფაქტს, რომ ლ---- ფ-----–---–ს არ ჰქონდა უფლებამოსილება თარჯიმნობა გაეწია ყრუ-მუნჯი მხარეებისთვის. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის სასამართლო სხდომაზე მოხდა, საქართველოს ყრუ-მუნჯთა პრეზიდენტის, ა------ ბ----------–---–ის გამოკითხვა, რომელმაც დაადასტურა, რომ ლ---- ფ-----–---–ი 2015-2016 წლებში იყო ყრუ-მუნჯთა კავშირის წევრი, ხოლო 2016 წლის განმავლობაში მას მინიჭებული ჰქონდა თარჯიმნის უფლებამოსილება, რაც უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლ---- ფ-----–---–მა იცოდა ჟესტების ენა და მას შეეძლო ხელშეკრულების ორივე მხარისათვის სწორად ეთარგმნა და წაეკითხა ხელშეკრულება. ა------ ბ----------–---–მა ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ არ არის სავალდებულო თარჯიმანი იყოს საქართველოს ყრუ-მუნჯთა კავშირის წევრი, იმისთვის, რომ შეძლოს ბენეფიციარებისათვის მომსახურების გაწევა. მხარეთა მიერ, 2015 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებაში მითითებულია ის ფაქტი, რომ გარიგება დაიდო ჟესტების ენის მცოდნე თანდასწრებით, რომელმაც ხელშერკულება წაუკითხა ორივე მხარეს, რაც დაადასტურა ხელმოწერით, ხელშეკრულების ნამდვილობა ასევე დაადასტურეს ხელშეკრულების მხარეებმაც ხელმოწერებით. ამდენად საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების (სფ. 70;71;72;73;7475) და საქმეზე დაკითხული სპეციალიტის ჩვენებით პალატას დადგენილად მიაჩნია რომ ლ---- ფ-----–---–ი იყო დაქტილოლოგი და მან იცოდა ჟესტების ენა. აპელანტის მითითებას კი იმასთან დაკავშირებით, რომ ა---------–ი მოატყუეს, და ლ---- ფ-----–---–ს არ ჰქონდა თანრჯიმნობის უფლებამოსილება, შესაბამისად ვერ შეძლებდა მხარეებისთვის ხელშეკრულების შინაარსის სწორად გაცნობას, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლო.

 

12. პალატა განმარტავს რომ, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელსა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ,,affirmanti, non negate, incumbit probatio’’- ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა იმას, ვინც უარყოფს’’. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ვინ რა უნდა ამტკიცოს. ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას, გასათვალისიწნებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებ- ლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.

 

13. აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება მოტყუებითაა დადებული, შესაბასამისად ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სააპელაციო პალატა ამასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს: მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სსკ-ის 81-ე მუხლის მიხედვით, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ, მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ: №ას-182-171-2014, 16.06.2014 ; №ას-1117-1051-2015, 20.01.2016). გარიგების ბათილად ცნობისთვის საკმარისია მოტყუების ობიექტური ფაქტის არსებობა, რაც გამოიხატება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის არასწორი ან არასრული ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდებაში. სამართლებრივად მნიშვნელობის მქონეა იმ სახის გასაკიცხი მოქმედებაც, რაც გარიგების დადების საფუძველი გახდა, როცა აშკარაა, რომ ამგვარი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. პალატა მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გარდა მოსარჩელეთა განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო ხელშეკრულების შედგენისას მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეებისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებას დაადასტურებდა. მხოლოდ მოსარჩელეთა განმარტება კი, სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისთვის, სასამართლოს არასაკმარისად მიაჩნია. მოტყუებით დადებული გარიგებისას გადამწყვეტია ის, რომ მხარის ნების ფორმირება ხორციელდება განზრახი მოტყუების საფუძველზე. მოტყუება წინ უნდა უსწრებდეს გარიგების დადებას და აშკარა უნდა იყოს, რომ გარიგება მოტყუების გარეშე არ დაიდებოდა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ ახორციელებს მოტყუებას: თავად კონტრაჰენტი თუ მესამე პირი. მთავარია, მხარემ იცოდეს მოტყუების შესახებ, სარგებლობდეს ამით და მოტყუება იყოს არსებითი (სუსგ № ას-641-612-2016). ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო (სუსგ № ას-620-592-2016). სააპელაციო პალატა კვლავ განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (სუსგ № ას-641-612-2016). კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომ ადგილი ჰქონდა სადავო გარიგების დადების მიზნით მოსარჩელის მოტყუებას და რომ ეს გარიგება მოტყუების შედეგად დაიდო, მოსარჩელე მხარეზე იყო, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო მის მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცება.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

14. საპროცესო ხარჯები: მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ა---------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4; მე-5; პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /

 

მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე/

 

/ვანო წიკლაური /