განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001518377
საქმე N2ბ/2444-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი 2017 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტი – რა---–---------ი
წარმომადგენელი - ნა------------ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ბა----ო’’
წარმომადგენელი - გი---------–---–ი, მა-------------ნი
დავის საგანი –თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ბა----ოს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე რა---–---------ს დაეკისრა 7190 ლარი.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ შპს „ბა----ომ“ სოფელ კაბალაში მდებარე სავაჭრო მაღაზიაში რეალიზაციის მიზნით ინდივიდუალურ მეწარმე რა---–---------ს მიაწოდა 17330 ლარის ღირებულების ქატო და ფქვილი.
შპს „ბა----ოს“ მიერ შედგენილი #ელ-0076329179 სასაქონლო ზედნადების შესაბამისად რა---–---------მა მიიღო 5000 კგ. ქატო და 21000 კგ. ფქვილი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება, შესაგებელი, სასაქონლო ზედნადები #ელ-0076329179.
2.1.2. ინდივიდუალური მეწარმე რა---–---------ის მიერ შპს „ბა----ოსგან“ მიღებული პროდუქციის ღირებულებიდან ანაზღაურებულია მხოლოდ ნაწილი კერძოდ 10140 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ბა----ოს’’ ანგარიშის ბარათი, სასარჩელო განცხადება, შესაგებელი.
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება გაფორმდა შპს ბა----ოსა და რა---–---------ვს შორის, რომლის პირობებით მოპასუხემ შეისყიდა 5000 კგ. ქატო და 21000 კგ. ფქვილი. ნასყიდობის ღირებულება მოპასუხეს ეტაპობრივად უნდა გადაეხადა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადები #ელ-0076329179, შპს ბა----ოს ანგარიშის ბარათი.
2.2.2. საქმის მასალებში წარდგენილია 2013 წლის 21 დეკემბერს წერილობითი დოკუმენტი, მისი შინაარსით რა---–---------ი და სხვა პირები ადასტურებენ, რომ 183 ტომარა ფქვილი და 38 ტომარა ქატო შპს ბა----ოსთვის გადასაცემად გაატანეს ივ--------–--–--ლს და ლე-------------–--ლს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლე-------------–--ლმა განმარტა, რომ 183 ტომარა ფქვილის და 38 ტომარა ქატო რა---–---------ის მაღაზიიდან მოპასუხესთან შეთანხმებით წაიღეს არა მოსარჩელე ორგანიზაციაში არამედ ქალაქ წნორში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
მოწმე ივ--------–--–--ლის ჩვენების მიხედვით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოფელ კაბალაში მდებარე მაღაზიიდან 183 ტომარა ფქვილი და 38 ტომარა ქატო წაიღეს ამავე პირის კუთვნილ საცხობში და პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას იღებდა ლე-------------–--ლი.
ზემოაღწერილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ რა---–---------მა მოსარჩელისგან მიღებული პროდუქციის ნაწილი სარეალიზაციოდ გადასცა მესამე პირებს და არ დააბრუნა შპს ბა----ოში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 13 იანვრის სხდომის ოქმი 12.38.48, 12.42.20, 12.55.27, 12.55.51, სასაქონლო ზედნადები #ელ-0076329179, შპს ბა----ოს ანგარიშის ბარათი.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რა---–---------მა შპს „ბა----ოსგან“ მიიღო 5000 კგ. ქატო და 21000 პირველი ხარისხის ფქვილი საერთო ღირებულებით 17330 ლარი.
მოპასუხემ ნასყიდობის საგნის ღირებულება აანაზღაურა ნაწილობრივ და შპს „ბა----ოს“ გადაუხადა 10140 ლარი, ამავდროულად არარეალიზებული პროდუქციის ნაწილი გადასცა არა შპს ბა----ოს არამედ მესამე პირებს, რომლებსაც ფქვილის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები შპს ბა----ოსთვის არ აუნაზღაურებიათ.
სასამართლოს მიიჩნია, რომ 2013 წლის 16 აგვისტოს #ელ-0076329179 სასაქონლო ზედნადების შედეგად 17330 ლარის ღირებულების პროდუქციის მიღებით მხარეებს შორის ზეპირი სახით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და მოპასუხეს წარმოეშვა 17330 ლარის სრულად გადახდის ვალდებულება. სასამართლოს დასკვნით სამართლებრივ მნიშვნელობასაა მოკლებული რა---–---------ის მიერ შპს ბა----ოსგან მიღებული პროდუქციის მესამე პირებისთვის გადაცემის ფაქტი, ვინაიდან ეს გარემოება მოსარჩელის მიმართ საქონლის ღირებულების გადახდის ვალდებულებას ვერ აქარწყლებს.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მყიდველის დავალიანება შპს „ბა----ოს“ მიმართ შეადგენს 7190 ლარს, რომელიც რა---–---------ის მიერ გადახდილი არ არის და მოპასუხეს სასამართლოს მიერ უნდა დაეკისროს ნასყიდობის ღირებულების სრულად ანაზღაურება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტის მითითებით, მასსა და შპს ,,ბა----ოს’’ შორის არ დადებულა არც ზეპირი და არც წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად არ არსებობს საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი, მისთვის ასევე უცნობია შპს „ბა----ოს“ ადგილმდებარეობაც. აპელანტმა განმარტა, რომ ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო შპს ,, ბა----ოსა’’ და მოწმედ დაკითხულ ლე-------------–--ლს შორის, რომელმაც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენა აპელანტის იმეელი, რადგან მას გააჩნდა ინდ/მეწარმის საქმიანობის უფლება. რა---–---------ის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ ლე-------------–--ლმა მის მაღაზიაში განათავსა 17 330 ლარის ღირებულების ქატო და ფქვილი, ხოლო გარკვეული რაოდენობის პროდუქტის რეალიზაციის შემდეგ უთხრა, რომ ეს საქონელი ეკუთვნოდა შპს ,,ბა----ოს’’ და თანხა უნდა ჩაერიცხათ მის ანგარიშზე. ამასთან, ნავაჭრი თანხის 10 140 ლარის შპს ,,ბა----ოს’’ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ პროდუქტის რეალიზაცია შეწყდა, ხოლო ლე-------------–--ლმა და მოწმედ დაკითხულმა ივ--------–--–--ლმა განუმარტეს, რომ დარჩენილი 183 ტომარა ფქვილი და 38 ტომარა ქატო წაიღეს შპს,, ბა----ოში’’, რაც დასტურდება მის მიერ შედგენილი აქტით. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ აპელანტის მაღაზიიდან წაღებული ქატო და ფქვილი მიიტანეს თავის საცხობში ქ. წნორში რეალიზაციისათვის და გაყიდული თანხა გადასცეს ლე-------------–--ლს. მოსამართლემ არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებად მიიჩნია, მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს „ბა----ოს“ მიერ შედგენილი Nელ-0076329179 სასაქონლო ზედნადები.
3.1.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები და მას, როგორც არასათანადო მოპასუხეს დააკისრა არარსებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ კი 7190 ლარის გადახდა.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ მოსარჩელეს არ შესთავაზა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1.ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
4.1.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ბა----ომ” რა---–---------ს მიაწოდა 17 330 ლარის ღირებულების ფქვილი და ქატო, საიადანაც მოპასუხეს არ გადაუხდია 7190 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამრიგად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებით და შესაძლებლობებით, მიუთითონ მოთხოვნისა და შესაგებლის საფუძვლად არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე მათ ეკისრებათ ამ გარემოებების მტკიცების ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლზე, რომლითაც მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ... პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. შესაგებელში მითითებული უნდა იყოს ცნობს თუ არა მოპასუხე სარჩელს, თუ არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ; მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს;
განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა სარჩელზე წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო, თუმცა, დაადასტურა შპს ,,ბა----ოსგან” ფქვილისა და ქატოს შეძენის ფაქტი, ამავდროულად განმარტა, რომ ხელშეკრულება დაიდო დისტრიბიუტორის ლე-------------–--ლის მეშვეობით. მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას უარყოფდა იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მან პროდუქციის ის ნაწილი, რომლის რეალიზებაც ვერ მოხერხდა, იგივე დისტრიბიუტორის მეშვეობით დაუბრუნა შპს ,,ბა----ოს”. მოპასუხემ ასევე დაადასტურა, რომ გაყიდული საქონლის ღირებულება 10140 ლარი მან გადაუხადა შპს ,,ბა----ოს”.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ფქვილი და ქატო მიიღო ლე-------------–--ლისაგან, როგორც შპს ,,ბა----ოს“ დისტრიბიუტორისაგან, რაც ,,დაწერილი იყო“ მოპასუხეზე, როგორც ინდ. მეწარმეზე, რეალიზებული პროდუქტის საფასურსაც იგი იხდიდა შპს ,, ბა----ოს“ ანგარიშზე, რომელიც მიაწოდა ლე-------------–--ლმა.
სასამართლო მიუთითებს საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე, რომლითაც, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ამავე კოდექსის 133-ე მუხლით, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ როგორც შესაგებელში, ისე სასამართლო სხოდომაზე, შპს ,,ბა----ოსაგან" პროდუქციის შეძენის შესახებ გარემოების დადასტურტება, საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს ამ გარემოების დასადგენად, ხოლო სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო არა შპს ,,ბა----ოსა“ და მოპასუხეს, არამედ ლე-------------–--ლსა და მოსარჩელეს შორის, ხოლო ლე-------------–--ლმა მოპასუხეს სადავო პროდუქცია გადასცა არა როგორც მოსარჩელის, არამედ როგორც თავისი კუთვნილი, რეალურად საპროცესო აღიარების უარყოფას წარმოადგენს, ისე, რომ მხარე არ ასაბუთებს საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას.
გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის მოპასუხის მიერვე შედგენილი და წარმოდგენილი აქტი, მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეს და შესაბამისად, სათანადო მოპასუხეს რა---–---------ი წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი ელექტრონულ ზედნადებზე, რომელშიც მყიდველის გრაფაში მითითებულია მოპასუხის პერსონალური მონაცემები, სახელი, გვარი და პირადი ნომერი, მოპასუხე არ უარყოფს, რომ მისი პირადი მონაცემები თავად რა---–---------მა გადასცა ლევან ჯანყარაშილს, ხოლო გამყიდველის გრაფაში მითითებულია შპს ,,ბა----ო“. მოპასუხის განმარტებით, სასაქონლო-ზედნადები ელექტრონულად გადაეგზავნა მას.
უდავოა, რომ სასაქონლო ზედნადებში მითითებული პროდუქცია მიიღო რა---–---------მა; ასევე უდავოა, რომ გაყიდული პროდუქციის საფასური 10140 ლარი ჩარიცხულია შპს ,,ბა----ოს“ ანგარიშზე.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აქტით, რომელიც დათარიღებულია 2013 წლის 21 დეკემბრით, მოპასუხემ ფქვილისა და ქატოს დარჩენილი ნაწილი 221 ტომარა დაუბრუნა არა ლე-------------–--ლს - როგორც გამყიდველს, არამედ დააბრუნა შპს ,,ბა----ოში“ მისი დისტრიბიუტორების ლე-------------–--ლისა და ივ--------–--–--ლის მეშვეობით.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეს, მყიდველს, წარმოადგენს მოპასუხე, რომელმაც შპს ,,ბა----ოსთან“ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 17 330 ლარის საქონელი, საიდანაც მას არ გადაუხდია გამყიდველისათვის 7190 ლარი.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ლე-------------–--ლი სადავო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის იყო შპს ,,ბა----ოს“ დისტრიბიუტორი და მოქმედებდა მისი სახელით. ასევე არ დასტურდება, რომ რეალიზაციის შემდეგ დარჩენილი პროდუქციის ნაწილი დაუბრუნდა მოსარჩელეს.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მართებულად დააკისრა რა---–---------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელით სადავო თანხის გადახდა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძველზე, რომლითაც მყიდველი ვალდებულია გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
რადგან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტის მიერ გაღებული ხაჯები არ ანაზღაურდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რა---–---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ცისკარიძე