განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001235862
საქმე №2ბ/5791-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
5 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
აპელანტები - მ--------–-----, ა-------------
წარმომადგენელი - გ--------------
მოწინააღმდეგე მხარე - მ------–---------
წარმომადგენელი - ნ---------------–---–--
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ--------–------- და ა-------------- სარჩელი მ------–---------- წინააღმდეგ ზიანის- 61198.63 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. თბილისში, თ-----------------–--------------–- (ყ------–-----------------------------) მდებარე უძრავი ქონება 83.19 კვ.მ რეგისტრირებულია ა--------------, ხოლო 30.87 კვ.მ მ--------–-----ს სახელზე. უძრავი ქონების საკადასტრო კოდია 0-----------------------
2.2. მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მოპასუხის მიერ მშენებლობის დაწყებამდე იყო დაზიანებული. კერძოდ, მოპასუხის მიერ შენობის დემონტაჟის და ახალი მშენებლობის დაწყებამდე 2015 წლის 30 ოქტომბერს სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაიცა დასკვნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით დაზიანებები შეესაბამება მეორე-მესამე ხარისხს, ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობების შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.
2015 წლის 9 დეკემბერს მოპასუხის განცხადების საფუძველზე სსიპ ლევან სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების მიერ კვლავ გაიცა დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისში, თ-----------------–---------–- მდებარე სახლის უკანა კედლის ტექნიკური მდგომარეობა მძიმეა. დაზიანებათა კლასიფიკაციით შეესაბამება მე-2, მე-3 ხარისხს. შენობის ეს კედელი საფრთხის შემცველია. აუცილებელია კედლის მთლიანი შელესვა ცემენტ-ქვიშის ხსნარით და კავშირების მოწყობა კედლის სხვადასხვა ნაწილებს შორის.
არსებული შენობის მიმდებარედ დაგეგმილია ახალი მშენებლობა, მშენებლობის პერიოდში დამკვეთის მიერ არსებულ შენობის კედლებზე ქვაბულის მხრიდან უნდა მოეწყოს ყალაურები (მანიშნები), რათა მუდმივად ხდებოდეს დაკვირვება დაზიანებული კედლის ტექნიკურ მდგომარეობაზე. დეფორმაციების შესაძლო განვითარების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს სათანადო ღონისძიებები.
2016 წლის იანვარ-თებერვალში საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება, კერძოდ: 2016 წლის 14 იანვარს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაიცა დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ ქ. თბილისში თ-----------------–--------–- მდებარე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არდამაკმაყოფილებელია, დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით დაზიანებები შეესაბამება მეორე-მესამე ხარისხს. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. 2015 წლის 27 ოქტომბრიდან 2016 წლის 13 იანვრამდე გასულ პერიოდში შენობის ფასადიდან მარჯვნივ მდებარე ორ ოთახში, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან უკან მიმდებარე მშენებლობას დეფორმაციებმა ვიზუალურად მოიმატა. წარმოიქმნა ახალი ბზარები. მომიჯნავედ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლებელია საკვლევ შენობაზე დეფორმაციების გაზრდა გამოიწვიოს.
2017 წლის 3 თებერვალს სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაიცა დასკვნა, რომელშიც მითითებულია შემდეგი: თბილისში, თ-----------------–------------–- მდებარე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით დაზიანებები შეესაბამება მე-3, მე-4 ხარისხს. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. 2015 წლის 27 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 თებერვლამდე გასულ პერიოდში შენობის ფასადიდან მარჯვნივ მდებარე ორ ოთახში და მიმდებარე წინა ოთახის ცალკეულ მონაკვეთებზე დეფორმაციებმა ვიზუალურად მნიშვნელოვნად მოიმატა. წარმოიქმნა ახალი ბზარები.
2.3. მოპასუხის საკუთრებაში არსებული სადემონტაჟო შენობა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობა მომიჯნავე და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კონსტრუქციები იყო. სადემონტაჟო და ირგვლივ მიმდებარე შენობებს არ ჰქონდათ ერთი საზიარო კედლები.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.4. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ ძველი შენობის სადემონტაჟო და ახლის სამშენებლო სამუშაოები განახორციელა სამშენებლო ნორმების დარღვევით. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 30 ოქტომბრის საექსპერტო დასკვნა შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ თუკი მოპასუხის მიერ დემონტაჟი და მშენებლობა წარიმართება სამშენებლო წესების დაცვით ახალი მშენებლობის მომიჯნავედ მდებარე შენობაზე უარყოფითი ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის, გარდა, მშენებლობის ქვაბულის ამოღებისა და არსებული შენობის დემონტაჟის დროს წარმოქმნილი ვიბრაციებისა. ამიტომ დემონტაჟისა და ქვაბულის ამოღების დროს გამოყენებული უნდა იყოს მცირე სიმძლავრის მექანიზმები, რომელთა მუშაობით გამოწვეული ვიბრაციები მინიმალურია, ამავე დროს სამუშაოთა წარმოების პროცესში ახალი მშენებლობის მხრიდან მოწყობილი უნდა იყოს დამცავი შვერილები და ჩამოფარებული უნდა იყოს დამცავი ბადე. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცება იმის, რომ მოპასუხე მძიმე ტექნიკის გამოყენებით იწვევდა ისეთ ვიბრაციებს, რამაც დააზიანა მოსარჩელის უძრავი ქონება.
მშენებლობის დაწყებამდე მოპასუხემ მოიპოვა კონსტრუქციული დასკვნა. შპს „------------ დასკვნაში მითითებულია, რომ სამშენებლო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია მოქმედი სამშენებლო ნორმების დაცვით, ამასთან მ------–---------- შენობის დემონტაჟის დაწყებამდე, დემონტაჟისას და ახალი მშენებლობისას, რადგან საპროექტო შენობა ზემოაღნიშნული ორი მეზობლის შენობის მიჯნაზე შენდება, საჭიროა სარდაფის სართულის დონეზე მხოლოდ კარკასის ღერძების შიგნით შეწევა 1 მეტრით, რათა თავიდან აცილებული იქნას მეზობელი შენობების საძირკვლებთან რაიმე სახის შეხება და მათი ნებართვების საჭიროება.
შპს „-------–------ მიერ 2015 წლის 11 ნოემბერს გაიცა ტექნიკური დასკვნა მეზობელ საცხოვრებელ სახლებზე მ------–---------- მიერ დაგეგმილი სარდაფის მქონე ხუთსართულიანი შენობის მშენებლობის თაობაზე. დასკვნაში მითითებულია, რომ საპოექტო შენობის ადგილზე არსებობდა სარდაფის მქონე ერთ სართულიანი ძველი წითელი აგურით ნაშენი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ქუჩის მხრიდან მარჯვენა მხარეს ესაზღვრება ერთსართულიანი საცხოვრებელი შენობის შესასვლელი არკის კედელი, ხოლო მარცხენა მხარეს ასევე ესაზღვრება ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული შენობები წარმოადგენს მზიდ კედლიან ნაგებობას, რომლის კედლებიც ნაშენია წითელი აგურის კედლის წყობით, კირისა და ქვიშის ხსნარზე,. შენობებს არ გააჩნიათ ანტისეისმიური სარტყლები, საპროექტო შენობის მარცხენა მხარეს მდებარე შენობას უკანა მხრიდან აქვს თიხა მიწის ხსნარზე ნატეხი აგურის კედლის წყობის მინაშენი. ზემოაღნიშნულ ორ შენობას აღენიშნება საძირკვლების არათანაბარი ჯდენა და ბზარები.
საპროექტო შენობის ადგილას მდებარე შენობის დაშლის დროს მოსაზღვრე ნაკვეთებთან მოხდა არსებული შენობის გრძივი კედლების შენარჩუნება, რათა დემონტაჟის შემდგომ უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა მოსაზღვრე შენობებზე. დასკვნაში მიეთითა, რომ ადგილზე დარჩენილი არსებული სახლის გრძივი კედელი გამოყენებული იქნებოდა გაძლიერების კონსტრუქციულ ღონისძიებად და მშენებლობის პერიოდში უარყოფით ტექნიკურ ზეგავლენას საპროექტო შენობის მხრიდან არსებულ მეზობლად მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ადგილი არ ექნება. ამ ყველაფრის გათვალისიწნებით საპროექტო შენობის სვეტები სარდაფის დონეზე მოსაზღვრე შენობებიდან მოშორებულია პროექტით გათვალისწინებული მანძილებით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.16. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. საქმეში არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, რომელიც იმთავითვე გამორიცხავდა მოპასუხის მხრიდან სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების დაწყების მართლზომიერებას. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული იყო, რომ სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების წარმართვა შეიძლებოდა და მომიჯნავე შენობებზე უარყოფითი ზეგავლენა ამ ქმედებების განხორციელების შედეგად მოსალოდნელი არ იქნებოდა, გარდა იმ შემთხვევებისა თუ მოპასუხე გამოიყენებდა მაღალი სიმძლავრის მექანიზმებს, რაც ვიბრაციებს გაზრდიდა. საქმის მასალებით კი ასეთი არ დასტურდება. ექსპერტიზის დასკვნები შეიცავდა მითითებას, მოსარჩელის კუთვნილი შენობის მოპასუხის მხრიდან სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე, დაზიანების ფაქტობრივი გარემოების არსებობაზე და ამ შენობის შემდგომი ექსპლუატაციის საფრთხის შემცველობაზე, რაც ბრალად ვერ შეერაცხებოდა მოპასუხეს. საქმის მასალებით ასევე დასტურდება რომ მოსარჩელის და მოპასუხის შენობები კონსტრუქციულად დამოუკიდებლად მდგარი ნაგებობები იყო და რაიმე შემხებლობა ერთმანეთთან არც შენობების საძირკვლებს ჰქონიათ. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სამხარაულის ექსპერტიზის ბოლო დასკვნით მოსარჩელის შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება დაზიანების ხარისხის მატებით დასტურდება, მაგრამ უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების და მის მიერ წარმოებული მშენებლობის შედეგია მტკიცებულებათა ერთობლიობით არ გამომდინარეობს.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. სამშენებლო ნორმები არის კომპლექსური და გარდა ექსპერტის მიერ აღნიშნული წესებისა მოიცავს უფრო მეტს, რომელთაგანაც სასამართლოს მიერ უგულვებელყოფილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი მეორე ექსპერტული კვლევის დასკვნა, რომელშიც მითითებულია უსაფრთხო მშენებლობისთვის სავალდებულო რეკომენდაციები. მოპასუხემ არ გამოიყენა სამშენებლო რეკომენდაციები. პროექტით ახალი შენობა ძველს უნდა დაშორებოდა 1 მეტრით, რაც არ დაიცვა მოპასუხემ. ექსპერტის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია თანხების დაზოგვის მიზნით უარყოფილი იქნა. ექსპერტების მიერ მითითებული მეზობლის კედელზე დატოვებული გრძივი კედელი არ ემიჯნება მ--------–-----ს საცხოვრებელი სახლის საძირკველს და კედელს. შესაბამისად, სახლი დარჩა გაძლიერების კონსტრუქციის გარეშე. მომიჯნავე სახლის მიბჯენით საძირკველის ჩაღრმავებამ 4 მეტრამდე (მანძილის დაუცველობამ) და ასეთ დროს სავალდებულო გრუნტის გამაგრების სამუშაოების შეუსრულებლობამ, იგივე სამშენებლო წესების დაუცველობამ გამოიწვია ის შედეგი, რაც აღწერილია ლევან სამხარაულის სახელობის ექპსერტიზის ეროვნული ბიუროსა და ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს კვლევებში. სახლის დინამიური ნგრევა 2015 წლიდან დღემდე არ ჩერდება და არ წყდება მომიჯნავედ არსებული კორპუსის დამანგრეველი ზემოქმედება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.
სკ-ის 992-ე მუხლით პირის პირად და პიროვნულ უფლებებთან ერთად დაცულია პირის ინტერესი მატერიალური და არამატერიალური ქონების მიმართ. შესაბამისად, ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ საკუთრების უფლების შელახვით უშუალოდ გამოწვეული ზიანი და შემდგომი თანმდევი ზიანი. ვინაიდან, საკუთრების უფლება მოიცავს საკუთრებაში მყოფი ნივთით სარგებლობის უფლებასაც, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ ნივთის დაზიანებით გამოწვეული ზიანი, ე.ი ნივთის სუბსტანციისათვის ზიანის მიყენება (ნივთის გაუფასურება, შეკეთების ხარჯი), არამედ ის ზიანიც, რომელიც გამოიწვია დაზიანებული ნივთით სარგებლობის შეუძლებლობამ (მიუღებელი შემოსავალი).
შპს „ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს“ N--- დასკვნით, ირკვევა, რომ „ქ.თბილისში, თ-----------------–-------- მდებარე ორი ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა 2015 წლის ბოლოსთვის, შენობების ხანდაზმულობის და გარკვეული კონსტრუქციული პრობლემების მიუხედავად, დამაკმაყოფილებელი იყო. მათ მიმდებარედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობამ 2017 წლის დასაწყისისთვის გამოიწვია სახლების უკანა კედლების ქვეშ გრუნტის ჯდენა და მზიდი კონსტრუქციების დაზიანება. კერძოდ: მზიდ კედლებზე ბზარების გაჩენა და შემდგომი გადიდება-განვითარება. მშენებლობის პროცესში, შენობების მდგრადობის თანდათან გაუარესების მიუხედავად, გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარებულა. გრუნტის ჯდომისა და კედლებზე ბზარების გამო ერთ-ერთი შენობის ნაწილის მდგომარეობა ამჟამად მწვავე ავარიულია, არსებობს ჩამონგრევის საშიშროება. ექსპერტიზის დასკვნების რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობამ, არ შესრულებამ და მშენებლობის გაგრძელებამ მათზე რეაგირების გარეშე გამოიწვია საცხოვრებელი სახლების დღევანდელი მძიმე მდგომარეობა.“
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული კანონით (სსკ 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი). არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
სასამართლოს სწორედ ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთშეჯერებისა და მათში მოცემული მტკიცებულების შეფასების მეთოდის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სადავო საკითხის შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს შპს „ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიუროს“ N--- დასკვნა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს საქმეში მანამდე არსებული ექსპერტიზის დასკვნების შეფასებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო პროცესში ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს მცოდნე პირის (ექსპერტის) დასკვნას ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც მოითხოვენ სპეციალურ ცოდნას. ექსპერტიზა არის სასამართლოს ან მხარეების მიერ ექსპერტისათვის წარდგენილი ობიექტების გამოკვლევა, რომელსაც ატარებს ექსპერტი სპეციალური ცოდნისა და მეცნიერული კვლევის საფუძველზე, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების შესახებ ცნობების მისაღებად. სასამართლო მიიჩნევს, რომ დასკვნების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ორი ძირითადი კრიტერიუმი, კერძოდ, კვლევის ჩამტარებელი სუბიექტი (ობიექტურობის ხარისხის დასადგენად) და გამოსაკვლევი საკითხის მიმართ დასკვნის კატეგორიულობა.
კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ექსპერტიზის დასკვნის მიუკერძოებელი ხასიათი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ვლინდება დასმული საკითხებისადმი, იმ პირთა ნეიტრალური დამოკიდებულებით, რომლებიც ატარებენ კვლევას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
წინამდებარე დავაში სადავოა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. პალატა დადგენილად მიიჩნევს ამგვარი კავშირის არსებობას, სწორედ ზემოდასახელებული მტკიცებულების ანალიზის შედეგად. აღსანიშნავია, რომ დასახელებული დასკვნა მომზადებულია მშენებლობის დასრულების შემდეგ და მკაფიოდ ასახავს ამჟამინდელ სურათს, დაზიანების გამომწვევ მიზეზს. ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას ექსპერტს შეფასებული აქვს წინამორბედი ექსპერტიზის დასკვნები, რაც ხაზს უსვამს, გამოსაკვლევი საკითხის მიმართ დასკვნის კატეგორიულობას. შესაბამისად, სახეზეა, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სავალდებულო ყველა კრიტერიუმი, ზიანი, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
4.2. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, საქმეში წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით ირკვევა, რომ „მ--------–-----ს საცხოვრებელ სახლში ფართები ავარიულ მდგომარეობაშია და მათში ჩასატარებელ სამშენებლო-აღდგენით სამუშაოებზე გასაწევი ხარჯი საორიენტაციოდ განისაზღვრება 61198.63 ლარით, ამ სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია მის მეზობლად (სახლის უკანა მხარეს) სამშენებლო სამუშაოების წარმოებით და ზემოხსენებული თანხა წარმოადგენს მ--------–------------ მიყენებული ზარალის ოდენობას (იხ. ტ.1; ს.ფ 299-302)“. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ------–---------ს, მ--------–------- და ა-------------- სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს 61198.63 ლარის გადახდა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, მ------–---------ს, მ--------–------- და ა-------------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4333.96 ლარი ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოებში გადახდილი სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯების 2500 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, წარმომადგენლის დახმარებისათვის ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.
საქმეში წარმოდგენილია წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, თ--------------------- 1500 ლარის, ხოლო გ--------------------- 1000 ლარის გადახდასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
ასევე, მოთხოვნილია საინჟინრო ექსპერტიზაზე გაწეული ხარჯი, რაც უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ჯამში, 1300 ლარის და ექსპერტ-აუდიტის მომსახურებაზე გადახდილი თანხის 150 ლარის ანაზღაურების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. მ--------–------- და ა-------------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ--------–------- და ა-------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. მ------–---------ს, მ--------–------- და ა-------------- სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს 61198.63 ლარის გადახდა.
5. მ------–---------ს მ--------–------- და ა-------------- სასარგებლოდ დაეკისროს 4333.96 ლარი ამ უკანასკნელის მიერ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასასამართლოებში გადახდილი სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
6. მ------–---------ს, მ--------–------- და ა-------------- სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯი - 1000 ლარი, ექსპერტიზაზე გაწეული ხარჯი - 1300 ლარი და ექსპერტ-აუდიტის მომსახურებაზე გადახდილი თანხა - 150 ლარი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ხათუნა არევაძე