განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210115001013931
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1264-2017 6 მარტი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - გ----- ქ-----–--ე
წარმომადგენელი - გ--------------–--ე
აპელანტი - ლ---- კ-----–--–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ს--------------------------------------–-----ი
წარმომადგენელი - ლ--–--------–--ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - 1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა 1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ის სარჩელი. სოლიდარულად დაეკისრათ მოპასუხეებს: გ----- ქ-----–--ეს და ლ---- კ-----–--–---–ს მოსარჩელე სს სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ის სასარგებლოდ 16. 215.00 (თექვსმეტიათას ორას თხუთმეტი) ლარის გადახდა. სოლიდარულად დაეკისრათ მოპასუხეებს: გ----- ქ-----–--ეს და ლ---- კ-----–--–---–ს მოსარჩელე სს სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის 486.45 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 150 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს მოპასუხე ლ---- კ-----–--–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი შეეჯახა სს ს--------------------------------------–-----ის მიერ დაზღვეულ ავტომობილს. 2.2. 2015 წლის 18 მარტს ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის Nა------- ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით და სამართალდამრღვევად ცნობილ ლ---- კ-----–--–---–ს ჯარიმის სახით შეეფარდა 250 ლარი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის Nა------- ოქმი, გასაჩივრებული არ არის. 2.3. 2014 წლის 25 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა - მამუკა ქვათაძემ გასცა ცნობა, მასზედ, რომ - 2014 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში, ქუთაისის მიმართულებით მოძრავი ,,ტოიოტა ჰაილუქსის“ მოდელის სახ. ნომრით S-------- ავტომობილი, რასაც მართავდა ბადრი ცინდელიანი, შეეჯახა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ლ---- კ-----–--–---–ის მართვის ქვეშ მყოფ მერსედეს ბენცის მოდელის სახ. N- F------ ავტომობილს. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ,,ტოიოტა ჰაილუქსის“ მგზავრმა ლევან ნადირაძემ, რომელიც გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. 2.4. ,,ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მოდელის სახ. ნომრით S-------- ავტომობილი, დაზღვეულია ჯ------------–-----ში და რეგისტრირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სახელზე. 2.5. დაზიანებული ,,ტოიოტა ჰაილუქსის“ მოდელის სახ. ნომრით S-------- ავტომობილის, შესაკეთებელი თანხა 16.008.75 ლარი გადაიხადა სს ს--------------------------------------–-----მა. 2.6. სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ 2015 წლის 25 მაისის ცნობთ დადგენილია, რომ მერსედეს ბენცის ჩ-180 მოდელი. გამოშვების წელი -1996. ს/ნ W----------------. ფერი მწვანე 6/8 . სახ. N- F------ ავტომობილი 2013 წლის 16 აპრილიდან რეგისტრირებული იყო ქუთაისში ბ-----------------–ი მცხოვრებ გ----- ქ-----–--ის სახელზე. 31.12. 2014 წელს სატრანსპორტო საშუალება მოიხსნა რეგისტრაციიდან. 2.7. 2015 წლის 30 იანვრის №10869 ინვოისით დადგენილია, რომ დაზიანებული ,,ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მოდელის სახ. ნომრით SPS–920 ავტომობილის, სათადარიგო ნაწილების თანხამ შეადგინა 21,345.00 ლარი, ხოლო ფასდაკლება - 5,336.25 ლარი = 16.008.75 ლარი, რაც გადაიხადა სს ს--------------------------------------–-----მა. 2.8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის 2/253-15 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ლ---- კ-----–--–---–ი ცნობილი იქნა მერსედეს ბენცის C-180 მოდელი. გამოშვების წელი -1996. ს/ნ W----------------. ფერი მწვანე 6/8. სახ. N-F------ ავტომობილის მესაკუთრედ 2013 წლის 16 აპრილიდან. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძვლიდან. კერძოდ „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი”. 2.10. სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფაქტობრივად დამდგარმა შედეგმა მოგვცა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შემადგენლობა, რადგან სსკ-ის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილით ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დასახელებულმა ნორმებმა დაადგინა, რომ ადმინისტრაციული წესით საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის Nა------- ოქმი, წარმოადგენდა მტკიცებულებას, რომლითაც დადგენილად უნდა ყოფილიყო მიჩნეული ზიანის ფაქტი. 2.11. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონებრივი ზიანი უნდა ანაზღაურებულიყო სრული მოცულობით, პირდაპირი ზიანის საშუალო-საბაზრო ფასებით ინდექსაციის გამოყენებით. 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზეპასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეეებს კანონიდან გამომდინარე ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა. (ე.წ.სუბროგაცია). 2.13. სარჩელი საფუძვლიანი იყო ასევე გ----- ქ-----–--ის მიმართაც, რადგან სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია, მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამავე ნორმის მესამე წინადადების თანახმად, ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. გ----- ქ-----–--ე, როგორც ავტოსატრანსპორტი საშუალების მესაკუთრე ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი იყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ლ---- კ-----–--–---–მა და გ----- ქ-----–--ემ: ფაქტობრივი საფუძვლები ლ----ო კ-----–--–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლებია: 3.1. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავო ფაქტობრივ გარემოებად უსწოროდ მიიჩნია, რომ დაზიანებული ტოიოტა ჰაილუქსის მოდელის ავტომობილის შესაკეთებელი თანხა, 16 008,75 ლარი გადაიხადა მოსარჩელემ. 3.1.1. სადავო დოკუმენტი, საგადასახადო დავალება არ შეიცავს მთავარ მოთხოვნას მის მიერ ჩამოთვლილი დეტალები, რომლებიც შემდგომში შეიცვალა, წარმოშობილი იყო ბუნებრივი ექსპლუატაციის, ანუ ცვეთის გათვალისწინებით, თუ მათი შეცვლის აუცილებლობა გამოწვეული იყო მექანიკური დაზიანებით. გ----- ქ-----–--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლებია: 3.2. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანი შეადგენდა 16.008.75 ლარს. წარმოდგენილი ინვოისით მართალია თანხა არის განსაზღვრული, თუმცა ინვოისი ვერ იქნება ზიანის დამდგენი ოდენობის განმსაზღვრელი. 3.2.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანის მესაკუთრედ გ----- ქ-----–--ე, შესაბამისად არასწორად არ მიიჩნია მანქანის მესაკუთრედ ლ---- კ-----–--–---–ი. მოქმედი კანონმდებლობით და სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ მოძრავი ნივთების რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. მთავარია ნივთი მხარეს გადაეცეს ნამდვილი უფლების საფუძველზე. მანქანა გადაეცა ლ---- კ-----–--–---–ს 2013 წლის 16 აპრილს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ თითქოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით დადასტურებული ფაქტები სავალდებულოა მხოლოდ მხარეებს შორის აპელანტს მიაჩნია არასამართლიანად და ამ საქმესთან კავშირის არმქონედ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული ნორმა ეხება მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებს და არა თავად სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო ძალისაა და მისი შეუსრულებლობა, რიგ შემთხვევებში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც იწვევს. ასევე გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა, როდესაც ამბობს, რომ იზიარებს გ----- ქ-----–--ის პოზიციას მოძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის არასავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე და შემდეგ საუბრობს ბრალის გარეშე ზიანზე. სამართლებრივი საფუძვლები ლ---- კ-----–--–---–ის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლებია: 3.1.2. აპელანტი სადავოდ ხდის ავტოსაგზაო შემთხვევაში დაზიანებული ნაწილების თანხის ოდენობას. 3.1.3. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ დაზიანებულმა ავტომობილმა მიიღო სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობის დაზიანება. 3.1.4. სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა მიზეზობრივ კავშირზე და დაედგინა ეს კავშირი, შესაკეთებელი ნაწილების რომელი სახეობა და რაოდენობა იყო უშუალოდ მიზეზობრივ კავშირში ავტოავარიის შედეგად მიყენებულ დაზიანებასთან. გ----- ქ-----–--ის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლებია: 3.2.2. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა ის. კერძოდ სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ლ---- კ-----–--–---–ის მესაკუთრედ ცნობისა არ გაითვალისწინა მხოლოდ იმიტომ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ მხარეებს შორისო. აღნიშნული სამართლებრივი ჩარჩოებს მიღმაა, რადგანაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სხვა სამართლებრივ სივრცით რეგულირდება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება კიდევ სხვა სამართლებრივ შედეგებს იწვევს. 3.2.3. გაუგებარია სასამართლოს ქმედება, როდესაც ამობობს, რომ იზიარებს გ----- ქ-----–--ის პოზიციას მოძრავი ნივთების საკუთრების მოპოვების არასავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე, თუმცა რატომ არ გამოიყენა ეს მოთხოვნა და დადგენილი პრაქტიკა გაუგებარია. 3.2.4. სასამართლო პროცესზე მოპასუხე ლ---- კ-----–--–---–მა დაადასტურა ის გარემოება, რომ მანქანა ნამდვილად იყიდა აპელანტისაგან და მხოლოდ იმის გამო რომ მანქანის გადასაფორმებელი თანხა აღარ ქონდა ხელზე ვერ შეძელო მისი გადაფორმება. სხვაგვარად მანქანა საკუთრებაში ყავდა ლ---- კ-----–--–---–ს. 3.2.5. სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ხშირად საუბრობს შეჯიბრებითობის პრინციპზე 102-ე მუხლზე, თუმცა არასწორად განმარტავს მის არსს. მოსარჩელე მხარე არის ვალდებული დაასაბუთოს სარჩელში მოყვანილი ფაქტების საფუძვლიანობა. ზიანის ოდენობა დგინდება მხოლოდ თეგეტა მოტორსის მიერ გაცემული ინვოისით, რომელიც თითქმის ორი თვის შემდეგაა გაცემული ავტოსაგზაო შემთხვევიდან. ინვოისში ჩამოთვლილი მანქანის ნაწილები არ იძლევა იმის პირდაპირ მტიცებულებას, რომ ეს ნაწილები დაუზიანდა მანქანას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. უფრო მეტიც, არ არსებობს რაიმე სახის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულად თუ რა ზიანი მიადგა ავტოსაგზაო შემთხვევით. აღნიშნულის მტკიცების ტვირთი უნდა დაკისრებოდა მოსარჩელე მხარეს და არა მოპასუხეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ გ----- ქ-----–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლ---- კ-----–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს ლ---- კ-----–--–---–ი კუთვნილი ავტომობილით შეეჯახა სს სადაზღვევო კომოანია ჯ------------–-----ის მიერ დაზღვეულ, 2010 წელს გამოშვებული „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომობილს. 4.2. დაზღვეული ავტომობილი ეკუთვნოდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს. 4.3. შეჯახების შედეგად დაზღვეული ავტომობილი დაზიანდა და ამ ზიანის ასანაზღაურებლად მზღვეველმა გადაიხადა 16215 ლარი. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 4.4.1. უდავოა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ზიანი ლ---- კ-----–--–---–მა მიაყენა, ამიტომ, მან იგი უნდა აანაზღაუროს. 4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. 4.5.1. დადგენილია, რომ დაზარალებულს ზიანი მოსარჩელემ აუნაზღაურა, ამის გამო, ლ---- კ-----–--–---–ის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლება გადავიდა მასზე. 4.5.2. ეს კი ნიშნავს, რომ ლ---- კ-----–--–---–ის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია. 4.6. პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ მიყენებული ზიანის ოდენობა სწორად დაადგინა. 4.6.1. სადაზღვევო კომპანიის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით დასტურდება, რომ მან დაზიანებული ავტომობილის აღსადგენად შპს ტოიოტა ცენტრ თბილისს 16215,75 ლარი გადაუხადა. 4.6.2. შპს ტოიოტა ცენტრი თბილისის მიერ გაცემულ ინვოისით დგინდება, რომ ავტომობილის აღსადგენად ამ ღირებულების სამუშაო იყო საჭირო. 4.6.3. პალატის აზრით, ინვოისში აღწერილია ის სამუშაოები, რომლებიც ავტომობილს, სწორედ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ სჭირდება. 4.6.4. ავტომობილის დაზღვევის პოლისიდან დგინდება, რომ, ყოველ შემთხვევაში, 2014 წლის 1-ლი იანვრისათვის ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანებული არ ყოფილა. 4.6.5. მეტიც, პალატის აზრით, ინვოისში აღწერილი დაზიანებებით ავტომობილი დამოუკიდებლად ვერც გადაადგილდებოდა. 4.6.6. ეს კი ნიშნავს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე დაზღვეულ ავტომობილს ზემოხსენებული დაზიანებები არ ჰქონდა. 4.6.7. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემისა და ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ცნობის თანახმად, დამუხრუჭების მცდელობის მიუხედავად, შეჯახების შემდეგ ავტომობილები შეჯახების ადგილიდან რამენიმე მეტრის მოშორებით გაჩერდნენ, ხოლო დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა ჯანმრთელობის დაზიანებაც მიიღო. 4.6.8. „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომობილის პარამეტრების გათვალისწინებით, ეს შედეგი, მხოლოდ, ძლიერ და მძიმე შეჯახებას შეეძლო გამოეწვია. ამგვარი შეჯახება კი ინვოისში აღწერილ დაზიანებებს უთუოდ გამოიწვევდა. 4.6.7. და ბოლოს, პალატისათვის არადამაჯერებელია, რომ 2010 წელს გამოშვებულ „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომობილს 2014 წლისათვის ინვოისში აღწერილი დაზიანებები ბუნებრივი ცვეთის შედეგად მიეღო. 4.6.8. ყოველ შემთხვევაში, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.6.9. პალატის აზრით, მოწმის, დომენტი კ-----–--–---–ის ჩვენებით საწინააღმდეგო არ მტკიცდება, რადგან მისი თქმით, უშუალოდ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას არ შესწრებია, ავტომობილი, მხოლოდ, ვიზუალურად დაათვალიერა და მისთვის ისიც კი არ იყო ცნობილი, რომ ამ შემთხვევის შედეგად ადამიანი დაზიანდა. 4.6.10. ამის შესაბამისად, ამ ჩვენებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შეუძლებელია. 4.7. ამის შესაბამისად, ლ---- კ-----–--–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობს. 4.8. ამავდროულად, გ----- ქ-----–--ის მიმართ სარჩელი უსაფუძვლო იყო. 4.8.1. უდავოა, რომ, უშუალოდ, გ----- ქ-----–--ეს სადაზღვევო კომპანიის უფლებრივი წინამორბედისათვის ზიანი არ მიუყენებია. 4.8.2. საქმის მასალებით არ მტკიცდება არც ის, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილი გ----- ქ-----–--ეს ეკუთვნოდა. 4.8.3. პირველ ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ ავტომობილი მოძრავი ნივთია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ამ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა. 4.8.4. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილს ლ---- კ-----–--–---–ი ფლობდა. ამის შესაბამისად, ივარაუდება, რომ მისი მესაკუთრე, სწორედ, ლ---- კ-----–--–---–ია. 4.8.5. გარდა ამისა, ამ ნივთზე ლ---- კ-----–--–---–ის საკუთრების უფლება დადასტურებული არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებითაც. 4.8.6. ამ კანონისმიერი პრეზუმფციისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. 4.8.7. მართალია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილი გ----- ქ-----–--ის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2002 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებაში, საქმეზე №3კ/624-02 განმარტა, რომ „რეგისტრაცია არ არის აუცილებელი პირობა მოძრავ ქონებაზე (მათ შორის, ავტომანქანაზე) საკუთრების გადაცემისთვის. საგზაო პოლიციაში აღრიცხვაზე დადგომა არ არის სამოქალაქო-სამართლებრივი აქტი, იგი ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება“ – (ამასთან დაკავშირებით, იხ. აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განჩინება, საქმეზე №ას-584-543-2017 ) 4.8.8. ამრიგად, პალატას მიაჩნია, რომ გ----- ქ-----–--ე არ არის ვალდებული ლ---- კ-----–--–---–ის მიერ მიყენებული ზიანი აანაზღაუროს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გ----- ქ-----–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. ლ---- კ-----–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება გ----- ქ-----–--ისათვის სს ს--------------------------------------–-----ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში. სს ს--------------------------------------–-----ის სარჩელი გ----- ქ-----–--ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება ლ---- კ-----–--–---–ისათვის სს ს--------------------------------------–-----ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, სს ს--------------------------------------–-----ს გ----- ქ-----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 ლარის გადახდა. 6.2. ლ---- კ-----–--–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. გ----- ქ-----–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ლ---- კ-----–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება გ----- ქ-----–--ისათვის სს ს--------------------------------------–-----ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში;
4. სს ს--------------------------------------–-----ის სარჩელი გ----- ქ-----–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება ლ---- კ-----–--–---–ისათვის სს ს--------------------------------------–-----ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელი;
6. სს ს--------------------------------------–-----ს გ----- ქ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 60 ლარის გადახდა;
7. ლ---- კ-----–--–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ნანა კალანდაძე