განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130210017002179501
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1972-18 3 მაისი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მომხსენებელი – თამარ ალანია
მოსამართლეები - თამარ ზამბახიძე
მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივანი – ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - ხ-–------------–----–-------- მერია
წარმომადგენელი - მა--------------ძე, ირ----------ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს-------------------“
წარმომადგენელი - ნი----–------------–-–---–ი, სო-----------------–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დაახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ს--------------------“ ხ-–------ რაიონულ სასამართლოს მიმართა, მოპასუხე ხ-–------------–----–-------- მერიისთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების აღიარება და მის საფუძველზე არსებული დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ხ-–------------–----–------- შპს „ს-------------------ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 21 სექტემბრის N1-- ხელშეკრულებით გათვალსიწინებულ შვიდ სოფელში (გარდა. სოფ. წ---------) შესრულებული სამუშაოების ღირებულების 62 622.51 ლარის ოდენობით გადახდა და ასევე შპს „ს-------------------ს“ სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1878.68 ლარის ოდენობით გადახდა დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ხ-–------------–----–-------- მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა; მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2016 წლის 21 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ხ-–------ რაიონის რვა სოფელში წყალმომარაგების სამუშაოების ჩატარების ღირებულება - 71670.84 ლარი დღგ-ს გათვალისწინებით, მიწოდების ვადად 2016 წლის 21 სექტემბრიდან 60 დღე განისაზღვრა (ს.ფ. 24-29).
6. „საქექსპერტიზის“ 2----–-–---------–---- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შპს „ს-------------------ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 51007.82 ლარი დარიცხვების ჩათვლით, რაც 4169.69 ლარით ნაკლებია ფორმა N2-ში მითითებულ 55177.78 ლართან, მათ შორის, 10170.34 ლარის ღირებულებაზე დარიცხვების ჩათვლით არ წარმოდგენილა ფარული სამუშაოების აქტები და მისი ჩათვლა დამკვეთის პრეროგატივაა. ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ფარული სამუშაოების შესრულების გარეშე ვერ შესრულდებოდა შემდგომი სამუშაოები, რომელთა შესრულებაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით, ამავე დასკვნის შესაბამისად, ზედმეტადაა შესრულებული 2062.10 ლარის სამუშაო (ს.ფ 68-80).
7. 2017 წლის 23 ივნისს მოსარჩელის მიერ ხ-–------------–----–-------- გამგეობას გაეგზავნა 2016 წლის N1-- ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების აქტები (2017 წლის 26 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
8. სააპელაციო სასამართლოს პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ხ-–------------–----–-------- მერიას მოსარჩელე შპს „ს-------------------ს“ სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების 62 622.51 ლარის ოდენობით გადახდა მართლებულად დაეკისრა შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 21 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც თავისი შინაარსით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ს--------------------“ ხ-–------------–----–-------- რვა სოფელში წყლის სისტემის მოწყობის ვალდებულება იკისრა.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ-–------ გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის წევრმა ელ------------–---–მა განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სოფელ ვა--ს, ფლ--ის, უწლ--ის და ხი----------ს წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მოსარჩელის მიერ შესრულდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში, რაც შეეხება სოფელ ნა–------რის, მცხ-------რის და კლ----–----ოს წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს - აღნიშნული დადგენილ ვადებში არ შესრულებულა, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს სამუშაოები შესრულებულია. რაც შეეხება სოფელ წეღ----ში ჩასატარებელ სამუშაოებს, რომლის შეფერხების თაობაზეც წერილობით იქნა მიღებული შეტყობინება, ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ეს ფართობი მითითებული კოორდინატებით წარმოადგენდა კერძო საკუთრებას, რომლის მფლობელიც წინააღმდეგი იყო მის საკუთრებაში სათავე ნაგებობის მოწყობაზე, შემსრულებელს ი----–---–მა შესთავაზა დაახლოებით ხუთი მეტრის დაშორებით სამუშაოების წარმოება, მაგრამ მესაკუთრე და კოორდინატები არ დაუდგენიათ და როგორც გაირკვა არც წერილობითი შეთანხმება არ გაფორმებულა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. (იხ. 2017 წლის 26 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
10. განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის ფარული სამუშაოების, შესრულების აღიარება და მოპასუხისთვის შესაბამისი თანხის გადახდის დაკისრება. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოპასუხემ განაცხადა, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს სადავოდ არ ხდის, თუმცა აცხადებს, რომ მათი შესრულება მოხდა უხარისხოდ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს, ამავე სასამართლოში იგივე მხარეებს შორის მიმდინარეობს დავა შპს „ს-------------------ს“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების ვადის დარღვევით შესრულებაზე და მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ გამოსაკვლ-- საგანს არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულების ფაქტი, რადგან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილებაზე აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გავლენას ვერ იქონიებს და სამართლებრივ შედეგს ვერ შეცვლის. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კვლ--ის საგანს შპს „ს-------------------ს“ მიერ ძირითადი და ფარული სამუშაოების შესრულების ფაქტის დადგენა და მათი ხარისხის შეფასება წარმოადგენს, რის შედეგადაც მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის ანაზღაურების ვალდებულების კანონიერება უნდა დადგინდეს.
11. პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური გადანაწილების პრინციპი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტურად გადანაწილების პირობებში მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს მის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების, მათი დამაკმაყოფილებელი ხარისხით შესრულებისა და დაფარული სამუშაოების რეალური საჭიროების ფაქტი, ხოლო მოპასუხე ხ-–------------–----–-------- მერია ვალდებულია გააქარწყლოს ზემოაღნიშნული ფაქტები და სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ დაადასტუროს მოთხოვნის უსაფუძვლობა.
12. როგორც უკვე აღინიშნა, ხ-–------------–----–-------- მერიის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას განმარტა, რომ სადავოდ არ ხდიდა მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს, თუმცა სადავოდაა გამხდარი ხელშეკრულების შესრულების ხარისხი.
საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „საქექსპერტიზის“ 2----–-–---------–---- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, სამუშაოები შესრულებულია დამაკმაყოფილებლად და სოფელს წყალი მიეწოდება. აღნიშნულ მტკიცებულებას ხ-–------------–----–-------- მერია მხოლოდ ზეპირსიტყვიერად შეეწინააღმდეგა, მას არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომლითაც შესრულებული სამუშაოს ნაკლს ან/და უხარისხოდ შესრულებას დაადასტურებდა. ამასთანავე, აპელანტ მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის ვალიდურობა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი გაზიარების საფუძველია. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.4 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება, სამუშაოების დასრულების შემდეგ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის თაობაზე შეასრულა, წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შესრულებული სამუშაოები დამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული (ს.ფ 68-80).
13. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის მიერ ფარული სამუშაოების შესრულებისთვის გაწეული ხარჯი 2062.10 ლარის ოდენობით. პალატა არ იზიარებს მოსაზრებას ფარული სამუშაოებისთვის გაწეული თანხის ანაზღაურების საფუძვლად, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დავალების გარეშე სხვისი სამუშაოს შესრულების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების თაობაზე და განმარტავს, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლი წარმოადგენს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისადმი სამართლის ნორმის შეფარდება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი სამართლის ნორმის არასწორი მითითება არ შეიძლება გახდეს. ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლ--ისა და იურიდიული შეფასების საგანია.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შემთხვევაში, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას): განსახილველი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, როდესაც ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის გაზრდის საშიშროება არსებობს მენარდემ აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს შემკვეთს, რომელსაც შეუძლია დაეთანხმოს შეცვლილ პირობას ან უარი განაცხადოს ამ პირობით ხელშეკრულების გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში თუ მენარდე არ შეწყვეტს ხელშეკრულებას იგულისხმება, რომ იგი ეთანხმება ხარჯის შესაძლო გაზრდას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გამარტივებული ელექტრონული ტენდერით თითოეულ სოფელში განსახორციელებელი სამუშაოს შესასრულებლად ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვრა (ს.ფ. 29-52). ხელშეკრულების შესრულებისას მენარდისთვის ცნობილი გახდა, რომ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისთვის შვიდ სოფელში საჭირო იყო სამუშაო მასალების დამატება, მენარდეს შეტყობინებასთან ერთად შესასყიდი მასალების ხარჯთაღრიცხვაც გაეგზავნა (ს.ფ. 130-134), რაც შეეხება მერვე სოფელში (სოფელი წეღ----ი) სამუშაოების შესრულებას, აღმოჩნდა, რომ სამშენებლო პოლიგონი მოიცავდა მესამე პირის, კო-------–--ის, საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის არარსებობის გამო მერვე სოფელში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ვერ მოხერხდა. საქმეში არ არის წარმოდგენილი შემკვეთის წერილობითი უარი შვიდ სოფელში გაზრდილი ხარჯებით სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება მენარდემ შეასრულა, შემკვეთს უარი არ განუცხადებია მენარდის მიერ გაზრდილი ხარჯებით სამუშაოს შესრულებაზე რაც სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის გამოყენების წინაპირობაა.
15. ასეთ შემთხვევებში, 631-ე მუხლის მეორე ნაწილთან მიმართებაში შესაძლებელია დადგეს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული - ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი - გამოყენების საჭიროება. საერთო წესის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს და თუ მას ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (pacta sunt servanda).
იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება პირთა მიერ ნებაყოფლობით ნაკისრი ვალდებულებაა, ყველა სახელშეკრულებო ვალდებულების უპირველესი წესი ნაკისრი ვალდებულების უცილობო შესრულებაა. თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პრინციპი არ უნდა იქნეს გაგებული აბსოლუტური აზრით. ვალდებულების შესრულების პროცესში მხარეები შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთი გარემოებების წინაშე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ვალდებულების სავალდებულო ხასიათზე. მხარეთა მიერ წინასწარ გათვლილი უცვლელი გარემოებები, შესაძლებელია, ცვალებადი აღმოჩნდეს, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაში მოხდა. ეს ახალი გარემოებები გავლენას ახდენს ვალდებულების შემდგომ ბედ-იღბალსა და მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლებზე. მხარე არ შეიძლება იყოს შესრულების ყოველგვარი რისკის მატარებელი სწორედ ამიტომ, კანონმდებელი შესაძლებლობას უშვებს მხარეებმა ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს ან შეწყვიტონ ხელშეკრულება, რა დროსაც მენარდეს მანამდე გაწეული ხარჯები აუნაზღაურდება. ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის ხ-–------------–----–-------- მერიის წერილი, რომლითაც იგი უარს ამბობს მერიის მიერ გაზრდილი ხარჯით სამუშაოს შესრულებაზე, პალატა მიჩნევს, რომ მხარეებმა ხელშეკრულება მიუსადაგეს შეცვლილ გარემოებას.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა ნარდობის სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავა და მოპასუხე აღიარებს რომ საბოლოო ჯამში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მენარდის მიერ შესრულდა (იხ. 2018 წლის 3 მაისის), ამასთანავე, ხ-–------------–----–-------- მერიამ სასამართლოს ვერ წარუდგინა სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების უხარისხოდ შესრულება დადასტურდებოდა. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არსებობს მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება პალატა მიიჩნევს რომ კვალიფიციური შედავება არ განხორციელებულა და აპელანტმა მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, შესაბამისად პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა.
17. რაც შეეხება მენარდის მიერ ფარული სამუშაოების გაწევისთვის შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას, ამ მიმართებითაც პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა კვალიფიციური შედავება. საქმეში არსებობს მენარდის მიერ ხ-–------------–----–-------- მერიისთვის გაგზავნილი წერილები, რომლითაც მენარდე შემკვეთს ატყობინებს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისთვის საჭიროა გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევა აღნიშნული შეთავაზების უარყოფის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად პრეზუმირებულია, რომ შემკვეთი დაეთანხმა ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებით შესრულებას, რაც წარმოშობს მის ვალდებულებას მენარდეს აუნაზღაუროს მის მიერ ვალდებულების (როგორც ძირითადი ასევე ფარული სამუშაოები) შესასრულებლად გაწეული ხარჯი 62 622.51 ლარის ოდენობით.
14. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხ-–------------–----–-------- მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები თამარ ზამბახიძე
მერაბ გაბინაშვილი