განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2018
საქმის ნომერი
330310017001773216
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2092-17

საქმე №330310017001773216

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

17 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - ფ------ ბ-----ე, ნ---- ბ-----ე

წარმომადგენელი - ი---------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ლ---------------–---

 

მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი - თ--------------–---–-

 

მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანო

წარმომადგენელი - თ---------------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ფ------ ბ-----ისა და ნ---- ბ-----ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2016 წლის 6 ივნისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს განცხადებით მიმართა ფ------ ბ-----ემ იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. განცხადებაში ფ------ ბ-----ე უთითებს, რომ არის დევნილი ახალგორის რაიონის სოფელ ე------დან.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 10 აგვისტოს MIA 6------------ წერილის თანახმად, ფ------ ბ-----ეს სოფელ ხ--–სა და წალენჯიხის რაიონ დ--------–- მუდმივად არ უცხოვრია. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 13 ოქტომბრის N2----- წერილის თანახმად, ფ------ ბ-----ე სეზონურად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ე------ში.

 

ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში, ფ------ ბ-----ეს ჩაუტარდა გასაუბრება 2016 წლის 10 ივნისს. გასაუბრებისას მოსარჩელემ განაცხადა, რომ დაიბადა 1984 წელს წალენჯიხაში. სწავლობდა ახალგორის რაიონის სოფ.ზ---------–ის საშუალო სკოლაში 9 კლასის ჩათვლით. შემდეგ სწავლა განაგრძო ახალგორის N- საშუალო სკოლაში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უმუშავია. დაოჯახდა 2003 წელს მესტიაში. მეუღლეს დევნილის სტატუსი არ აქვს. ჰყავს სამი შვილი, დაბადებულნი 2003, 2007 და 2011 წლებში, ქ. თბილისში. მისი განმარტებით, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა ახალგორში. მამა - ა------ ბ-----ე მუშაობდა ენგურჰესის მშენებლობაზე და ოჯახი ცხოვრობდა წალენჯიხაში 1994 წლამდე. 1999 წელს გარდაიცვალა მამა, რომელიც დაკრძალულია ახალგორში. 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ე------ში. 2008 წლის შემდეგ ოჯახთან ერთად ცხოვრობს მესტიაში.

 

ფ------ ბ-----ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნით ირკვევა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2002 წელს ფ------ ბ-----ე დარეგისტრირდა მისამართზე: წალენჯიხა, ჯ--------------------. 2007 წელს გაცემულ პირადობაში აღნიშნულ მისამართი შეცვლილი არ არის. 2012 წელს იგი დარეგისტრირდა მისამართზე - მესტია, სოფ. ხ--–ი. ფ------ ბ-----ის საცხოვრებელ ადგილად არასდროს ყოფილა მითითებული ოკუპირებული ტერიტორია.

 

ფ------ ბ-----ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნის თანახმად, სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დაადგინა განმცხადებლის ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი ომამდე არ იყო ამჟამად ოკუპირებული ტერიტორია. საკითხის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ სტატუსის მაძიებელი არ აკმაყოფილებდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც, ფ------ ბ-----ისთვის (პ/ნ 5----------) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება არ იყო მიზანშეწონილი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 09 დეკემბრის N0------------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის N3--- ბრძანების თანახმად, ფ------ ბ-----ეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

 

2.2. 2016 წლის 10 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს განცხადებით მიმართა ნ---- ბ-----ემ იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. განმცხადებელი ნ---- ბ-----ე უთითებს, რომ არის დევნილი ახალგორის რაიონის სოფელ ე------დან.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ახალგორის გამგეობას ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 10 აგვისტოს N MIA 8------------ წერილის თანახმად, ნ---- ბ-----ეს სოფელ ხ--–სა და წალენჯიხის რაიონ დ--------–- მუდმივად არ უცხოვრია. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 13 ოქტომბრის N2----- წერილის თანახმად, ნ---- ბ-----ე სეზონურად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ე------ში.

 

ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში, ნ---- ბ-----ეს ჩაუტარდა გასაუბრება 2016 წლის 11 ივლისს. გასაუბრებისას მოსარჩელემ განაცხადა, რომ დაიბადა 1978 წელს წალენჯიხაში. სწავლობდა დ------------- სკოლაში 9 კლასის ჩათვლით. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის N--- საშუალო სკოლაში. 1995-1997 წლებში სწავლობდა ახალგორში მ--------------------------------------– უნივერსიტეტში. შემდეგ დაამთავრა ქ. თბილისის დამოუკიდებელი ინსტიტუტი „ე------“. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უმუშავია. დაოჯახებული არ არის. მისი მამა ა------ ბ-----ე მუშაობდა ენგურჰესის მშენებლობაზე და ოჯახი ცხოვრობდა წალენჯიხაში 1994 წლამდე. 1999 წელს გარდაიცვალა მამა, რომელიც დაკრძალულია ახალგორში. 2008 წლის შემდეგ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მესტიაში. ამჟამად პერიოდულად იმყოფება ხან მესტიაში, ხან მცხეთაში, სადაც ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი სახლი.

 

ნ---- ბ-----ესთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნით ირკვევა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით, 1995 წელს ნ---- ბ-----ე დარეგისტრირდა მისამართზე: წალენჯიხა, ჯ---------------------. 2007 წელს გაცემულ პირადობაში აღნიშნული მისამართი შეცვლილი არ არის. 2012 წელს იგი დარეგისტრირდა მისამართზე - მესტია, სოფელი ხ--–ი. ნ---- ბ-----ის საცხოვრებელ ადგილად არასდროს ყოფილა მითითებული ოკუპირებული ტერიტორია.

 

ნ---- ბ-----ესთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნის თანახმად, სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დაადგინა განმცხადებლის ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი ომამდე არ იყო ამჟამად ოკუპირებული ტერიტორია. საკითხის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ სტატუსის მაძიებელი არ აკმაყოფილებდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც, ნ---- ბ-----ისთვის (პ/ნ 5---------4) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება არ იყო მიზანშეწონილი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 09 დეკემბრის N0------------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის N3--- ბრძანების თანახმად, ნ---- ბ-----ეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

 

2.3. 2015 წლის 1 მაისს, ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ, ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2015 წლის 21 აპრილის დასკვნის საფუძველზე, გაცემული იქნა N-- და N-- ცნობები მასზედ, რომ ნ---- და ფ------ ბ-----ეები 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონის სოფელ ე------ში.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის №3--- და №3--- ბრძანებები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ფ------ და ნ---- ბ-----ეების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008წ. აგვისტოს ომამდე იყო დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია - ახალგორის რაიონი, სოფელი ე------.

 

მოსარჩელე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.5. თბილისი საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია) განსაზღვრავენ ადამიანის ძირითად უფლებებს, აგრეთვე, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და მოახდინოს თავის დარღვეული უფლებისა თუ კანონით გარანტირებული უფლების დაცვა.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოსარჩელეების - ფ------ და ნ---- ბ-----ეების მიერ, რომლებიც სადავოდ ხდიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის №3--- და №3--- ბრძანებებს და სასამართლომ არსებითად უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში.

 

2.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის №3--- და №3--- ბრძანებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის თანახმად, დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციას, დევნილის სტატუსის მაძიებლის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

 

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება; დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება განეკუთვნება სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფლებამოსილებებს.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

 

2.8. სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტების თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვებას, ანუ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო უნდა შექმნოდა საფრთხე და აღნიშნული მიზეზით შეუძლებელი უნდა იყოს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

2.9. სასამართლომ განმარტა, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით, რომლის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე ივსება ანკეტა და გაიცემა დევნილის მოწმობა. დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმებს ადგენს სამინისტრო.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის №3--- ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე ნ---- ბ-----ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო ამავე სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 09 დეკემბრის N0------------- მოხსენებითი ბარათი და დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ნ---- ბ-----ე არ აკმაყოფილებდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის №3--- ბრძანებით, მოსარჩელე ფ------ ბ-----ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო ამავე სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 09 დეკემბრის N0------------- მოხსენებითი ბარათი და დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ფ------ ბ-----ე არ აკმაყოფილებდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

 

„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითადად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვებელის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საცხოვრებელი ადგილი ფართო ცნებაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, ხოლო მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, გადასახდის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

 

მოსარჩელე ფ------ ბ-----ესთან მიმართებით სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ გასაუბრების ოქმსა და დასკვნას. მოცემული მასალების მიხედვით, მოსარჩელე ფ------ ბ-----ე დაიბადა 1984 წელს წალენჯიხაში, სწავლობდა ახალგორის რაიონის სოფ.ზ---------–ის საშუალო სკოლაში 9 კლასის ჩათვლით. შემდეგ სწავლა განაგრძო ახალგორის N- საშ. სკოლაში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უმუშავია. დაოჯახდა 2003 წელს მესტიაში. მეუღლეს დევნილის სტატუსი არ აქვს. ჰყავს სამი შვილი, დაბადებული: 2003, 2007 და 2011 წლებში, ქ. თბილისში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2002 წელს ფ------ ბ-----ე დარეგისტრირდა მისამართზე: წალენჯიხა, ჯ-------------------. 2007 წელს გაცემულ პირადობაში აღნიშნულ მისამართი შეცვლილი არ არის. 2012 წელს იგი დარეგისტრირდა მისამართზე: მესტია, სოფ. ხ--–ი. ფ------ ბ-----ის საცხოვრებელ ადგილად არასდროს ყოფილა მითითებული ოკუპირებული ტერიტორია. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტეროტორიული ორგანოს რწმუნებულის 2016 წლის 13 ოქტომბრის N-- დასკვნის თანახმად, ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტეროტორიული ორგანოს მიერ დადგინდა, რომ მოქალაქე ფ------ ბ-----ე 2008 წლის აგვისტოს ომამდე სეზონურად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ე------ში.

 

მოსარჩელე ნ---- ბ-----ესთან მიმართებით სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ გასაუბრების ოქმსა და დასკვნას. მოცემული მასალების მიხედვით, მოსარჩელე ნ---- ბ-----ე დაიბადა 1978 წელს, წალენჯიხაში. სწავლობდა დ------------- სკოლაში 9 კლასის ჩათვლით. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის N--- საშუალო სკოლაში. 1995-1997 წლებში სწავლობდა ახალგორში, მ--------------------------------------– უნივერსიტეტში. შემდეგ დაამთავრა ქ. თბილისის დამოუკიდებელი ინსტიტუტი „ე------“. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უმუშავია. დაოჯახებული არ არის. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით, 1995 წელს ნ---- ბ-----ე დარეგისტრირდა მისამართზე: წალენჯიხა, ჯ---------------------. 2007 წელს გაცემულ პირადობაში აღნიშნული მისამართი შეცვლილი არ არის. 2012 წელს იგი დარეგისტრირდა მისამართზე: მესტია, სოფელ ხ--–ი. ნ---- ბ-----ის საცხოვრებელ ადგილად არასდროს ყოფილა მითითებული ოკუპირებული ტერიტორია. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტეროტორიული ორგანოს რწმუნებულის 2016 წლის 13 ოქტომბრის N-- დასკვნის თანახმად, ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტეროტორიული ორგანოს მიერ დადგინდა, რომ მოქალაქე ფ------ ბ-----ე 2008 წლის აგვისტოს ომამდე სეზონურად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ე------ში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ჩატარებული წარმოებიდან გამომდინარე, განხორცილდა რა ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტეროტორიული ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის, მოსარჩელეებთან გასაუბრების შედეგებისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი შეფასება, მიჩნეულ იქნა, რომ ნ---- და ფ------ ბ-----ეების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის აგვისტომდე არ იყო ახალგორის რაიონი, სოფელი ე------. სასამართლოს შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ინფორმაციის გაცემა ამ ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე პირის მუდმივად ცხოვრების თაობაზე უნდა იქნეს მიჩნეული შესაბამისი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში სათანადო წარმოებისა თუ საქმიანობის შედეგად მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტად, ვინაიდან, ყოველი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა მკაცრად რეგლამენტირებულია კანონმდებლობით. სასამართლომ განმარტა, რომ საცხოვრებელ ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ასეთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს კი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ნ---- და ფ------ ბ-----ეებისთვის სოფელი ე------ არ წარმოადგენდა, რაც დადასტურებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით.

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 1 მაისის N-- ცნობასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე მესამე პირის - ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა თ--------------–---–მა განმარტა, რომ მის მიერ 2015 წლის 1 მაისის ცნობა გაცემული იქნა ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის დასკვნის საფუძველზე და შესაბამისად, მითითებული მდგომარეობით გაცემული ცნობა ასახავს კომისიის დასკვნის შედეგს, ხოლო 2016 წლის 13 ოქტომბრის N-- დასკვნა მომზადდა ტერიტორიული ორგანოს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების და აღნიშნულ ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. გარდა ამისა, თ--------------–---–მა განმარტა, რომ სეზონური ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელეები ზაფხულის განმავლობაში ჩადიოდნენ სოფელ ე------ში.

 

დადგენილია, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისია დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს, რის გამოც სასამართლოსათვის უცნობია კომისიის მოსაზრება გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----------------ის, თ---------------–---–-სა და გ-----------------–---–ის ჩვენებებით უტყუარად ვერ დადასტურდა მოსარჩელეების ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. მოწმეებს ზუსტად არ ახსოვთ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, მტკიცებულებად იმისა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ოკუპირებული ტერიტორია არ შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, აუცილებელია, აღნიშნული ასევე დასტურდებოდეს სხვა მტკიცებულებითაც, მით უფრო, როდესაც მოწმეებმა ნ---- ბ-----ის სამუშაო ადგილთან დაკავშირებით განმარტებები მისცეს თავად მოსარჩელისაგან განსხვავებულად (დადგენილია, რომ ნ---- ბ-----ე 2008 წლის მოვლენებამდე მუშაობდა მესტიაში).

 

სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, როდესაც დავის საგანი შეეხება ადმინისტრაციულ აქტს, მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელმაც გამოსცა ეს აქტი ანუ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამტკიცოს თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას მოთხოვნის დასაბუთებისაგან და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. მოთხოვნა მხარემ უნდა დაასაბუთოს, ხოლო შემდგომ ამ მოთხოვნათა უარყოფისა და საპირისპიროს დამტკიცების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამდენად, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ნ---- და ფ------ ბ-----ეები ახალგორის რაიონის სოფელ ე------ში მუდმივად ცხოვრობდნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე (ცხოვრობდა მხოლოდ სეზონურად), ამდენად, ისინი არ წარმოადგენენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირებს - დევნილებს. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოსარჩელეებისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმამდე სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები და სწორად შეაფასა მტკიცებულებები. ამდენად, სადავო აქტით მოსარჩელე მხარისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის დაცვით, რაც არ ქმნის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

 

2.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამდენად, მოსარჩელემ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობს ნ---- და ფ------ ბ-----ეების მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 14 დეკემბრის №3--- და №3--- ბრძანებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ნ---- ბ-----ისა და ფ------ ბ-----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. აპელანტები მიუთითებენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-6 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე და აღნიშნავენ, რომ პირს უფლება აქვს, ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ფლობდეს თითოეულ მათგანთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობებს. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელეების დედა და და არიან დევნილები და მათი საცხოვრებელი ადგილი იყო ახალგორის რაიონის სოფელი ე------, სადაც მათ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთები და იქ დაბრუნების საშუალება არ გააჩნიათ. ფ------ ბ-----ემ იქ დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო ნ---- ბ-----ე სწავლობდა იქვე უმაღლესი სასწავლებლის ფილიალში და ცხოვრობდნენ მშობლებთან ერთად. შესაბამისად, მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის სოფელი ე------. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი.

 

აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არ შეაფასა ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 01.05.2015 წ. N-- ცნობა და კომისიის 21.04.2015წ. N8-- დასკვნა, მესტიის რაიონის შს სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის გამოკითხვის ოქმები, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ცნობა, მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებები, სკოლის დამთავრების ატესტატი და სხვა ცნობები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ ნ---- ბ-----ისა და ფ------ ბ-----ის ცხოვრების ფაქტს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რის გამოც მათ უნდა მიენიჭოთ დევნილის სტატუსი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.4. 2016 წლის 6 ივნისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს განცხადებით მიმართა ფ------ ბ-----ემ იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. განცხადებაში ფ------ ბ-----ე მიუთითებდა, რომ არის დევნილი ახალგორის რაიონის სოფელ ე------დან.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 10 აგვისტოს N MIA 6------------ წერილის თანახმად, ფ------ ბ-----ეს სოფელ ხ--–სა და წალენჯიხის რაიონ დ--------–- მუდმივად არ უცხოვრია. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 13 ოქტომბრის N2----- წერილის მიხედვით, ფ------ ბ-----ე სეზონურად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ე------ში.

 

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ფ------ ბ-----ეს 2016 წლის 10 ივნისს ჩაუტარდა გასაუბრება. გასაუბრებისას ფ------ ბ-----ემ განაცხადა, რომ დაიბადა 1984 წელს, წალენჯიხაში. სწავლობდა ახალგორის რაიონის სოფ. ზ---------–ის საშუალო სკოლაში 9 კლასის ჩათვლით. შემდეგ სწავლა გააგრძელა ახალგორის N- საშუალო სკოლაში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უმუშავია. დაოჯახებულია, ქორწინების ადგილი და თარიღი - მესტია, 2003 წ. მეუღლეს დევნილის სტატუსი არ აქვს. ჰყავს სამი შვილი, დაბადებულნი 2003, 2007 და 2011 წლებში, ქ. თბილისში. მისი განმარტებით, მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობდა ახალგორში. მამა - ა------ ბ-----ე მუშაობდა ენგურჰესის მშენებლობაზე და ოჯახი ცხოვრობდა წალენჯიხაში 1994 წლამდე. 1999 წელს გარდაიცვალა მამა, რომელიც დაკრძალულია ახალგორში. 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ე------ში. 2008 წლის შემდეგ ოჯახთან ერთად ცხოვრობს მესტიაში.

 

ფ------ ბ-----ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნით ირკვევა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2002 წელს ფ------ ბ-----ე დარეგისტრირდა მისამართზე: წალენჯიხა, ჯ--------------------. 2007 წელს გაცემულ პირადობაში აღნიშნული მისამართი შეცვლილი არ არის. 2012 წელს იგი დარეგისტრირდა მისამართზე - მესტია, სოფ. ხ--–ი. ფ------ ბ-----ის საცხოვრებელ ადგილად არასდროს ყოფილა მითითებული ოკუპირებული ტერიტორია.

 

ფ------ ბ-----ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნის მიხედვით, სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დაადგინა განმცხადებლის ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი ომამდე არ იყო ამჟამად ოკუპირებული ტერიტორია. საკითხის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სტატუსის მაძიებელი არ აკმაყოფილებდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც, ფ------ ბ-----ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება არ იყო მიზანშეწონილი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 09 დეკემბრის N0------------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის N3--- ბრძანებით, ფ------ ბ-----ეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

 

4.5. 2016 წლის 10 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს განცხადებით მიმართა ნ---- ბ-----ემ იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ არის დევნილი ახალგორის რაიონის სოფელ ე------დან.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ახალგორის გამგეობას ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 10 აგვისტოს N MIA 8------------ წერილის თანახმად, ნ---- ბ-----ეს სოფელ ხ--–სა და წალენჯიხის რაიონ დ--------–- მუდმივად არ უცხოვრია. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 13 ოქტომბრის N2----- წერილის მიხედვით, ნ---- ბ-----ე სეზონურად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ე------ში.

 

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2016 წლის 11 ივლისს ნ---- ბ-----ეს ჩაუტარდა გასაუბრება. გასაუბრებისას ნ---- ბ-----ემ განაცხადა, რომ დაიბადა 1978 წელს, წალენჯიხაში. სწავლობდა დ------------- სკოლაში 9 კლასის ჩათვლით. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის N--- საშუალო სკოლაში. 1995-1997 წლებში სწავლობდა ახალგორში, მ--------------------------------------– უნივერსიტეტში. შემდეგ დაამთავრა ქ. თბილისის დამოუკიდებელი ინსტიტუტი „ე------“. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უმუშავია. დაოჯახებული არ არის. მისი მამა ა------ ბ-----ე მუშაობდა ენგურჰესის მშენებლობაზე და ოჯახი ცხოვრობდა წალენჯიხაში 1994 წლამდე. 1999 წელს გარდაიცვალა მამა, რომელიც დაკრძალულია ახალგორში. 2008 წლის შემდეგ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მესტიაში. ამჟამად პერიოდულად იმყოფება ხან მესტიაში, ხან მცხეთაში, სადაც ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი სახლი.

 

ნ---- ბ-----ესთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნით ირკვევა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით, 1995 წელს ნ---- ბ-----ე დარეგისტრირდა მისამართზე: წალენჯიხა, ჯ---------------------. 2007 წელს გაცემულ პირადობაში აღნიშნული მისამართი შეცვლილი არ არის. 2012 წელს იგი დარეგისტრირდა მისამართზე - მესტია, სოფელი ხ--–ი. ნ---- ბ-----ის საცხოვრებელ ადგილად არასდროს ყოფილა მითითებული ოკუპირებული ტერიტორია.

 

ნ---- ბ-----ესთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნის თანახმად, სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დაადგინა განმცხადებლის ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი ომამდე არ იყო ამჟამად ოკუპირებული ტერიტორია. საკითხის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სტატუსის მაძიებელი არ აკმაყოფილებდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც, ნ---- ბ-----ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება არ იყო მიზანშეწონილი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 09 დეკემბრის N0------------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის N3--- ბრძანებით, ნ---- ბ-----ეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

 

4.6. ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2015 წლის 21 აპრილის დასკვნის შესაბამისად, ფ------ ბ-----ე და ნ---- ბ-----ე 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონის სოფელ ე------ში. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, 2015 წლის 1 მაისს, ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ, გაცემული იქნა N-- და N-- ცნობები მასზედ, რომ ნ---- და ფ------ ბ-----ეები 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონის სოფელ ე------ში.

 

4.7. დ-----------–---–ის, მ-----------------ის, რ----- ბ-----ის, ს------- ბ-----ის, ი---------–-–---–ის, რ-------------–-–---–ის, მ--------------ის, მ----–------–---–ის, ი------------------–---–ის, მ-----------–---–ის და გ-----------------–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების მიხედვით, ისინი ადასტურებენ, რომ ვ--–---- ბ-----ე, ნ--- ბ-----ე, ნ---- ბ-----ე და ფ------ ბ-----ე 1994 წლიდან 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონში, სოფ. ე------ში მდებარე საკუთარ სახლში.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.8. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის №3--- და №3--- ბრძანებების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნული ბრძანებებით ნ---- ბ-----ესა და ფ------ ბ-----ეს უარი ეთქვათ დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლების არსებობა.

 

4.10. დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

4.11. სააპელაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მათ შორის, მას კონკრეტული საფუძვლით - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხის შექმნის მიზეზით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელი უნდა იყოს მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად, აუცილებლად უნდა განისაზღვროს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც უკავშირდება ტერიტორიის დატოვების საფუძვლების დადგენაც.

 

4.12. დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, როგორც დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ამასთანავე, კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს დევნილის რეგისტრაციისა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებს, კერძოდ მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; დევნილის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

 

4.13. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება კანონით გათვალისწინებული რომელიმე მიზეზების არსებობის გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან თავად ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი.

 

4.14. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მნიშვნელოვან განმარტებაზე „მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით (საქმე ბს-1896-1849(კ-10); სუსგ 09.06.2011 წ.). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საცხოვრებელი ადგილი იყო უფრო ფართო მნიშვნელობის, რომლის კონკრეტულ სახეს წარმოადგენდა „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონოდა რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევდა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულო იყო პირის ნებასთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის არსებობა. ამასთან, პირის ნება - დაეფუძნებინა საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონოდა ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული იყო აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურებულიყო, მაგ: გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენდა მუდმივ მაცხოვრებელს. საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეეძლო დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. ამდენად, პირის მიერ საკუთარი ნებით, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის პრინციპის საფუძველზე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემთხვევაში იკარგებოდა დევნილად ცნობის მეორე სავალდებულო პირობა – იძულებით გადაადგილების ფაქტი.

 

4.15. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაზე, კერძოდ, უნდა დადასტურდეს, რომ ისინი 2008 წლის ომამდე ცხოვრობდნენ ახალგორში და ომის შემდეგ იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

4.16. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-626-596(კ-07), სადაც განმარტებულია, რომ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.“ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერება მოწმდება არა სამართლებრივი საფუძვლებით (სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი) არამედ, ფაქტის არასწორად დადგენისა და შეფასების შედეგად არასწორად ნორმის შეფარდების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკურია, რომ გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ.“

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

4.17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის, აპელანტებთან გასაუბრების ოქმებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპელანტების ცხოვრებისა და მუშაობის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 10 აგვისტოს N MIA 6------------ და N MIA 8------------ წერილებს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 13 ოქტომბრის N2----- წერილს, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ არ დასტურდება ნ---- ბ-----ისა და ფ------ ბ-----ის ახალგორის რაიონის სოფელ ე------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე (ცხოვრობდა მხოლოდ სეზონურად). სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ აღნიშნული დოკუმენტები გაცემულია კომპეტენტური და უფლებამოსილი ორგანოების მიერ და მათში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ნ---- ბ-----ე და ფ------ ბ-----ე მხოლოდ სეზონურად ცხოვრობდნენ ახალგორში. ამდენად, აპელანტები არ წარმოადგენენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირებს - დევნილებს. რაც შეეხება აპელანტების მიერ წარმოდგენილ ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, იგი ვერ იქნება მიჩნეული ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის საკმარის მტკიცებულებად. მით უფრო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა მ-----------------ი, თ---------------–---–- და გ-----------------–---–ი და სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ---- ბ-----ის სამუშაო ადგილთან დაკავშირებით განმარტებები მისცეს თავად მოსარჩელისაგან განსხვავებულად. ასევე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტების დედისა და დისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება ვერ იქონიებს გავლენას აპელანტებისათვის სტატუსის მინიჭებაზე, რამეთუ მნიშვნელოვანია, რომ ისინი თავად აკმაყოფილებდნენ კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს.

 

4.18. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

 

ვინაიდან აპელანტები ვერ აკმაყოფილებდნენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის სავალდებულო მოთხოვნებს, მათ კანონშესაბამისად ეთქვათ უარი სტატუსის მინიჭებაზე.

 

4.19. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ---- ბ-----ისა და ფ------ ბ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი ტყავაძე