განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017001830767 (3ბ/2400-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები- მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნ----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი/მ მ--–-------------
წარმომადგენელი - გ------------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ი/მ მ--–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 28 დეკემბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის №4--- ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 11 თებერვალს მ--–------------- რეგისტრირებულ იქნა ინდივიდუალურ მეწარმედ.
2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 28 დეკემბერს მ--–------------ის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №C-------, რომლის თანახმად, მ--–------------- ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 9 392,8 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - „დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა“ (19,9 მ3 X 472 ლარი) ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალებით „უ----–-“, უნომრო; მძღოლი - ლ-----------; გადამოწმების დრო - 14.12.2016, 00:15 სთ) სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე, მ--–------------- დაჯარიმდა 5 000 (ხუთიათასი) ლარით და ჩამოერთვა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძვლად მითითებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს 2016 წლის 14 დეკემბრის №D---------------- წერილი.
2.3. 2017 წლის 27 იანვარს მ--–-------------მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 28 დეკემბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციის გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ ტრანსპორტირებული ხის მასალა წარმოადგენს სოციალური ჭრების საფუძველზე მოპოვებულს, ამდენად, არ არსებობდა სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის №4--- ბრძანებით მ--–------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.4. 2016 წლის 25 იანვარს, 19:20 საათზე თ---------–-–---–ზე, როგორც ხე-ტყით მოსარგებლეზე გაცემულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი №----------. დოკუმენტში სატრანსპორტო საშუალებად მითითებულია ტ------------------ კ--------------, დანიშნულების ადგილი - ბორჯომი, ა---–------- №10, ხე-ტყის გადამზიდავი პირია თ--------------------–---–ი. დოკუმენტში ხე-ტყის ჯიშად აღნიშნულია ნაძვი. 2016 წლის 2 თებერვალს, 18:05 საათზე ი-–-------------ზე, როგორც ხე-ტყით მოსარგებლეზე გაცემულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი №1---------. დოკუმენტში სატრანსპორტო საშუალებად მითითებულია უ----–-, დანიშნულების ადგილი - ბორჯომი, სოფ. ტ--------------, ხე-ტყის გადამზიდავი პირია ლ-----------. დოკუმენტში ხე-ტყის ჯიშად აღნიშნულია ნაძვი. 2016 წლის 3 სექტემბერს, 23:35 საათზე ხ-------------ზე, როგორც ხე-ტყით მოსარგებლეზე გაცემულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი №1---------. დოკუმენტში სატრანსპორტო საშუალებად მითითებულია უ----–-, დანიშნულების ადგილი - ბორჯომი, სოფ. ტ--------------, ხე-ტყის გადამზიდავი პირია ლ-----------. დოკუმენტში ხე-ტყის ჯიშად აღნიშნულია ნაძვი.
2.5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 8 ივნისის №1------- წერილის მიხედვით, ხ-------------ს ხე-ტყის წარმოშობის №1--------- დოკუმენტით ათვისებული აქვს 9,36 მ3 I ხარისხის ხე-ტყე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 8 ივნისის №1------- წერილის მიხედვით, ი-–-------------ს ხე- ტყის წარმოშობის №1--------- დოკუმენტით ათვისებული აქვს 10,82 მ3 I ხარისხის ხე-ტყე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 8 ივნისის №1------- წერილის მიხედვით, თ---------–-–---–ს ხე-ტყის წარმოშობის №---------- დოკუმენტით ათვისებული აქვს 10,74 მ3 I ხარისხის ხე- ტყე.
2.6. თ---------–-–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების მიხედვით, 2016 წლის 25 იანვარს სოციალური ჭრის შედეგად მოიპოვა ხის მასალა, რომელიც დაამუშავა და ხ------------ის დახმარებით უნდა ჩაეტანა საცხოვრებელ სახლში, თუმცაღა აღნიშნული მიჩნეულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობად და მ--–-------------ს შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარი, ხოლო კანონიერ მეპატრონეებს ჩამოერთვათ ხის მასალა. თ---------–-–---–მა განმარტა, რომ ხის მასალა არავისზე არ გაუსხვისებია და იგი ვერ იქნებოდა გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისათვის. ხ------------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების მიხედვით, 2016 წლის 3 სექტემბერს გადაეცა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული მორი, რომელიც დამუშავების შემდეგ დასაწყობებული ჰქონდა თ---------–-–---–ისა და ი-–-------------ის მასალებთან ერთად ბორჯომში, სოფელ მ-------–ი. 2016 წლის 13 დეკემბერს მასალა დატვირთა უ----–-ს მარკის ავტომანქანაზე, რომელსაც მართავდა ლ----------- და ტრანსპორტირება მოხდა სოფელ ტ-------------მდე, სადაც ხე-ტყის გადატვირთვა სხვა ავტომობილზე ხდებოდა მუშების მიერ. ხ------------ის განმარტებით, მასალის თანმხლები დოკუმენტები დაუტოვა მ--–-------------ს და წავიდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეპატრონეებს არ გაუსხვისებიათ ხის მასალა და იგი ვერ იქნებოდა გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისათვის. ი-–-------------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების მიხედვით, 2016 წლის 2 თებერვალს გადაეცა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხის მასალა, რომელიც დაამუშავა და მისთვის უნდა მიეტანათ საცხოვრებელ სახლში, თუმცაღა მასალა მიიჩნიეს მ--–------------ის საკუთრებად, რომელიც დააჯარიმეს და ჩამოართვეს ხის მასალა. ი-–-------------მა განმარტა, რომ ხის მასალა არავისზე არ გაუსხვისებია და იგი ვერ იქნებოდა გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისათვის.
2.7. 2015 წლის 21 მაისს, 17 ივნისსა და 14 ივლისსა შიდა გადაზიდვებისათვის გამოწერილია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები. 2015 წლის 18 ოქტომბერს მ--–------------ის, როგორც გამყიდველის მიერ, სს „ბ------------–---–-ზე“ გამოწერილია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 28 დეკემბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის №4--- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. იმავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთან, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
2.10. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს ასევე „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. იმავე მუხლით განსაზღვრულია, რომ საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენის ფაქტის გამოვლენის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ამგვარ შემთხვევაში ადგენენ შესაბამის ოქმს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 28 დეკემბერს მ--–------------ის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №C-------, რომლითაც მოსარჩელე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 5 000 (ხუთიათასი) ლარით და ჩამოერთვა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, მ--–------------- ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 9 392,8 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - „დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა“ (19,9 მ3 X 472 ლარი) ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალებით „უ----–-“, უნომრო; მძღოლი - ლ-----------; გადამოწმების დრო - 14.12.2016, 00:15 სთ) სასაქონლო ზედნადების გარეშე. მ--–------------- არ დაეთანხმა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტა, რომ აღმოჩენილი ხის მასალა არ წარმოადგენდა მის საკუთრებას, ამასთან, ხე-ტყე მოპოვებული იყო სოციალური ჭრის საფუძველზე და არ გამოიყენებოდა ეკონომიკური საქმიანობისათვის. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი მოქმედებდა ხის მასალის მესაკუთრეთა დავალებით, გააჩნდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები, რომლებიც საგადასახადო ორგანოს მიერ გაზიარებული არ იქნა, გარდა ამისა, ვინაიდან დოკუმენტები მ--–-------------მ წარადგინა, საქონელი სწორედ მის საკუთრებად იქნა მიჩნეული.
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს მ--–------------ის მეწარმე-სუბიექტად არსებობაზე, მის მიერ ხე-ტყის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებაზე, რასაც წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები მოწმობს, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ ხის მასალის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტის მხოლოდ სასამართლო წარმოებისას სადავოობაზე, რაც მას ადმინისტრაციული წარმოებისას არ განუცხადებია. მოცემულ გარემოებათა საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტრანსპორტირებულ საქონელზე, სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვების შემთხვევაშიც კი, წარმოქმნილი იყო მ--–------------ის საკუთრების უფლება, რომელიც საქონლის ტრანსპორტირებას ეწეოდა ეკონომიკური საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადების გარეშე. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის. საქალაქო სასამართლომ მიუთითა სადავო მუხლის დისპოზიციაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია მოსარჩელე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, მაგრამ მუხლის მიზნებისთვის განმსაზღვრელია საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის კუთვნილება და არა ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მეწარმე-სუბიექტად არსებობა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ზედნადების შევსების მიზანია გადასახადის გადამხდელის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. ამდენად, საგადასახადო მიზნებისთვის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებისაგან თავის არიდების საფუძველი, როდესაც საქონელი განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისთვის. ამასთან, მოსარჩელე წარმოადგენს ფიზიკურ პირს და შესაბამისად, მის მიერ ამა თუ იმ მოქმედების განხორციელება თანამედროვე ადამიანის ყოფის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს და ფიზიკური პირები ყოველდღიურად უამრავ სხვადასხვა გარიგებას დებენ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მათი ნებისმიერი მოქმედება არ უნდა იქნას მიჩნეული სამეწარმეო მიზნებისთვის განხორციელებულად, არამედ აღნიშნული მხოლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადგინდეს. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისთვის თუ მოგების მიღების მიზნით. ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-205-203(კ-14)). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხოლოდ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისა და მის მიერ სადავო შემთხვევებამდე სასაქონლო ზედნადებების გამოწერის ფაქტი ავტომატურად არ ადასტურებს, რომ ხის მასალა სწორედ მ--–-------------ს ეკუთვნოდა, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის ახორციელებდა ხე-ტყის ტრანსპორტირებას. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხე-ტყის მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო. იმავე წესის შესაბამისად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. მითითებული მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, იმ ხე-ტყის ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში არ აქვს შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, აგრეთვე იმ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელიც დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, ასევე მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნებისმიერი ფორმით გასხვისება. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 252 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა მიხედვითაც, ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე; ბ) ხე-ტყის მომპოვებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტყიდან დანიშნულების ადგილამდე (პირველადი დასაწყობების ან პირველად გადამამუშავებელ ობიექტამდე) ტრანსპორტირებისას. აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, ვინაიდან ხორციელდებოდა სწორედ ხე-ტყის ტრანსპორტირება, რაც სპეციალურ წესს ითვალისწინებს, ამასთან, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არსებობისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება არ არსებობს, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა დადგინდეს, რამდენად წარმოადგენდა ტრანსპორტირებული საქონელი თ---------–-–---–ზე, ი-–-------------სა და ხ-------------ზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებით გათვალისწინებულ საქონელს და ხომ არ მომხდარა მასზე მ--–------------ის მიერ საკუთრების უფლების მოპოვება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-1635-1589(კ-08), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“ საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-626-596(კ-07), სადაც განმარტებულია, რომ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.“ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერება მოწმდება არა სამართლებრივი საფუძვლებით (სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი) არამედ, ფაქტის არასწორად დადგენისა და შეფასების შედეგად არასწორად ნორმის შეფარდების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკურია, რომ გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ.“ ამრიგად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
2.13. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ტრანსპორტირებული საქონელი ნამდვილად ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებში მითითებულ ხე-ტყეს წარმოადგენდა, მასზე უკვე არსებობდა მოსარჩელის საკუთრების უფლება, რომელიც ახდენდა საქონლის კონკრეტული მიზნით - ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის ტრანსპორტირებას, შესაბამისად, სახეზეა საგადასახადო სამართალდარღვევა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ მ--–-------------ს ი-–-------------ის, ხ------------ისა და თ---------–-–---–ის მითითებით მოქმედების შემთხვევაში, უნდა გამოეჩინა მეწარმისათვის აუცილებელი გულისხმიერება და წინდახედულება და დავალების ხელშეკრულება წერილობით გაეფორმებინა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დავალების ხელშეკრულების მხოლოდ წერილობითი ფორმით დადების ვალდებულება განსაზღვრული არ არის, ამრიგად, დაუშვებელია, რომ მხარეს მოეთხოვოს ისეთი ქმედების განხორციელება, რის ვალდებულებასაც მას კანონი არ აკისრებს. საგადასახადო ორგანო არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს მხარეს ისეთი დოკუმენტის სავალდებულო წესით შედგენა, რომლის წერილობითი გაფორმების ცალსახა ვალდებულებასაც კანონი არ იცნობს. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების ფორმის არჩევის თავისუფლება განეკუთვნება სამოქალაქო ბრუნვის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - სახელშეკრულებო თავისუფლებას, რომელიც მხოლოდ კანონით და არა ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით შეიძლება შეიზღუდოს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, მ--–-------------სა და მესამე პირებს შორის დავალების ხელშეკრულება შეიძლებოდა დადებულიყო ზეპირი ფორმითაც და აღნიშნულის გადაწყვეტის შესაძლებლობა მხოლოდ მხარეთა თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული. რაც შეეხება საკუთრების უფლების გადაცემას, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც თან ახლავს გადასახადის გადამხდელის უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგადასახადო პასუხისმგებლობის გამოყენება, აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებულად არგუმენტირებული, რამეთუ პირდაპირ არის დაკავშირებული თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის, პირის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპებთან. ამრიგად, მარტო ვარაუდი იმისა, რომ ი-–-------------მა, თ---------–-–---–მა, ხ-------------მ გადასცეს მ--–-------------ს ხე-ტყეზე საკუთრების უფლება, რაც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, ვერ გახდება აღნიშნული ეჭვის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი. აღნიშნულს არ ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მ--–--------------მ საქონელზე სხვისი საკუთრების ფაქტი მიუთითა მხოლოდ სასამართლო წარმოებისას, რამეთუ მხარე არ არის შეზღუდული სასამართლო წარმოებისას მიუთითოს იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებიც მის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას მითითებული არ ყოფილა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მონიტორინგის დეპარტამენტისადმი მ--–------------ის წარდგენილი განმარტება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ წარუდგინა დეპარტამენტს „სოციალური ჭრის საფუძველზე გამოწერილი დოკუმენტები და მასთან ერთად დოკუმენტის მეპატრონეები“. იმ შემთხვევაშიც, თუ მეწარმეს ადმინისტრაციული დავისას ცალსახად არ დაუფიქსირებია, რომ არ წარმოადგენს საქონლის მესაკუთრეს, მის მიერ, ერთი მხრივ, არ მომხდარა არც საკუთრების ფაქტის აღიარება, ხოლო, მეორე მხრივ, საგადასახადო სამართალდარღვევის მომენტიდან გადასახადის გადამხდელი მიუთითებდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებზე და ასახელებდა მათში მითითებულ პირებს. საქალაქო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო ის გარემოება, რომ ტრანსპორტირებული საქონელი და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებში მითითებული საქონელი არ ემთხვეოდა. საქალაქო სასამართლომ უპირველეს ყოვლისა მიუთითა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტსა და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში მითითებული ხე-ტყის იდენტურობაზე - წიწვოვანი ხე. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს საქონლის ოდენობის შესაბამისობა, კერძოდ, ტრანსპორტირებული საქონელი არ უნდა იყოს სოციალური ჭრის საფუძველზე გაცემული ხე-ტყის ოდენობაზე მეტი. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წერილები, რა რაოდენობით ხე იქნა ათვისებული ი-–-------------ის, თ---------–-–---–ისა და ხ------------ის მიერ, რაც შედარებულ უნდა იქნას ტრანსპორტირებულ ხის მასალასთან და გათვალისწინებულ უნდა იქნას ხე-ტყის გადამუშავების დანაკარგი. აღნიშნული გარემოება კი საგადასახადო ორგანოს კვლევის საფუძველი არ გამხდარა.
2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოიცავს საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, საქმის განხილვის, სანქციის შეფარდების, გადაწყვეტილების მიღების და მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის პროცედურებს. ამდენად, სამართალდარღვევის საქმის წარმოება და პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14). საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, „ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-205-203(კ-14)). საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს არ განუხორციელებია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების კვლევა - ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების შედეგად მოპოვებული ხის მასალის ოდენობის ტრანსპორტირებული ხის მასალის ოდენობასთან შედარება.
2.15. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 28 დეკემბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის №4--- ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებიდან გამომდინარე, იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს.
3.2. აპელანტის მითითებით, 2016 წლის 14 დეკემბერს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა მიმართა შემოსავლების სამსახურს D---------------- წერილით, საიდანაც ირკვევა, რომ 2016 წლის 14 დეკემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმების მიზნით დათვალიერებულ იქნა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ფ/პ ლ----------- (ს/ნ 1----------). დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ა/მანქანის ძარაზე განთავსებული იყო ი/მ მ--–------------ის (ს/ნ 1----------) კუთვნილი ხე-მასალა, რომელზეც არ იყო გამოწერილი შესაბამისი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (O-----) გადამოწმებულ იქნა საქონლის მესაკუთრის ი/მ მ--–------------ის (ს/ნ 1----------) მიერ 2016 წლის 14 დეკემბერს ტრანსპორტირებულ საქონელზე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფაქტი, რა დროსაც დადგინდა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ხე-მასალა) ტრანსპორტირება ხდებოდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. მოსარჩელე მ--–------------- 2015 წლის 11 თებერვალს რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც აქტიურად ეწეოდა ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირებას ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას მოწმობს მის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები.
3.3. აპელანტის მითითებით, შემოსავლების სამსახურის სისტემაში დავის წარმოებისას ი/მ მ--–------------ის მიერ სადავოდ არ გამხდარა მისი მესაკუთრეობის ფაქტი, საჩივარში იგი აპელირებდა მხოლოდ ხე-ტყის მასალის არაკომერციული მიზნების გამოყენებაზე, აღნიშნული საქონელი წარმოადგენდა ი/მ მ--–------------ის ეკონომიკური საქმიანობის ნაწილს, რის გამოც შედგა სამართალდარღვევის ოქმი. მის მიერ ასევე წარმოდგენილია ხელწერილი, რომლის შინაარსიდანაც ირკვევა, რომ სხვა პირების სახელით მოპოვებული ხე-მასალა გადაჰქონდა ქვედა მ--------დან კ-------- უბანში, რა დროსაც იგი დაჯარიმდა, წარმოდგენილი ვიდეო მასალიდან კი ნათლად ჩანს საქონლის რაოდენობა, თანდართული წერილობითი მასალები კი დახერხილი ფიცრის არაკომერციული საქმიანობისათვის გამოყენების შესაძლებლობას უპირობოდ აბათილებს. აპელანტის მოსაზრებით, საქმეში არსებობს ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ი/მ მ--–------------ის (ს/ნ 1----------) მიერ გადამოწმებისას ხორციელდებოდა ეკონომიკური საქმიანობა. პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური საქმიანობის არაერთჯერად ხასიათზე, თუმცა მხედველობაში არ მიიღო მეწარმე სუბიექტის მიერ წარსულში გამოწერილი ზედნადებები, რომლებიც, აპელანტის წარმომადგენლის აზრით, ცხადყოფს, რომ ხე-ტყესთან დაკავშირებული ოპერაციები მისი ეკონომიკური საქმიანობის სახეა, და კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ასეთი საქმიანობის ერთ-ერთ შემთხვევას.
3.4. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში გაჟღერდა საკითხი ი/მ მ--–------------ის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ტრანსპორტირების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნული პოზიცია უნდა დადასტურდეს გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებით, თუმცა ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნული პოზიცია შემოსავლების სამსახურის მხრიდან გაჟღერდა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც, ამ უკანასკნელმა კი იგი განმარტა ისე, თითქოს შემოსავლების სამსახური უდგენს სამართალსუბიექტს ვალდებულებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში. აპელანტის წარმომადგენელი აღნიშნულ მსჯელობას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ თუ ადმინისტრაციული აქტის კანონიერების დადასტურება მისი გამომცემი ორგანოს ვალდებულებაა, მის კანონშეუსაბამოობის შესახებ მოყვანილი არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა ეკისრება უშუალოდ სამართალდამრღვევ პირს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აპელანტის მითითებით, სოციალური ჭრებით მოსარგებლე პირების ახსნა-განმარტებები წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლო პროცესზე და არა დავის განმხილველ საბჭოში. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოებისას გადამხდელის მიერ სადავოდ არ გამხდარა მის საქონელზე მესაკუთრეობის ფაქტი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 11 თებერვალს მ--–------------- რეგისტრირებულ იქნა ინდივიდუალურ მეწარმედ.
4.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 28 დეკემბერს მ--–------------ის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №C-------, რომლის თანახმად, მ--–------------- ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 9 392,8 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - „დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა“ (19,9 მ3 X 472 ლარი) ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალებით „უ----–-“, უნომრო; მძღოლი - ლ-----------; გადამოწმების დრო - 14.12.2016, 00:15 სთ) სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე, მ--–------------- დაჯარიმდა 5 000 (ხუთიათასი) ლარით და ჩამოერთვა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძვლად მითითებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს 2016 წლის 14 დეკემბრის №D---------------- წერილი.
4.4. 2017 წლის 27 იანვარს მ--–-------------მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 28 დეკემბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციის გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ ტრანსპორტირებული ხის მასალა წარმოადგენს სოციალური ჭრების საფუძველზე მოპოვებულს, ამდენად, არ არსებობდა სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის №4--- ბრძანებით მ--–------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.5. 2016 წლის 25 იანვარს, 19:20 საათზე თ---------–-–---–ზე, როგორც ხე-ტყით მოსარგებლეზე გაცემულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი №----------. დოკუმენტში სატრანსპორტო საშუალებად მითითებულია ტ------------------ კ--------------, დანიშნულების ადგილი - ბორჯომი, ა---–------- №10, ხე-ტყის გადამზიდავი პირია თ--------------------–---–ი. დოკუმენტში ხე-ტყის ჯიშად აღნიშნულია ნაძვი. 2016 წლის 2 თებერვალს, 18:05 საათზე ი-–-------------ზე, როგორც ხე-ტყით მოსარგებლეზე გაცემულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი №1---------. დოკუმენტში სატრანსპორტო საშუალებად მითითებულია უ----–-, დანიშნულების ადგილი - ბორჯომი, სოფ. ტ--------------, ხე-ტყის გადამზიდავი პირია ლ-----------. დოკუმენტში ხე-ტყის ჯიშად აღნიშნულია ნაძვი. 2016 წლის 3 სექტემბერს, 23:35 საათზე ხ-------------ზე, როგორც ხე-ტყით მოსარგებლეზე გაცემულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი №1---------. დოკუმენტში სატრანსპორტო საშუალებად მითითებულია უ----–-, დანიშნულების ადგილი - ბორჯომი, სოფ. ტ--------------, ხე-ტყის გადამზიდავი პირია ლ-----------. დოკუმენტში ხე-ტყის ჯიშად აღნიშნულია ნაძვი.
4.6. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 8 ივნისის №1------- წერილის მიხედვით, ხ-------------ს ხე-ტყის წარმოშობის №1--------- დოკუმენტით ათვისებული აქვს 9,36 მ3 I ხარისხის ხე-ტყე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 8 ივნისის №1------- წერილის მიხედვით, ი-–-------------ს ხე- ტყის წარმოშობის №1--------- დოკუმენტით ათვისებული აქვს 10,82 მ3 I ხარისხის ხე-ტყე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 8 ივნისის №1------- წერილის მიხედვით, თ---------–-–---–ს ხე-ტყის წარმოშობის №---------- დოკუმენტით ათვისებული აქვს 10,74 მ3 I ხარისხის ხე- ტყე.
4.7. თ---------–-–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების მიხედვით, 2016 წლის 25 იანვარს სოციალური ჭრის შედეგად მოიპოვა ხის მასალა, რომელიც დაამუშავა და ხ------------ის დახმარებით უნდა ჩაეტანა საცხოვრებელ სახლში, თუმცაღა აღნიშნული მიჩნეულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობად და მ--–-------------ს შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარი, ხოლო კანონიერ მეპატრონეებს ჩამოერთვათ ხის მასალა. თ---------–-–---–მა განმარტა, რომ ხის მასალა არავისზე არ გაუსხვისებია და იგი ვერ იქნებოდა გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისათვის. ხ------------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების მიხედვით, 2016 წლის 3 სექტემბერს გადაეცა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული მორი, რომელიც დამუშავების შემდეგ დასაწყობებული ჰქონდა თ---------–-–---–ისა და ი-–-------------ის მასალებთან ერთად ბორჯომში, სოფელ მ-------–ი. 2016 წლის 13 დეკემბერს მასალა დატვირთა უ----–-ს მარკის ავტომანქანაზე, რომელსაც მართავდა ლ----------- და ტრანსპორტირება მოხდა სოფელ ტ-------------მდე, სადაც ხე-ტყის გადატვირთვა სხვა ავტომობილზე ხდებოდა მუშების მიერ. ხ------------ის განმარტებით, მასალის თანმხლები დოკუმენტები დაუტოვა მ--–-------------ს და წავიდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეპატრონეებს არ გაუსხვისებიათ ხის მასალა და იგი ვერ იქნებოდა გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისათვის. ი-–-------------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების მიხედვით, 2016 წლის 2 თებერვალს გადაეცა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხის მასალა, რომელიც დაამუშავა და მისთვის უნდა მიეტანათ საცხოვრებელ სახლში, თუმცაღა მასალა მიიჩნიეს მ--–------------ის საკუთრებად, რომელიც დააჯარიმეს და ჩამოართვეს ხის მასალა. ი-–-------------მა განმარტა, რომ ხის მასალა არავისზე არ გაუსხვისებია და იგი ვერ იქნებოდა გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისათვის.
4.8. 2015 წლის 21 მაისს, 17 ივნისსა და 14 ივლისსა შიდა გადაზიდვებისათვის გამოწერილია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები. 2015 წლის 18 ოქტომბერს მ--–------------ის, როგორც გამყიდველის მიერ, სს „ბ------------–---–-ზე“ გამოწერილია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.
სამართლებრივი დასაბუთება
4.9. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.10. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
4.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად ცნო ისინი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაავალა, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4.12. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. იმავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთან, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
4.13. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს ასევე „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. იმავე მუხლით განსაზღვრულია, რომ საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენის ფაქტის გამოვლენის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ამგვარ შემთხვევაში ადგენენ შესაბამის ოქმს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 28 დეკემბერს მ--–------------ის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №C-------, რომლითაც მოსარჩელე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 5 000 (ხუთიათასი) ლარით და ჩამოერთვა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, მ--–------------- ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 9 392,8 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - „დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა“ (19,9 მ3 X 472 ლარი) ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალებით „უ----–-“, უნომრო; მძღოლი - ლ-----------; გადამოწმების დრო - 14.12.2016, 00:15 სთ) სასაქონლო ზედნადების გარეშე. მ--–------------- არ დაეთანხმა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტა, რომ აღმოჩენილი ხის მასალა არ წარმოადგენდა მის საკუთრებას, ამასთან, ხე-ტყე მოპოვებული იყო სოციალური ჭრის საფუძველზე და არ გამოიყენებოდა ეკონომიკური საქმიანობისათვის. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი მოქმედებდა ხის მასალის მესაკუთრეთა დავალებით, გააჩნდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები, რომლებიც საგადასახადო ორგანოს მიერ გაზიარებული არ იქნა, გარდა ამისა, ვინაიდან დოკუმენტები მ--–-------------მ წარადგინა, საქონელი სწორედ მის საკუთრებად იქნა მიჩნეული.
4.14. სასამართლოში საქმის განხილვის დროს სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებდა მ--–------------ის მეწარმე-სუბიექტად არსებობაზე, მის მიერ ხე-ტყის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებაზე, რასაც წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები მოწმობს, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ ხის მასალის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტის მხოლოდ სასამართლო წარმოებისას სადავოობაზე, რაც მას ადმინისტრაციული წარმოებისას არ განუცხადებია. მოცემულ გარემოებათა საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტრანსპორტირებულ საქონელზე, სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვების შემთხვევაშიც კი, წარმოქმნილი იყო მ--–------------ის საკუთრების უფლება, რომელიც საქონლის ტრანსპორტირებას ეწეოდა ეკონომიკური საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადების გარეშე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა სადავო მუხლის დისპოზიციაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მართალია მოსარჩელე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, მაგრამ მუხლის მიზნებისთვის განმსაზღვრელია საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის კუთვნილება და არა ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მეწარმე-სუბიექტად არსებობა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ზედნადების შევსების მიზანია გადასახადის გადამხდელის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. ამდენად, საგადასახადო მიზნებისთვის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებისაგან თავის არიდების საფუძველი, როდესაც საქონელი განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისთვის. ამასთან, მოსარჩელე წარმოადგენს ფიზიკურ პირს და შესაბამისად, მის მიერ ამა თუ იმ მოქმედების განხორციელება თანამედროვე ადამიანის ყოფის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს და ფიზიკური პირები ყოველდღიურად უამრავ სხვადასხვა გარიგებას დებენ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მათი ნებისმიერი მოქმედება არ უნდა იქნას მიჩნეული სამეწარმეო მიზნებისთვის განხორციელებულად, არამედ აღნიშნული მხოლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადგინდეს. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ „საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისთვის თუ მოგების მიღების მიზნით. ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-205-203(კ-14)). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხოლოდ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისა და მის მიერ სადავო შემთხვევებამდე სასაქონლო ზედნადებების გამოწერის ფაქტი ავტომატურად არ ადასტურებს, რომ ხის მასალა სწორედ მ--–-------------ს ეკუთვნოდა, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის ახორციელებდა ხე-ტყის ტრანსპორტირებას. ამასთან, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხე-ტყის მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო. იმავე წესის შესაბამისად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. მითითებული მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, იმ ხე-ტყის ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში არ აქვს შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, აგრეთვე იმ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელიც დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, ასევე მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნებისმიერი ფორმით გასხვისება. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 252 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა მიხედვითაც, ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე; ბ) ხე-ტყის მომპოვებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტყიდან დანიშნულების ადგილამდე (პირველადი დასაწყობების ან პირველად გადამამუშავებელ ობიექტამდე) ტრანსპორტირებისას. აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, ვინაიდან ხორციელდებოდა სწორედ ხე-ტყის ტრანსპორტირება, რაც სპეციალურ წესს ითვალისწინებს, ამასთან, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არსებობისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება არ არსებობს, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა დადგინდეს, რამდენად წარმოადგენდა ტრანსპორტირებული საქონელი თ---------–-–---–ზე, ი-–-------------სა და ხ-------------ზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებით გათვალისწინებულ საქონელს და ხომ არ მომხდარა მასზე მ--–------------ის მიერ საკუთრების უფლების მოპოვება. ამ გარემოებების დასადგენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასურველია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკითხულ იქნენ თ---------–-–---–ი, ი-–-------------ი და ხ-------------, ასევე შემოწმებულ იქნეს ხე-ტყის დახერხვის დამადასტურებელი ჟურნალი, რათა დადგინდეს, ვისი ხე-ტყე დაიხერხა - მოსარჩელის თუ ზემოაღნიშნული პირების, ამ პირებმა დახერხვის დროს გადაიხადეს თუ არა მოსაკრებელი და ა.შ. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-1635-1589(კ-08), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“ სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
4.15. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-626-596(კ-07), სადაც განმარტებულია, რომ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.“ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერება მოწმდება არა სამართლებრივი საფუძვლებით (სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი) არამედ, ფაქტის არასწორად დადგენისა და შეფასების შედეგად არასწორად ნორმის შეფარდების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკურია, რომ გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ.“ ამრიგად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
4.16. საქმის განხილვის დროს, მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ტრანსპორტირებული საქონელი ნამდვილად ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებში მითითებულ ხე-ტყეს წარმოადგენდა, მასზე უკვე არსებობდა მოსარჩელის საკუთრების უფლება, რომელიც ახდენდა საქონლის კონკრეტული მიზნით - ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის ტრანსპორტირებას, შესაბამისად, სახეზეა საგადასახადო სამართალდარღვევა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ მ--–-------------ს ი-–-------------ის, ხ------------ისა და თ---------–-–---–ის მითითებით მოქმედების შემთხვევაში, უნდა გამოეჩინა მეწარმისათვის აუცილებელი გულისხმიერება და წინდახედულება და დავალების ხელშეკრულება წერილობით გაეფორმებინა. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატაც იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კანონმდებლობით დავალების ხელშეკრულების მხოლოდ წერილობითი ფორმით დადების ვალდებულება განსაზღვრული არ არის, ამრიგად, დაუშვებელია, რომ მხარეს მოეთხოვოს ისეთი ქმედების განხორციელება, რის ვალდებულებასაც მას კანონი არ აკისრებს. საგადასახადო ორგანო არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს მხარეს ისეთი დოკუმენტის სავალდებულო წესით შედგენა, რომლის წერილობითი გაფორმების ცალსახა ვალდებულებასაც კანონი არ იცნობს. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ხელშეკრულების ფორმის არჩევის თავისუფლება განეკუთვნება სამოქალაქო ბრუნვის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - სახელშეკრულებო თავისუფლებას, რომელიც მხოლოდ კანონით და არა ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით შეიძლება შეიზღუდოს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, მ--–-------------სა და მესამე პირებს შორის დავალების ხელშეკრულება შეიძლებოდა დადებულიყო ზეპირი ფორმითაც და აღნიშნულის გადაწყვეტის შესაძლებლობა მხოლოდ მხარეთა თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული. რაც შეეხება საკუთრების უფლების გადაცემას, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც თან ახლავს გადასახადის გადამხდელის უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგადასახადო პასუხისმგებლობის გამოყენება, აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებულად არგუმენტირებული, რამეთუ პირდაპირ არის დაკავშირებული თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის, პირის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპებთან. ამრიგად, მარტო ვარაუდი იმისა, რომ ი-–-------------მა, თ---------–-–---–მა, ხ-------------მ გადასცეს მ--–-------------ს ხე-ტყეზე საკუთრების უფლება, რაც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ვერ გახდება აღნიშნული ეჭვის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი. აღნიშნულს არ ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მ--–--------------მ საქონელზე სხვისი საკუთრების ფაქტი მიუთითა მხოლოდ სასამართლო წარმოებისას, რამეთუ მხარე არ არის შეზღუდული სასამართლო წარმოებისას მიუთითოს იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებიც მის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას მითითებული არ ყოფილა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მონიტორინგის დეპარტამენტისადმი მ--–------------ის წარდგენილი განმარტება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ წარუდგინა დეპარტამენტს „სოციალური ჭრის საფუძველზე გამოწერილი დოკუმენტები და მასთან ერთად დოკუმენტის მეპატრონეები“. იმ შემთხვევაშიც, თუ მეწარმეს ადმინისტრაციული დავისას ცალსახად არ დაუფიქსირებია, რომ არ წარმოადგენს საქონლის მესაკუთრეს, მის მიერ, ერთი მხრივ, არ მომხდარა არც საკუთრების ფაქტის აღიარება, ხოლო, მეორე მხრივ, საგადასახადო სამართალდარღვევის მომენტიდან გადასახადის გადამხდელი მიუთითებდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებზე და ასახელებდა მათში მითითებულ პირებს. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო ის გარემოება, რომ ტრანსპორტირებული საქონელი და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებში მითითებული საქონელი არ ემთხვეოდა. საქალაქო სასამართლომ უპირველეს ყოვლისა სწორად მიუთითა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტსა და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში მითითებული ხე-ტყის იდენტურობაზე - წიწვოვანი ხე. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს საქონლის ოდენობის შესაბამისობა, კერძოდ, ტრანსპორტირებული საქონელი არ უნდა იყოს სოციალური ჭრის საფუძველზე გაცემული ხე-ტყის ოდენობაზე მეტი. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წერილები, რა რაოდენობით ხე იქნა ათვისებული ი-–-------------ის, თ---------–-–---–ისა და ხ------------ის მიერ, რაც შედარებულ უნდა იქნას ტრანსპორტირებულ ხის მასალასთან და გათვალისწინებულ უნდა იქნას ხე-ტყის გადამუშავების დანაკარგი. აღნიშნული გარემოება კი საგადასახადო ორგანოს კვლევის საფუძველი არ გამხდარა.
4.17. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოიცავს საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, საქმის განხილვის, სანქციის შეფარდების, გადაწყვეტილების მიღების და მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის პროცედურებს. ამდენად, სამართალდარღვევის საქმის წარმოება და პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14). სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, „ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-205-203(კ-14)). სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, კონკრეტულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს არ განუხორციელებია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების კვლევა - ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების შედეგად მოპოვებული ხის მასალის ოდენობის ტრანსპორტირებული ხის მასალის ოდენობასთან შედარება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე