განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210016001626812
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1083-2017 6 მარტი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ა-------–ი ვ--------ი
წარმომადგენელი - თ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ე-–--- ო---–-------
წარმომადგენელი - მ--–----------–--ე
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ე-–--- ო---–-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა-------–ი ვ--------ის, თავისი არასრულწლოვანი შვილის, დ-----– ვ--------ის (პ/ნ 6----------) რჩენისათვის, სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით. ალიმენტის გადახდის ათვლა დაიწყო სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2017 წლის 3 იანვრიდან. ა-------–ი ვ--------ის, თავისი არასრულწლოვანი შვილის, დ-----– ვ--------ის (პ/ნ 6----------) რჩენისათვის, დაეკისრა გასული სამი წლის ალიმენტის გადახდა თვეში 50 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ე-–--- ო---–-------ს და ა-------–ი ვ--------ის არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავთ ერთი შვილი დ-----– ვ--------ი, დაბადებული 2010 წლის 29 სექტემბერს. 2.2. საქმის განხილვის მომენტისათვის ე-–--- ო---–------- და ა-------–ი ვ--------ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. დ-----– ვ--------ი იზრდება დედასთან - ე-–--- ო---–-------სთან. 2.3. ა-------–ი ვ--------ი, დ-----– ვ--------ის რჩენისათვის მოსარჩელეს უხდიდა თვეში 100 ლარს. 2.4. ე-–--- ო---–------- არ მუშაობს და დამოუკიდებელი შემოსავალი არ აქვს. 2.5. დ-----– ვ--------ი ცხოვრობს და იზრდება დედასთან. მას აქვს ალერგიული ბრონხიტი, რის გამოც სჭირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის სისტემატური კონტროლი, დიაგნოსტირება-მკურნალობა და სპეციალური კვებითი რეჟიმი. 2.6. შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხე 2017 წლის აპრილის თვემდე ხელფასის სახით ღებულობდა 750 ლარს. აპრილის შემდეგ მას ხელფასი არ ჩარიცხვია. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ მოპასუხე საქმის განხილვის მომენტისათვის არ მუშაობს და დამოუკიდებელი შემოსავალი არ აქვს. 2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–--- ო---–-------მ იზრუნა მასზედ, რომ ა-------–ი ვ--------ისაგან მიეღო ალიმენტი. მისი მცდელობა დასრულდა იმით, რომ ა-------–ი ვ--------ი დ-----– ვ--------ის რჩენისათვის ყოველთვიურად იხდის 100 ლარს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან აირჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”. 2.9. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”. ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”. 2.10. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე არ მუშაობდა და არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი, მასზე ალიმენტის სახით 300 ლარის დაკისრება არ იყო გონივრული. მოსარჩელის მდგომარეობის გათვალისწინებასთან ერთად გასათვალისწინებელი იყო დ-----– ვ--------ის მდგომარეობაც. ის დაახლოებით 6 წლისა იყო, მისი დედა - ე-–--- ო---–------- არ მუშაობდა და მას მარტოს გაუჭირდებოდა შვილის აღზრდა და რჩენა. დ-----– ვ--------ის ჰქონდა ალერგიული ბრონხიტი, რის გამოც სჭირდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის სისტემატური კონტროლი, დიაგნოსტირება-მკურნალობა და სპეციალური კვებითი რეჟიმი. ასეთ სიტაუციაში ალიმენტის სახით 150 ლარის გადახდაც არაგონივრული არ იყო. თანამედროვე პირობებში მოპასუხის მიერ ალიმენტის სახით 150 ლარის გადახდა უთანაბრდებოდა შვილის რჩენაზე უარის თქმას. 150 ლარის სარჩოს მეშვეობით ვერ მიიღწეოდა ალერგიული ბრონხიტით დაავადებული შვილის რჩენისა და აღზრდის ელემენტარული პირობაც კი. მხარეთა ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით უნდა დაკისრებოდა თვეში 200 ლარის გადახდა, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფდა არასრულწლოვანი შვილის ნორმალურ განვითარებას. 2.11. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა-------–ი ვ--------იმ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლო მიუთითებს, რომ ე-–--- ო---–-------მ იზრუნა მასზედ, რომ ა-------–ი ვ--------ისგან მიეღო ალიმენტი, მისი მცდელობა დასრულდა იმით, რომ ა-------–ი ყოველთვიურად იხდიდა 100 ლარს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ არასწორად შეაფასა, რადგან მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ თვეში 100 ლარის გადახდაზე, რის შესახებ ე-–---ს პრეტენზია არასდროს არ გამოუთქვამს, არ მიუღია რაიმე სახის ზომები უფრო მეტი ალიმენტის მისაღებად. ფაქტია, რომ თუ მას პერეტენზია ექნებოდა და უფრო მეტს ითხოვდა, ასეთ შემთხვევაში ის მიმართავდა სასამართლოს, ისე, როგორც ახლა იმოქმედა და მოითხოვდა თანხის რაოდენობის მომატებას. ექვსი წლის განმავლობაში ე-–---ს თანხაზე პრეტენზია არ განუცხადებია, ეს გამოწვეული იყოს იმით, რომ გარდა 100 ლარისა ა-------–ი თავის შვილს უზრუნველყოფდა ყოველთვის იმის მიხედვით, რაც ბავშვს სჭირდებოდა. ე-–---მ მხოლოდ მაშინ მიმართა სასამართლოს ალიმენტის გაზრდისთვის როცა საამისო პრეტენზია გაუჩნდა. მან ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმისა, რომ მან მთელი ამ ხნის მანძილზე მიმართა რაიმე ღონისძიებას ალიმენტის გაზრდისთვის, მაგრამ მას უარი უთხრეს. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. სკ 1214 და 1230 მუხლების თანახმად თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო და ალიმენტს განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გადამხდელის და ალიმენტის მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხე არ არის ვალდებული მხოლოდ თვითონ არჩინოს შვილი, შვილის რჩენის მოვალეობა ორივე მშობლის თანაბარწილი მოვალეობაა, იმ შემთხვევაში თუ ა-------–ისთვის ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება 150 ლარით, იგივე რაოდენობით თანხა უნდა გაიღოს დედამ ე-–---მ, რაც იმას ნიშნავს, რომ თვეში 300 ლარი სრულად უზრუნველყოფს ბავშვის მოთხოვნებს. 3.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-------–ი უმუშევარია, რაც საფუძველია დაკისრებული ალიმენტის შემცირებისა. უმუშევარი ადამიანისთვის თვეში 150 ლარის გადახდაც ძნელია, მაგრამ ის არ გაურბოდა და არც ახალა გაურბის პასუხისმგებლობას და მზად არის გადაიხადოს ალიმენტი თვეში 150 ლარის ოდენობით. 3.4. სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სკ 1234 მუხლის მეორე ნაწილით და დააკისრა ა-------–ი ვ--------ის განვლილი 3 წლის მანძილზე თვეში 50 ლარი, რადგან საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც ცალსახად იქნებოდა დადგენილი, რომ მისგან ალიმენტს თვეში 100 ლარზე მეტს ითხოვდნენ, მაგრამ იგი არ იხდიდა და ამის გამო ე-–--- ო---–-------მ მიიღო რაიმე სახის ზომები. თუმცა ე-–---ს საკმაო დრო – 6 წელი ჰქონდა შესაბამისი ზომების მისაღებად და რადგან პრეტენზია არ განუცხადებია, არანაირ ზომებს არ მიმართა თავისთავად დასტურია იმისა, რომ მას პრეტენზია არ ჰქონია და არც რაიმე ზომებისთვის არ მოიუმართავს. პრეტენზიის და მიმართული აღნიშნულის არ არსებობის შემთხვევაში სასამართლოს არ ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება ისეთი სახით, რაც მე–4–ე პუნქტშია მითითებული. არარსებულ მტკიცებულაბაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უკანონოა და იგი არ გამომდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპიდან.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2010 წლის 29 სექტემბერს დაბადებული დ-----– ვ--------ი, ე-–--- ო---–-------ს და ა-------–ი ვ--------ის შვილია. 4.2. ე-–--- ო---–------- და ა-------–ი ვ--------ი ერთად არ ცხოვრობენ და დ-----– ვ--------ი იზრდება დედასთან, ე-–--- ო---–-------სთან. 4.3. ა-------–ი ვ--------ი დ-----– ვ--------ის რჩენისათვის მოსარჩელეს უხდიდა თვეში 100 ლარს. 4.4. ე-–--- ო---–------- არ მუშაობს და დამოუკიდებელი შემოსავალი არ აქვს. 4.5. დ-----– ვ--------ის აქვს ალერგიული ბრონხიტი, რის გამოც სჭირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის სისტემატური კონტროლი, დიაგნოსტირება-მკურნალობა და სპეციალური კვებითი რეჟიმი. 4.6. ა-------–ი ვ--------ი მუშაობს შპს ალ------------------------იას სამორინე „ე--–----ში“ და მისი ყოველთვიური შემოსავალი, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, 937,5 ლარია. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.7.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ, არსებითად, სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე და 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი. 4.8. როგორც აღინიშნა, თავად აპელანტის მიერ წარმოდგენილი ცნობის თანახმად, იგი დასაქმებულია და მისი ყოველთვიური, დაუბეგრავი შემოსავალი 937,5 ლარია. 4.8.1. აპელანტს არ მიუთითებია, რომ მის კმაყოფაზე იმყოფება სხვა პირი, რომლის რჩენის ვალდებულებაც კანონის თანახმად ევალება. 4.8.2. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, აპელანტს შვილის სასარგებლოდ ალიმენტის, 200 ლარის გადახდა სავსებით ხელეწიფება. 4.9. პალატას, ასევე, მიაჩნია, რომ ე-–--- ო---–------- სარჩელის აღძვრამდე იღებდა ზომებს აპელანტისაგან ჯეროვანი ალიმენტის მისაღებად. 4.9.1. ამას ამტკიცებს, არა მარტო, აპელანტის მიერ თანხის, 100 ლარის გადახდის ფაქტი, არამედ მოწმის, ტ------- ს------------ ჩვენებაც. 4.9.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის სხდომაზე ამ მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ მისი თანდასწრებით ე-–--- ო---–------- აპელანტს ბავშვის სარჩოდ და სხვა ხარჯებში მონაწილეობის მისაღებად დამატებით ხარჯებს ხშირად სთხოვდა. 4.9.3. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, ე-–--- ო---–-------მ დაამტკიცა, რომ სარჩელის წარდგენამდე მიიღო ზომები ჯეროვანი სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ აპელანტი მის გადახდას თავს არიდებდა. 4.9.4. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.10. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ა-------–ი ვ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე