განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2018
საქმის ნომერი
330100118002242234
ინსტანცია
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002242234

საქმე №1/ბ-510-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 მაისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო-----–--–-------–--–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, პირადი N2----------, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის ლ-----------------–---------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების ქ.------–------------------------------------------–----------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126 1-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენით ო-----–--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ, ო-----–--–---ს სასჯელის სახედ დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 41 (ორმოცდაერთი) საათის ვადით.

 

ო-----–--–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირის N102-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა ო-----–--–---მ საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების ნიადაგზე, ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს--–-------------–---–-ს მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის განცხადებით, მსჯავრდებული ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ყოფნის დროს ხდება არაადეკვატური და აღნიშნულ შემთხვევამდეც არაერთხელ ქონია ადგილი წვრილმანი მიზეზების გამო ო-----–--–--ისგან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულმა ძალადობრივი ქმედება სწორედ წვრილმანი მიზეზის გამო განახორციელა, რაც იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მომავალში, ამგვარი უმნიშვნელო მიზეზი, მსჯავრდებულის ხასიათის გათვალისწინებით, შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ძალადობრივი ქმედების ხელახლა ჩასადენად.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ო-----–--–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ო-----–--–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების ს--–-------------–---–-ს, მ-----–---------–---–ის, გ-----------------–-ს, შ--–---–--–--ის, ნ-------------–-–---–ის და ლ-–---------ს დაკითხვის ოქმებით, ო-----–--–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე პალატა სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ო-----–--–--- თითქმის ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ო-----–--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ, ო-----–--–---ს სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 41 (ორმოცდაერთი) საათის ვადით.

 

ო-----–--–--ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

,,ნოკია“-ს ფირმის მობილური ტელეფონი სიმ ბარათით, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მე-2 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი