განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001231394
(1/ბ-128-18წ)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - ლევან მურვანიძის,ადვოკატის - შოთა ჯიბლაძის,მსჯავრდებულის - გ-----------------იას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------------------------------ას მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 06 სექტემბერს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-----------------–------------ს ქუჩა №31, ბინა №4,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
გ-----------------იას ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 06:00 საათზე, გ-----------------ია წინასწარი შეთანხმებით გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ქ. ბ------–ი, დ. აღმაშენებლის ქ. N20-ში მდებარე ა--------–--–--ის სასურსათო მაღაზიიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჯგუფურად დაეუფლა ორ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგადაც დაზარალებულს მიადგა 92 ლარის ქონებრივი ზიანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განაჩენით გ-----------------იას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ-----------------ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 იანვრის განჩინებით გ-----------------იას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და გ-----------------ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, როგორც სასჯელის ისე კვალიფიკაციის ნაწილში. საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ გ-----------------იამ ჩაიდინა ქურდობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით. განაჩენში საერთოდ არ არის ნამსჯელი თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ საქმეში არსებული უდაო მტკიცებულებები და დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, ასევე რჩება შთაბეჭდილება, რომ სასამართლოს არ დაუთვალირებია დეტალურად ის ვიდეოთვალის ჩანაწერები, რომლებიც უდაო იყო მოცემულ საქმეზე და სადაც ნათლად ჩანს, როგორ შეთანხმებულად მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება გ-----------------ია მაღაზიაში არსებულ ალკოჰოლურ სასმელებს გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერტად. განაჩენში არის ზოგადი მსჯელობა ფაქტის და მოწმეთა ჩვენებების ირგვლივ, რომლებმაც ვიდეოთვალის ჩანაწერის დათვალიერების შემდეგ ნათლად აღიქვეს და მიაწოდეს სასამართლოს ჩვენების დროს ის ინფორმაცია, რაც უტყუარად ადასტურებდა გ------------ას მიერ ჩადენილ ჯგუფურ დანაშაულს, შესაბამისად აღნიშნული ჩვენებები არ შეიძლება საფუძვლად დადებოდა კვალიფიკაციის შეცვლის დასაბუთებას.
მსჯავრდებულ გ-----------------იას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შოთა ჯიბლაძე პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ლევან მურვანიძეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ გ-----------------იას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს შოთა ჯიბლაძეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული ა--------–--–--ის (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, ქ. ბ------–ი, დ. აღმაშენებლის ქ. N20-ში აქვს სუპერმარკეტი, სადაც მოლარე-ოპერატორებად მუშაობენ ქ-------------------ე და ნაირა ცეცხლაძე. 2015 წლის 26 დეკემბერს, დილით დაურეკა ქ-------------------ემ და აცნობა ალკოჰოლური სასმელების დანაკლისის თაობაზე, რის შემდეგ ჩავიდა მაღაზიაში და ნახა, რომ 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,ფინლანდია’’ და ,,ჯეკდენიელსი’’ მართლაც არ იდო ადგილზე. მეორე თუ მესამე დღეს გადაახვია და ნახა ვიდეო თვალის კადრები, სადაც ასახული იყო მისთვის უცნობი პირების მიერ ალკოჰოლური სასმელების ქურდობის ფაქტი, რის თაობაზეც აცნობა პოლიციას. ა--------–--–--ის განცხადებით, გ-----------------იამ ზიანი აანაზღაურა და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
მოწმის სახით დაკითხულ ქ-------------------ის ჩვენების თანახმად, მოლარე-ოპერატორად მუშაობს ქ. ბ------–ი, დ. აღმაშენებლის ქ. N20-ში მდებარე სუპერმარკეტში. ერთ დღეს (ზუსტი თარიღი არ ახსოვს) პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში შევიდა სამი ახალგაზრდა. მათი წასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადგილზე აღარ იყო 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, რის თაობაზეც აცნობა ა--------–--–--ეს. ვიდეო ჩანაწერის ნახვის შემდეგ ამოიცნო გ-----------------ია.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმების თანახმად, ქ. ბ------–ი, დ. აღმაშენებლის ქ. N20 მდებარე სასურსათო მაღაზიის ვიდეო კამერის შიდა და გარე პერიმეტრის 2015 წლის 26 დეკემბრის ვიდეოჩანაწერში ჩანს ქ. ბ------–ი, აღმაშენებლის ქ. N20 მდებარე სასურსათო მაღაზიის შესასვლელი, სადაც შემოდის სამი პირი შემდეგი აღწერილობის: პირი, რომელსაც აცვია ნაცრისფერი ზედა კაპიშონით, ლურჯი ფერის შარვალი, მარჯვენა ხელზე გადაკიდული აქვს შავი ფერის ქურთუკი, ფეხზე აცვია თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი (დაუდგენელი პირი). მეორე პირი - აღნაგობით საშუალოზე მაღალი, მოშვებული წვერით, რომელსაც აცვია ლურჯ და ყავისფერ ფერში გაწყობილი ქურთუკი, ქურთუკის შიგნით აცვია ნაცრისფერი ზედა კაპიშონით, ლურჯი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი - არის გ-----------------ია. მესამე პირი - საშუალო აღნაგობის მოშვებული წვერით, რომელსაც თავზე ახურავს შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, ქუდს წინ აქვს თეთრი ფერის წარწერა, აცვია შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის ნაქსოვის სვიტრი, შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი - არის ლ-–------------აძე.
აღნიშნული პირები ათვალიერებენ მაღაზიას, ხოლო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც არის საშუალო აღნაგობის, მოშვებული წვერით, რომელსაც თავზე ახურავს შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, ქუდს წინ აქვს თეთრი ფერის წარწერა, აცვია შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის სვიტრი, შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი (ლ-–------------აძე) რჩება შესასვლელში არსებულ დახლმაცივართან. მასთან მიდის გამყიდველი და ისინი საუბრობენ პროდუქციასთან დაკავშირებით. გამყიდველი მას აჩვენებს სხვადასხვა პროდუქტს, ხოლო პირი, რომლებსაც აცვია ნაცრისფერი ზედა კაპიშონით, ლურჯი ფერის შარვალი, მარჯვენა ხელზე გადაკიდული აქვს შავი ფერის ქურთუკი, ფეხზე აცვია თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი (დაუდგენელი პირი) და მეორე პირი, რომელიც აღნაგობით არის საშუალოზე მაღალი, მოშვებული წვერით, რომელსაც აცვია ლურჯ ყავისფერში გაწყობილი ქურთუკი, ქურთუკის შიგნით აცვია ნაცრისფერი ზედა კაპიშონით, ლურჯი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი (გ-----------------ია) მიდიან სასმლების რიგში. პირი, რომელსაც აქვს მოშვებული წვერი, აცვია ლურჯ ყავისფერ ფერში გაწყობილი ქურთუკი, ქურთუკის შიგნით აცვია ნაცრისფერი ზედა კაპიშონით, ლურჯი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი იღებს დახლიდან ალკოჰოლურ სასმელს (გ------------------ია) და აწვდის მეორე პიროვნებას, რომელსაც ტანთ აცვია ნაცრისფერი ზედა, რომელსაც აქვს კაპიშონი, ქვედა ტანით აცვია ლურჯი ფერის შარვალი, მარჯვენა ხელზე გადაკიდული აქვს შავი ფერის ქურთუკი, ფეხზე აცვია თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. აღნიშნული პირი (დაუდგენელი) სასმელს მალავს ქურთუკის უკან. რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ პირი, რომელიც არის აღნაგობით საშუალოზე მაღალი, მოშვებული წვერით, რომელსაც აცვია ლურჯ და ყავისფერ ფერში გაწყობილი ქურთუკი, ქურთუკის შიგნით აცვია ნაცრისფერი ზედა კაპიშონით, ლურჯი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი (გ------------------ია) კვლავ იღებს ალკოჰოლურ სასმელს და იდებს წელის არეში. შემდეგ მიდის ლიმონათის მაცივართან, საიდანაც იღებს ერთ ბოთლ ლიმონათს, უძახის გამყიდველს რათა მივიდეს სალაროსთან. აღნიშნული პირები ყიდულობენ სხვადასხვა დასახელების პროდუქტს, იხდიან ფულს ისე, რომ არ აჩვენებენ ალკოჰოლურ სასმელს და გადიან მაღაზიიდან.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარს გ-----------------იას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში წარმოდგენილი უშუალო და პირდაპირი მტკიცებულება სათვალთვალო კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით ნამდვილად დადგენილია, რომ გ-----------------ია გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ერთობლივად ახორციელებს დანაშაულის შემადგენლობას, თუმცა ხსენებული მტკიცებულებით სრულიად გაურკვეველია ამ პირებს შორის წინასწარი შეკავშირების არსებობა. მართალია წინასწარ შეთანხმებაში აუცილებელი არ არის ქმედებას წინ უძღოდეს ხანგრძლივი პერიოდი თანამონაწილეთა მოლაპარაკებისათვის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად გაურკვეველია დაუდგენელი ვინაობის პირმა იცის თუ არა იმის შესახებ რა თანხას იხდის მ--------ია სასმელში.
ვიდეოჩანაწერი უდავო მტკიცებულებადაა მიჩნეული. სასამართლო სხდომაზე უშუალოდ ჩანაწერის დემონსტრირება არ მომხდარა, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად და კანონის შესაბამისად შეაფასა დათვალიერების ოქმი და სწორედ ამ ოქმზე დაყრდნობით წარმოშობილი ეჭვი გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს შეჯიბრობითობისა და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა ის მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილია მხარეთა მიერ და ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის მტკიცებულება, დათვალიერების ოქმი არ არის იმ წონის მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად საფუძველი გახდებოდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენისათვის.
მართალია სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, გ-----------------იას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტის შესახებ,(სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით) ასევე მსჯელობა სასჯელის განსაზღვრის ნაწილშიც შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი გ-----------------იას მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ-----------------იას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ-----------------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 იანვრის განჩინებით გ-----------------იას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარი (დასტური N ა 028598) დაუბრუნდეს მის შემტანს მ---------------–---–ს (პირადი ნომერი 6----------) - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცება - გ-----------------იას ტანისამოსი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება - ა--------–--–--ის მიერ წარმოდგენილი ვიდეო თვალის ჩანაწერები 02 ცალ DVD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე