განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001303526
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/5152-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
I.აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,ი---- ს-------- ც-------"
წარმომადგენელი - ა---------– კ-----–---–-, ზ------ გ--------
II.აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,ბ-–--- ჯ--------"
წარმომადგენელი - გ------- ყ---–-–---–-, ს-------- ს-----–----
მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,ჯ-----------–-"
წარმომადგენელი - გ------- ყ---–-–---–-, ს-------- ს-----–----
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით შ-- ,,ბ-–--- ჯ--------ს" და შ-- „ჯ--- ჰ------–-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 26 თებერვალს ნოტარიუს ქ------- ჩ------ის მიერ შ-- ,,ი---- ს-------- ც-------ს" მოთხოვნით გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი, გაუქმდა ნაწილობრივ, იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში N1-------- სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელად. შეწყვეტილად იქნა აღიარებული შ-- ,,ბ-–--- ჯ--------სა" და შ-- ,,ი---- ს-------- ც------ს" შორის 2013 წლის 17 ნოემბერს დადებული N1-------- ნასყიდობის ხელშეკრულება. შეწყვეტილად იქნა აღიარებული შ-- „ჯ-----------–-სა“ და შ-- ,,ი---- ს-------- ც------ს" შორის 2013 წლის 11 დეკემბერს დადებული N1-------- იპოთეკის ხელშეკრულება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2013 წლის 17 ნოემბერს, შ-- „ბ-–--- ჯ--------სა“ და შ-- „ი---- ს-------- ც------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საქონლისა და მოწყობილობების მიწოდებაზე, რომლის მიხედვითაც, შ-- „ი---- ს-------- ც------მა“ აიღო ვალდებულება შ-- „ბ-–--- ჯ--------სთვის“ ეტაპობრივად მიეწოდებინა ურთიერთშეთანხმებული დასახელებისა და რაოდენობის საქონელი სპეციფიკაციების შესაბამისად შეთანხმებულ ფასებში. დასახელებული საქონელი უნდა ყოფილიყო საერთო ღირებულებით არანაკლებ 500 000 ლარისა. ღირებულების წინასწარი გადახდის გარეშე მიწოდებული საქონლის მაქსიმალური ღირებულება (ლიმიტი) არ უნდა აღემატებოდეს 220 000 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. მიწოდებული საქონლის ღირებულების სრულად გადახდა უნდა განხორციელდეს 2014 წლის 25 იანვრამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 17-18);
2.2. 2013 წლის 11 დეკემბერს, შ-- „ბ-–--- ჯ--------სა“ და შ-- „ი---- ს-------- ც------ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, იპოთეკით დაიტვირთა ქ--------–-----------------ზე მდებარე შ-- „ჯ-----------–-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება. იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილ იქნა გადახდის განვადებით იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 220 000 ლარი. ხელშეკრულება დადებული იყო 2014 წლის 25 იანვრამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 21-27)
2.3. 2013 წლის 31 დეკემბერს, შ-- „ბ-–--- ჯ--------მ“ შ-- „ი---- ს-------- ც------ს“ მასალის ღირებულების ანგარიშში, სს „ს----------–--------ის“ მეშვეობით 450 000 ლარი ჩაურიცხა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ქვითარი (იხ. ს.ფ. 28)
2.4. 2014 წლის 7 თებერვალს, შ-- „ბ-–--- ჯ--------მ“ შ-- „ი---- ს-------- ც------ს“ მასალის ღირებულების ანგარიშში, სს „ს----------–--------ის“ მეშვეობით 30 000 ლარი ჩაურიცხა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ქვითარი (იხ. ს.ფ. 29)
2.5. 2014 წლის 28 თებერვალს, შ-- „ბ-–--- ჯ--------მ“ შ-- „ი---- ს-------- ც------ს“ მასალის ღირებულების ანგარიშში, სს „ს----------–--------ის“ მეშვეობით 30 000 ლარი ჩაურიცხა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ქვითარი (იხ. ს.ფ. 30)
2.6. 2014 წლის 7 მაისს, შ-- „ბ-–--- ჯ--------მ“ შ-- „ი---- ს-------- ც------ს“ მასალის ღირებულების ანგარიშში, სს „ს----------–--------ის“ მეშვეობით 95 000 ლარი ჩაურიცხა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ქვითარი (იხ. ს.ფ. 31)
2.7. 2014 წლის 30 დეკემბერს, შ-- „ბ-–--- ჯ--------მ“ შ-- „ი---- ს-------- ც------ს“ მასალის ღირებულების ანგარიშში, სს „ს----------–--------ის“ მეშვეობით 30 000 ლარი ჩაურიცხა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ქვითარი (იხ. ს.ფ. 32)
2.8. 2015 წლის 9 ივნისს, შ-- „ბ-–--- ჯ--------მ“ შ-- „ი---- ს-------- ც------ს“ დავალიანების დაფარვის მიზნით, სს „ვ-----------ის“ მეშვეობით 6 000 ლარი ჩაურიცხა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ქვითარი (იხ. ს.ფ. 33)
2.9. 2013 წლის 22 ნოემბრიდან 2015 წლის 9 ივნისამდე, შ-- „ი---- ს-------- ც-------ს“ მიერ შ-- „ბ-–--- ჯ--------სათვის“ მიწოდებულ იქნა 666 785,89 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო შ-- „ბ-–--- ჯ--------ს“ მიერ გადახდილია 641 000 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- უწყისი (ს.ფ. 92-96);
- საგადასახადო ანგარიშფაქტურის რეესტრი (ს.ფ. 98-105);
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ.106-436)
2.10. 2013 წლის 22 ნოემბრიდან 2014 წლის 25 იანვრამდე, შ-- „ი---- ს-------- ც-------ს“ მიერ შ-- „ბ-–--- ჯ--------სათვის“ მიწოდებულ იქნა 552 377 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო შ-- „ბ-–--- ჯ--------ს“ მიერ გადახდილია 450 000 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- უწყისი (ს.ფ. 92-96);
- საგადასახადო ანგარიშფაქტურის რეესტრი (ს.ფ. 98-105);
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ.106-436)
2.11. 2016 წლის 26 თებერვალს, ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა N1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 25 785.89 ლარია. ასევე, დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია აუქციონზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 35-38)
სასამართლოს მითითებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.12. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სასამართლოს განმარტებით ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების სინალაგმანტური ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე, ადგილი უნდა ჰქონდეს მყიდველისა და გამყიდველის ქმედებების თანხვედრას, კერძოდ, გამყიდველმა უნდა გადასცეს, ხოლო მყიდველმა უნდა მიიღოს ნივთი და გადაიხადოს შესაბამისი საფასური. ე.ი მხარეებს თანადროული მოქმედებების განხორციელების ვალდებულება ეკისრებათ. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას, გამყიდველი და მყიდველი შეიძლება შეთანხმდნენ როგორც ნივთის გადაცემის, ასევე თანხის გადახდის განსხვავებულ წესზე, მაგალითად, მოგვიანებით, ნაწილ-ნაწილ გადახდა და ა.შ.
2.13. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ნასყიდობის საგნის ფასზე, რასთან დაკავშირებითაც, არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება საქონლის შეთანხმებული ღირებულებისაგან განსხვავებული, უფრო მეტი ღირებულების ნასყიდობის საგნის მიწოდებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოდასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის, გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
სასამართლოს მითითებით საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას შეეფასებინა აღნიშნული საკითხი. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მხარეები - გამყიდველი და მყიდველი შეთანხმდნენ მისაწოდებელი საქონლის კონკრეტულ ფასზე, ხოლო გამყიდველის მიერ დარღვეულ იქნა აღნიშნული პირობა, მყიდველს ეკისრებოდა. სადავო საკითხის მტკიცებისათვის შ-- „ბ-–--- ჯ--------ს“ ახსნა-განმარტება საკმარისსა და სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა არც სახელშეკრულებო ურთიერთობისა და არც მისი დასრულების შემდგომ პერიოდში მოსარჩელეს (მყიდველი) არ გამოუთქვამს პრეტენზია ნასყიდობის საგნის საფასურთან დაკავშირებით, მეტიც, მან მიიღო მიწოდებული საქონელი, რაც ფასებს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა კონკლუდენტურ მოქმედებად და მხარის თანხმობად ჩათვლილიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შ-- „ი---- ს-------- ც-------ს“ მიერ შ-- „ბ-–--- ჯ--------სათვის“ ნასყიდობის საგანი მიწოდებულ იქნა შეთანხმებული ოდენობითა და ფასით. ამასთან, სასამართლოს მითითებით მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, შ-- „ბ-–--- ჯ--------ს“ მიერ ნასყიდობის საფასურის ნაწილის 25 785.89 ლარის გადაუხდელობის ფაქტი.
2.14. აღნიშნულის შემდგომ, უნდა შეფასდეს გადასახდელად დარჩენილი თანხა არის თუ არა უზრუნველყოფილი უზრუნველყოფის იმ სანივთოსამართლებრივი საშუალებით (იპოთეკა), რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ 2013 წლის 11 დეკემბრის №1-------- ხელშეკრულების საფუძველზე.
2013 წლის 11 დეკემბერს, შ-- „ბ-–--- ჯ--------სა“ და შ-- „ი---- ს-------- ც------ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, იპოთეკით დაიტვირთა ქ--------–-----------------ზე მდებარე შ-- „ჯ-----------–-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება. იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილ იქნა გადახდის განვადებით იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 220 000 ლარი, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ღირებულების წინასწარი გადახდის გარეშე მიწოდებული საქონლის მაქსიმალური ღირებულება (ლიმიტი) არ უნდა გადაცდენოდა 220 000 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. იპოთეკის ხელშეკრულება დადებული იყო 2014 წლის 25 იანვრამდე.
იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციას ახდენს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას იპოთეკა იკავებს შესრულების ადგილს და კრედიტორს უზრუნველყოფის საშუალების მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზე, სახეზეა, იპოთეკა, როგორც ვალდებულებითი უფლება, ხოლო უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, ის მოიპოვებს აბსოლუტურ უფლებას და შესაბამისად, რეგისტრაციის ეტაპიდან იპოთეკა სანივთო უფლებაა, რომლის მიზანი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნის უძრავი ქონებით კომპენსირებაში გამოიხატება.
მოვალე დაცულია იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა, ანუ უმთავრესია იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში წინდაწინაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების - ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) და ვადას, ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას. რაც შეეხება სხვა ხელშეკრულებაზე იპოთეკის გავრცელებას, აღნიშნულს სამოქალაქო კოდექსი გარკვეული წინაპირობების არსებობისას უშვებს, კერძოდ, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რაც, განსახილველ შემთხვევაში, არ განხორციელებულა.
2.15. საქმეზე დადგენილია, რომ 2013 წლის 22 ნოემბრიდან 2014 წლის 25 იანვრამდე, შ--
„ი---- ს-------- ც-------ს“ მიერ შ-- „ბ-–--- ჯ--------სათვის“ მიწოდებულ იქნა 552 377 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო შ-- „ბ-–--- ჯ--------ს“ მიერ გადახდილია 450 000 ლარი, გადასახდელად დარჩენილია 102 377.57.
2014 წლის 25 იანვრის შემდეგაც, 2015 წლის 9 ივნისამდე, შ-- „ი---- ს-------- ც-------ს“ მიერ შ-- „ბ-–--- ჯ--------სათვის“, გრძელდებოდა საქონლის მიწოდება და საერთო ჯამში მიწოდებულ იქნა 666 785,89 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო შ-- „ბ-–--- ჯ--------ს“ მიერ გადახდილია 641 000 ლარი.
გადასახდელად დარჩენილი თანხა 25 785.89 ლარი წარმოადგენს იმ საქონლის ღირებულებას, რომელიც შ-- „ი---- ს-------- ც-------ს“ მიერ მიწოდებულია 2014 წლის 25 იანვრიდან 2015 წლის 9 ივნისამდე პერიოდში, ანუ უზრუნველყოფის გარეშე, რადგან აღნიშნულ პერიოდში მხარეთა შეთანხმების საფუძველზე 2014 წლის 25 იანვრის შემდეგ ძალაში აღარ იყო 2013 წლის 11 დეკემბრის №1-------- იპოთეკის ხელშეკრულება, მისი მოქმედების ვადის გასვლის გამო.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ შესრულება ესაა გარკვეულ ლოგიკურ შედეგზე ორიენტირებული ქმედება. ვალდებულების შესრულება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართული ქმედების განხორციელებას, არამედ შესრულების შედეგის დადგომასაც. თუ ვალდებულების შესრულებას მოჰყვა შედეგი, ამის შემდგომ, შესაფასებელია გამოიწვია თუ არა ამ შესრულებამ ვალდებულების სრულად შეწყვეტა. დადგენილია, რომ 2013 წლის 17 ნოემბერს, შ-- „ბ-–--- ჯ--------სა“ და შ-- „ი---- ს-------- ც------ს“ შორის საქონლისა და მოწყობილობების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 25 იანვრის ჩათვლით, მხარეების მიერ, ერთი მხრივ, საქონლის მიწოდებისა და მეორე მხრივ, საქონლის ღირებულების გადახდის ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად. აღნიშნული კი, საფუძველია იმავე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებისა. რაც შეეხება 2014 წლის 25 იანვრის შემდეგ მიწოდებული საქონლის ღირებულებას შ-- „ბ-–--- ჯ--------ს“ მიერ ანაზღაურებულია ნაწილობრივ, კერძოდ, გადასახდელად დარჩენილია 25 785, 89 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ-- ,,ბ-–--- ჯ--------ს" და შ-- „ჯ-----------–-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა 2016 წლის 26 თებერვალს ნოტარიუს ქ------- ჩ------ის მიერ შ-- ,,ი---- ს-------- ც-------ს" მოთხოვნით გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი, იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში, ხოლო აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა დარჩა უცვლელად 25 785 ლარისა და 89 თეთრის ოდენობით. შეწყვეტილად იქნა აღიარებული შ-- ,,ბ-–--- ჯ--------სა" და შ-- ,,ი---- ს-------- ც------ს" შორის 2013 წლის 17 ნოემბერს დადებული N1-------- ნასყიდობის ხელშეკრულება. შეწყვეტილად უნდა იქნეს აღიარებული შ-- „ჯ-----------–-სა“ და შ-- ,,ი---- ს-------- ც------ს" შორის 2013 წლის 11 დეკემბერს დადებული N1-------- იპოთეკის ხელშეკრულება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა შ-- ,,ი---- ს-------- ც-------ს" მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1 აპელანტის მითითებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ იპოთეკის ხელშეკრულების მე-3 პუნქტში მოცემული ფორმულირება („ხელშეკრულება დადებულია 2014 წლის 25 იანვრამდე") ნიშნავდა, რომ „მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის ვალდებულება იპოთეკის საგნით მხოლოდ 2014 წლის 25 იანვრამდე იყო უზრუნველყოფილი" (გადაწყვეტილების 6.3 პუნქტის მეორე აბზაცი). რეალურად, ხელშეკრულების მოქმედება (უზრუნველყოფა) კი არ წყდებოდა 2014 წლის 25 იანვარს, არამედ ზემოაღნიშნულ პუნტში ვალდებულების შესრულების ის კონკრეტული ვადა იყო განსაზღვრული, რომლის დადგომის შემდეგ შეგვეძლო მოგვეხდინა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
3.1.2. აპელანტის აზრით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ „გადასახდელად დარჩენილი თანხა 25 785,89 ლარი წარმოადგენს იმ საქონლის ღირებულებას, რომელიც მიწოდებული იქნა 2014 წლის 25 იანვრიდან 2015 წლის 9 ივნისამდე პერიოდში. (გადაწყვეტილების 6.4 პუნქტის მესამე აბზაცი და მე-5 აბზაცის ბოლო წინადადება). აპელანტის განმარტებით მოწინააღმდეგე მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულებები გულისხმობდა მიწოდებული საქონლის ღირებულების 2014 წლის 25 იანვრამდე გადახდის ვალდებულებას, ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მოთხოვნის იძულებით, უზრუნველყოფის საგნით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აპელანტის მითითებით 2014 წლის 25 იანვრის მდგომარეობით გადახდის განვადებით მიწოდებული საქონლის ღირებულების დავალიანება შეადგენდა 102 377,57 ლარს, მისი ნაწილი სარჩელის შეტანის მომენტამდე დაიფარა და გადასახდელი დარჩა 25 785,89 ლარი, შესაბამისად, დარჩენილი დავალიანება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა შ-- ,,ბ-–--- ჯ--------ს’’ მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.2.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა გადაწყვეტილების 3.1.9 და 3.1.10 პუნქტებში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები, სადაც მიუთითა, რომ თითქოსდა შ-- "ბ-–--- ჯ--------ს" ი---- ს-------- ც-------ს მიმართ გააჩნდა რაიმე დავალიანება. სასამართლომ არასწორად დაადგინა ი---- ს-------- ც-------ს მიერ ბ-–--- ჯ--------სთვის მიწოდებული საქონლის ღირებულება, რომელიც შეადგენდა ჯამში არა 666 785,89 ლარს, არამედ 641 000 ლარს, რომელიც მას სრულად აქვს ანაზღაურებული. ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა, ნოტარიუსის გაცემული სააღსრულებო ფურცლის სრულად ბათილობასთან დაკავშირებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შ-- ,,ბ-–--- ჯ--------ს’’ დავალიანება შ-- ,,ი---- ს-------- ც-------ს’’ მიმართ შეადგენს 25 785 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში შ-- ,,ი---- ს-------- ც------მა’’ 26.02.2016 წლის სააღსრულებო ფურცელში მითითებული დავალიანების ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა იმაზე, რომ შ-- ,,ბ-–--- ჯ--------ს’’ 666 785,89 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა, საიდანაც ამ უკანასკნელის მიერ დაფარული იქნა მხოლოდ 641 000 ლარი. აღნიშნული ღირებულების საქონლის გადაცემის დასტურად შ-- ,,ი---- ს-------- ც------მა’’ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, როგორიცაა სასაქონლო უწყისი, საგადასახადო ანგარიშფაქტურის რეესტრი, აგრეთვე საგადასახადო ანგარიშფაქტურები, (ტ.1.ს.ფ. 92- 436)
დავალიანების ოდენობასთან მიმართებით შ-- ,,ბ-–--- ჯ--------ს’’ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის ძირითად პრინციპს წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელება დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე. პირველი მათგანი მოიაზრებს მხარეთა თავისუფლებას მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვაში, ხოლო შეჯიბრებითობა კი, მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას თავისი უფლებების დაცვასა და ვალდებულების განხორციელებაში. იმავდროულად, უნდა აღინიშნოს, თანასწორობის პრინციპთან ერთობლიობაში, აღნიშნული პრინციპი მხარისათვის ხელსაყრელი მატერიალური შედეგის დადგომისათვის თანაბარ შესაძლებლობებსაც მოიაზრებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ასპექტში სასამართლოს როლი შეზღუდულია და სწორედ მხარეებს ეკისრებათ მათთვის სასურველი მატერიალური შედეგის დადგომისათვის რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენა. მოცემულ საქმეზე ნათელია, რომ 26.02.2016 წლის სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი ვალდებულების (25 785 ლარი), დავალიანების დასადასტურებლად შ-- ,,ი---- ს-------- ც-------ს’’ მიერ წარმოდგენილი იქნა ისეთი მტკიცებულებები, როგორიცაა სასაქონლო უწყისი, საგადასახადო ანგარიშფაქტურის რეესტრი, აგრეთვე საგადასახადო ანგარიშფაქტურები, საგულისხმოა, რომ შ-- ,,ბ-–--- ჯ--------მ’’ დასახელებულ მტკიცებულებებს ვერ დაუპირისპირა სამართლებრივად ვარგისი და წონადი მტკიცებულება, რომელიც მითითებული მტკიცებულებებში მითითებულ ფაქტებს, კერძოდ, მისთვის 666 785,89 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ფაქტს სამართლებრივ საფუძველს შეურყევდა. დაპირისპირებულ მხარეთა ამგვარ შეჯიბრში კი, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შ-- ,,ი---- ს-------- ც-------ს სასარგებლოდ შ-- ,,ბ-–--- ჯ--------სთვის’’ 25 785 ლარის დაკისრების ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე უარი თქმის შესახებ სწორი და დასაბუთებულია.
4.2. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და სამართლებრივ დასკვნას მასზედ, რომ 11.12.2013წ. იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იყო 17.11.2013 წლის ხელშეკრულების ფარგლებში 24.01.2014 წლამდე წარმოშობილი ვალდებულება.
2013 წლის 17 ნოემბერს ერთი მხრივ შ-- ,,ბ-–--- ჯ--------ს’’ და მეორე მხრივ შ-- ,,ი---- ს-------- ც------ს’’ შორის დაიდო საქონლის და მოწყობილობების მიწოდებაზე #1--------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით შ-- ,,ი---- ს-------- ც------მა’’ იკისრა ურთიერთშეთანხმებული დასახელების და რაოდენობის საქონლის, სპეციფიკაციების შესაბამისად, შეთანხმებულ ფასებში შ-- ,,ბ-–--- ჯ--------სთვის’’ მიწოდების ვალდებულება. ხელშეკრულების 3.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ ღირებულების წინასწარი გადახდის გარეშე მიწოდებული საქონლის მაქსიმალური ღირებულება (ლიმიტი) დღგ-ს ჩათვლით 220 000 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ხელშეკრულების 3.4 პუნქტის მიხედვით კი მხარეები შეთანხმედნენ, რომ მიწოდებული საქონლის ღირებულების სრულად გადახდა განხორციელდებოდა არაუგვიანეს 2014 წლის 25 იანვრამდე. (ტ.1. ს.ფ. 17-18)
11.12.2013 წელს შ-- ,,ი---- ს-------- ც------ს’’ და შ-- ,,ბ-–--- ჯ--------ს’’ შორის გადახდის განვადებით გათვალისწინებული თანხის 220 000 ლარის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-4 პუნქტით დადგინდა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება დადებული იქნა 2014 წლის ოცდახუთ იანვრამდე. (ტ.1.ს.ფ. 21-26)
სააპელაციო პალატა 17.11.2013წ. საქონლისა და მოწყობილობების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების 3.4 პუნქტის და 11.12.2013 წლის იპოთეკის ხელშეკრულების ერთობლივი, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 11.12.2013 წლის იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იქნა 17.11.2013 წლის ხელშეკრულების საფუძველზე 24.01.2014 წლამდე საქონლის მიწოდებით წარმოშობილი ვალდებულება. აღნიშნულთან მიმართებით პალატა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს 17.11.2013 წლის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის ჩანაწერს, რომლითაც მიწოდებული საქონლის ღირებულების სრულად გადახდის ვადად (24.01.2012წ.) სწორედ იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 პუნქტში დასახელებული ხელშეკრულების ვადა - 24.01.2014წ. იქნა დასახელებული. ამდენად, დასახელებული ხელშეკრულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი მიწოდებული პროდუქტის სრული ღირებულების ანაზღაურებას სწორედ 24.01.2014 წელს უკავშირებდა და უზრუნველყოფაც სწორედ ამ პერიოდამდე შესასრულებელ ვალდებულებასთან იქნა დაკავშირებული.
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სავალდებულო წესით რეგისტრაციას ექვემდებარება შემდეგი სახის სანივთო უფლებები: საკუთრება, აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; უზუფრუქტი; სერვიტუტი; იპოთეკა.
ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის ინსტიტუტი კონსტიტუტიური მნიშვნელობით დამკვიდრდა ქართულ კანონმდებლობაში. კანონმდებელი რეგისტრაციის ფაქტს მრავალ სამართლებრივ შედეგს უკავშირებს. რეგისტრაციის საჯარო აქტით ხდება, როგორც რეგისტრაციას დაქვემდებარებულ უფლებათა წარმოშობა, ასევე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
კონსტიტუტიური მნიშვნელობა გამოიხატება უფლების წარმოშობაში, კერძოდ, უფლება იურიდიულ ძალას იძენს რეგისტრაციის დასრულებისთანავე. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მიმართ მოქმედი წესი ვრცელდება სხვა სანივთო და სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ვალდებულებით (სარგებლობის შინაარსის) უფლებებზე, მაგალითად, 289-ე მუხლის საფუძველზე, მსგავსად საკუთრების უფლებისა, იპოთეკის უფლება იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. (http://www.gccc.ge/წიგნი-მეორე/კარი-მეოთხე/მუხლი-311/)
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოვალე დაცულია იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა, ანუ უმთავრესია იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში წინდაწინაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების - ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) და ვადას, ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას. რაც შეეხება სხვა ხელშეკრულებაზე იპოთეკის გავრცელებას, აღნიშნულს სამოქალაქო კოდექსი გარკვეული წინაპირობების არსებობისას უშვებს, კერძოდ, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რაც, განსახილველ შემთხვევაში, არ განხორციელებულა.
განსახილველ შემთხვევაში პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 11.12.2013 წლის იპოთეკის ხელშეკრულება 24.01.2014 წლის ჩათვლით მოქმედებდა და შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე წარმოშობილ ვალდებულებას უზრუნველყოფდა, რაიმე მტკიცებულება რაც იპოთეკის ხელშეკრულებაში კანონით გათვალისწინებული წესით ცვლილების შეტანას ან/და სხვა სახით იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებას დაადასტურებდა აპელანტის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.
4.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემეობა მასზედ, რომ 26.02.2016 წლის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული აღსასრულებელი ვალდებულება - 25 785 ლარის ოდენობით წარმოადგენს 24.01.2014 წლამდე მიწოდებული საქონლის ღირებულებას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 17.11.2013 წელს წერილობითი ფორმით გარიგების გაფორმებამდე, ასევე 24.01.2014 წლის შემდეგაც ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და შ-- ,,ი---- ს-------- ც-------’’ შ-- ,,ბ-–--- ჯ--------ს’’ შეთანხმებული ფასის და რაოდენობის პროდუქტს აწვდიდა.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე - შ-- ,,ი---- ს-------- ც-------’’ უარყოფს 2014 წლის 24 იანვრის შემდეგ მიწოდებული საქონლის ღირებულების გადაუხდელობის ფაქტს და უთითებს, რომ 26.02.2016წ. სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული აღსასრულებელი ვალდებულება წარმოშობილია 24.01.2014 წლამდე პერიოდში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.
იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღსასრულებელი ვალდებულება 25 785 ლარის ოდენობით წარმოადგენს 24.01.2014 წლამდე წარმოშობილ დავალიანებას შ-- ,,ი---- ს-------- ც-------ს’’ მიერ კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ შ-- ,,ი---- ს-------- ც-------’’ შ-- ბ-–--- ჯ--------ს 24.01.2014 წლის შემდეგაც აწვდიდა პროდუქციას პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულება სწორედ 24.01.2014 წლამდეა წარმოშობილი.
ამგვარად, ზემო 4.2 და 4.3 პუნქტებში ასახული მსჯელობის და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტნაციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია 25 785 ლარის ოდენობით მოთხოვნა არაუზრუნველყოფილად და იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში სწორად გააუქმა ნოტარიუს ქ------- ჩ------ის მიერ 2016 წლის 26 თებერვალს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცელი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟები, 885.52 ლარის და 1035.52 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ-- ,,ი---- ს-------- ც-------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შ-- ,,ბ-–--- ჯ--------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე /
/დიანა ბერეკაშვილი /