განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2018
საქმის ნომერი
330210013362431
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 330210013362431

საქმე №2ბ/349-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 იანვარი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ხათუნა არევაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - ნ-------------------–-

წარმომადგენელი- რ------------------–-

მოწინააღმდეგე მხარე - ს-----------------

წარმომადგენელი- ც--------------------–-

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ს-----------------ს სარჩელი ნ-------------------–-ს მიმართ თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ-------------------–- ს-----------------ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა - 935 101.39 აშშ დოლარი. ნ-------------------–- ს-----------------ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მიუღებელი შემოსავალი - 935 101.39 აშშ დოლარის წლიური 8%, 2012 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2008 წლის 26 მაისს ნ-------------------–-- გააფორმა ხელწერილი იმის თაობაზე, რომ შპს ,,ფ-------------”-ს და შპს ,,ბ----------------ს ქსელის განვითარების მიზნით ს-----------------სგან 2007-2008 წლებში მიიღო 980 000 აშშ დოლარი იმ ვალდებულებით, რომ ზემოხსენებული საზოგადოებების ქონებიდან იგი მიიღებს გონივრულ წილს და შესაბამის დივიდენდებს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2. ს-----------------მ სადავო თანხა 980 000 აშშ დოლარი გადასცა ნ-------------------–-.

 

2.3. 2008 წლის 26 მაისის ხელწერილის საფუძველზე მხარეთა შორის გარიგებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა.

 

2.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-----------------ს სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 53-ე და 976-ე მუხლებით და განმარტა, რომ 2015 წლის 9 მარტის სასამართლო სხდომაზე შპს ,,ბ---------------” დაადასტურა, რომ მის მიერ ხდებოდა თანხების დაბრუნება ს-----------------სთვის (იხ. 09.03.2015 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ ნ-------------------–-სთვის გადაცემული 980 000 აშშ დოლარიდან 41 234.60 ლარი შპს ,,ბ---------------” დაუბრუნა მოსარჩელეს. შესაბამისად, მოპასუხის მიერ დასაბრუნებელი თანხის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული თანხა (980 000 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს 41 234.60 ლარის ექვივალენტი 24 898,61 აშშ დოლარი). მოსარჩელე ს----------------- ასევე არ უარყოფს, რომ მის მიერ მიღებულია 20 000 აშშ დოლარიც, რომელიც ასევე უნდა გამოაკლდეს 980 000 აშშ დოლარს.

2.6. მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 980 000 აშშ დოლარის წლიური 12%-ის დაკისრებასთან დაკავშირებით, სასამართლომ სკ--ის 411-ე მუხლის საფუძველზე გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხისთვის გადაცემული თანხის დეპოზიტზე განთავსების შედეგად იგი მიიღებდა მოგებას, თუმცა სასამართლო არ დაეთანხმა წლიური 12%-ის დაკისრებას და აღნიშნა, რომ ბანკთაშორისი ფულად ბაზარზე მდგომარეობის მონიტორინგისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველდღიურად ანგარიშობს და 12 საათამდე აქვეყნებს წინა დღის საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკას. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ბანკთაშორისი სადეპოზიტო/საკრედიტო საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა წლიურ 8%-ს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით ნ-------------------–- ს-----------------ს სასარგებლოდ დაეკისრა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე დასაბრუნებელი თანხის 935 101.39 აშშ დოლარის წლიური 8%, 2012 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ს-----------------მ სადავო თანხა გადასცა ნ-------------------–-. საქმეში არსებული ხელწერილით მოპასუხე ისედაც ადასტურებს, რომ მან ფიზიკურად მიიღო თანხა, თუმცა, შპს „ბ--------------------“ და შპს „ფ-------------სთვის“ გადაცემის მიზნით, რაც განხორციელდა. ნ-------------------–- თანხა პირადი საჭიროების გამო არ მიუღია და არ განუკარგავს. იმ შემთხვევაში კი, თუ დადგინდება თანხის მოპასუხის მიერ მიღების ფაქტი, სახეზე იქნებოდა ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ 2008 წლის 26 მაისის ხელწერილის საფუძველზე მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ წარმოშობილა. გარიგების შინაარსის დასადგენად სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მოცემულ შემთხვევაში, ცალკე აღებული ხელწერილითაც დასტურდება შეთანხმების შინაარსი. შესაბამისად, სასამართლომ გამოიყენა ნორმა (სკ-ის 53-ე მუხლი), რომელიც არ უნდა გამოეყენებია. შპს „ბ--------------“ და შპს „ფ-------------ი“ შეიქმნა ორი დამოუკიდებელი ბიზნეს პროექტის განვითარების მიზნით. შპს „ბ--------------“ გულისხმობდა ნ-------------------–-ს და მისი სხვა პარტნიორების მიერ მანამდე არსებული წარმატებული რესტორნების ქსელის „შ----------------------“ ანალოგის, ასევე რესტორნების ქსელი „მ----------“ განვითარებას. შპს „ფ-------------ი“ კი, ითვალისწინებდა უმაღლეს სასწავლებლებში სასადილოების მოწყობას. ს-----------------ს სურვილი იყო ორივე ბიზნესში მიეღო მონაწილეობა და იკისრა კომპანიებში გარკვეული თანხის შეტანის ვალდებულება, რის სანაცვლოდაც მიიღებდა წილს. ს----------------- ითვლებოდა დე-ფაქტო პარტნიორად. აპელანტმა მიუთითა, რომ გარიგების ბათილობის საფუძველი ვერ იქნება გარიგების უნარი მიესადაგოს სკ-ით განსაზღვრულ რომელიმე სახელშეკრულებო ინსტიტუტს. ამგვარი მსჯელობა ეწინააღმდეგება ხელშეკრულების თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს.

 

რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, აპელანტი განმარტავს, რომ მოსარჩელეს თანხა გადახდილი აქვს კონკრეტული მიზნით, შესაბამისად, მის ინტერესს წარმოადგენდა სწორედ წილების შეძენა და არა თანხის ანაბარზე განთავსება და ამ გზით, სარგებლის მიღება. აპელანტს, ასევე მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან, გასულია სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ, მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, უნდა გაარკვიოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს თუ არა იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს უფლებამოსილებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. „სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ ის მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. თუკი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. 2009 წლის 24 თებერვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, CASE OF JGARKAVA v. GEORGIA (#7932/03)).

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: 2008 წლის 26 მაისის ხელწერილის ფარგლებში, ნ-------------------–-- შპს ,,ფ-------------”-ს და შპს ,,ბ----------------ს ქსელის განვითარების მიზნით, 2007-2008 წლებში, ს-----------------სგან მიიღო 980 000 აშშ დოლარი იმ ვალდებულებით, რომ ზემოხსენებული საზოგადოებების ქონებიდან იგი მიიღებდა გონივრულ წილს და შესაბამის დივიდენდებს. ს-----------------მ სადავო თანხა 980 000 აშშ დოლარი გადასცა ნ-------------------–-. 2008 წლის 26 მაისის ხელწერილის საფუძველზე მხარეთა შორის გარიგებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ სამართლებრივად მართებულად შეაფასა სადავო ურთიერთობა, რასთან დაკავშირებითაც, განმარტავს შემდეგს:

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

პირის შესაძლებლობა კანონის ფარგლებში თავისუფლად დადოს მისთვის სასურველი ხელშეკრულება (ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი) განხორციელებადია იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ნება გამოიყენოს ზემოდასახელებული შესაძლებლობა და გამოავლინოს იგი მისთვის სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის. შესაბამისად, ნების გამოვლენა არის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადება.

 

სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულია გარიგების წარუმატებელი განმარტების ერთი კონკრეტულ შემთხვევა, კერძოდ, როცა არც გარეგნული გამოხატვით და არც სხვა გარემოებებით არ დგინდება გარიგების შინაარსი. დასახელებული ნორმის გამოყენების წინაპირობაა გარიგების შინაარსის ზუსტად დადგენის შეუძლებლობა. შესაბამისად, სახეზეა არა ბათილი გარიგება, არამედ გარიგება საერთოდ არ არსებობს. გარიგების შინაარსის დადგენის შეუძლებლობისათვის მნიშვნელობა არა აქვს გარიგება წერილობითი ფორმითაა დადებული თუ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გარიგება არ არსებობს იმის გამო, რომ შეუძლებელია მისი შინაარსის დადგენა, ცხადია მხარეთა ნების გამოვლენას დასახული სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.

 

წარმოდგენილი ხელწერილის შინაარსი, არ იძლევა დასკვნის შესაძლებლობას თუ რა სახის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მხარეებს შორის, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას არსებული დავის გადაწყვეტისას ეხელმძღვანელა კონკრეტული ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით. აღნიშნული კი, ცხადყოფს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობა არ დამყარებულა. დადგენილია, რომ სადავო ხელწერილის ფარგლებში, 980 000 აშშ დოლარი ს-----------------მ გადასცა ნ-------------------–- (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტი), თუმცა, ზემოდასახელებული დასაბუთების გათვალისწინებით, გადაცემული თანხა ექვემდებარება უკუქცევას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალქო კოდექსის 976-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები. უსაფუძვლო გამდიდრების ცნების ნორმის ანალიზი შესაძლებლობას იძლევა გამოვყოთ უსაფუძვლო გამდიდრებისათვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნები: 1. უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი უნდა ჰქონდეს აუცილებლად სხვა პირის ხარჯზე. 2. უსაფუძვლო გამდიდრების დროს სხვისი ქონების შეძენა (დაზოგვა) ხდება დაზარალებულის ხარჯზე. 3. გამდიდრების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. 4. უსაფუძვლო გამდიდრების დროს, მნიშვნელობა აქვს ობიექტურად დამდგარ შედეგს და არა ამ შედეგის დადგომასთან დაკავშირებული პირების მოქმედებას (ნებას).

 

უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება სწორედ დაზარალებულის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონებადაზოგილი შემძენის მიერ დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან დამოუკიდებელ არასახელშეკრულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. ასეთი ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ გამდიდრებული პირის, როგორც მართლზომიერი ისე არამართლზომიერი მოქმედება. ასევე, დაზარალებულის და მესამე პირთა იგივე სახის მოქმედებები. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოდავე მხარეებს შორის არ არსებობს/არსებობდა რაიმე სახის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, სახეზეა ს-----------------ს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ-------------------–-სთვის გადაცემული 980 000 აშშ დოლარიდან 41 234.60 ლარი შპს ,,ბ---------------” დაუბრუნა მოსარჩელეს და ამ უკანასკნელს ასევე მიღებული აქვს 20 000 აშშ დოლარი, აღნიშნული თანხა მართებულად გამოკლდა 980 000 აშშ დოლარს და ნ-------------------–- ს-----------------ს სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა - 935 101.39 აშშ დოლარი.

 

4.2. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ასევე გასაზიარებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ განსახილველ ურთიერთობაზე გამოყენებულ უნდა იქნას ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობებისათვის, რომელიც არ ითვალისწინებენ სპეციალურ ვადას, მაგალითად, უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი. ს-----------------ს მოთხოვნა თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, წარმოეშვა 2008 წლის 26 მაისიდან (ხელწერილის გაფორმებისას), აღნიშნული კი, ცხადყოფს, რომ სარჩელი წარმოდგენილია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში.

 

4.3. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამდენად, მოსარჩელემ ვერ მიუთითა ვალდებულების შეუსრულებლობით, რაც სარჩელის გათვალისწინებით ნასყიდობის საფასურის გადახდაა, რა დამატებითი ზიანი მიადგა მას.

 

იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში. ს-----------------ს არ წარმოუდგენია არც მიუღებელი შემოსავლის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არც სათანადო წესით მიუთითებია, თუ დარღვევამ დამატებით რა ზიანი მიაყენა კრედიტორს. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ გადაცემული თანხით სურდა წილის შეძენა, შესაბამისად, მის ინტერესს არ წარმოადგენდა ნასყიდობის საფასურის ბანკში ანაბარზე განთავსება და ამ გზით, სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე არ გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ნ-------------------–-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ს-----------------ს ნ-------------------–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 967.5 ლარის ოდენობით;

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლითაც ნ-------------------–- ს-----------------ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მიუღებელი შემოსავალი - 935 101.39 (ცხრაას ოცდათხუთმეტი ათას ას ერთი დოლარი და 39 ცენტი) აშშ დოლარის წლიური 8%, 2012 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

3. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

4. ს-----------------ს ნ-------------------–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 967.5 ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ხათუნა არევაძე

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი