განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.06.2018
საქმის ნომერი
330210015726240
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
05.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015726240

საქმე №2ბ/355-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი

 

სხდომის მდივანი _ ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი - ფ------ ნ----ი

წარმომადგენელი - გ---------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,კ-------– ბანკი“

წარმომადგენელი – კ---------------ი

 

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინება

 

დავის საგანი – დავალიანების დაკისრება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

სს ,,კ-------– ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა: ფ------ ნ----ს სს ,,კ-------– ბანკის" სასარგებლოდ 2013 წლის 14 მაისის N------------- საბარათე ანგარიშზე სადებეტო ნაშთის უფლების (ოვერდრაფტის) დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 60 000 აშშ დოლარის გადახდა; ფ------ ნ----ს სს ,,კ-------– ბანკის" სასარგებლოდ 2013 წლის 14 მაისის N------------- საბარათე ანგარიშზე სადებეტო ნაშთის უფლების (ოვერდრაფტის) დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2013 წლის 01 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 60 000 აშშ დოლარის წლიური 15% -ი სარგებლის გადახდა; ფ------ ნ----ს სს ,,კ-------– ბანკის" სასარგებლოდ 2013 წლის 14 მაისის N------------- საბარათე ანგარიშზე სადებეტო ნაშთის უფლების (ოვერდრაფტის) დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2013 წლის 01 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 60 000 აშშ დოლარზე ყოველდღიური 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სს ,,კ-------– ბანკის“ სარჩელი მოპასუხე ფ------ ნ----ის მიმართ დაკმაყოფილდა სრულად.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2013 წლის 14 მაისს სააქციო საზოგადოება ,,ი-----------ს" და ფ------ ნ----ს შორის დაიდო N------------- ხელშეკრულება საბარათე ანგარიშზე სადებეტო ნაშთის უფლების (ოვერდრაფტის) დაშვების შესახებ. ოვერდრაფტის ლიმიტი განისაზღვრა 60 000 აშშ დოლარით. ოვერდრაფტის სარგებლობისთვის წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 15%, ხოლო გადახდის ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გასცა მოპასუხეზე ოვერდრაფტი 60 000 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მოპასუხე არ აბრუნებს თანხას.

 

2.2. 2014 წლის 23 ივნისს სს ,,ი------------" სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ბანკს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა სააქციო საზოგადოება ,,კ-------– ბანკი".

 

2.3. ფ------ ნ----მა 2015 წლის 04 მაისს წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

2.4. საქმის განხილვის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 18 ოქტომბერს, 12:30 სთ-ზე.

 

2.5. სასამართლო უწყება მოპასუხე ფ------ ნ----ს ორჯერ გაეგზავნა მის მირ 2015 წლის 04 მაისს წარმოდგენილ შესაგებელში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, რ---------–----------------. საფოსტო უკუგზავნილების მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე ადრესატი არ იმყოფება ( ტომი 2, ს.ფ 187-191).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მათ წარმომადგენელებს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 2. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სასამართლო უწყება ორჯერ გაეგზავნა მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე, რაც საქართველოს სს კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გულისხმობს, გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარებას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება მოხდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

 

2.6. 2017 წლის 18 ოქტომბერს 12:30 სთ-ზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის.

 

2.7. სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სასარჩელო მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის არცერთი პირობა. ამასთან, სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მხარის გამოუცხადებლობა სასამართლოს სხდომაზე გამოწვეული არ იყო რაიმე საპატიო მიზეზით.

 

2.9. სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,კ-------– ბანკის“ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას და სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

2.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:

ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები. კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად უთითებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მხარე სხდომის დღის თაობაზე არ არის ინფორმირებული სამოქალაქო საპროცესო ნორმათა დაცვით. პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეთანხმა საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას და მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საშუალება მოპასუხე მხარისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინებით საჩივრის ავტორს უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელისათვის უცნობი იყო სასამართლო სხდომის თარიღი და საათი და აღნიშნულის შესახებ სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი ფ------ ნ----ის წარმომადგენლისთვის, რომელმაც ჩაიბარა 2017 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ვადაში გაასაჩივრა იგი.

 

3.2. აპელანტი განმარტავს, რომ არც ფ------ ნ----ისათვის და არც მისი რომელიმე წარმომადგენლისათვის სასამართლო სხდომის თარიღი ცნობილი არ ყოფილა, მეტიც - სასამართლოს მიერ არც უწყების შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესი ყოფილა გამოყენებული და სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რაც გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სს ,,კ-------– ბანკის“ სარჩელში მითიტებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა 2017 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაის გამოტანას, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული, ხოლო ოვერდრაფტის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი (15%) და პირგასამტეხლოს ოდენობა (0,05%) - შეუსაბამოდ მაღალი და კაბალური.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ფ------ ნ----ს სასამართლო უწყება 2017 წლის 18 ოქტომბრის სხდომის თაობაზე ჩაბარდა საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს დანიშნული სასამართლო სხსდომის თაობაზე მოპასუხე ფ------ ნ----ს სასამართლო უწყება არაერთხელ გაეგზავნა მისამართზე: ქ. თბილისი, რ---------–----------------. ადრესატის მოუძიებლობის გამო, სასამართლო გზავნილი საფოსტო სამსახურის მიერ ჩაუბარებელი სახით უკან იქნა დაბრუნებული. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მისამართი მითითებულია არა მხოლოდ სარჩელში, არამედ მოპასუხის მიერ 2015 წლის 04 მაისს შემოტანილ შესაგებელშიც.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მის წარმომადგენელებს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 2. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე ფ------ ნ----ს სასამართლო უწყება ორჯერ გაეგზავნა მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე, რაც საქართველოს სს კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გულისხმობს, გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარებას. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოპასუხისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება მოხდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

 

4.2. 2017 წლის 18 ,12:30 საათზე დანიშნულ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით არ დგინდება.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს 12:30 სთ-ზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით წარდგენილ საჩივარში ფ------ ნ----ის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ იმ გარემოებით, რომ არც თავად მოპასუხისთვის და არც მისი რომელიმე წარმომადსგენლისთვის სასამართლო სხდომის თარიღი ცნობილი არ ყოფილა.

 

სააპელაციო პალატა აპელანტის აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე სასამართლოს გაგზავნილი უწყებით და შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა და პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.

 

4.3. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სს ,,კ-------– ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად არ ამართლებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

აღნიშნულლთან დაკავშრებით პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს, როდესაც მოპასუხე არ ცხადდება სასამართლო სხდომაზე, არ ხდება მოპასუხის მოსაზრებების გათვალისწინება, არამედ მხედველობაში მიიღება მხოლოდ მოსარჩელის არგუმენტაცია ახსნა - განმარტების სახით, შემდეგ კი ხდება იმის შეფასება თუ რამდენად შესაძლებელია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების საფუძველზე, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებისა. შესაბამისად, იმ გარემოების შეფასება იყო თუ არა სარჩელი ხანდაზმული, მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე აღნიშნულის თაობაზე მიუთითებდა შესაგებელში და იგივე გარემოებაზე მიუთთბდა დავის განხილვის დროს სასამართლიო სხდომაზე, რასაც ადგილი არ ჰქონია მოცემულ შემთხვევაში. რაც შეეხება პირგასამტეხლოსა და სარგებლის ოდენობას, პალატა მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სარგებლის ოდენობის შეფასება შეუძლებელია ზემოთ მითითებულ გარემოებათა გამო, მითუმეტეს, რომ სასამართლო არც სარგელის და არც პირგასამტეხლოს ოდენობას არ მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღლად.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი წანამძღვრები.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

როგორც მითითებული ნორმის ანალიზიდან ირკვევა, ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).

 

სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 417-418-ე, 623-ე, 867-ე მუხლებით და მართებულად დააკმაყოფილა სს ,,კ-------– ბანკის“ სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, მოპასუხე მხარეებმა ვერ დაადასტურეს პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა (იხ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება 4.2). ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებისა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის ფაქტი, ამასთან, სარჩელის საფუძველი იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ფ------ ნ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი