განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002149582
საქმე N3ბ/861-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
31 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - მ---- მ-------ე;
წარმომადგენელი - ა-–---ი მ------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - თ----- ც------ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 6 ოქტომბრის N0------------- და 2017 წლის 23 ოქტომბრის N05------------ გადაწყვეტილებები;
1.2. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განიხილოს განცხადება ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმოდგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ---- მ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 14 აპრილის N03- 0---------- წერილით მ---- მ-------ეს ეცნობა, რომ სამინისტროს ეკომიგრანტთა დეპარტამენტმა ხულოს მუნიციპალიტეტთან ერთად შეისწავლა ოჯახის საჭიროებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ განიხილა განაცხადი და მიიღო გადაწყვეტილება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის გამო, ბოლო ეტაპზე განიხილოს ოჯახის დახმარების შესაძლებლობა. (ს.ფ. 16).
4.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 6 ივნისის N05- 01/06/15189 წერილით მ---- მ-------ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გაირკვა, რომ მ---- მ-------ე და მისი ოჯახი, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 მაისის N131/48 გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმიური წესით განსახლდნენ გორის რაიონის სოფელ ქ-–---–- მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც მათ მიერ 1994 წელს თვითნებურად იქნა მიტოვებული. ამდენად, დეპარტამენტი არ განიხილავდა განაცხადებს, რომლებიც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაცების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. შესაბამისად, სამინისტროს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციული საჩივრის დასაკმაყოფილებლად. (ს.ფ. 19-20).
4.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 6 ოქტომბრის N05- 01/06/24207 წერილით მ---- მ-------ის განცხადება არ იქნა განხილული, ვინაიდან განცხადებაში დასმული საკითხი უკვე განხილული იყო 2016 წლის 6 ივნისის ინდივიდუალური ადმინისტრაციიულ - სამართლბრივი აქტით. (ს.ფ. 22);
4.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის N05- 01/06/25259 წერილით მ---- მ-------ეს ეცნობა, რომ სამინისტროს არ ჰქონდა სზაკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი განეხილა წარდგენილი განცხადება, ვინაიდან მასში დასმული საკითხი განხილული იყო და გამოცემული იყო 2016 წლის 6 ივნისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. (ს.ფ. 27);
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესი და განმარტა, რომ დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.
სამინისტროს 2017 წლის 6 ოქტომბრის N0------------- წერილით მ---- მ-------ის განცხადება არ იქნა განხილული, ვინაიდან განცხადებაში დასმული საკითხი უკვე განხილული იყო 2016 წლის 6 ივნისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის N05------------ წერილით მ---- მ-------ეს ეცნობა, რომ სამინისტროს არ ჰქონდა ზაკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი განეხილა წარდგენილი განცხადება, ვინაიდან მასში დასმული საკითხი განხილული იყო და გამოცემული იყო 2016 წლის 6 ივნისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ განმარტა შემდეგი: მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში მოსარჩელისთვის განცხადების ხელახლა განხილვაზე უარის თქმას საფუძვლად დაუდო ახლად აღმოჩენილი გარემოების არარსებობა. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან კითხვაზე პასუხი, პირმა ისარგებლოს თუ არა კანონმდებლობით დადგენილი შეღავათით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში საკითხის სრულყოფილი შესწავლის შედეგად გამოტანილი დასკვნების სათანადო შეფასებამ და დასაბუთებამ უნდა გასცეს. ამგვარი დასაბუთება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულია. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 6 ივნისის N05------------ წერილით მიჩნეული იქნა, რომ მ---- მ-------ე და მისი ოჯახი, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 მაისის N131/48 გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმიური წესით განსახლდნენ გორის რაიონის სოფელ ქ-–---–- მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც მათ მიერ 1994 წელს თვითნებურად იქნა მიტოვებული. მოსარჩელეს არც განმეორებით განცხადების წარდგენისას და არც სასამართლოში დავის განხილვისას რაიმე ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე არ მიუთითებია, ასევე მოსარჩელე ვერ უთითებს გარემოებათა ან სამართლებრივი საფუძვლის მის სასარგებლოდ შეცვლის ფაქტზე. სასამართლოში დავის ფარგლებში მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებდა გადაცემული ფართის მიტოვების მიზეზზე (საცხოვრებელი პირობების არარსებობა) და ამჟამად სხვის საკუთრებაში გადაცემის გამო მისი გამოყენების შეუძლებლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს გარემოებები არსებობდა და ცნობილი იყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის განხილვის დროისათვის, შესაბამისად აღნიშნული გარემოებები საკითხის ხელახლა განხილვას საფუძვლად ვერ დაედებოდა.
6. მ---- მ-------ის სააპელაციო მოთხოვნა:
6.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
7. მ---- მ-------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
7.1. აპელანტის განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განეხილა მისი განცხადება, ვინაიდან წარდგენილი მტკიცებულება - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას. მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით ჩაითვალნენ საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ ეკომიგრანტებად მიიჩნიეს, რომ შეძლებდნენ საკურებაში მიეღოთ მათ მიერ იძულებით დატოვებული ბინა და დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება გასხვისებულია მესამე პირზე.
აპელანტის განმარტებით, სახელმწიფოს, ეკომიგრანტის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემდეგ უფლება არ აქვს განკარგოს ეკომიგრანტისათვის გადაცემული ფართი. მიუხედავად აღნიშნულისა, სახელმწიფოს მიერ გასხვისდა უძრავი ქონება და ახალი მესაკუთრის პირობებში ითხოვდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განეხილა განცხადება და ხელახლა შეესწავლა მათი საქმე, ვინაიდან აღარ ითვლებოდნენ საცხოვებლით დაკმაყოფილებულ ოჯახად.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ -სამართლებრივ და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ძირითადი არსი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის არასწორ გამოყენებას, ანუ არასწორ სამართლებრივ შეფასებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე აღიარებს მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, თუმცა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ემყარება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასრულყოფილ შეფასებას, რაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გამორიცხავს ამ შეფასებების საფუძველზე წარმოდგენილი დასკვნების გაზიარების შესაძლებლობას.
მართალია სააპელაციო სასამართღლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მიაჩნია, რომ ისინი დადგენილია არასრულყოფილად, ამდენად, სააპელაციო პალატა ქრონოლოგიურად მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს:
მ---- მ-------ე და მისი ოჯახი, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N1989 წლის 30 მაისის N131/48 გადაწყვეტილების შესაბამისად გეგმიური წესით, განსახლდა გორის რაიონის სოფელ ქ-–---–- მდებარე საცხოვრებელ კორპუსში.
დადგენილია, რომ 1994 წელს მ---- მ-------ის მიერ, თვითნებურად მიტოვებული იქნა გორის რაიონის სოფელ ქ-–---–- მდებარე საცხოვრებელი ბინა, საცხოვრებელი პირობების არარასებობის გამო.
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 13 სექტემბრის საჯარო რეეტრის ამონაწერით დგინდება, რომ გორის რაიონის, სოფელ ქ-–---–- (---------------------–---- მდებარე 75.00 ფართის მესაკუთრეს 2012 წლის 13 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ჯ---–-თ ზ--------–---–ი.
დადგენილია, რომ მ---- მ-------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა ბინით უზრუნველყოფა.
აღნიშნულზე 2016 წლის 14 აპრილის N03-0---------- წერილით ეცნობა, რომ სამინისტროს ეკომიგრანტთა დეპარტამენტმა ხულოს მუნიციპალიტეტთან ერთად შეისწავლა ოჯახის საჭიროებები. მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ განიხილა განაცხადი და მიიღო გადაწყვეტილება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის გამო, ბოლო ეტაპზე განიხილოს ოჯახის დახმარების შესაძლებლობა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 14 აპრილის N03-0---------- წერილი მ---- მ-------ის მიერ ადმინისტრაციული საჩავრით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 2016 წლის 11 მაისს.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 6 ივნისის N05- 01/06/15189 წერილით მ---- მ-------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (თუმცა სიტყვიერად მითითებულია, რომ საჩივარი კმაყოფილდება ნაწილობრივ). ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გაირკვა, რომ მ---- მ-------ე და მისი ოჯახი, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 მაისის N131/48 გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმიური წესით განსახლდნენ გორის რაიონის სოფელ ქ-–---–- მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც მათ მიერ 1994 წელს თვითნებურად იქნა მიტოვებული. ამდენად, დეპარტამენტი არ განიხილავდა განაცხადებს, რომლებიც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაცების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. შესაბამისად, სამინისტროს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციული საჩივრის დასაკმაყოფილებლად.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დგინდება, რომ მ---- მ-------ის მიერ სასარჩელო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 14 აპრილის N03-0----------, 2016 წლის 6 ივნისის N05------------ გადაწყვეტილებები და 2016 წლის 21 მარტის N9 სხდომის ოქმი. სასამართლოს განჩინებით, მოთხოვნებზე სამინისტროს 2016 წლის 14 აპრილის N03-0---------- და 2016 წლის 6 ივნისის N05------------ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით. კერძოდ სადავო აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის გამო.
დადგენილია, რომ 2017 წლის 29 სექტემბერს (სამინისტროში წარდგენილია 02.10.2017წ.) მ---- მ-------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, განცხადებას დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან რომლითაც ადასტურებდა, რომ 1989 წელს მათთვის დროებით გადაცემული ფართი მდებარე გორი, სოფელი ქ-–---ი (---------------------–---- დღეის მდგომარეობით გასხვისებულია და აღრიცხულია ჯ---–-თ ზ--------–---–ის სახელზე, მოითხოვა განცხადება განხილული იქნეს როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება და დაკმაყოფილდეს მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 6 ოქტომბრის N05-0--------- წერილით, მ---- მ------ეს 02.10.2017 წლის N48437/01 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სამინისტროს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, არ აქვს სამართლებრივი საფუძველი განიხილოს აღნიშნული განცხადება, ვინიდან მასში დასმული მოთხოვნა სამინიტროში განხილული იყო 2016 წელს, რაზედაც 2016 წლის 6 ივნისს გაცემული იქნა N05-0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ პასუხზე მ---- მ-------ის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს სამინისტროში წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის N05------------ წერილით, მ---- მ------ეს 17.10.2017 წლის N51642/01 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სამინისტროს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, არ აქვს სამართლებრივი საფუძველი განიხილოს აღნიშნული განცხადება, ვინიდან მასში დასმული მოთხოვნა სამინიტროში განხილული იყო 2016 წელს, რაზედაც 2016 წლის 6 ივნისს გაცემული იქნა N05-0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარის მოთხოვანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 6 ოქტომბრის N05-0--------- და 2017 წლის 23 ოქტომბრის N05------------ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა რომლითაც განუხილველი დარჩა მ---- მ-------ის 2017 წლის 29 სექტემბრის (სამინისტროში წარდგენილია 02.10.2017 წელი) განცხადება და 2017 წლის 16 ოქტომბრის (სამინისტროში წარდგენილია 17.10.2017 წელი) ადმინისტრაციული საჩივარი. შესაბამისად, მოცემული დავის გადაწყვერისას სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს არსებობდა თუ არა მ---- მ-------ის განცხადებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განუხლიველად დატოვების საფუძვლები.
პალატა განმარტავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენაზე შეზღუდვებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების ან ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ 102-ე მუხლზე მითითებით არსებითი განხილვის გარეშე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ არ იქნა მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, ეს გულისხმობს არა იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებას არ აფასებს ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებად, არამედ იმას, რომ განცხადება არ შეიცავს მითითებას ამგვარ გარემოებაზე. ამდენად, ერთსა და იმავე საკითხზე წარდგენილი განცხადების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად განხილვისთვის საკმარისია, განცხადება თუნდაც ფორმალურად შეიცავდეს მითითებას ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებაზე, ხოლო ის, თუ რამდენად წარმოადგენს აღნიშნული გარემოება ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე განცხადების არსებითი განხილვის პროცესში შეფასების საგანს და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში დადენილია, რომ მ---- მ-------ემ 2017 წლის 29 სექტემბრის განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან რომლითაც ადასტურებდა, რომ 1989 წელს მათთვის დროებით გადაცემული ფართი მდებარე გორი, სოფელი ქ-–---ი (---------------------–---- დღეის მდგომარეობით გასხვისებულია და აღრიცხულია ჯ---–-თ ზ--------–---–ის სახელზე და მოითხოვა განცხადება განხილული იქნეს როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება და დაკმაყოფილდეს მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მ---- მ-------ის 2017 წლის 29 სექტემბრის განცხადება შეიცავდა მითითებას ახალ გარემოებზე (მტკიცებულებებზე), ხოლო ის, თუ რამდენად წარმოადგენდა აღნიშნული გარემოება (მტკიცებულება) ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას, წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე განცხადების არსებითი განხილვის პროცესში შეფასების საგანს და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: მართალია მ---- მ-------ეს უკვე გადაცემული ჰქონადა ქონება გორში, სოფელ ქ-–---–-, როგორც ეკომიგრანტს, თუმცა ეს ქონება მ---- მ-------ეს საჯარო რეესტრში არ ჰქონდა აღრიცხული საკუთრების უფლებით, რაც მის სრულ უფლებას წარმოადგენდა, რადგან კანონმდებლობის თანახმად, უფლების დამდგენი დოკუმენტი შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს წარდგენილი სარეგისტრაციო სამსახურში და აღირიცხოს საკუთრების უფლება; განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფომ მ---- მ-------ისათის გადაცემული ქონება განკარგა სხვა პირზე - ჯ---–-თ ზ--------–---–ზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მ---- მ-------ე ვერ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად, როგორც ეკომიგრანტი. სწორედ ეს ინფორმაცია და შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან იქნა წარდგენილი მ---- მ-------ის მიერ სამინისტროში 2017 წლის 29 სექტემბერს, როდესაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა.
რაც შეეხება სამინისტროს წარმომადგენლის პოზიციას, რომ ქონების გასხვისების შესახებ მ---- მ-------ემ იცოდა მანამდეც, კერძოდ 2016 წლის 11 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას (რასაც მოყვა 06.06.2016 აქტის გამოცემა, რომელზეც სამართალწარმოება დასრულებულია), რასაც ადასტურებს მის მიერ ზეპირი მოსმენისას გაკეთებული განცხადება, რომ მისთვის გადაცემული ფართი სხვა ოჯახმა დაიკავა და რომ 29 სექტემბრის განცხადება ამიტომაც არ შეიცავდა ახალ გარეოებას, სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მხარის ზემოაღნიშნული განმარტება წარმოადგენდა მტკიცებულებით გაუმყარებელ ზოგად მოსაზრებას, ხოლო 29 სექტემბერს (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი - 02.10.2017) კი მ---- მ-------ემ კონკრეტულად მიუთითა, თუ ვისზეა რეგისტრირებული მისთვის გადაცემული ფართი და წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც, პალატის განმარტებით, მართლაც წარმოადგენდა ისეთ ახალ გარემოებას, რაც საკითხის არსებითად განხილვის საფუძველი იყო.
რაც შეეხება მინისტრის 2017 წლის 23 ოქტომბრის წერილს, რმელიც მიღებული იქნა მ---- მ-------ის ადმინისტრაციული საჩივრის გამო, ზემოაღნიშნული მსჯელობის კვალობაზე, არსებობს მისი ბათილობის საფუძველი, თუმცა ასევე სახეზეა მისი მიღების წესის არსებითი დარღვევაც, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადმინისტრაციულ საჩივარზე ზეპირი მოსმენა არ ჩატარებულა, რაც სზაკ-ის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს; მინისტრის 23 ოქტომბრის წერილი სიტყვასიტყვით იმეორებს ქვემდგომი ორგანოს 6 ოქტომბრის აქტის ტექსტს; აღნიშნული, ერთი შეხედვით მარტივი, ხოლო სამართლებრივი შედეგის მიხედვით მნიშვნელოვანი შეცდომა, შესაძლოა აიხსნას მხოლოდ ამ საკითხისადმი სამინისტროს გულგრილი და ზედაპირული დამოკიდებულებით.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 6 ოქტომბრის N05-0--------- და 2017 წლის 23 ოქტომბრის N05------------ გადაწყვეტილებები და უნდა დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მ---- მ-------ის 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადებასთან დაკავშირებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განიხილოს მისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ---- მ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. მ---- მ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 6 ოქტომბრის N05-0--------- და 2017 წლის 23 ოქტომბრის N05------------ გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს მ---- მ-------ის 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადებასთან დაკავშირებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განიხილოს მისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.
5. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -