განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210018002219789
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ-409
24 მაისი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე: თამარ სვანიძემ
სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე
აპელანტი: ი---- მ---------ე
წარმომადგენელი: გ---- ძ----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე: ა------ ჩ------ე
დავის საგანი: განქორწინება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა------ ჩ------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
ოზერგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა------ ჩ------ემ, მოპასუხე მხარედ ი---- მ---------ე მიუთითა და მოპასუხესთან განქორწინება ითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით: 1991 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი---- მ---------ესთან. ყავთ შვილი და შვილიშვილი; წლებია მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ;
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ოჯახი არის ქორწინებაზე, ურთიერთგაგებაზე და პატვისცემაზე დაფუძნებული პირთა თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანაცხოვრება, რა დროსაც საჭიროა მხარეთა ორმხრივი ნება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის აღარ არსებობს ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, რის გამოც მოსარჩელეს სურს მოპასუხესთან განქორწინება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. ამასთან განმარტა, რომ ის წლებია მუშაობს საზღვარგარეთ, საბერძნეთში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ, რადგან მართალია იშვიათად, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ის ცხოვროს მოსარჩელესთან ერთად. ოჯახში გზავნის თანხებს და ამ თანხებით მოხდა ოჯახში ღირებული საგნების შეძენა და ა.შ. რაც შეეხება უთანხმოებას, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მეუღლეებს შორის არ არის უთაანხმოება და საბაბი განქორწინებისა, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
ა------ ჩ------ე და ი---- მ---------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1991 წლის 04 მარტიდან.
ა------ ჩ------ეს და ი---- მ---------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ლ-–- ჩ------ე, რომელიც არის 27 (ოცდაშვიდი) წლის.
ა------ ჩ------ე და ი---- მ---------ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ი---- მ---------ე წლებია (ათ წელზე მეტი) იმყოფება საბერძნეთში.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე, 36-ე მუხლებზე, ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის’’ მე-16 მუხლზე, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 23-ე მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლებზე მითითებით სარჩელის განმხილველმა სასამართლომ ა------ ჩ------ის სარჩელი დააკმაყოფილა შეწყდა ა------ ჩ------ესა (დაბ: 1--- წლის 2---------------, პ/ნ 3----------) და ი---- მ---------ეს (დაბ: 1--- წლის 2-------------, პ/ნ 3----------) შორის 1991 წლის 04 მარტს ოზურგეთის რაიონის ბ---–---ის სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული ქორწინება;
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე ი---- მ---------ის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არაწორი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ მხარეებს არ მიეცათ შერიგების ვადა. მხარეები 27 წელია არიან ცოლ-ქმარი, ყავთ 27 წლის საერთო შვილი, მართალია რამოდენიმე წელია მოპასუხე წასულია სამუშაოდ საზღვარგარეთ, მაგრამ, მას კავშირი მეუღლესთან არასოდეს არ გაუწყვეტია, უგზავნიდა თანხას, არცთუ ცოტა ოდენობით. მოპასუხე იმისათვის წავიდა სამუშაოდ უცხო ქვეყანაში, რომ ერჩინა როგორც შვილი, ისე მეუღლე. აქედან გამომდინარე გასაკვირია ის გარემოება, თუ რატომ არ მისცა სასამართლომ მხარეებს შერიგების ვადა. როგორც წესი, ხშირად სასამართლოები მაშინაც კი, როცა ორივე მხარე თანახმაა განქორწინებაზე თავისი ინიციატივით აძლევს მხარეებს შერიგების ვადას, როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული. ამ შემთხვევაში კი მოპასუხეს, რომელიც გადახვეწილია უცხო ქვეყანაში იმისათვის რომ არჩინოს ოჯახი, არ ეძლევა მცირედი შანსიც კი, რომ შეინარჩუნოს ქორწინება.
აპელანტის მითითებით გაუმართლებელია მოსამართლის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ერთი მხარის სურვილია განქორწინება აუცილებლად უნდა მოხდეს განქორწინება შერიგების ვადის გარეშე.
აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ითხოვა ა------ ჩ------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
ფაქტობრივი დასაბუთება:
პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე ა------ ჩ------ე 1991 წლის 04 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ი--------------ესთან.
მოსარჩელე ა------ ჩ------ე და მოპასუხე ი---- მ---------ე თითქმის 10 წელზე მეტია ერთად არ ცხოვრობენ.
მოპასუხე ი---- მ---------ე იმყოფება საზღვარგარეთ, კერძოდ, საბერძნეთში.
მეუღლეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, რომელიც ამჟამად სრულწლოვანია - არის 27 წლის.
ა------ ჩ------ე ფაქტობრივად ცხოვრობს მარტო;
სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.
ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის „გ” პუნქტის შესაბამისად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედევად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
”ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია”, ადამიანის სხვა ძირითად და ფუნდამენტურ უფლებებთან ერთად განამტკიცებს ადამიანის პირად უფლებებს, რომელიც მოიცავს ქორწინების უფლებასაც.
”ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” მე-12 მუხლის თანახმად საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება, ეროვნული კანონების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებენ ამ უფლების განხორციელებას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ძირითადი პრინციპი, რაზეც ქორწინებაა დაფუძნებული - არის დასაქორწინებელ პირთა ნებაყოფლობითი კავშირი. ნებაყოფლობითი კავშირის დარღვევა კი იძლევა საფუძველს განქორწინების თაობაზე წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისა.
კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას, მათ ნებაყოფლობითობას, ისევე, როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება.
დადგენილია, რომ 10 წელია გასული, რაც მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ და 10 წელია აპელანტი საქართველოში არ ჩამოსულა, იგი დროებით საცხოვრებლად იმყოფება საბერძნეთში.
მოსარჩელის განმარტებით, მას არანაირი სურვილი არ აქვს აპელანტთან ოჯახის აღდგენისა, რადგან ქონდა ამის არაერთგზისი მცდელობა, სთხოვა მეუღლეს, რომ ან თავად ჩამოსულიყო საქართველოში, ან მოპასუხე წაეყვანა მასთან საბერძნეთში, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ამჟამად კატეგორიული წინააღმდეგია მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობის აღდგენის.
ა------ ჩ------ის განმარტებით, სურვილის შემთხვევაში, ი---- მ---------ე ამ დავის პერიოდში მაინც ჩამოვიდოდა საბერძნეთიდან და შეეცდებოდა მეუღლესთან ოჯახის აღდგენას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოკლებულია საფუძველს მხარეთათვის შერიგების ვადის განსაზღვრა, რადგან აპელანტი მხარე არ იმყოფება საქართველოში და ვადის განსაზღვრის შემთხვევაშიც კი მას ფიზიკურად ვერ ექნება ურთიერთობა მოსარჩელესთან, (მით უფრო ახლო ურთიერთობა, რაც ოჯახური ცხოვრების აღდგენისკენ იქნება მიმართული), და ასეთი ვადის განსაზღვრა შესაძლოა მოსარჩელე მხარის მიერ აღქმულ იქნეს საქმის განხილვის გაჭიანურებად და მისი პირადი უფლებების შეზღუდვად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ კანონიერია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო პალატა თვლის, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
აპელანტის მიერ გადახდილი იქნა ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. ი---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი იქნა ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე