განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.06.2018
საქმის ნომერი
100310016001631799
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310016001631799 (3/ბ-242-2018 წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

01 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი

 

მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე სააპელაციო პალატამ განიხილა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბ------------–-------–---–ის განცხადების დასაშვებობის საკითხი და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2016 წლის 05 დეკემბერს გ------ი გ------ემ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 2 521.99 დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 1991 წლის მიწისძვრის შედეგად მოსარჩელეს მთლიანად დაენგრა საცხოვრებელი სახლი, გაუნადგურდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ა-------ის საკრებულოს გამგებლის ცნობით სოფელ ა-------–ი ასაშენებელი სახლების სიაში იმყოფებოდა რიგით მესამე. გაუსაძლისი მდგომარეობის გამო გ------ი გ------ეს გადაეცა დროებით საცხოვრებლად ვაგონი. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება აეშენებია მისთვის საცხოვრებელი სახლი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 03 მაისის N352 დადგენილებით განისაზღვრა მიწისძვრით დაზარალებული მოქალაქეთათვის კომპენსაციის გაცემის ვალდებულება. 2005 წელს როდესაც გამოიცა საქართველოს მთავრობის დადგენილება რკინიგზის ვაგონებში მცხოვრებ მოქალაქეთათვის გადაუდებელი დახმარების სახით კომპენსაციის გაცემის შესახებ. მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა და განცხადებისა არც ამ კატეგორიის დაზარალებულ მოქალაქეთა სიაში არ იქნა შეყვანილი. არაერთხელ მიმართა გამგეობას თუმცა უშედეგოდ. გამგეობა აცხადებს, რომ მიწისძვრის კომპენსაციის თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით გ------ გ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ------ გ------ემ.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით გ------ გ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება. გ------ გ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - დაეკისრა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას გ------ გ------ის სასარგებლოდ 3 563.19 (სამი ათას ხუთას სამოცდასამი ლარი და 19 თეთრი) ლარის ანაზღაურება.

 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით (№ბს-878-874 (კ-17) საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

 

2018 წლის 26 აპრილს გ------ გ------ემ განცხადებით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაცემა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 08 მაისს, ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2018 წლის 18 მაისს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბ------------–-------–---–მა განცხადებით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

 

განმცხადებლის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამართლებრივ დასაბუთებაში დაეყრდნო ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მთავრონის N352 დადგენილებას, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია. განმცხადებლის განმარტებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 04 მაისს წერილით მიმართა სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და მოითხოვა ინფორმაცია არის თუ არა რეგისტრირებული საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 03 მაისის N352 დადგენილება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. როგორც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს 2018 წლის 14 მაისის წერილით ირკვევა, აღნიშნული ნორმატიული აქტი არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს 1996 წლის კანონის გარდამავალი დებულებების 56-ე მუხლის შესაბამისად კანონის ამოქმედებამდე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომლებიც არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, იურიდიული ძალა არ გააჩნია.

 

სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა განცხადებების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ და „ვ” ქვეპუნქტებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

იმავე კოდექსის 430-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით.

 

მოცემულ შემთხვევაში განცხადება არ აკმაყოფილებს კანონის ზემოაღნიშნულ დათქმას, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები და მათ მიერ მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება.

 

პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილება წარმოადგენს მართლმსაჯულების აქტს, რომელიც ორიენტირებულია მოდავე მხარის უფლების რეალიზებაზე და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიმართულია აღსრულებისკენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოცემული თავი, რომელიც განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) საქმის წარმოების განახლებას, წარმოადგენს არა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ საქმის განხილვის მორიგ ეტაპს, არამედ დასრულებული საქმის წარმოების საგამონაკლისო სახეა, რომელიც დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში კი არ არსებობს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სამართალწარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 257-ე, 422-ე, 423-ე და 430-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბ------------–-------–---–ის განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, კერძო საჩივრის შეტანის გზით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

გოჩა აბუსერიძე

მურთზ მეშველიანი