განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/1714-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია
აპელანტი - ჟ--–---ა თ-----–-–---–ი;
წარმომადგენელი - ნ-------------ე;
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ----ი ბ----“;
წარმომდგენელი - თ-------------ე;
თავდაპირველი მოპასუხე - მ---–---ა ჯ-----–--ა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება;
დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - სს „თ----ი ბ----ს“ სარჩელი ჟ--–---ა თ-----–-–---–სა და მ---–---ა ჯ-----–--ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჟ--–---ა თ-----–-–---–სა და მ---–---ა ჯ-----–--ას დაეკისრათ სს „თ----ი ბ----ს“ სასარგებლოდ 2014 წლის 2------------ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 2436,58 ლარის გადახდა, საიდანაც, 2100,76 ლარი წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად დავალიანებას, 307,73 ლარი დარიცხულ პროცენტს, ხოლო 28,09 ლარი დარიცხულ პირგასამტეხლოს. სს „თ----ი ბ----ს“ სარჩელი ჟ--–---ა თ-----–-–---–სა და მ---–---ა ჯ-----–--ას მიმართ 2014 წლის 2------------ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან 2016 წლის 23 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითად თანხაზე წლიური 36%, რაც თვიურად შეადგენს 63,02 ლარს მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2012 წლის 2-------------ს, ერთი მხრივ, სს „ბანკ კ----------ასა“ და, მეორე მხრივ, ჟ--–---ა თ-----–-–---–ს შორის კრედიტის, სოლიდარული ვლდებულებისა და საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, ჟ--–---ა თ-----–-–---–მა 24 თვის ვადით, წლიური 36%-ის დარიცხვით 5000 ლარი ისესხა.
2.2. 2012 წლის 2-------------ს, ერთი მხრივ, სს „ბანკ კ----------ასა“ და, მეორე მხრივ, მ---–---ა ჯ-----–--ას შორის კრედიტის, სოლიდარული ვლდებულებისა და საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, მ---–---ა ჯ-----–--ამ მსესხებელ ჟ--–---ა თ-----–-–---–თან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად 6500 ლარი განისაზღვრა.
2.3. 2016 წლის 23 ივნისის მდგომარეობით, ჟ--–---ა თ-----–-–---–ის დავალიანებაა სესხის ძირითადი თანხა - 2100,76 ლარი, სარგებელი - 307,73 ლარი, ჯარიმა - 28,09 ლარი.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.4. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი 2013 წლის 29 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან მოთხოვილი ძირითადი დავალიანების 2100,79 ლარის ნაწილში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „თ----ი ბ----ს“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია.
2.6. მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მსესხებელს გადაეცა სასყიდლიანი სესხი. ამასთან, დადგენილია და აღნიშნულს არც მოვალე ხდის სადავოდ, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, სს „თ----ი ბ----ს“ მოთხოვნა ჟ--–---ა თ-----–-–---–-სთვის 2013 წლის 2-------ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა - 2100,76 ლარისა და სარგებელი - 307,73 ლარის, გადახდის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
2.7. მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს მოცულობა 2012 წლის 26 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში 28,09 ლარის ოდენობით, შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნას 2016 წლის 26 ივნისის მდგომარეობით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 2100,76 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლო 0,5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 10,50 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს და ჟ--–---ა თ-----–-–---–ს პირგასამტეხლოს სახით, 2016 წლის 23 ივნისიდან ვალდებულების შესრულებამდე ძირითადი თანხის 2100,76 ლარის 0,05%-ის გადახდა უნდა დაეკისროს.
2.8. სასამართლომ სკ-ის 403-ე და 411-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამრიგად, დაუსაბუთებელია სს „თ----ი ბ----ს“ მოსაზრება წლიური 36% მოთხოვნისას, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვალდებულების შესრულების დროისათვის მოსარჩელის საკრედიტო საქმიანობა, იგივე მოცულობით საპროცენტო სარგებელით არის დადგენილი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია რატომ შეადგნეს სს „თ----ი ბ----ს“ დამატებითი მატერიალური სიკეთე წლიური 36%, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე შეასრულებდა ვალდებულებას მოსარჩელე მაინც ვერ მიაქცევდა ამ ფულად სახსრებს ბრუნვაში სარგებლის იმავე მოცულობით.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი იხდიდა კრედიტის სახით აღებულ 6500 ლარს. მის მიერ სარგებლის სახით გადახდილ იქნა სოლიდური თანხა. შესაბამისად, ჟ--–---ა თ-----–-–---–ს მიაჩნია, რომ სს „თ----ი ბ----ს“ მოთხოვნა სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე უსაფუძვლოა. ასევე, აპელანტს არამართებულად მიაჩნია მისთვის სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მსესხებელს გადაეცა სასყიდლიანი სესხი, კერძოდ, 2012 წლის 2-------------ს, ერთი მხრივ, სს „ბანკ კ----------ასა“ და, მეორე მხრივ, ჟ--–---ა თ-----–-–---–ს შორის კრედიტის, სოლიდარული ვლდებულებისა და საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, ჟ--–---ა თ-----–-–---–მა 24 თვის ვადით, წლიური 36%-ის დარიცხვით 5000 ლარი ისესხა.
შესაბამისად, არსებობს რა მხარეთა შეთანხმება, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე როგორც საპროცენტო განაკვეთსა და პირგასამტეხლოზე, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური 307,73 ლარი და პირგასამტეხლო - 28,09 ლარი.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ თანხის გადახდის თაობაზე მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული წესის თანახმად უნდა მოხდეს. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი, რომელიც იმ შემთხვევაში თუ, მხარეები გადახდის წესზე არ შეთანხმებულან ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი. შესაბამისად, ჟ--–---ა თ-----–-–---–ს უნდა წარმოედგინა უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები), რაც მის მიერ არ განხორცილებულა.
რაც შეეხება საპროცესო ხარჯებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლი განსაზღვრავს წაგებული მხარის ვალდებულებას აანაზღაუროს იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მოცემულ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟ--–---ა თ-----–-–---–ს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ჟ--–---ა თ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა გოგიშვილი