განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2018
საქმის ნომერი
330210016001643988
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/5185-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

აპელანტი - გ------ი ზ---------ი

წარმომადგენელი - თ--------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს----------------------- ჯ------------–-----ი“

წარმომადგენელი - ჯ--------–-–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - სს „ს----------------------- ჯ------------–-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. გ------ი ზ---------ს, სს „ს----------------------- ჯ------------–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4490 ლარის გადახდა.

 

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2016 წლის 16 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა საქართველოს შ-----------------------------ს საკუთრებაში არსებული ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით AA-------, გამოშვების წელი - 2013, ს/ნ T---------------, რომელიც დაზღვეული იყო სს „ს----------------------- ჯ------------–-----ში“.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.2. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხე გ------ი ზ---------ის მიერ ავტოტრანსპორტის მართვის წესების უგულებელყოფის შედეგად, ამავდროულად, მოპასუხე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით.

 

2.3. „ი--------------ის“ მიერ გაცემული №--------- ინვოისის თანახმად, ა/მანქანა “S----------”-სთვის, სახ. ნომრით AA-------, ს/ნ T--------------- დაზიანების აღმოფხვრისთვის საჭიროა 4490 ლარი.

 

2.4. სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმის მიხედვით, ზიანი განისაზღვრა 4490 ლარის ოდენობით, რომელიც აუნაზღაურდა დაზღვეულს დაზიანებული ავტომანქანის აღსადგენად. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობას და მიუთითებს, რომ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და მისი ოდენობა შეიძლება იყოს მხარეთა გარიგების შედეგიც. ამასთან, მოპასუხის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს წარმოდგენილი იქნა მისი და ა-–--------–---------–---ის ახსნა-განმარტება, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხის ბრალეულობა მოცემულ საქმეში არ იკვეთება და იგი გამოწვეული იქნა მესამე პირის არასწორი მანევრირების შედეგად, თუმცა სასამართლო შენიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ შედავებული გარემოება. ამასთან, მნიშნველოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამართალდამრღვევ პირად მიჩნეული იქნა მოპასუხე, რომელსაც სადავოდ არ გაუხდია ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.1-3.2.3 პუნქტებით დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა სს „ს----------------------- ჯ------------–-----ში“ დაზღვეული საქართველოს შ-----------------------------ს საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა, რომელსაც ს-----------------------მ აუნაზღაურა ზიანი 4490 ლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

მოსარჩელის მიერ ავტომანქანის შესაკეთებლად საჭირო თანხა გადახდილ იქნა დამზღვევისათვის, შესაბამისად, ს-----------------------ს წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება იმ პირების მიმართ, რომლებსაც ეკისრებოდათ მისი ანაზღაურების ვალდებულება.

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დადგენილია, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითრით, გ------ი ზ---------ი, რომელიც მართავდა მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანა „ო---–-“ სახ. ნომრით H-------ს ავტოტრანსპორტის მართვის წესების უგულებელყოფის შედეგად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------ი ზ---------ი წარმოადგენს პირს, რომელსაც დასახელებული ნორმის თანახმად, წარმოეშობა მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტმა მიუთითა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ იყო გამოწვეული გ------ი ზ---------ის მიერ და არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ზარალის ოდენობა დადგენილი არ არის შესაბამისი ექსპერტიზით და წარმოდგენილი ოდენობა, დადგენილია დაინტერესებულ მხარეთა მიერ, რაც არ გამორიცხავს მათ შორის გარიგებასაც.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

სადაზღვევო შემთხვევა სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგია. დაზღვევის ხელშეკრულება, ორმხრივი, რეალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მხარეები სადაზღვევო შემთხვევას არსებითი პირობის სახით წინასწარ განსაზღვრავენ ხელშეკრულებაში. დასახელებული ხელშეკრულების სინალაგმანტური ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, მზღვეველი მოვალეა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი აანაზღაუროს, ხოლო მზღვეველს სადაზღვევო თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება.

 

2016 წლის 16 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა საქართველოს შ-----------------------------ს საკუთრებაში არსებული ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით AA-------, გამოშვების წელი - 2013, ს/ნ T---------------, რომელიც დაზღვეული იყო სს „ს----------------------- ჯ------------–-----ში“. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხე გ------ი ზ---------ის მიერ ავტოტრანსპორტის მართვის წესების უგულებელყოფის შედეგად, რის გამოც, მოპასუხე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.

 

გ------ი ზ---------ის ბრალეულობა დადასტურებულია ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმით, დასახელებული ოქმი არ ყოფილა გასაჩივრებული კანონით დადგენილი წესით და იგი იმთავითვე ადასტურებს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს, აღნიშნული გარემოება. შესაბამისად, სასამართლო წინამდებარე დავაში დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის ბრალეულობას. დადგენილია, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს (ზიანი) შორის.

 

რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღსანიშნავია შემდეგი: „ი--------------ი“-ს მიერ გაცემული №--------- ინვოისის თანახმად, ა/მანქანა “S----------”-სთვის, სახ. ნომრით AA-------, ს/ნ T--------------- დაზიანების აღმოფხვრისთვის გაწეულ იქნა ხარჯი - 4490 ლარი, რაც სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული იქნა.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სს „ს----------------------- ჯ------------–-----ს“ დაზიანებული დაზღვეული ავტომანქანის შეკეთებისათვის არ გაუღია მითითებული ოდენობის ხარჯი (4490 ლარი) და შესაძლებელი იყო ავტომანქანის ნაკლებ ფასად შეკეთება, გ------ი ზ---------ს ეკისრებოდა, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, იმისათვის რომ დამზღვევს მესამე პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვას, სახეზე უნდა იყოს, შემდეგი წინაპირობები: ა. დამზღვევსა და მზღვეველს შორის ხელშეკრულება ნამდვილია; ბ. დამდგარია სადაზღვევო შემთხვევა; გ. სადაზღვევო შემთხვევის დადგომა მესამე პირის ბრალეულმა ქმედებამ უნდა გამოიწვიოს და დ. დასახელებული ქმედების შედეგად დამდგარი ზიანი დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის ანაზღაურებული უნდა იყოს.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კედიტორის ადგილს იკავებს ს----------------------- (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სწორედ ზემოაღნიშნული განასხვავებს სუბროგაციას რეგრესისაგან, კერძოდ, რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება. რეგრესის დროს ერთი ვალდებულება ცვლის მეორეს, ხოლო, სუბროგაციის შემთხვევაში ვალდებულებაში იცვლება მხოლოდ კრედიტორი, თვით ვალდებულება კი უცვლელი რჩება. სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან, სწორედ ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სუსგ, საქმე #№ას-581-549-2011, 5 სექტემბერი, 2012 წელი).

 

სამოქალაქო კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის შესახებ შესაბამისად გამოიყენება იმ მოთხოვნების დათმობასთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება კანონის ძალით, სასამართლოს ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დათმობის კანონისმიერი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით არის გათვალისწინებული, რა დროსაც, დამზღვევი მზღვევლის ადგილს იკავებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში. სამოქალაქო კოდექსის 207-ე მუხლით ირკვევა, რომ წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის თაობაზე, რა დროსაც მხარეთა კერძო ავტონომიის პრინციპის გამოვლენა ხდება, ვრცელდება იმ მოთხოვნებთან მიმართებითაც, რომელთა დათმობაც კანონის საფუძველზე ხორციელდება, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე და 199-ე მუხლები, რომელთა ანალიზის საფუძველზეც ასკვნის, რომ უფლებამონაცვლეობა ესაა უფლებებისა და მოვალეობების ერთი სუბიექტიდან მეორეზე გადასვლა, უფლებამონაცვლის მიერ წინამორბედი სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის იმ მოცულობით დაკავება, როგორც ეს უფლების თავდაპირველ მფლობელთან იყო. მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში უფლებამონაცვლისათვის მოთხოვნის დათმობამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. მოთხოვნის დათმობის შედეგად მოთხოვნა ან უფლება საკუთრებად გადაეცემა სხვა პირს და შესაბამისად, ის სამართლებრივი შედეგები რაც დათმობილ მოთხოვნას ახლავს თან უფლებამონაცვლისათვის წარმოიშვება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დადგენილია, მოსარჩელის მიერ დაზღვეული ავტომანქანის მესაკუთრისათვის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ფაქტი, გ------ი ზ---------ს სს „ს----------------------- ჯ------------–-----ის“ სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 4490 ლარის გადახდა.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------ი ზ---------ის უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ------ი ზ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.

3. გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი