განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2018
საქმის ნომერი
050210017002067443
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210017002067443

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-1276-2017 10 აპრილი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - გ---- გ-------ძე

წარმომადგენელი - ა-----------ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს გ----1-

წარმომადგენელი - ჯ--------–--–--ე, კ-----------------–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - 1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება 1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გ---- გ-------ძის სარჩელი შპს ,,გ----1-’’ მიმართ მიუღებელი ხელფასის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე - შპს ,,გ----1-’’ გ---- გ-------ძის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის მიუღებელი ნაწილის 5400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარის (საშემოსავლოს გადასახადის გარეშე) გადახდა. მოპასუხე - შპს ,,გ----1-’’ გ---- გ-------ძის სასარგებლოდ დაეკისრა დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა, რაც შეადგენს 2391.90 (ორი ათას სამას ოთხმოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარს. მოპასუხე - შპს ,,გ----1-’’ 2017 წლის 30 აგვისტოდან გ---- გ-------ძის სასარგებლოდ დაეკისრა - დაყოვნებული თანხის (5400 ლარის) 0.07%-ის - 3.78 (სამი ლარი და სამოცდათვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა ყოველ დაყოვნებულ დღეზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. გ---- გ-------ძე დასაქმებული იყო შპს ,, გ----1-’’ სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე, მისი ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი შეადგენდა 500 ლარს, საშემოსავლო გადასახადის გარეშე. 2.2. 2015 წლის 18 ივლისის შპს ,,გ----1-’’ და ჯ--------–--–--ეს შორის შედგა შეთანხმება. აღნიშნულ შეთანხმებაში მითითებულია, რომ შპს ,,გ----1-’’ გააჩნია გ---- გ-------ძის მიმართ სახელფასო დავალიანება 9900 ლარის (ხელზე ასაღები) საშემოსავლოს გარეშე. აღნიშნული დავალიანება 2015 წლის ოქტომბრიდან თვეში 500 ლარის ოდენობით იქნება სრულად დაფარული. შეთანხმების თანახმად, 2016 წლის ივნისის თვის ჩათვლით ანუ ცხრა თვის განმავლობაში შპს ,,გ----1-’’ გადაიხადა 4500 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო. 2.4. საქართველოს შრომის კოდექსის” 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. აღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობებია: პირი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში უნდა იმყოფებოდეს ანაზღაურებაზე ვალდებულ პირთან და შრომითი ანაზღაურების წესი უნდა იყოს დარღვეული. შპს ,,გ----1-’’ დაარღვია მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით დადგენილი შრომის ანაზღაურების წესი. 2.5. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. დამსაქმებელი არის - შპს ,,გ----1-’’, ხოლო დასაქმებული - გ---- გ-------ძე, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულდება გარკვეული სამუშაოს შპს ,,გ----1-’’-ში. ჯ--------–--–--ე არის შპს ,,გ----1-’’ დირექტორი. დირექტორი წარმოადგენს საწარმოს ხელმძღვანელ პირს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს გ---- გ-------ძემ და შპს გ----1--მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები გ---- გ-------ძის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია: 3.1. ვალის არსებობა სოლიდარული პასუხისმგებლობით ნაღიარები იქნა, როგორც მოპასუხე შპს გ----1--ის, ასევე ჯ--------–--–--ის მიერ, რომელიც იმავდროულად, შპს გ----1--ის დირექტორიცაა, სადაც ორივე მოვალე პირი პირობას დებს, რომ არსებული ვალის, 9900 ლარის გადახდა უზრუნველყოფილი იქნება თავად შპს გ----1--ის შემოსავლებით, ასევე ფიზიკური პირის, ჯ--------–--–--ის ქონებით. 3.1.1. სოლიდარული პასუხისმგებლობის მოთხოვნა განპირობებული იყო იმ გარემოებითაც, რომ მოვალე გ----1--ს მხარეთა შეთანხმების დროისათვის უკვე გასხვისებული ჰქონდა კუთვნილი უძრავი ქონებები და სხვა უძრავი ქონება საკუთრებაში არ ერიცხებოდა და ერიცხება. 3.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის დანაწესით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი. შპს გ----1--ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია: 3.2. მორიგების აქტი მისი პირობების შეუსრულებლობისათვის არ ითვალისწინებდა რაიმე პირგასამტეხლოს დაკისრებას. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ აპელანტმა დაარღვია მოწინააღმდეგე მხარის შრომითი უფლებები უსაფუძვლოა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ გ---- გ-------ძე დასაქმებული იყო შპს გ----1--ში და მისი ყოველთვიური ხელფასი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, შეადგენდა 500 ლარს. 4.2. დამსაქმებელმა მოსარჩელეს ხელფასი დროულად ვერ გადაუხადა და 2015 წლის 18 ივლისის მდგომარეობით გადაუხდელმა სახელფასო დავალიანებამ შეადგინა 9900 ლარი. 4.3. 2015 წლის 18 ივლისს შპს გ----1--მა მოსარჩელეს წერილობით დაუდასტურა სახელფასო დავალიანების არსებობა და იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა იგი 2015 წლის ოქტომბრიდან, ყოველთვიურად, 500 ლარის გადახდით, დავალიანების სრულად დაფარვამდე. 4.4. ამავე წერილში საწარმოს დირექტორმა, ჯ--------–--–--ემ აღნიშნა, რომ, აუცილებლობის შემთხვევაში, ვალდებულება შესრულებული იქნებოდა, როგორც საწარმოს, ისე მისი, როგორც ფიზიკური პირის უძრავ-მოძრავი ქონებით. 4.5. 2015 წლის 18 ივლისიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით, შპს გ----1--მა მოსარჩელეს 4500 ლარი გადაუხადა. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.6.1. მხარეებს გადაწყვეტილება შპს გ----1--სათვის 5400 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ გაუსაჩივრებიათ. 4.6.2. ამის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეიძლება შეამოწმოს, მხოლოდ, შპს გ----1--სათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ჯ--------–--–--ისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. 4.7. პალატას მიაჩნია, რომ 2015 წლის 18 ივლისის წერილი ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება არ არის. 4.7.1. 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაში, საქმეზე №ას-679-633-2017 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა: „რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლს, უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ თავად ამ ნორმით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 1-4.3-ე მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. სუსგ №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი)“. 4.7.2. ნათელია, რომ 2015 წლის 18 ივლისს მხარეთა შორის ახალი ხელშეკრულება არ დადებულა. ამ წერილით დამსაქმებელმა დასაქმებულის მიმართ უკვე არსებული ვალდებულება დაადასტურა და მისი შესრულება იკისრა. 4.7.3. ამის გამო, 2015 წლის 18 ივლისს შპს გ----1--სა და გ---- გ-------ძეს შორის ახალი სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა და მხარეთა უფლება-მოვალეობები შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. 4.8. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი. 4.8.1. უდავოა, რომ მხარეები შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და დამსაქმებელმა მოსარჩელეს შრომის ანაზღაურება დაუგვიანა. 4.8.2. ამის გამო, იგი ვალდებულია მოსარჩელეს კანონისმიერი პირგასამტეხლო გადაუხადოს. 4.9. პალატას, ასევე მიაჩნია, რომ წერილში ასახული საწარმოს დირექტორის განცხადება, გადახდის გარანტიის შესახებ, ვალდებულებას არ წარმოშობს. 4.9.1. როგორც აღინიშნა, აღნიშნული წერილი ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება არ არის. ამის შესაბამისად, მოსარჩელის წინაშე ვალდებულების არსებობა არც ჯ--------–--–--ეს უღიარებია. 4.9.2. წერილის თანახმად, შპს გ----1--ის ვალდებულების დადასტურებისა და ვალის წარმოშობის მიზეზის ახსნის შემდეგ, საწარმოს დირექტორმა, ჯ--------–--–--ემ გ---- გ-------ძეს „მისცა გარანტია“, რომ ვალს გადაიხდიდა: „წარმოების შემოსავლებიდან (შემოსავლებში იგულისხმება ქონების იჯარიდან შემოსავალი, ასევე დებიტორებიდან მისღები თანხები) ასევე აუცილებლობის შემთხვევაში წარმოების უძრავ-მოძრავი ქონებით და ასევე როგორც ფიზიკური პირი ჩემი პირადი ქონებით“. 4.9.3. ამგვარად, ჯ--------–--–--ის, „როგორც ფიზიკურ პირის“ ვალდებულება წარმოიშობოდა „აუცილებლობის შემთხვევაში“ - თუ შპს გ----1- „წარმოების შემოსავლებით“ გ---- გ-------ძეს ხელფასს ვერ გადაუხდიდა. 4.9.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. 4.9.5. ნათელია, ზემოხსენებული წერილით ჯ--------–--–--ემ, სწორედ, თავდებობის შესახებ განაცხადა. 4.9.6. თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. 4.9.7. 2015 წლის 18 ივლისის წერილში კი ჯ--------–--–--ეს პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა არ მიუთითებია. 4.9.8. ამის შესაბამისად, მხარეები თავდებობის ხელშეკრულების კანონით გათვალისწინებულ არსებით პირობაზე არ შეთანხმებულან. 4.9.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ეს ნიშნავს, რომ მათ შორის ხელშეკრულება არ დადებულა. 4.9.10. ჯ--------–--–--ის ვალდებულების წარმოშობის სხვა საფუძვლებზე მოსარჩელეს არ მიუთითებია, ამიტომ, მის მიმართ სარჩელი რაიონულმა სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა. 4.10. ამის გამო, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, არსებითად, სწორია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მისი შეცვლის საფუძვლები არ არსებობს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები 6.1. შპს გ----1--ის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. 6.2. გ---- გ-------ძე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. გ---- გ-------ძისა და შპს გ----1--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. შპს გ----1--ის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. გ---- გ-------ძე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგ---ვნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

6. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე