განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010141318700060856 №1/აგ-389-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ--------–-–--–---–ის (დაბადებული 198- წლის 2---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, მცხოვრები: ბ-----------------------------–--------ი) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით კ--------–-–--–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე.
კ--------–-–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.
კ--------–-–--–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2018 წლის 01 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა კ--------–-–--–---–მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ კ--------–-–--–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის N1221-რს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელმაც დანაშაულებრივ ქმედებად გამოაცხადა ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განსაზღვრა სასჯელი აღნიშნული ქმედებისთვის. ამრიგად, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის განმეორებით მოხმარება, დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით.
საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე, შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების შემთხვევებზეც.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, კ--------–-–--–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით, რაც წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არის მოხდილი. კერძოდ, სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 07 ნოემბრის შეტყობინების თანახმად, კ--------–-–--–---–ის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა სასჯელის მოხდის საფუძველზე 2017 წლის 07 ნოემბერს. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კ--------–-–--–---–ს ჩამორთმეული აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რაც მოჰყვა სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლით მსჯავრდებას.
პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა, მსჯავრდებული კ--------–-–--–---–ი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და უნდა აღუდგეს ჩამორთმეული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ--------–-–--–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
კ--------–-–--–---–ი გათავისუფლდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე