განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001466388
საქმე №3ბ/3084-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
14 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - სს ,,ლ--–--“;
წარმომადგენელი - რ---- მ---------–ი, რ----- რ------ა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - გ------------------;
მესამე პირი (ასკ-ის 16.1) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
მესამე პირი (ასკ-ის 16.1) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიზნობრივი დანიშნულებით 5 730.000 მანეთის ექვივალენტი ლარის გამოყოფის გაწერა, სს ,,ლ--–--ს“ მიმართ არსებული ვალდებულების შესასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
3. მესამე პირების პოზიცია:
3.1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სარჩელს მხარი არ დაუჭირეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სს ,,ლ--–--ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
5.1. ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1993 წლის 17 ოქტომბრის N--- განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა დახურული სააქციო საზოგადოება ,,ლ--–--ს“ წესდება. ძალადაკარგულად ჩაითვალა თბილისის ნაძალადევის რაიონის პრეფექტურის 30.09.91წ. N----- გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული საიჯარო ს-–---------ს----------–- ნ-–----ის ე--------------–----ი ფ------- ,,ლ--–--ს“ წესდება და მის სამართალმემკვიდრედ ჩაითვალა დახურული სააქციო საზოგადოება ,,ლ--–--“.
ამასთან, 1996 წლის 16 სექტემბრის სააქციო საზოგადოება ,,ლ--–--ს“ წესდების შესაბამისად, სს ,,ლ--–--“ წარმოადგენს ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1993 წლის 17 ოქტომბრის N--- განკარგულებით რეგისტრირებულ დახურული სააქციო საზოგადოება ,,ლ--–--ს“ სამართალდამემკვიდრეს (ს.ფ. 17-18; 21-39).
5.2. თბილისის ს---------–------ ე--------------–----მა ფ-------მ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ანგარიშზე 1985-1989 წლებში ჩარიცხა 1.730.000 (ერთი მილიონ შვიდასოცდაათი ათასი) მანეთი ქალაქის საბინაო მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის მისაღებად. მათ შორის: 1985 წელს - 720 000 მანეთი (საგადასახადო დავალება N-), 1986 წელს - 800 000 მანეთი (საგადასახადო დავალება N--), 1987 წელს - 40 000 მანეთი (საგადასახადო დავალება N---), 1988 წელს - 100 000 მანეთი (საგადასახადო დავალება N---), 1989 წელს - 70 000 მანეთი (საგადასახადო დავალება N---). აღნიშნული თანხებით ფ------ის მუშა-მოსამსახურეებისათვის უნდა აშენებულიყო თ---ის მ--- /---–-, 16 სართულიანი, 64 ბინიანი, საცხოვრებელი კორპუსი N---, საერთო ფართობით 4249 კვ.მ. 1990 წელს დაიწყო ამ კორუსის მშენებლობა, გაითხარა ქვაბული, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო მშენებლობა შეჩერდა.
თბილისის ს---------–------ ე--------------–----მა ფ-------მ 1989-1990 წლებში საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო კომბინატის ერთობლივი საწარმოს ასაშენებლად ასევე ჩარიცხა 4 000 000 (ოთხი მილიონი) მანეთი, კერძოდ: 1989 წლის 27 თებერვალს - 1 00 000 მანეთი (საგადასახადო დავალება N--), 1990 წლის 20 ივნისს- 200 000 მანეთი (საგადასახადო დავალება N--), 1990 წლის 16 ივლისს - 200 000 მანეთი (საგადასახადო დავალება N--), 1990 წლის 15 აგვისტოს - 200 000 მანეთი (საგადასახადო დავალება N59), 1990 წლის 3 სექტემბერს - 200 000 მანეთი (საგადასახადო დავალება N--), 1990 წლის 23 ოქტომბერს 200 000 მანეთი (საგადასახადო დავალება N---. 1989 წელს კაპიტალური დაბანდებათა გადაცემის ოქმის თანახმად, საკავშროგოსპლანის მიერ ჩაირიცხა 2 000 000 მანეთი. სულ სახლმშენებელი კომბინატის ასაშენებლად ფ-------ს ჩარიცხული აქვს 4 000 0000 (ოთხი მილიონი) მანეთი.
საცხოვრებელი კორპუსის და სახლმშენებელი კომბინატის მშენებლობისათვის თბილისის ს---------–------ ე--------------–---- ფ-------ს ჩარიცხული აქვს 5 730 000 (ხუთი მილიონ შვიდასოცდაათი ათასი) მანეთი. ესპერიმენტალურ ფ-------ს მითითებული თანხა არ დაბრუნებია (ს.ფ. 40-41).
5.3. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ 1992 წლის 23 ივნისს მიიღო N--- დადგენილება ქალაქ თბილისის მერიის საბინაო მშენებლობაში მოწილე საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა კუთვნილი საბინაო ფონდის დავალიანების 2000 წლამდე განვადების შესახებ, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დაადგინა, რომ 1992 და შემდგომ წლებში საბინაო მშენებლობის მოცულობათა შემცირების გამო მიღებულ იქნა ქალაქ თბილისის მერიის წინადადება მოწილე ორგანიზაციებისათვის საბინაო ფონდის რიცხული დავალიანების 2000 წლამდე განვადების შესახებ; მოწილეობის წესით გადაცემული სახსრების საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დაბრუნება განვადდა 2000 წლამდე. ამავე დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დაევალათ 2001 წლიდან გამოეყოთ ქალაქ თბილისის მერიისათვის ყოველწლიურად მიზნობრივი დანიშნულებით სახსრები საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა რიცხული დავალიანების გასასტუმრებლად (ს.ფ. 44).
5.4. 2016 წლის 15 იანვარს, სს ,,ლ--–--მ“ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა - 2001 წლიდან დღემდე ჩაერიცხა თუ არა ქ. თბილისის მერიას საქართველოს მთავრობის 1992 წლის 23 იანვრის N--- დადგენილებით გათვალისწინებული თანხები, კონკრეტულად, 1 730.000 მანეთის ექვივალენტი ლარი, თბილისში, თ---ის მ--- მ/---–- თექვსმეტსართულიანი, N--- საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად, თუკი ჩაირიცხა, როდის და რამდენი, თანხის ჩაურიცხაობის შემთხვევაში როდის აპირებდა სამინისტრო მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული თანხების ქალაქ თბილისის მერიისათვის ჩარიცხვას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის 02 თებერვლის N---------- წერილით სს ,,ლ--–--ს“ ეცნობა, რომ სამინისტრო არ ფლობდა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 06 ივნისის N------- წერილით სს ,,ლ--–--ს“ გადაეგზავნა ამავე სამინისტროს საფინანსო სამმართველოს სამსახურებრივი ბარათი, სადაც განმარტებულია, რომ არ ფლობენ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის 1992 წლის 23 იანვრის N--- დადგენილებით გათვალისწინებული თანხების (კერძოდ 1 730 000 მენთი ექვივალენტი ლარებში) ქ. თბილისის მერიისათვის ჩარიცხვის შესახებ. ასევე 2016 წლის ბიუჯეტის ასიგნებებში არ იყო გათვალისწინებული ქ. თბილისის მერიისათვის აღნიშნული დანიშნულებით ფულადი რესურსით უზრუნველყოფა (ს.ფ. 45-46; 49-51).
5.5. 2016 წლის 11 თებერვალს, სს ,,ლ--–--მ“ განმეორებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 1992 წლის 23 ივნისის N--- დადგენილების ლეგიტიმურობისა და აღსრულების საკითხის გადამოწმება, ასევე 15.01.2015წ. განცხადებით გათვალისწინებული ინფორმაციის გადაცემა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის 07 მარტის N----------- წერილით სს ,,ლ--–--ს“ ეცნობა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის თანხის გამოყოფა არ განხორციელებულა. ამასთანავე, აღნიშნული სამუშაოების დასაფინანსებლად ,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით თანხები გათვალისწინებული არ იყო (ს.ფ. 43; 54-55).
5.6. 2016 წლის 06 მაისს, სს ,,ლ--–--მ“ კვლავ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რის საფუძველზეც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროცესში გათვალისწინებული იქნებოდა 5 730 000 მანეთის ექვივალენტი ლარის მიზნობრივი დანიშნულებით ქ. თბილისის მერიისათვის გადახდა, რომ ამ უკანასკნელს დაეფარა სს ,,ლ--–--ს“ მიმართ არსებული დავალიანება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის 11 მაისის N----------- წერილით სს ,,ლ--–--ს“ ეცნობა, რომ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია ეცნობა 2016 წლის 07 მარტის N----------- წერილით (ს.ფ. 52; 56-57).
5.7. 2016 წლის 10 ივნისს, სს ,,ლ--–--მ“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 23 იანვრის N--- დადგენილების შესრულების მიზნით ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროცესში გათვალისწინებული იქნებოდა 5 730 000 მანეთის ექვივალენტი ლარის მიზნობრივი დანიშნულებით ქ. თბილისის მერიისათვის გადახდა, რომ ამ უკანასკნელს დაეფარა სს ,,ლ--–--ს“ მიმართ ვალდებულება. საჩივარში მითითებულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის 11 მაისის N----------- წერილი მიიჩნია ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარად, რომელსაც ასაჩივრებდა ადმინისტრაციული საჩივრით.
დადგენილია, რომ სს ,,ლ--–--ს“ მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია (ს.ფ. 59-65).
6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ მიიჩნია, რომ ცალსახად არ ირკვევა წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე იმ საწარმო-დაწესებულებას, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 26 ივნისის N--- დადგენილების საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან, სამინისტროებისაგან გამოყოფილი თანხით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინათმშენებლობით წარმოქმნილი დავალიანება არ არის აღიარებული სახელმწიფო ვალად, რის გამოც, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი უფლების რეალიზება ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუძლებელია.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოთხოვნის უფლება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ წარმოეშვა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 23 ივნისის N--- დადგენილების საფუძველზე, ამ დადგენილების თანახმად, თანხის გადახდის ვალდებულება ხელშემკვრელმა იკისრა 2001 წლის პერიოდიდან, შესაბამისად, მოთხოვნის უფლებაც მე-2 მხარეს წარმოეშვა მითითებული პერიოდიდან. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიზნობრივი დანიშნულებით 5 730.000 მანეთის ექვივალენტი ლარის გამოყოფა სს ,,ლ--–--ს“ მიმართ არსებული ვალდებულების შესასრულებლად. მოსარჩელემ, მითითებული დადგენილების საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართა 2016 წელს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა დარღვეულია.
7. სს ,,ლ--–--ს“ სააპელაციო მოთხოვნა:
7.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება სს ,,ლ--–--ს“ სასარჩელო მოთხოვნა.
8. სს ,,ლ--–--ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
8.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის 1992 წლის 26 ივნისის N--- დადგენილებას და მოსარჩელე არ მიაკუთვნა იმ საწარმო-დაწესებულებათა რიცხვს, რომლებსაც მთავრობის დადგენილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისგან უნდა მიეღოთ დავალიანების თანხები. დადგენილებას არ ახლავს დანართი იმ საწარმო-ორგანიზაციების ჩამონათვალის მითითებით, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს უნდა გაესტუმრებინა ქ. თბილისის მერიის დავალიანება, თუმცა ფაქტია და სასამართლოც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში არ უარყოფს, რომ ,,თბილისის ს---------–------ ე--------------–----მა ფ-------მ“ 1985-1989 წლებში თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ანგარიშზე N--- საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად ჩარიცხა 1 730 000 მანეთი, ხოლო 1998-1990 წლებში წილობრივი მონაწილეობის წესით საქალაქო საბჭოს აღმასკომის სახლმშენებელი კომბინატის ერთობლივი საწარმოს ასაშენებლად თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს გადარიცხული აქვს 4 000 000 მანეთი. ამდენად, ორივე ობიექტის ასაშენებლად ,,ს---------–------ ე--------------–---- ფ-------ს“ ჩარიცხული აქვს ჯამში 5 730 000 მანეთი. მთავრობის N--- დადგენილება გულისხმობს სწორედ ქ. თბილისის მერიისთვის და არა სხვა უწყებისათვის თანხების გამოყოფას, ვინაიდან დავალიანება საბინაო მშენებლობის დაუმთავრებელობის გამო გააჩნდა სწორედ ქ. თბილისის მერიას.
მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას 1992 წლის 23 ივნისს N--- დადგენილებაში არ მიუთითებია შესრულების ბოლო ვადა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყებად აუცილებელია იმ პერიოდის გამოკვეთა, თუ როდიდან უნდა დაიწყოს იგი. ზემოაღნიშნული დადგენილება დღესაც ძალაშია. შესაბამისად, არ გაუქმებულა სამინისტროების ვალდებულება ქ. თბილისის მერიისთვის თანხების გამოყოფის შესახებ და საწარმო-ორგანიზაციებს დღესაც უნარჩუნდებათ მოთხოვნის უფლება ამ სამინისტროების მიმართ, გამოუყონ მერიას მათთვის განკუთვნილი დავალიანების თანხა. აპელანტს მიაჩნია, რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და მას შეუძლია ყოველთვის განახორციელოს თავისი მოთხოვნა, ვიდრე ძალაშია მთავრობის დადგენილება და სამინისტროების ვალდებულება მერიის წინაშე.
აპელანტმა, ასევე, მიუთითა, რომ სასამართლომ შეფასებისა და მსჯელობის გარეშე დატოვა თბილისის მერიის, ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს წერილები, სადაც გაშიფრულია სადაო თანხები და აღიარებულია დავალიანება შპს ,,ლ--–--სთან“ მიმართებაში.
9. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. სააპელაციო პალატას მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ძირითადი არსი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის არასწორ გამოყენებას, ანუ არასწორ სამართლებრივ შეფასებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
დავის ძირითად საგანს წარმოადგენს სს ,,ლ--–--ს“, ქალაქ თბილისის მერიასა და საქარველოს ფიანსთა სამინისტროს შორის უფლება-მოვალეობათა ფარგლების განსაზღვრა, უნდა დადგინდეს სს ,,ლ--–--ს“ წინაშე ქალაქ თბილისის მერიის ვალდებულების არსებობის ფაქტი და მისი მოცულობა, აღნიშნულიდან გამომდინარე კი უნდა განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს როლიც მოცემულ სამართალურთიერთობაში. ქალაქ თბილისის მერიის ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში, მისი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა დაეკისროს სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხიც, რამეთუ პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს მასზე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, ხოლო აპელანტი უარყოფს მოთხოვნის ხანდაზმულობას.
უპირველესად უნდა დადგინდეს სს ,,ლ--–--ს“ წინაშე ქალაქ თბილისის მერიის ვალდებულების არსებობის საკითხი.
მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტს მასზედ, რომ სს ,,ლ--–--“ წარმოადგენს ს-–---------ს----------–- ნ-–----ის ე--------------–----ი ფ------- ,,ლ--–--ს“ უფლებამონაცვლეს. 1985-1990 წლებში თბილისის ს---------–------ ე--------------–---- ფ-------ს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ანგარიშზე საცხოვრებელი კორპუსის და სახლმშენებელი კომბინატის მშენებლობისათვის ჩარიცხული აქვს 5 730 000 (ხუთი მილიონ შვიდას ოცდაათი ათასი) მანეთი. ე--------------–---- ფ-------ს მითითებული თანხა არ დაბრუნებია და არც სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულა.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ 1992 წლის 23 ივნისს მიიღო N--- დადგენილება, რომლითაც მოხდა მოწილე ორგანიზაციებისათვის საბინაო ფონდის რიცხული დავალიანების 2000 წლამდე განვადება. ბრძანებაში აღინიშნა, რომ მოწილეობის წესით გადაცემული სახსრების საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დაბრუნება განვადდა 2000 წლამდე. ამავე დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დაევალათ 2001 წლიდან გამოეყოთ ქალაქ თბილისის მერიისათვის ყოველწლიურად მიზნობრივი დანიშნულებით სახსრები საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა რიცხული დავალიანების გასასტუმრებლად. ამდენად, სახელმწიფომ 1992 წელს აღიარა საბინაო ფონდის რიცხული დავალიანება და ფულადი რესურსის უკან დაბრუნების მიზნით განსაზღვრა კონკრეტული ვადა - 2000 წელი. აღნიშნული პერიოდიდან, ორგანიზაციებისათვის ფულადი რესურსის უკან დაბრუნების მიზნით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს ყოველწლიურად უნდა განეხორციელებინათ შესაბამისი სახსრების გამოყოფა ქალაქ თბილისის მერიისთვის. ფ------- ,,ლ--–--ს“ მიერ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ანგარიშზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისათვის ჩარიცხული თანხები ქმნიდა ამავე ორგანიზაციის საბინაო ფონდს, ხოლო საბინაო ფონდის რიცხული დავალიანების დაფარვის საკითხი კი საქართველოს მთავრობის ზემომითითებული დადგენილებით იქნა მოწესრიგებული.
პალატა ყურადღებას მიაქცევს ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 02.05.2006წ. N-89-06/6 წერილს, რომლითაც მერია აღიარებს თბილისის ს---------–------ ე--------------–----მა ფ------ის მიერ 1989-1990 წლებში საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო კომბინატის ერთობლივი საწარმოს ასაშენებლად 4 000 0000 (ოთხი მილიონი) მანეთის ჩარიცხვას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივ გარემოებების ანალიზის შედეგად პალატა მიუთითებს, რომ ფ------ის მიერ სახელმწიფო დაწესებულების ანგარიშზე, მიზნობრივად თანხების ჩარიცხვით, მათ შორის წარმოიშვა უფლება-მოვალეობები. ერთის მხრივ სახელმწიფო დაწესებულებებს დაეკისრათ ვალდებულება განეხორციელებინათ საბინაო მშენებლობები, ხოლო მეორეს მხრივ ფ-------ს წარმოეშვა უფლება მიეღო სახელმწიფოსგან შესრულება. 1992 წელს სახელმწიფომ აღიარა რა დაკისრებული ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, განსაზღვრა საბინაო ფონდში არსებული თანხების ორგანიზაციებისათვის უკან დაბრუნების წესი. წესის თანახმად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს ქალაქ თბილისის მერიისთვის 2001 წლიდან ყოველწლიურად უნდა ჩაერიცხათ თანხები საბინაო ფონდის კრედიტორთა დაკმაყოფილების მიზნით. მოსარჩელის მიერ საბინაო ფონდში ჩარიცხული თანხების ოდენობა მხარეთა მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. საქმეში არსებული მტკიცებულებები (ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილები) არ ადასტურებს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ამდენად, სახეზეა სახელმწიფოს ვალებულება სს ,,ლ--–--ს“ წინაშე, რომელიც არ შესრულებულა.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას რომ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 23 ივნისის N--- დადგენილება, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეკისრება ვალდებულება გამოუყოს ფულადი სახსრები ქალაქ თბილისის მერიას იმ მიზნით, რომ მოხდეს საბინაო ფონდის დავალიანების გასტუმრება, დღეის მდგომარეობით მოქმედია და არ გაუქმებულა. შესაბამისად, ხსენებული სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება კვლავაც ძალაშია.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულება ქალაქ თბილისის მერიას, სს ,,ლ--–--ს“ სასარგებლოდ, მიზნობრივად გამოუყოს ფულადი სახსრები. მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია განისაზღვროს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი და აღნიშნულიდან გამომდინარე განისაზღვროს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების მოცულობა.
მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა (128.1 მუხლი). იგი იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (130-ე მული). ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია (129.2 მუხლი).
,,ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება”( სუსგ №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015 წელი). ,,ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით” (სუსგ №ას-408-408-2018, 27 აპრილი, 2018 წელი).
როგორც საქართველოს მთავრობის 1992 წლის 23 ივნისის №666 დადგენილებით განისაზღვრა, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულების შესრულება დაეკისრა 2001 წლიდან ყოველწლიურად. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მასზე ვრცელდება 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადა უნდა განისაზღვროს თითოეულ შესრულებასთან მიმართებით დამოუკიდებლად. განსახლველ შემთხვევაში ვალდებულების შესრულება უნდა დაწყებულიყო 2001 წლიდან ყოველწლიურად. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა ვალდებულების შესრულების შესახებ სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წელს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში 2016 წლამდე 3 წლის პერიოდი არ წარმოადგენს ხანდაზმულს და ამ პერიოდში შესასრულებელ ვალდებულებათა მიმართ მოსარჩელეს აქვს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება. რაც შეეხება დანარჩენილ პერიოდს - 2001 წლიდან 2012 წლამდე, მოსარჩელეს დაკარგული აქვს ამ პერიოდზე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
რაც შეეხება შესასრულებელი ვალდებულების მოცულობას, პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება მოსარჩელის მიმართ წარმოადგენდა 5 730 000 მანეთის მიზნობრივად გამოყოფა ქალაქ თბილისის მერიისთვის 2001 წლიდან ყოველწლიურად. შესაბამისად, 2001 წლიდან 2016 წლამდე ვალდებულების შესრულების შემთხვევაში უნდა მომხდარიყო ყოველწლიურად 382 000 (5730000(მანეთი)/15(წელი)=382000(მანეთი)) მანეთის გამოყოფა. ამდენად, 2016 წელს და მანამდე 3 წლის პერიოდზე სამინისტროს უნდა განეხორციელებინა სულ 1528000 (382 000*3+382 000 (2016 წლის)) მანეთის ექვივალენტი ლარებში გამოყოფა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიზნობრივი დანიშნულებით 1528000 მანეთის ექვივალენტი ლარის გამოყოფის გაწერა, სს ,,ლ--–--ს“ მიმართ არსებული ვალდებულების შესასრულებლად.
10. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სს ,,ლ--–--ს“ მიერ სარჩელზე გადახდილი 100 ლარიდან და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარიდან, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი პროცენტული ოდენობის გათვალისწინებით, 155 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 95 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სს ,,ლ--–--ს“ სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ლ--–--ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. სს ,,ლ--–--ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიზნობრივი დანიშნულებით 1 528 000 (ერთი მილიონ ხუთას ოცდარვა ათასი) მანეთის ექვივალენტი ლარის გამოყოფის გაწერა სს ,,ლ--–--ს“ მიმართ არსებული ვალდებულების შესასრულებლად.
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
6. სს ,,ლ--–--ს“ მიერ სარჩელზე გადახდილი 100 ლარიდან და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარიდან, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი პროცენტული ოდენობის გათვალისწინებით, 155 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 95 ლარის გადახდა დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სს ,,ლ--–--ს“ სასარგებლოდ.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
გიორგი გოგიაშვილი -
ილონა თოდუა -