განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001625987
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/6612-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტები - ნ--- მ------–---–-, თ----–- ა---–---
წარმომადგენელი - ფ------ მ--------
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ-----------"
წარმომადგენელი - ი----- წ--------–-
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ პროცენტის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს ,,თ-----------“-ს სარჩელი მოპასუხეების ნ--- მ------–---–-სა და თ----–- ა---–--ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს ,,თ-----------“-ს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე. მოპასუხეებს ნ--- მ------–---–სა და თ----–- ა---–---ს მოსარჩელე სს ,,თ-----------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2010 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4896,72 ლარის გადახდა: ა) სესხის ძირი - 2311,19 ლარი; ბ) პროცენტი - 2485,53 ლარი; გ) პირგასამტეხლო - 100 ლარი; მოპასუხე თ----–- ა---–--ის პასუხისმგებლობა მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის დაკისრების ნაწილში განისაზღვრა 4060 ლარით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2010 წლის 04 მაისს სს ,,თ----------სა“ და მოპასუხე ნ--- მ------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტის თანხამ შეადგინა 4050 ლარი, წლიური 38%-ით. კრედიტი გაიცა 5/11/2016 წლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 11 რიცხვში. ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,5%-ს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 13-17);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
2.2. 2010 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2010 წლის 04 მაისს სს ,,თ----------სა“- და თ----–- ა---–---ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით თავდებმა იკისრა ვალდებულება ,,მსესხებლის“ მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა - 4050 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულება N8------- (ს.ფ. 23-25)
2.3. მსესხებელს ნ--- მ------–---–ს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები და არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 18-19) .
- მხარეთა განმარტება.
- მოისმინეთ 2017 წლის 21 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი;
2.4. სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხე ნ--- მ------–---–-ს დავალიანება სს „თ-----------ს“ მიმართ 2010 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 23 176,53 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2 311,19 ლარი, სესხის სარგებელი - 2 485,53 ლარი, დაზღვევა 47,35 ლარი, ხოლო ჯარიმა 18 332,46 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 26);
სასამართლოს განმარტებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სასამართლოს განმარტებით კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს მითითებით მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია 2010 წლის 4 მაისს სს ,,თ----------სა“ და ნ--- მ------–---–ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც 2010 წლის 04 მაისს სს ,,თ----------სა“ და თ----–- ა---–---ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება.
2010 წლის 04 მაისს სს ,,თ----------სა“ და მოპასუხე ნ--- მ------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტის თანხამ შეადგინა 4050 ლარი, წლიური 38%-ით. კრედიტი გაიცა 5/11/2016 წლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 11 რიცხვში. ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,5%-ს.
მხარეთა შორის განისაზღვრა რომ მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა დაეფარა ძირი თანხა და დარიცხული პროცენტი.
ამდენად, მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სესხით სარგებლობისათვის პროცენტსა და მის ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში ხდება.
სასამართლოს მითითებით სადავო არ არის, რომ 2010 წლის 04 მაისს, მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 4050 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 05.11.2013-მდე ვადით, წლიური განაკვეთი-38% სარგებლით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,5%.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები და არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები, რაც მათთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი კრედიტის თანხის წლიური 38%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, შეამციროს მხოლოდ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო, როდესაც მისი ოდენობა გაუმართლებლად მაღალია ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და დარღვევით განპირობებული შესაძლო ზიანის მხედველობაში მიღებით, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად.
სასამართლოს განმარტებით მხარეთა შეთანხმებით დადგენილი სარგებლის შემცირება სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული არ არის. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებული ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება სარგებელთან მიმართებით დაუშვებელია პირგასამტეხლოსა და სარგებლის არსობრივად განსხვავებული ხასიათის გამო. როგორც აღინიშნა, სარგებელი წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების არსებით პირობას და მასზე მხარეთა შეთანხმება განიხილება ძირითადი ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად, პირგასამტეხლო კი მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაა და ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში მისი გადახდის ვალდებულება არ არსებობს. ცალკეულ პირობებში პირგასამტეხლოს განსაზღვრის პრინციპი იძლევა მისი ოდენობის გაუმართლებლად მაღალი სიდიდით გაანგარიშების შესაძლებლობას, კანონი უშვებს მხოლოდ კონკრეტული პირგასამტეხლოს შემცირებას სასამართლოს მიერ. ამდენად, მოპასუხის პრეტენზია სარგებლის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელად იქნა მიჩნეული და სასამართლომ არ გაიზიარა .
2.7. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხე თ----–- ა---–---მ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. ამასთან, გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა აღემატებოდა თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ოდენობას, თ----–- ა---–--ის პასუხისმგებლობა 4060 ლარით განისაზღვრა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე მითითებული გარემოებები არ აბათილებენ მოსარჩელის მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმებიდან.
სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ნ--- მ------–---–-სა და თ----–- ა---–--ისათვის თავდებობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და შემცირებული პირგასამტეხლოს სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე.
2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს განმარტებით ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
სასამართლოს მითითებით საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ნ--- მ------–---–ს მის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილება ზედიზედ, სულ ცოტა, ორი ვადის. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მულიხ სმე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
სასამართლოს განმარტებით აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1000 ლარიდან 100 ლარამდე შეამცირა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტები გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ მათთვის სარგებლის დაკისრების ნაწილში და განმარტავენ, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებულია შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი. აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით აპელანტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ დავალიანებული თანხიდან სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი სესხის ძირ თანხას აღემატება. გარდა ამისა, აპელანტები განმარტავენ, რომ ხელშეკრულებით სარგებლისთვის გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველო ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკის სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საპროცენტო განაკვეთს. აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტები მიიჩნევენ, რომ გარიგება პროცენტის განაკვეთის ნაწილში, როგორც ამორალური ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობა უნდა შემოწმდეს, მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის ოდენობის კანონონიერების თვალსაზრისით, კერძოდ უნდა ჩაითვალოს თუ არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური სარგებელი შეუსაბამოდ მაღალ პროცენტად, და არსებობს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე მისი ბათილობის წინაპირობები.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:
- 2010 წლის 04 მაისს ერთი მხრივ სს ,,თ----------ს“ და მეორე მხრივ ნ--- მ------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4050 ლარის ოდენობით, სესხისთვის გათვალისწინებული იქნა წლიური სარგებელი 38 %-ის ოდენობით. (ტ.1.ს.ფ. 13-17);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2010 წლის 04 მაისს სს ,,თ----------ს“ და თ----–- ა---–---ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა ვალდებულება ,,მსესხებლის“ მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე თავდებობის ზღვრული თანხის 4050 ლარის ფარგლებში. (ტ.1.ს.ფ. 23-25);
- მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რის გამოც სარჩელის შეტანის მომენტისათვის სს ,,თ-----------ს’’ მიმართ ნ--- მ------–---–ს ერიცხებოდა დავალიანება, მათ შორის სესხის პროცენტი - 2485,53 ლარის ოდენობით (ტ.1.ს.ფ. 26).
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე დაყრდნობით, გარიგების ის ნაწილი, რომლითაც წლიური სარგებელი განისაზღვრა, სასამართლოს ამორალურობის საფუძვლით ბათილად უნდა მიეჩნია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებმა მათ შორის დადებული ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პროცენტი (ფაქტობრივი გარემოება 4.1). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამდენად, 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი სარგებელია, რომელსაც იღებს გამსესხებელი სასესხო ურთიერთობიდან.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ივარაუდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს. შესაბამისად, თითოეული მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულებაზე.
გარდა ამისა, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს ასევე იმ უდავო გარემოებებს, რომ მსესხებლის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულების პირობები და კრედიტის დაფარვის გრაფიკი არაერთგზის დაირღვა, უფრო მეტიც, გადახდების შესახებ საქმეში წარმოდგენილი 24.11.2016წ. დოკუმენტით (ტ.1.ს.ფ. 20-21) ირკვევა, რომ მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით 08.07.2014 წლის შემდეგ გადახდები განხორციელებული აღარ ყოფილა. საგულისხმოა ასევე, რომ სახელშეკრულებო პირობების ამგვარი დარღვევის პირობებში მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით მხოლოდ 100 ლარის გადახდა დაეკისრათ, ამასთან, აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ ყოფილა.
შეუსაბამოდ მაღლი პროცენტის მოტივით, პროცენტის ოდენობის შესახებ ხელშეკრულების დათქმის ბათილობის თაობაზე აპელანტის პრეტენზია, პალატის მოსაზრებით, შესაძლოა, გასაზირებელი ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხზე წლიური პროცენტის (38%) ოდენობა აშკარად ამოვარდნილი იქნებოდა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისაგან, თუმცა პალატა შენიშანვს, რომ ამ თვალსაზრისით აპელანტს მტკიცებულება არ წარმოუდგენია (სააპელაციო სასამართლო აქვე დასძენს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ გვერდის მონაცემებით /, საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა/, 2010 წლის მეორე კვარტალში ეროვნულ ვალუტაში გრძელვადიანი სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი 21.7% შეადგენდა); შესაბამისად, არ არსებობს იმ დასკვნის გაკეთების საფუძელი, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხზე წლიური პროცენტის (38%) ოდენობა აშკარად ამოვარდნილი იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისაგან. ასევე, შესაძლოა აპელანტის ეს პრეტენზია პერსპექტიული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუკი მსესხებელი დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ პირადად მასთან მიმართებაში, მოხდა ბანკის მხრიდან უჩვეულოდ მაღალი პროცენტით სესხის გაცემა, თუმცა არც ამ კუთხით ყოფილა აპელანტის მიერ სასამარათლოსათვის რაიმე მტკიცება შეთავაზებული. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ 54-ე მუხლის მაკვალიფიწირებელი გარემოებას კოკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს და არ არსებობს ამორალურობის მოტივით კონკერტულ შემთხვევაში წლიური 38%-ის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის ბათილობის საფუძველი.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ წლიური პროცენტის ოდენობა ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 38%-ისა, უნდა ყოფილიყო გაცილებით უფრო დაბალი, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამრთლოს მსჯელობას და იმ განმარტებას, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი სარგებლის შემცირება სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული არ არის. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებული ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების (სკ-ის 420-ე მუხ.) გამოყენება სარგებელთან მიმართებით დაუშვებელია პირგასამტეხლოსა და სარგებლის არსობრივად განსხვავებული ხასიათის გამო. სარგებელი წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების არსებით პირობას და მასზე მხარეთა შეთანხმება განიხილება ძირითადი ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად, პირგასამტეხლო კი მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაა და ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში მისი გადახდის ვალდებულება არ არსებობს. ამდენად, აპელანტის პრეტენზია სარგებლის ოდენობის შემცირების თვალსაზრისითაც დაუსაბუთებელია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--- მ------–---–-ს და თ----–- ა---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური