განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4894-15 27 მარტი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი – სს „ს-----–------------“
წარმომადგენელი – ზ-----------------ე, დ--------------–-–---–ი (საზოგადოების დირექტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – გ----------------–-----ი
დავის საგანი _ აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გ----------------–-----ის სარჩელი სს „ს-----–------------ს“ მიმართ, დაკმაყოფილდა.
სს „ს-----–------------ს“ დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში ჩაეტარებინა სს „ს-----–------------ს“ აქციონერთა რიგგარეშე კრება მოპასუხის ხარჯით, ხოლო მოპასუხის მიერ რიგგარეშე კრების მოწვევის ხარჯების უქონლობის შემთხვევაში მოსარჩელის ხარჯით, შემდეგი დღის წესრიგით: სს „ს-----–------------ს“ სამეურნეო საქმიანობის ბოლო ექვსი წლის სპეციალური შემოწმების შესახებ. მოპასუხე სს „ს-----–------------ს“ დაეკისრა მოსარჩელე გ----------------–-----ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის სახით 100 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივ გარემოებები:
2.1. მოსარჩელე გ----------------–-----ი წარმოადგენს მოპასუხე საზოგადოების სს „ს-----–------------ს“ ჩვეულებრივი აქციების 6.94707%-ის მესაკუთრეს.
2.2. მოსარჩელემ, როგორც მოპასუხე საზოგადოების 5% აქციების მესაკუთრე აქციონერმა, 24.09.2014 წელს წერილობითი მოთხოვნით მიმართა საზოგადოების დირექტორს, რიგგარეშე აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ დღის წესრიგით: საზოგადოების ბოლო 6 წლის საქმიანობის შემოწმების შესახებ.
საზოგადოების დირექტორმა მოსარჩელეს წერილობით უპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხზე მიემართა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსათვის.
2.3. მოსარჩელემ, როგორც მოპასუხე საზოგადოების 5% აქციების მესაკუთრე აქციონერმა, 05.11.2014 წელს მიმართა წერილობითი მოთხოვნით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, რიგგარეშე აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნით, დღის წესრიგით: საზოგადოების ბოლო 6 წლის საქმიანობის შემოწმების შესახებ.
საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ მოსარჩელეს წერილობით უპასუხა, რომ საზოგადოებას არ გააჩნდა ფინანსური სახსრები აქციონერთა რიგგარეშე კრების მოსაწვევად.
2.4. მოსარჩელემ და სხვა აქციონერებმა, მიმართეს სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე საერთო კრების გამართვისათვის საჭირო სახსრებით უზრუნველყოფის შესახებ.
მოპასუხის მიერ აქციონერთა რიგგარეშე კრება მაინც არ იქნა მოწვეული და ჩატარებული.
2.5. მოსარჩელის მოთხოვნა, საზოგადოების აქციონერთა რიგგგარეშე კრების მოწვევის შესახებ, დაყენებულია საზოგადოების აქციონერთა ბოლო კრების გამართვიდან ერთი თვის გასვლის შემდგომ.
2.6. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.10 მუხლის მიხედვით, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით.
2.8. ამ კანონის 54.1 მუხლის შესაბამისად, თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ყოველწლიურად, წლიური ბალანსის შედგენიდან 2 თვის ვადაში ტარდება მორიგი საერთო კრება, რომელზედაც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა შესაძლო საკითხები.
სხვა შემთხვევებში ტარდება რიგგარეშე საერთო კრება დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში – აქციონერების მოთხოვნით.
2.9. ამავე კანონის 53.33 მუხლის მიხედვით, ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვთ, საწარმოს წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) მოსთხოვონ საწარმოს აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარება. მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი და შეიცავდეს დღის წესრიგის საკითხებს, რომელთა შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საზოგადოების მიზნებსა და საქმიანობის ხასიათთან. ასეთ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები ვალდებული არიან, წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა ჩაატარონ საერთო კრება. ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს, რიგგარეშე კრების მოწვევის მოთხოვნის დაყენების უფლება აქვთ ბოლო კრების ჩატარებიდან არა უადრეს 1 თვისა.
2.10. უდაოა, რომ მოსარჩელე არის მოპასუხე საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 6.94707% წილის ჩვეულებრივი აქციების მესაკუთრე. უდაოა, რომ მოსარჩელემ წერილობით მიმართა სამეთვალყურეოს საბჭოს რიგგარეშე აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ, ასევე უდაოა, რომ რიგგარეშე აქციონერთა კრებაზე განსახილველი საკითხად მოთხოვნილ იქნა საზოგადოების სამეურნეო ბოლო 6 წლის საქმიანობის შემოწმება, რაც წარმოადგენს საზოგადოების აქციონერის კონტროლის უფლების რეალიზაციის ერთ-ერთ საშუალებას და არ ეწინააღმდეგება საზოგადოების მიზნებსა და საქმიანობის ხასიათს. უდაოა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საზოგადოების წესდებით გათვალისწინებულ სამეთვალყურეო საბჭოსადმი განხორციელდა ბოლო აქციონერთა კრების ჩატარებიდან 1 თვის გასვლის შემდგომ. ასევე უდაოა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნა, რიგგარეშე აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
2.11. სასამართლოს შეფასებით, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია შესაბამისად, იგი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა; კერძოდ, სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის, როგორც საზოგადოების 5%-ზე მეტი აქციების მესაკუთრის, კონტროლისა და შემოწმების უფლება, რომლის რეალიზაციის საშუალება მას ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ჰქონდა, როგორც საზოგადოების აქციონერთა ჩვეულებრივ კრებაზე, ასევე აქციათა 5%-ზე ნაკლები წილის მფლობელი აქციონრებისაგან განსხვავებით, რიგგარეშე კრებაზეც; ამასთან, აქციონერის ამ უფლების რეალიზაცია არ იყო დამოკიდებული საზოგადოების მხრიდან რაიმე გარემოების არსებობა-არასებობაზე, მათ შორის გაზეთში პუბლიკაციის, აქციონერთათვის დაზღვეული წერილების გაგზავნის და ნოტარიუსისათვის გადასახდელი ფულადი სახსრების არსებობა-არარსებობაზე, რის გამოც ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53.33 მუხლში მითითებული წინაპიროებების არსებობისას, რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების ჩატარება სავადებულოა საზოგადებისათვის.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თუ საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა იმდენად გაუარესებულია, რომ მას არ გააჩნია არათუ კრედიტორების გასტუმრების, არამედ აქციონერთა კრების (რიგგარეშე კრების) ჩატარებისათვის აუცილებელი ნოტარიუსისათვის გადასახდელი ფულადი სახსრების გაღების შესაძლებლობაც კი, აღნიშნული გარემოება შეიძლება წარმოადგენდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველს, რისი განცხადების ვალდებულებაც საზოგადოების დირექტორს გააჩნია. რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელში მითითებულ პროცედურებს, აღნიშნული პროცედურების დაცვა სავალდებულოა თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. როცა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის დღის წესრიგი ეხება ერთადერთ საკითხს დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გადარჩევას, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია; ამასთან სასამართლოსადმი დარღვევული უფლებების აღდგენის მიზნით მიმართვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და საეთაშორისო ხელშეკრულებებით.
7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
7.1. აპელანტის მითითებით, სს „ს-----–------------მ“ ვერ უზრუნველყო რიგგარეშე კრების მოწვევა, ამისათვის საჭირო ხარჯის უქონლობის გამო, რადგან გასული წლის ბოლოდან დღემდე, საზოგადოების ანგარიშებს ადევს ყადაღა შემოსავლების სამსახურის მიერ, ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების გამო. აპელანტის განმარტებით, ამის შესახებ მოსარჩელეს არაერთგზის ეცნობა;
გარდა ამისა, მხარეს (გ----------------–-----ს) მიმართეს, რომ ეს საკითხები მას დაეყენებინა მიმდინარე კრებაზე, რომელიც ტარდებოდა ამა წლის მაისში, მასზე მოწვეული იყო მოსარჩელეც, რომელიც სხვა აქციონერებთან ერთად არ გამოცხადდა კრებაზე და კრება ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
აპელანტის განცხადებით, პარტნიორთა კრება აუცილებლად ჩატარდება სათანადო ფინანსების არსებობის შემთხვევაში; სასამართლოს მითითება, რომ აქციონერის მოთხოვნით მოპასუხემ არ ჩაატარა კრება, არასწორია, რადგან მიმდინარე კრება იყო მოწვეული და შემდგომი კრებაც აუცილებლად ჩატარდება, მიუხედავად იმისა, მოსარჩელე ითხოვს თუ არა ამას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ, მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე, შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1. გ----------------–-----ი წარმოადგენს მოპასუხე საზოგადოების _ სს „ს-----–------------ს“ ჩვეულებრივი აქციების 6.94707%-ის მესაკუთრეს (ს.ფ. 46, ამონაწერი რეესტრიდან, სს ,,ს----------–-------------------–----------------------–-------------------ი“).
4.2. გ----------------–-----მა, როგორც სს „ს-----–------------ს“ 5% აქციების მესაკუთრე აქციონერმა, 24.09.2014 წელს წერილობითი მოთხოვნით მიმართა საზოგადოების დირექტორს, რიგგარეშე აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ, დღის წესრიგით: საზოგადოების ბოლო ექვსი წლის საქმიანობის შემოწმების შესახებ (ს.ფ. 37).
საზოგადოების დირექტორმა მოსარჩელეს წერილობით უპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხზე მიემართა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსათვის.
4.3. მოსარჩელემ, როგორც მოპასუხე საზოგადოების 5% აქციების მესაკუთრე აქციონერმა, 05.11.2014 წელს მიმართა წერილობითი მოთხოვნით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, რიგგარეშე აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნით, დღის წესრიგით: საზოგადოების ბოლო ექვსი წლის საქმიანობის შემოწმების შესახებ.
საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ მოსარჩელეს წერილობით უპასუხა, რომ საზოგადოებას არ გააჩნდა ფინანსური სახსრები აქციონერთა რიგგარეშე კრების მოსაწვევად.
4.4. მოსარჩელემ და სხვა აქციონერებმა, მიმართეს საზოგადოების სამეთვალყურეოს საბჭოს რიგგარეშე კვლავ ზემოაღნიშნული მოთხოვნით და განაცხადეს, რომ საერთო კრების გამართვისათვის საჭირო სახსრებით სრულად უზრუნველყოფას თავად განმცხდებლები განახორციელებდნენ (ს.ფ. 44).
მიუხედავად ამისა, მოპასუხემ კვლავ უგულვებელყო განმცხადებლის მოთხოვნა და საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე კრება მაინც არ მოიწვია.
4.5. მოსარჩელის მოთხოვნა, საზოგადოების აქციონერთა რიგგგარეშე კრების მოწვევის შესახებ, დაყენებულია საზოგადოების აქციონერთა ბოლო კრების გამართვიდან ერთი თვის გასვლის შემდგომ.
სამართლებრივი დასაბუთება
4.6. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა დასაბუთებულ გადაწყვეტილებამდე; კერძოდ: სასამართლომ სწორად გამოიყენა მოცემული დავაზე მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.10, 54.1, 53.33 მუხლები და ასევე სწორად განმარტა დასახლებული ნორმები.
საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ“ 53.33 მუხლის მიხედვით, ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვთ, საწარმოს წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) მოსთხოვონ საწარმოს აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარება. მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი და შეიცავდეს დღის წესრიგის საკითხებს, რომელთა შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საზოგადოების მიზნებსა და საქმიანობის ხასიათთან. ასეთ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები ვალდებული არიან, წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა ჩაატარონ საერთო კრება. ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს, რიგგარეშე კრების მოწვევის მოთხოვნის დაყენების უფლება აქვთ ბოლო კრების ჩატარებიდან არა უადრეს 1 თვისა.
აქციონერის ზემოაღნიშნული უფლება ასახულია ასევე საზოგადოების _ სს „ს-----–------------ს“ წესდების მეხუთე მუხლში (ს.ფ. 19).
საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ“ დასახელებული ნორმა განამტკიცებს სააქციო საზოგადოების აქციონერის ინტერესების დაცვის უმნიშვნელოვანეს საშუალებას _ მოითხოვოს საზოგადოების რიგიგარეშე კრების ჩატარება ამავე ნორმით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ დასახელებული ნორმის და საზოგადოების წესდების საფუძველზე, სს „ს-----–------------ს“ ჩვეულებრივი აქციების 6.94707%-ის მფლობელმა აქციონერმა _ გ----------------–-----მა, არაერთგზის მიმართა საზოგადოებას წერილობით, სააქციო საზოგადოების რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე და მიუთითა განსახილველი საკითხი - საზოგადოების ბოლო ექვსი წლის საქმიანობის შემოწმება; მიუხედავად მოსარჩელის მიმართვისა, მოპასუხეს არ მოუწვევია კრება და აღნიშნულს აპელანტი _ სს ,,ს-----–------------“, სააპელაციო საჩივარში სხნის იმ გარემოებით, რომ საზოგადოების ანგარიშებს ადევს ყადაღა და სათანადო ფინანსების არსებობის შემთხვევაში კრება აუცილებლად შედგება. სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს დასახელებული არგუმენტით მოსარჩელის მოითხოვნის უგულვებელყოფას და აღნიშნავს, რომ აქციონერმა (სხვა აქციონერებთან ერთად) ამ მიზეზით კრების ჩატარებაზე უარის საპასუხოდ, ჯერ კიდევ 2015 წლის იანვარში მიმართა საზოგადოებას და აღნიშნა, რომ კრების მოწვევისათვის საჭირო ხარჯებს სრულად უზრუნველყოფდა აქციონერთა ჯგუფი. ამის მიუხედავად კრება მაინც არ მოწვეულა, რამაც საბოლოოდ განაპირობა სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა;
4.7. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და მიღებულ იქნა სწორი გადაწყვეტილება. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს-----–------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე /ხათუნა არევაძე/
მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/
/გოგიტა თოთოსაშვილი/