განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2018
საქმის ნომერი
330210017001831898
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001831898

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/6472-17 “ 08 ” მაისი, 2018წ.

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი _ ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი _ _ _ _ ი---- შ--–--–-–---–ი ა---------– გ--------ე ნ----- თ--–-ა თ---------- თ--------–---–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2---------წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 16.10.2017წ. განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

 

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2---------წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ----- თ--–-ას სარჩელი. ი---- შ--–--–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა რ------ე N12, ს/კ (0---------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მის მესაკუთრეს - მოსარჩელე ნ----- თ--–-ას (პ/ნ 0----------);

 

გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.10.2017წ. განჩინებით ი---- შ--–--–-–---–ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2---------წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:

 

2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. 207-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის.

 

მოპასუხეს სასამართლო შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და მას ჰქონდა საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის.

 

2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების დამადასტურებელი მტკიცებულებანი არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

2.4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასამართლოს აზრით, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებულ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით განჩინებაში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ:

 

2.6. სსსკ-ის 240-ე მუხლის თანახმად საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის თანახმად მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

 

კონრეტულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საქართველოს სსკ-ის 233 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მხარე სხდომის დღის თაობაზე არ არის ინფორმირებული სამოქალაქო საპროცესო ნორმათა დაცვით.

 

2.8. სასამართლო არ ეთანხმება საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას, ვინაიდან მიიჩნევს რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საშუალება მოპასუხე მხარისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების უზრუნველსაყოფად.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 სექტემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხე ი---- შ--–--–-–---–ს სასამართლო უწყება გაეგზავნა მისამართზე: ქ.თბილისი, რ------ის ქ.№12. ადრესატის მისამართზე არ ყოფნის გამო, სასამართლო გზავნილი საფოსტო სამსახურის მიერ ჩაუბარებელი სახით უკან იქნა დაბრუნებული. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მისამართი მითითებულია არა მხოლოდ სარჩელში, არამედ მოპასუხის მიერ 2017 წლის 28 მარტს შემოტანილ შესაგებელშიც.

 

2017 წლის 18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული იქნა განჩინება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დაევალა მოპასუხე ი---- შ--–--–-–---–ისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფა.

 

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის 31.07.2017.წ მომართვიდან ირკვევა, რომ მოპასუხე ი---- შ--–--–-–---–ი, მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, რ------ის ქ.№12) არ ცხოვრობს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 აგვისტოს განჩინების საფუძველზე მოპასუხე ი---- შ--–--–-–---–ს სხდომის დღის თარიღი საჯარო შეტყობინების საშუალებით ეცნობა 2017 წლის 10 აგვისტოს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა სასამართლო უწყებები იგზავნებოდა თავად მოპასუხე ი---- შ--–--–-–---–ის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე. შესაბამისად, მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ მითითებული მისამართი არასწორია უსაფუძვლოა და სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, გამომდმინარე იქიდან, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხის მხრიდან საწინააღმდეგო ინფორმაციის შემცველი ცნობა არ წარმოდგენილა.

 

კონკრეტული შემთხვევის განხილვისას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა: დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ი---- შ--–--–-–---–ისთვის ცნობილი იყო სასამართლოში განსახილველი საქმის წარმოების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 05 ივლისს დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება, სწორედ მის მიერ 2017 წლის 04 ივლისს წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე განხორციელდა. სასამართლო თვლის, რომ შესაბამისი დაინტერესების არსებობის შემთხვევაში მოპასუხე მხარე შეძლებდა განსახილველი საქმის მიმდინარეობაზე თვალყურის დევნებას, თუმცა დავისადმი ინტერესი მხარის მიერ 2017 წლის 04 ივლისის შემდგომ არ გამოხატულა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი წანამძღვრები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. უსწოროა სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მოპასუხეს საკმაო დრო ჰქონდა სასამართლოში გამოსაცხადებლად. მოპასუხე ვერ გამოცხადდებოდა პროცესზე, ვინაიდან მისთვის აღნიშნულის თაობაზე ცნობილი არ იყო.

 

3.2. მოპასუხეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა მისამართზე, რომელიც მიუთითა მოსარჩელემ პროცესის შემდეგ. მოსარჩელესთან წარმოებდა მოლაპარაკებები მორიგების თაობაზე, დაწყებული ჰქონდა თანხის მიღება და მოსარჩელეს არ აწყობდა გამჟღავნებულიყო, რომ თანხები მიღებული ჰქონდა. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ არ მიუთითა სწორი მისამართი, რომელიც მისთვის ცნობილი იყო.

 

4.გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. 07.03.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ----- თ--–-ამ მოპასუხე ი---- შ--–--–-–---–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით (ტ. I, ს.ფ. 1-12). სარჩელი ეფუძნება გარემოებებს მასზედ, რომ მოსარჩელე იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე აღრიცხულია უძრავი ქონების - თბილისი, რ------ის #12 - მესაკუთრედ, რომელსაც ფლობს მოპასუხე და უარს ამბობს ფართის გამონთავისუფლებაზე.

 

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.04.2017წ. განჩინებით სასამართლო სხდომა დაინიშნა 05.07.2017წ. (ტ. I, ს.ფ. 43,44). ამავე სასამართლოს 05.07.2017წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე ი---- შ--–--–-–---–ის განცხადება სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე და სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2---------წ. 11:00 საათზე (ტ. I, ს.ფ. 59-61).

 

4.3. პალატას დადგენილად მიაჩნია გარემოება მასზედ, რომ ი---- შ--–--–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2---------წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით:

4.3.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2---------წ. 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხე ი---- შ--–--–-–---–ს სასამართლო უწყება ორჯერ გაეგზავნა თავად მის მიერ შესაგებელში და განცხადებაში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, რ------ის ქ.№12 (იხ.: შესაგებელი, ტ. I, ს.ფ. 27; განცხადება, ტ. I, ს.ფ. 55; გზავნილები, ტ. I, ს.ფ. 64,66). ამასთან, სწორედ ეს არის ის უძრავი ქონება, რომლის გამოთხოვაც არის სარჩელის საგანი.

საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა ადრესატის მისამართზე არ ყოფნის გამო (ტ. I, ს.ფ. 65).

 

4.3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.07.2017წ. განჩინებით სასამართლომ ი---- შ--–--–-–---–ისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფა დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს (ტ. I, ს.ფ. 68-70).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 31.07.2017.წ მომართვის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი არაერთხელ გამოცხადდა მისამართზე, თუმცა მისამართზე არავინ იმყოფებოდა. გამოკითხული იქნა მეზობელი, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ამჟამად ცხოვრობენ სხვა პირები და მისთვის უცნობია ი---- შ--–--–-–---–ის ადგილსამყოფელი (ტ. I, ს.ფ. 74, 75).

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე ი---- შ--–--–-–---–ს სხდომის დღის თარიღი ეცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.08.2017წ. განჩინების საფუძველზე, საჯარო შეტყობინების საშუალებით 2017 წლის 10 აგვისტოს (ტ. I, ს.ფ. 80-82,83). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლი ადგენს საჯარო შეტყობინების ინსტიტუტის გამოყენების სპეციალურ წესს: კერძოდ, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. შესაბამისად, იმისათვის რომ დადგეს შეტყობინების ამ განსაკუთრებული მექანიზმის გამოყენების აუცილებლობა, უნდა დასტურდებოდეს მისი გამოყენებისათვის აუცილებელი კანონისმიერი საფუძვლის არსებობა: 1. რომ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან 2. მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება. განსახილველ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სწორედ საჯარო შეტყობინების ინსტიტუტის გამოყენების კანონისმიერ წინაპირობას.

 

ამდენად, დგინდება, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2---------წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. როგორც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს.

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, ი---- შ--–--–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2---------წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აპელანტი არ უთითებს სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზზე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.II, ს.ფ.14).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი---- შ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე