განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2018
საქმის ნომერი
160210017001667232
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №160210017001667232

2ბ/6050-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

„ 19“ აპრილი, 2018წ.

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენელი - ლ---------------ე (მოპასუხე) თ----- გ------–--ე (მოსარჩელე) ზ--------------–---–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 04.09.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ ალიმენტის ოდენობის გაზრდა

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. თ----- გ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინებით 200 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გაიზარდოს 300 ლარამდე და არასრულწლოვანი შვილის 2015 წლის 20 მაისს დაბადებული გ------- ს---------ის რჩენა-აღზრდისათვის მოპასუხე ლ---------------ეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 300 ლარის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები 2.1. თ----- გ------–--ესა და ლ---- ს---------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2015 წლის 20 მაისს დაბადებული გ------- ს---------ე. 2.2. თ----- გ------–--ე და ლ---- ს---------ე აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2.3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მიღწეული მორიგება და ლ---------------ეს არასრულწლოვანი შვილის 2015 წლის 20 მაისს დაბადებული გ------- ს---------ის რჩენისათვის ალიმენტის სახით დაეკისრა 200 ლარის გადახდა, 2016 წლის 01 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ გაუმჯობესდა მხარეთა ფინანსური მდგომარეობა, როგორც მოპასუხის, ასევე მოსარჩელის. მოსარჩელის მითითებით, ალიმენტის დაკისრების დროისათვის მისი ხელფასი შეადგენდა 300 ლარს. ამჟამად, თ----- გ------–--ე მუშაობს სსიპ ბ---–-----------–----–-------ს სოფელ ქ-----------–----- N1 საჯარო სკოლის ქართულ სექტორზე პედაგოგად და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 505,65 ლარს. მოპასუხე ლ---------------ის ხელზე ასაღები ხელფასი ალიმენტის დაკისრების დროისათვის (2013 წლის 19 დეკემბრიდან - 2016 წლის 30 აპრილამდე) შეადგენდა 708 ლარს. ამჟამად ლ---- ს---------ე მუშაობს სს ,,R------------“ -ში სატვირთო მანქანის მძღოლად და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1160 ლარს. 2016 წლის 01 აპრილიდან - 2017 წლის 01 აპრილამდე ლ---------------ის სახელფასო ანაზღაურებამ შეადგინა 14 576,08 ლარი. 2.5. ლ---- ს---------ეს სს ,,ს----------–----------ს“ მიმართ 2017 წლის 24 იანვრის მდგომარეობით აქვს ფინანსური ვალდებულება 9915,12 ლარის ოდენობით. 2.6. სასამართლო დადგენილად და სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ გარემოებებს იმის შესახებ, რომ მის კმაყოფაზე იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები. მოსარჩელემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოპასუხემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლების შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.7. მოსარჩელემ არასრულწლოვანი გ------- ს---------ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ, ხოლო ბავშვის ასაკმა და შესაბამისად, მისთვის აუცილებელმა ხარჯმა მოიმატა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. დადგენილია, რომ თ----- გ------–--ესა და ლ---------------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 20 მაისს შეეძინათ შვილი გ------- ს---------ე. მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე თ----- გ------–--ე ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მიღწეული მორიგება და ლ---- ს---------ეს არასრულწლოვანი შვილის 2015 წლის 20 მაისს დაბადებული გ------- ს---------ის რჩენისათვის ალიმენტის სახით დაეკისრა 200 ლარის გადახდა, 2016 წლის 01 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება. ,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ის ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი გაზრდის გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს; 3. დადგენილი ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ- ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია, ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო- სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ გ------- ს---------ე სარჩელის განხილვის დროისათვის წარმოადგენდა მცირეწლოვანს, ასაკის მატებასთან ერთად გაზრდილია მისი აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი მოთხოვნილებები. ის ცხოვრობს დედასთან, თ----- გ------–--ესთან ერთად. დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელე თ----- გ------–--ე მუშაობს და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 505,65 ლარს. 2016 წლის 18 მარტს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების დროისათვის ლ---------------ის ხელფასი შეადგენდა 708 ლარს. აღნიშნული განჩინებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ, გაუმჯობესდა მოპასუხე ლ---------------ის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1160 ლარს. ხოლო 2016 წლის 01 აპრილიდან - 2017 წლის 01 აპრილამდე მისმა სახელფასო ანაზღაურებამ შეადგინა 14 576,08 ლარი. შესაბამისად, სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნევს, რომ სახეზეა სსკ-ის 1121-ე მუხლით ალიმენტის ოდენობის გაზრდისათვის აუცილებელი წინაპირობები, მათ შორის, გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - ალიმენტვალდებული პირის, ლ---------------ის მატერიალური მდგომარეობის შეცვლა მისი გაუმჯობესების სახით, რის გამოც, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდა, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის. მოპასუხე ლ---------------ე უარს აცხადებს, გადაიხადოს გაზრდილი ალიმენტი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვნის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამასთან, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. სასამართლო მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების საფუძვლად ვერ მიიჩნევს ლ---------------ის მიერ მითითებულ სესხს და ვალდებულებას საბანკო დაწესებულების წინაშე მოპასუხის მხრიდან ყოველთვიურად სასესხო ვალდებულების დაფარვა, მის გადახდისუნარიანობაზე მეტყველებს. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტვალდებულის მიერ საბანკო დაწესებულებიდან მიღებული თანხა არასრულწლოვან შვილს არ მოხმარებია. საკრედიტო ვალდებულება განსაზღვრულია კონკრეტული ვადით, ალიმენტის დაკისრება კი ხდება ალიმენტის მიმღების სრულწლოვანებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეცვლის, ასევე მოსარჩელე მხარის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს 300 ლარით. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ 18.03.2016წ. განჩინებით ალიმენტის ოდენობად 200 ლარის განსაზღვრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ლ---------------ის ფინანსური მდგომარეობა. 3.2. სასამართლომ არასარწმუნოდ მიიჩნია, რომ აპელანტის კმაყოფაზე იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები. აპელანტი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას და წარმოდგენას შეძლებს უახლოეს მომავალში.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება: 4.1. თ----- გ------–--ეს და ლ---- ს---------ეს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი 2015 წლის 20 მაისს დაბადებული გ------- ს---------ე (ტ.1, ს.ფ. 14,15). 4.2. უდავოა, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან. 4.3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება და ლ---------------ეს არასრულწლოვანი შვილის 2015 წლის 20 მაისს დაბადებული გ------- ს---------ის რჩენისათვის ალიმენტის სახით დაეკისრა 200 ლარის გადახდა, 2016 წლის 01 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე (ტ.1, 14,15). 4.4. პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინებით ალიმენტის დაკისრების შემდეგ გაუმჯობესდა როგორც მოპასუხის, ასევე მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა. მოსარჩელის მითითებით, ალიმენტის დაკისრების დროისათვის მისი ხელფასი შეადგენდა 300 ლარს. ამჟამად, თ----- გ------–--ე მუშაობს სსიპ ბ---–-----------–----–-------ს სოფელ ქ-----------–----- N1 საჯარო სკოლის ქართულ სექტორზე პედაგოგად და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 505,65 ლარს. მოპასუხე ლ---------------ის ხელზე ასაღები ხელფასი ალიმენტის დაკისრების დროისათვის (2013 წლის 19 დეკემბრიდან - 2016 წლის 30 აპრილამდე) შეადგენდა 708 ლარს. ამჟამად ლ---- ს---------ე მუშაობს სს ,,R-- C-----“-ში სატვირთო მანქანის მძღოლად და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1160 ლარს. 2016 წლის 01 აპრილიდან - 2017 წლის 01 აპრილამდე ლ---------------ის სახელფასო ანაზღაურებამ შეადგინა 14 576,08 ლარი (ტ.1, ს.ფ. 33,63,66,90; იხ.: 04.09.2017წ. სასამართლო სხდომის ოქმი). 4.5. ლ---- ს---------ეს სს ,,ს---------–----------ს“ მიმართ 2017 წლის 24 იანვრის მდგომარეობით აქვს ფინანსური ვალდებულება 9915,12 ლარის ოდენობით (ტ.1, 34). 4.6. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის გარემოება მასზედ, რომ ლ---------------ის კმაყოფაზე იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით. 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანხმად: მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ,რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ,ან შვილებმა - შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ალიმენტის ოდენობის გაზრდისათვის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - ალიმენტვალდებული პირის, ლ---------------ის მატერიალური მდგომარეობის შეცვლა მისი გაუმჯობესების სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინებით 200 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა მართებულად გაზარდა 300 ლარამდე. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ალიმენტი განსაზღვრულია გონივრული და სამართლიანი ოდენობით. რაც შეეხება აპელანტის სასესხო ვალდებულებებს, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. რაც შეეხება შემოსავლის განკარგვას, მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების შემდეგ დარჩება. აღსანიშნავია, რომ კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებაში მოიაზრება მხარის მოვალეობა, არჩინოს ყველა ის პირი, რომელზე ზრუნვაც მას კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე ეკისრება, მის კმაყოფაზე იმყოფება და რჩენას საჭიროებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აპელანტს სესხი/კრედიტი აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. სესხის დაფარვის ხარჯები, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. პალატა აქვე უთითებს, რომ აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.03.2011წ. განჩინება საქმეზე N 1356-1194-2010). არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ვინაიდან ლ.ს---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სსსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, უნდა დაკმაყოფილდეს თ.გ------–--ის მიერ სააპელაციო შესაგებელში დაყენებული შუამდგომლობა აპელანტის მიერ თ-----ი გ------–--ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 200 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 04.09.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში

 

4. ლ---------------ეს თ-----ი გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 200 ლარის გადახდა

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ოთარ სიჭინავა