განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001580430
საქმე №3ბ/2539-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
21 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - მ------ ჯ-------–---–ი;
წარმომადგენელი - ი-----–- ხ----ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - ლ---- მ----–--ე;
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაეკისროს სახელფასო ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07% გადახდა 2009 წლიდან 2015 წლის 07 ოქტომბრამდე, რაც შეადგენს მ------ ჯ-------–---–ისთვის 5 124.00 ლარს;
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოსარჩელე მხარე მოთხოვნას აფუძნებს კერძო სამართლებრივ, სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმას (საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლი), მაშინ როდესაც წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მასსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა წესრიგდება, უპირველესად, საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით, სხვა საკანონდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომლებიც არ ითვალისწინებენ კუთვნილი თანხების მიუღებლობით წარმოშობილი ზიანის, აგრეთვე ასეთი თანხების დაყოვნებისათვის საპროცენტო განაკვეთის ანაზღაურების ვალდებულებას. მოპასუხის მოსაზრებით, საკითხის გადაწვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონი და არა საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს მიიღოს სამსახურში მიღების დღიდან განთავისუფლების დღემდე შრომითი გასამრჯელო, რაც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატის გაცემა უნდა განხორციელდეს დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ ასიგნებების ფარგლებში.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ------ ჯ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 2015 წლის 04 მარტის №------ ცნობის თანახმად, მ------ ჯ-------–---–ს 2008-2009 წლის სახელფასო დავალიანება შადგენდა 3 346.14 ლარს (ს.ფ. 14).
4.2. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მ------ ჯ-------–---–ისათვის მოხდა დარიცხული სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურება.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს ანაზღაურების დაყოვნებისათვის შესაბამისი თანხის დაკისრებას, კერძოდ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რომლითაც დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. აღნიშნული გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით, რომელიც ძალაში შევიდა 2010 წელს, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2002-2009 წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაყოვნებისათვის თანხის ანაზღაურება.
სასამართლომ მიუთითა "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსით, მისი უკუძალა დადგენილი არ არის, რის გამოც იგი ვერ გავრცელდება მის ამოქმედებამდე არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ანაზღაურება და მისგან გამომდინარე შრომითი ანაზღაურების დაყოვნების შედეგად წარმოშობილი 0,07%-ის (პირგასამტეხლო) ანაზღაურების ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ცხადია, მოსარჩელისათვის უკვე 2008-2009 წლებში გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ კუთვნილი ხელფასი არ ჰქონდა მიღებული. ამდენად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ------ ჯ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა - მიუღებელი სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ ხანდაზმულია.
6. სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დამდგარ შედეგს და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს იმავე მხარეებს შორის არსებული ძირითადი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნიდან, რაც აღიარებულ იქნა მოპასუხის მიერ 2015 წელს და შესაბამისად გადახდილიც იქნა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა წყდება, თუ ვალდებული პირი აღიარებს მოთხოვნის ხანდაზმულობის არსებობას. განსახილველ შემთხვევაში მთავარი უფლება არის მხარეებს შორის განსაზღვრული სახელფასო ანაზღაურება და ამ ვალდებულებიდან წარმოშობილი დავალიანება.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ძირითადი დავალიანება აღიარებულ და გადახდილი იქნა მოპასუხის მიერ, შესაბამისად მთავარი უფლებიდან გამომდინარე მოსარჩელის აქცესორული უფლება უნდა იქნას დაცული და გათვალისწინებული.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
მოცემულ შემთხვევაში მ------ ჯ-------–---–ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაეკისროს სახელფასო ანზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07% 2009 წლიდან 2015 წლის 07 ოქტომბრამდე, რაც შეადგენს მ------ ჯ-------–---–ისთვის 5 124.00 ლარს.
საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით - სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, იგი წარმოადგენს მოხელეს და მათი შრომით - სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული კანონი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,დ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო ხსენებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდება აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), აღნიშნული საკითხი ანალოგიურად არის მოწესრიგებული „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
აღნიშნული მუხლი ასევე მიუთითებს, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც თავისთავად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ვალდებულებას გასცეს შრომითი გასამრჯელი, ხელფასი.
პალატა მიუთითებს შემდეგს: ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 37-ე მუხლით დაეკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.
პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს. კანონმდებელი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლში მითითებულ სამსახურეობრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების, აგრეთვე მოქმედების გასაჩივრებაში არ გულისხმობდა კანონით დაკისრებული ვალდებულების – ხელფასის გაუცემლობის თაობაზე ერთი თვის ვადაში სასამართლოში დავის დაწყებას, უმოქმედობის გასაჩივრებას, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არა მხოლოდ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს, არამედ იგი შესაბამისობაში უნდა იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მ------ ჯ-------–--–ისათვის განხორციელდა 2008-2009 წლების სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სახელფასო ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურება 2009 წლიდან 2015 წლის 07 ოქტომბრამდე. სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი - დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ შრომითი ანაზღაურება და მისგან გამომდინარე შრომითი ანაზღაურების დაყოვნების შედეგად წარმოშობილი 0,07%-ის (პირგასამტეხლო) ანაზღაურების ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო - სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 2015 წლის 4 მარტის N4----- ცნობაზე, სადაც მითითებულია, რომ მ------ ჯ-------–---–ის 2008-2009 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს 3 346.14 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, მოსარჩელისათვის უკვე 2008-2009 წლებში გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ მას კუთვნილი ხელფასი არ ჰქონდა მიღებული. ამდენად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან და როდის აუნაზღაურდა მას ძირითადი სახელფასო დავალიანება. პალატას მიაჩნია, რომ მართალია სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და ამ ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ურთიერთდამოკიდებული უფლებებია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ანაზღაურების ხანდაზმულობის ვადა ათვლილი უნდა იყოს ძირითადი ანაზღაურების გადახდის მომენტიდან, არამედ მისი ათვლის წერტილია პერიოდი, როდესაც პირს დაუგვიანეს ყოველთვიური ანაზღაურება და ამდენად, სახეზეა პერიოდული ვალდებულების შეუსრულებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მ------ ჯ-------–---–ის მოთხოვნა - მიუღებელი სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ ხანდაზმულია.
სააპელაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის იძულებითი რეალიზაცია. შესაბამისად, სწორედ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში არის შესაძლებელი ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლით იფარება პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, კანონმდებელი სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო - სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 2015 წლის 04 მარტის N4----- ცნობის თანახმად, მ------ ჯ-------–---–ის 2008-2009 წლის სახელფასო დავალიანება შადგენდა 3 346.14 ლარს (ს.ფ. 14), რომელიც წარმოიშვა 2009 წლიდან 2015 წლის 7 ოქტომბრამდე. ამასთან, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მ------ ჯ-------–---–ისათვის მოხდა დარიცხული სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიუღებელი სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის მოთხოვნის თაობაზე, სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2016 წლის 27 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც გასული იყო სარჩელის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობა ასეთი მოთხოვნის წარმოშობისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, აღნიშნული ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან გამომდინარე დგინდება, რომ 2008-2009 წლებში მოსარჩელისათვის უკვე ცნობილი იყო იმ გარემოების შესახებ, რომ მას არ ჰქონდა მიღებული კუთვნილი ხელფასი. ამდენად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც სარჩელის წარდგენის დროისათვის დარღვეული იყო.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ------ ჯ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე
შოთა გეწაძე -