განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002388143
საქმე №1/ბ-648-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ივნისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის მი---------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გი-------------------ის მიმართ, დაბადებულის 1959 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პ--------------------- ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–------------------–---–-----–-----------------------------------–---------------------–--------------------–--–-------–--------------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით გი----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
გი----------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 თებერვალს, შუადღის საათებში, ქ.თბილისში, ბოლქვაძის ქუჩა №1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეპასუხების გამო გაღიზიანებულმა გი----------ემ, მარცხენა ყური აუწია 2005 წლის 29 ნოემბერს დაბადებულ გი-------–----–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიადგა ჯანმრთელობის მოუშლელად სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა მირვანი ახობაძემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი და რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული ბოლომდე არ აცნობიერებდა განხორციელებულ ქმედებებში საკუთარ როლს და თავისი ქმედების მაპროვოცირებელ ფაქტორად არასრულწლოვნების მიერ მასთან შეპასუხების ფაქტს თვლიდა, რაც იძლევა საფუძველს, რომ მცირედი შეკამათებაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს ძალადობრივი ქმედების კვლავ განსახორციელებლად. მსჯავრდებულის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას არასრულწლოვნების მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით, ბავშვების რეაქციის მიუხედავად არ აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი მსჯავრდებულისათვის.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გი----------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გი----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის N001293018 დასკვნით, პირის ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გი----------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი და რეველანტური სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ომების მონაწილე, ხოლო საქმის მასალების მიხედვით რაიმე დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, ამასთან, მისი ქონებრივი მდგომარეობისა და იმის გათვალისწინებით, რომ გი----------ე უვლის ონკოლოგიურად დაავადებულ მეუღლეს და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის მი---------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
გი----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი