განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002086657
საქმე №2ბ/7506-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ეკატერინე ცისკარიძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი, ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტი - მ--------------
წარმომადგენელი - უ–-------------
მოწინააღმდეგე მხარე – ქ------------------
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქ------------------- სარჩელი მ--------------- მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა:
მ--------------ს (პ/ნ 5----------) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-- 2-------------- დაბადებული თ----------------ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 15 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
მ--------------ს (პ/ნ 5----------) დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. ქ------------------ და მ-------------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2----–-–--------------------
2.1.2. ქ------------------სა და მ--------------ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–-- 2-------------- დაბადებული თ---------------ე.
2.1.3. ქ------------------ და მ-------------- ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილი, თ---------------ე ცხოვრობს მოსარჩელის დედასთან ერთად, ამ უკანასკნელის მიერ დაქირავებულ ბინაში - ქ.ბა-----–ი. ქ------------------სა და მის ოჯახს საკუთრებაში არ აქვს საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელე ცხოვრობს ქირით მისამართზე - თბილისი, წ--–-------------. ქირის ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად 400 ლარს.
2.1.4. ქ------------------ არ არის დასაქმებული. მას მატერიალურად ეხმარება დედა. ასევე, მის შემოსავალს შეადგენს არარეგულარული სამუშაოდან პერიოდულად მიღებული ანაზღაურება.
2.1.5. მ--------------- კმაყოფაზე იმყოფება არასრულწლოვანი შვილი პირველი ქორწინებიდან - 2----–-–------------ს დაბადებული ნ-----------------ე, რომლის რჩენა-აღზრდისათვის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მოპასუხეს, ყოველთვიურად, დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა - 200 ლარის ოდენობით.
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. მ-------------- მუშაობს შპს ,, თ-----------------–-“ 2----–-–--------------------. იგი იკავებს სავალი ნაწილის მექანიკოსის თანამდებობას და მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება გამომუშავების მიხედვით.
2.2.2. მ--------------- კუთვნილი დასაბეგრი ყოველთვიური შემოსავალი, 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით, საშუალოდ შეადგენდა - 2 388 ლარს.
2.2.3. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მ--------------- კმაყოფაზე იმყოფებიან მშობლები, ასევე, ფაქტობრივ თანაცხოვრებაში მყოფი მეუღლე, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად.
2.2.4. მ--------------ს სს ,,თ--------------“ მიმართ, 2017 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 984.46 ლარისა (სესხის ხელშეკრულება #---------------) და 669.06 ლარის ოდენობით (სესხის ხელშეკრულება #G---------------------).
2.2.5. სს ,,ს----------–----------“ და მ--------------ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან #------- გამომდინარე, კრედიტორის მიმართ მოვალე მ--------------- ვალდებულების სრული მოცულობაა - 730.20 ლარი.
2.2.6. სასამართლო, გადაწყვეტილების 3.2.4 და 3.2.5 პუნქტების გათვალისწინებით, დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მ--------------- მიერ როგორც საბანკო დაწესებულებიდან, ასევე, კერძო პირებისგან აღებული სასესხო ვალდებულება ჯამში შეადგენს - 10 000 აშშ დოლარს. მოპასუხეს, გარდა ახსნა-განმარტებისა, გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, არ წარმოუდგენია.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–-- 2-------------- დაბადებული თ---------------ე, რომელიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ქ------------------ და მ-------------- ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. სარჩელის განხილვისას ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს მოსარჩელის დედის საცხოვრებელი ადგილი ქ.ბა-----–ი. თ----------------ს მატერიალურ უზრუნველყოფას ახდენს მხოლოდ დედა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #-4, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე მ-------------- მუშაობს შპს ,, თ-----------------–-“ 2----–-–--------------------. იგი იკავებს სავალი ნაწილის მექანიკოსის თანამდებობას და მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება გამომუშავების მიხედვით. ამასთან, მ--------------- კუთვნილი დასაბეგრი ყოველთვიური შემოსავალი, 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით, საშუალოდ შეადგენდა - 2 388 ლარს. მოპასუხის კმაყოფაზე იმყოფება არასრულწლოვანი შვილი პირველი ქორწინებიდან - 2----–-–------------ს დაბადებული ნ-----------------ე, რომლის რჩენა-აღზრდისათვის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მოპასუხეს, ყოველთვიურად, დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა - 200 ლარის ოდენობით. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებსაც, რომ მხარეთა საერთო შვილი, დედის მატერიალური მდგომარეობის გამო, მოსარჩელის სურვილის საწინააღმდეგოდ, ცხოვრობს ბებიასთან. ქ------------------ მშობლის დახმარებით უზრუნველყოფს მის აღზრდა-განვითარების ხარჯებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან იგი უმუშევარია, არ აქვს სტაბილური სამსახური და ყოველთვიურად მიღებული მატერიალური სახსრები. ქ------------------სა და მის ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი, ცხოვრობენ ქირის გადახდის სანაცვლოდ. მოსარჩელის მიერ ქ. თბილისში, წ--–--------------ში მდებარე უძრავი ქონების ქირის ოდენობა შეადგენს - ყოველთვიურად 400 ლარს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვი საჭიროებს მშობლების დახმარებას, ვინაიდან არის მცირეწლოვანი და მის აღზრდა-განვითარების, ჯანმრთელობის და ყოველდღიური, განსაკუთრებული საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილის საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.
მართალია, მ--------------ს აქვს საკრედიტო ვალდებულებები სს ,,თ------------ა“ და სს ,,ს----------–---------ს“ მიმართ, მაგრამ არა იმ მოცულობით, რაც მოპასუხეს ახსნა-განმარტებითაა მითითებული. მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ აქვს ფინანსური ვალდებულებები 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, მათ შორის, კერძო პირების მიმართაც, რომლის შენატანსაც ყოველთვიურად იხდის. ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები კრედიტორების წინაშე, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ფინანსური ვალდებულება გარკვეულ ვადასთანაა დაკავშირებული, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე.
მცირეწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, მზრუნველობას, კვებას, ჰიგიენურ საშუალებებს. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება მისთვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამასთან, ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს ასაკის ზრდასთან ერთად შესაბამისი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას, განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
ამასთან, გასაზიარებელი არ არის მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მ--------------- კმაყოფაზე არასრულწლოვანი შვილების, 2----–-–------------ს დაბადებული ნ-----------------ისა და 2----–-–-- 2-------------- დაბადებული თ----------------ს გარდა, სხვა პირების ყოფნის ფაქტი. დასახელებული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით).
მოცემულ შემთხვევაში მ--------------- კმაყოფაზე სხვა პირების ყოფნის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით ვერ დადასტურდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, მათ რჩენაზე მყოფი პირების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2017 წლის 15 სექტემბრიდან, უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 400 (ოთხასი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი 400 ლარის გადახდის, საალიმენტო ვალდებულება განახევრდეს და ყოველთვიურად გადასახდელად დაუდგინდეს 200 ლარი.
3.2.2. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ შეიცვალა მისი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა. 2017 წლის ნოემბრის თვეში მისმა შემოსავალმა შეადგინა მხოლოდ 400 ლარი, რის გამოც პირველი საალიმენტო ვალდებულებაც დაუფარავი დარჩა. გასული წლების მაღალი შემოსავლისა, ქონდა საკმაოდ მაღალი გასავლებიც. მისი პირველი მეუღლის - კრედიტორ ქე----------–-–---–-ს ანგარიშზე 2012 წლის 02 მარტიდან, 2017 წლის 02 ოქტომბრამდე დარიცხული აქვს 13400 ლარი. ქვეითდება მისი შრომისუუნარობა, რადგან აქვს ხერხემლის მალების სეგმენტში ტკივილები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
აპელანტი სადავიდ არ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებსა და შეფასებებს ,სააპელაციო საჩივრის პრეტენზია ძირითადად ემყარება იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა აპელანტის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, ასევე მიუთითებს, რომ მისი მაღალი შემოსავლების მიუხედავად, ჰქონდა მაღალი გასავალიც, კერძოდ, 2012 წლის მარტიდან 2017 წლის ოქტომბრამდე დარიცხული აქვს ალიმენტის სახით 13400 ლარი, ამასთან, ქვეითდება მისი შრომისუნარიანობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
4.1.1. მ--------------- კუთვნილი დასაბეგრი ყოველთვიური შემოსავალი, 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით, საშუალოდ შეადგენდა - 2 388 ლარს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ 2017 წლის დ------------ 2018 წლის მარტის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6192.03 ლარი, საიდანაც 2017 წლის დეკემბერში შემოსავლის ოდენობა შეადგენს 734.42 ლარს, 2018 წლის იანვარში - 1659.89 ლარს, თებერვალში - 1566.83 ლარს, ხოლო მარტში 2230.9 ლარს.
4.1.2. საქმის მასალებით არ დასურდება, რომ აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რაც გავლენას ახდენს მის შრომისუნარიანობაზე.
ამ მიზნით, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი).
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ნ--------------–--ს“ 2017 წლის 15 დეკემბრის დანიშნულების ფურცლით აპელანტს დაუდგინდა დიაგნოზი ფესვობრივ ალგიური სინდრომი, მიეცა რეკომენდაცია/დანიშნულება: ხერხემლის წელის მალების სეგმენტის მრ ტომოგრაფია; მოსვენებითი რეჟიმი 10 დღე, ასევე დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა. წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსიდან არ გამომდინარეობს, რომ აპელატის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად გაუარესდა, რომ მისი შრომისუნარიანობა შემცირდა, სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ასახავს აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, წარმოდგენილი არ არის.
4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის მიხედვით შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების გათვალისწიენებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მშობელს აქვს ბავშვის რჩენის ვალდებულლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელსა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
„ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
„ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ე.ი. ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ უნდა იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მშობლების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სასამართლომ სწორად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა 400 ლარით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება აპელანტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას მისი შემოსავლების შესახებ, პალატა განმარტავს, რომ აპელანტი კვლავ მუშაობს შპს ,,თ-----------------–-“. წარმოდგენილი ცნობის თანახმად (ს.ფ.95) მისი ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება გამომუშავებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის მისაღები ანაზღაურება დ------------ მარტამდე მზარდია, არ არის წარმოდგენილი რაიმე დასაბუთება, რომ შემოსავლის რაოდენობის შემცირება განპირობებულია აპელანტისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საფუძველს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტ მ--------------- მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ--------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ეკატერინე ცისკარიძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ვანო წიკლაური