განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2018
საქმის ნომერი
130210117002142495
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130210117002142495

საქმე №2ბ/643-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - მერაბ გაბინაშვილი

მოსამართლეები:

ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე

 

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

აპელანტი - ნ------- ღ-------ე

წარმომადგენელი - მ--- პ------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები - ზ---– თ---–---–ი, მ----- ღ-------ე

წარმომდგენელი - ნ---- ი------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ქონების უკან დაბრუნება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ზ---– თ---–---–ისა და მ----- ღ-------ის სარჩელი ნ------- ღ-------ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნით, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ------- ღ-------ეს, ზ---– თ---–---–ისა და მ----- ღ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 8 946 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. ავტომანქანა H----------------, სახელმწიფო ნომრით G------, შასის ნომერი - L---------- 6-----, გამოშვების წელი - 2012, ტექნიკური პასპორტის ნომერი - K-------- 2016 წლის 23 აგვისტოდან ირიცხება ნ------- ღ-------ის სახელზე.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ავტომობილი მათი შეძენილია. ამ მიზნით, 2015 წელს, მ----- ღ-------ის მეშვეობით, ,,კ---------“ ისესხეს ფული და გამყიდველს გადაუხადეს ნასყიდობის საფასური - 32 000 აშშ დოლარის ნაწილი 20 000 აშშ დოლარი. დარჩენილი ნაწილის გადახდის მიზნით, ნაყიდი ავტომანქანა დააგირავეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ს--- კ-------–-----“ ისესხეს კიდევ 11 000 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ სესხი ნ------- ღ-------ის სახელზე იქნა გაფორმებული, იგი მოსარჩელეებმა გადაიხადეს.

 

2.3. მოპასუხემ თავის სახელზე აღრიცხა რა მანქანა, დაარღვია მშობლებთან შეთანხმება, რომლის თანახმად, სამივე შვილს მხოლოდ ავტომანქანის ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავალი უნდა გაენაწილებინა, მანქანა კი, ვალის გადახდის შემდეგ, ზ---– თ---–---–ის საკუთრებად უნდა აღრიცხულიყო.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. მოსარჩელეებმა, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ 2015 წლის დეკემბერში, ავტომანქანა მათ შეიძინეს, წარმოადგინეს შემდეგი მტკიცებულებები: მ----- ღ-------ის მიერ 2015 წლის სექტემბერში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ---------ან“ 20 000 აშშ დოლარის სესხის აღების დამადასტურებელი გადახდის გრაფიკი, სალაროს შემოსავლის ორდერები, რომელთა თანახმად, ,,ს--- კ-------––-“ ნ------- ღ-------ის სესხის დასაფარად, 11-ჯერ არის შეტანილი თანხა. მოწმეები - ნ-----–-ა ღ-------ის, მისი მეუღლის მ---–--დ თ------ის, შ--- ლ---------–---ის ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს მოსარჩელეების განმარტება იმის შესახებ, რომ ავტომანქანა მშობლებმა შეიძინეს და ვალის გადახდის შემდეგ ზ---– თ---–---–ის სახელზე უნდა აღრიცხულიყო.

 

მოპასუხემ მიუთითა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობაზე, რომლის თანახმად, სადავო ავტომანქანა მოსარჩელეებზე აღრიცხული არ ყოფილა, 2015 წლის 2 დეკემბრის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ------- ღ-------ემ ,,ს--- კ-------–-----“ ისესხა 11 150 აშშ დოლარი და სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული იქნა სადავო ავტომანქანა, რომელიც ჯერ ისევ წინა მესაკუთრეზე იყო აღრიცხული.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება და ვერ დაადასტურა, რომ ავტომანქანა შეძენილია მათ მიერ, რისთვისაც გასწიეს 45 000 აშშ დოლარის ოდენობით ხარჯი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო სარჩელით მოთხოვნილი თანხა - 30 000 აშშ დოლარი ან - ავტომანქანა, რის შედეგადაც ნ------- ღ-------ე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისაგან ავტომანქანის ან 30 000 აშშ დოლარის დაბრუნებაზე.

 

მოთხოვნაზე მსჯელობისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, ასევე, სარჩელით დაშვებულ შეუსაბამობას - მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ავტომანქანის ფასი იყო 32 000 აშშ დოლარი და მის შესაძენად დახარჯეს 45 000 აშშ დოლარი, მაგრამ ითხოვენ ან 30 000 აშშ დოლარს, ან - ავტომანქანის დაბრუნებას, რომელიც 30 000 აშშ დოლარზე მეტი ღირს; შესაბამისად, ეს ორი მოთხოვნა ერთმანეთისაგან განსხვავდება: - ავტომანქანის დაბრუნების შემთხვევაში მოსარჩელე მეტ სარგებელს მიიღებს ვიდრე მოპასუხისაგან მოთხოვნილი თანხის მიღების შემთხვევაში. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია 11 ცალი სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელთა თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ს--- კ-------––-“ ნ------- ღ-------ის სესხის დასაფარად, თანხა ერთხელ გ------- ბ---------მ გადარიცხა, ათჯერ - ნ-----–-ა ღ-------ემ, რომელიც მოსარჩელეების შვილია.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ნ-----–-ა ღ-------ემ განმარტა, რომ ნ------- ღ-------ის სახელზე არსებული სესხის დაფარვის მიზნით, თანხას მისი მშობლები უგზავნიდნენ და თვითონ შეჰქონდა - ,,ს--- კ-------––-“ (მთავარი სხდომის ოქმი: 16:35:00-16:37:10), ერთხელ თანხა მეზობელმა გ------- ბ---------მ ჩარიცხა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა მათთან თანხის გადახდის დროს და მან შეიტანა თანხა (მთავარი სხდომის ოქმი:16:38:00-16:39:00); უჩვენა ასევე, რომ ერთხელ ნ------- ღ-------ემ გადასცა თანხა და ის შეიტანა მისი სესხის დასაფარად (მთავარი სხდომის ოქმი: 16:46:35-16:47:30).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ცხრაჯერ გადაიხადეს ,,ს--- კ-------––-“ ნ------- ღ-------ის ვალის დაფარვის მიზნით ერთი და იგივე თანხა - 994 აშშ დოლარი. ის გარემოება, რომ ნ------- ღ-------ის სესხის დაფარვის მიზნით ,,ს--- კ-------––-“ გ------- ბარბაქაძის მიერ შეტანილი თანხა მოსარჩელეებმა გაიღეს, არ დასტურდება.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ ნ-----–-ა ღ-------ეს უგზავნიდა ფულს და მას შეჰქონდა ,,ს--- კ-------––-“ ნ------- ღ-------ის ვალის დაფარვის მიზნით. ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილია ნ------- ღ-------ის მიერ ნ-----–-ა ღ-------ისათვის ფულის გადარიცხვის დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლებშიც, მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი შემოსავლის ორდერებისაგან განსხვავებით, გადარიცხვის დანიშნულება აღნიშნული არ არის, შესაბამისად, სასამართლო იზიარებს ნ-----–-ა ღ-------ის ჩვენებას, რომ ეს თანხა მოპასუხემ გადაურიცხა მისგან ნასესხი ფულის დაბრუნების მიზნით.

 

ჩვენებების შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო რომ სესხის ხელშეკრულების თანახმად, ნ------- ღ-------ეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 993.57 აშშ დოლარი, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების თანახმად, ნ-----–-ა ღ-------ე იხდიდა 994 აშშ დოლარს და გადახდის დანიშნულებად მითითებულია ნ------- ღ-------ის სესხის დაფარვა, ნ-----–-ა ღ-------ე ადასტურებს მოსარჩელეთა განმარტებას, რომ ეს თანხები მისი მშობლების მიერ სწორედ ამ მიზნით იყო გამოგზავნილი. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ცხრაჯერ გადაიხადეს 994 აშშ დოლარი, სულ - 8 946 აშშ დოლარი, ნ------- ღ-------ის ვალის გასასტუმრებლად და მათ უფლება აქვთ მოითხოვონ დასახელებული თანხის დაბრუნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ავტომანქანა შეიძინა ნ------- ღ-------ემ და ნასყიდობის საფასური დაფარულ იქნა მის მიერ, 8946 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ. დასახელებული თანხის გადახდა განხორციელდა აპელანტის სახსრებით, რომელიც გადასცა ნ-----–-ა ღ-------ეს სესხის დაფარვის მიზნით. მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს ის გარემოება, რომ სესხი დაფარულ იქნა მათ მიერ გადაცემული თანხით. შესაბამისად, აპელანტი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მისთვის 8946 აშშ დოლარის დაკისრებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. განსახილველ დავაში, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია მართებულად დაეკისრა თუ არა დ----- ღ-------ეს ზ---– თ---–---–ისა და მ----- ღ-------ის სასარგებლოდ 8 946 აშშ დოლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება და შესაბამისი წინაპირობების განხორციელების დადგენა მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასებისათვის, აღნიშნული კი სასამართლოს პრეროგატივაა. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას ((იხ. სუსგ-ები: # ას-1529-1443-2012, # ას-973-1208-04; # ას-664-635-2016), ასევე, სუსგ საქმე N737-689-2017, 11.04.2018).

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები მოითხოვენ გამოკვლევას სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. დასახელებული ნორმის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

 

უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები. უსაფუძვლო გამდიდრება სახეზეა, თუ სახეზეა, მოპასუხის გამდიდრება, ამის შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და მატერიალურ სიკეთეთა/აქტივების ასეთი გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.

 

აღსანიშნავია, რომ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება სწორედ დაზარალებულის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონებადაზოგილი შემძენის მიერ დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან დამოუკიდებელ არასახელშეკრულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. ასეთ ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ გამდიდრებული პირის, როგორც მართლზომიერი ისე არამართლზომიერი მოქმედება. ასევე, დაზარალებულის და მესამე პირთა იგივე სახის მოქმედებები. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება.

 

სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ -„მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ნ-----–-ა ღ-------ე ახორციელებდა დ----- ღ-------ის მიერ გადაცემული თანხის შეტანას, ამ უკანასკნელს ეკისრებოდა. პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, მოწმე - ნ-----–-ა ღ-------ის ჩვენებით დასტურდება, რომ თანხა (ჯამში, 8946 აშშ დოლარი), რომელსაც ყოველთვიურად იხდიდა ნ-----–-ა ღ-------ე (994 აშშ დოლარი) ნ------- ღ-------ის სესხის დაფარვის მიზნით, გადაცემული იყო მოსარჩელეების მიერ. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით განმარტოს, რომ სკ-ის 986-ე მუხლის მიზანს, რაც დამახასიათებელია უსაფუძვლო გამდიდრებისათვის, წარმოადგენს ქონებრივი ბალანსის აღდგენა. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც პირი შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს. არის თუ არა სახეზე „სხვისი ვალი“ მნიშვნელობა ენიჭება არა სუბიექტურ შეფასებას პირისას, რომელიც ისტუმრებს ვალს ე.ი ვალი თავისად მიაჩნია თუ სხვისად, არამედ იგი ობიექტური კატეგორიაა, რა დროსაც განმსაზღვრელია არსებული ფაქტი ვალის კუთვნილების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მასალებით (გადახდის ქვითრები, მოწმის ჩვენება) დასტურდება რა, სხვისი ვალის დაფარვის მიზნით 8946 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელეების მიერ, სახეზეა, სკ-ის 986-ე მუხლით დადგენილი ნორმატიული წინაპირობა იმისა, რომ პირმა (მოსარჩელეები), რომელმაც გაისტუმრა სხვისი ვალი ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ------- ღ-------ეს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისთვის იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის 300 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრებას. ასევე, წარმოდგენილია დასახელებული თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი (იხ.ტ.2; ს.ფ 17).

შესაბამისად, ნ------- ღ-------ეს, მ----- ღ-------ისა და ზ---– თ---–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 300 ლარის გადახდა (ადვოკატის ხარჯი).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ------- ღ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. დაეკისროს ნ------- ღ-------ეს, მ----- ღ-------ისა და ზ---– თ---–---–ის სასარგებლოდ 300 ლარის გადახდა (ადვოკატის ხარჯი).

4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: მერაბ გაბინაშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

ეკატერინე ცისკარიძე