განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.05.2018
საქმის ნომერი
080310117002109829
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
03.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080310117002109829

საქმე №3/ბ-667-2017წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

03 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტი – შპს ”ი-------”

წარმომადგენელი – ნ--------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი – ა----------ე

 

მესამე პირი – შპს ”ვ--------–----ი”

 

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2017 წლის 29 სექტემბერს შპს „ი-------მ“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირის შპს “ვ--------–----ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება შპს ,,ი-------ს’’ საკუთრებაში არსებული ქონების (მდებარე ქ. ქუთაისი, ნ----- №12, ნაკვეთი №1-2-1, ს.კ. 0-----------) შეფასება განახორციელოს სსიპ ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით.

 

მოსარჩელის მითითებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №A------------ სააღსრულებო საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმად, შპს ,,ვ--------–----ის’’ სასარგებლოდ შპს ,,ი-------ს’’ დაეკისრა 25161,53 აშშ დოლარის და 1158,78 გრივნის გადახდა. აღნიშნულის მიზნით დაიწყო სააღსრულებო წარმოება და შპს ,,ი-------ს’’ უძრავი ქონება დაექვემდებარა აუქციონზე რეალიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ მხარე ვალდებული იყო ყველა მოქმედება კანონის დაცვით განეხორციელებინა, მან ქონების შეფასება მიანდო სპეციალისტს, რომელმაც ქონების ღირებულება განსაზღვრა 790,000 ლარით, ქონების კომერციული ინტერესების გათვალისწინების გარეშე დაადგინა მისი საბაზრო ღირებულება, მაშინ როდესაც ქონების რეალური საბაზრო ღირებულებაა 1 349 707 ლარი.

 

მოსარჩელის მითითებით, თუკი ქონების გასხვისება მოხდება რეალურ ღირებულებაზე დაბალ ფასად, აღნიშნული გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოებას.

 

მოპასუხე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფა.

 

მესამე პირის შპს ,,ვ--------–----ის’’ მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ი-------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს ,,ვ--------–----ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყდა საქმის წარმოება ძირითადი ვალის თანხის მოთხოვნის ნაწილში - 2547,00 აშშ დოლარის ოდენობით. LTD ,,I------’’-ს (საქართველოს რესპუბლიკა, ნ---- 12, ს.კ. 4--------) მოეთხოვა შპს ,,ვ--------–----’’ (04074, ქ. კიევის, ლ------- ქ. N15, ოფისი 3, ს.კ. 3947810) სასარგებლოდ დავალიანება კონტრაქტის მიხედვით 21368 აშშ დოლარის, 3% წლიური 287 დოლარი და 39 ცენტრის ოდენობით, ჯარიმა 3 506 აშშ დოლარი 14 აშშ ცენტის ოდენობით და ხარჯები, რომლებიც გაიწია სასამართლო მოსაკრებელზე 11 158 გრნ 78 კაპ. ოდენობით. სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

 

2.1.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით შპს ,,ვ--------–----ის’’ შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა;

 

2.1.3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად უკრაინის ქ. კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ვ--------–----ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყდა საქმის წარმოება ვალის - 2547 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში. შპს ,,ი-------ს’’ (საქართველოს რესპუბლიკა, ნ---- 12, ს.კ. 4--------) შპს ,,ვ--------–----ის’’ (04074, ქ. კიევის, ლ------- ქ. N15, ოფისი 3, ს.კ. 3947810) სასარგებლოდ დაეკისრა კონტრაქტის მიხედვით დავალიანება - 21368 აშშ დოლარის, წლიური 3% - 287,39 აშშ დოლარის, ჯარიმის - 3506,14 აშშ დოლარის და

სასამართლო ხარჯების 11158,78 გრივნის გადახდა.

 

აღნიშნულ განჩინებაზე 2017 წლის 11 ივლისს გაიცა №ა-2----–-------- სააღსრულებო ფურცელი;

 

2.1.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წლის 11 ივლისს გაცემული №ა-2----–-------- სააღსრულებო ფურცელი იმყოფება თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში - სააღსრულებო საქმე №A1-------;

 

2017 წლის 21 ივლისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გაუგზავნა მოვალე შპს ,,ი-------ს’’, რომლითაც ეცნობა, რომ აღსრულების ქვემდებარე აქტისა და კრედიტორის განცხადებით შპს ,,ი-------ს’’ შპს ,,ვ--------–----ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 25161,53 აშშ დოლარი და 11158,78 გრივნას გადახდა. ამასთან განემარტა, რომ მის მიმართ განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - დაყადაღდებოდა საბანკო ანგარიშები, დაყადაღდებოდა და შეფასდებოდა უძრავი ქონება, ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი;

 

2.1.5. 2017 წლის 31 ივლისს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გაუგზავნა მოვალე შპს ,,ი-------ს’’, რომლითაც ეცნობა, რომ აღსრულების ქვემდებარე აქტისა და კრედიტორის განცხადებით შპს ,,ი-------ს’’ შპს ,,ვ--------–----ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 25161,53 აშშ დოლარის და 11158,78 გრივნას გადახდა. ამასთან განემარტა, რომ მის მიმართ განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - დაყადაღდებოდა საბანკო ანგარიშები, დაყადაღდებოდა და შეფასდებოდა უძრავი ქონება, ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი;

 

2.1.6. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის დ----------–--–--ის მიერ შეფასებული იქნა შპს ,,ი-------ს’’ (4--------) სახელზე რიცხული ქონება (ს/კ 0-----------), რომლის თანახმად უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 790,000 ლარი;

 

სასამართლოს მიერ დადგენილი სადავოდ ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. მოსარჩელე არ ეთანხმება აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის დ----------–--–--ის გაცემულ დასკვნას, რომლის შესაბამისად შპს ,,ი-------ს’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. ქუთაისი, ნ----- ქ. N12, ნაკვეთი N1-2-1, ს/კ 0-----------, საბაზრო საორიენტაციო ღირებულება არის 790,000 ლარი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელა გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების დროს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს დაევალოს მოპასუხეს მოახდინოს შპს ,,ი-------ს’’ საკუთრებაში არსებული ქონების შეფასება სსიპ ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე.

 

სასამართლოს აღნიშვნით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ ეთანხმება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. ქუთაისი, ნ----- ქ. №12, ნაკვეთი №1-2-1, ს/კ 0-----------) შეფასებას, რომლის რეალიზაციაც უნდა განხორციელდეს მოსარჩელის ვალდებულების გამო.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 821 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ დაიფარება საფასური და ამ კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ხარჯი, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას ედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ქონების რეალიზაციის შედეგად კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა გადაეცემა მოვალეს, შესაბამისად ეს უკანასკნელი დაინტერესებულია ქონება რაც შეიძლება მაღალ ფასში გაიყიდოს. ასეთი შესაძლებლობის ერთ-ერთ გარანტს წარმოადგენს სწორედ მაღალი საწყისი ფასის არსებობა. ამდენად მოვალე დაინტერესებულია, რომ ქონება შეფასდეს რაც შეიძლება მაღალი ფასით, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ექსპერტის შეფასებას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტიდან გამომდინარე შეუძლია წამოიწყოს დავა ქონების ფასზე. ბუნებრივია აღნიშნული უნდა განხორციელდეს ქონების რეალიზაციამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მოვალე დაეთანხმა ქონების შეფასებას და მომავალში ამ საფუძველზე მითითებით ვეღარ შეძლებს ინტერესის დაცვას.

 

სასამართლოს აღნიშვნით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი.

 

სასამართლოს მითითებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

სასამართლოს აღნიშვნით, დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარე ვალდებულია მისი უფლების დაცვის მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა.

 

სასამართლომ მითითებით, ზემოდასახელებული საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეხდინა თავისი უფლებების რეალიზაცია და მას შემდეგ რაც ცნობილი გახდებოდა სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ, სააღსრულებო ბიუროში წარედგინა მისთვის სასურველი ოდენობით ქონების შეფასების დასკვნა, რაც მის მიერ განხორციელებული არ ყოფილა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ი-------მ“, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილების 7.3 პუქტში სასამართლო ეთანხმება იმ გარემოებას, რომ მხარის ინტერესია მაღალ ფასად გაიყოდოს ქონება, რის გარანტს წარმოადგენს მაღალი საწყისი ფასის არსებობა, თუმცა იშველიებს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტს,რომლის თანხმად სააღსულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ექპსერტიზის დასკვნა, უფლება აქვს და არა ვალდებულება, კონკრეტულ შემთხვევაში დასკვნა სააღსრულებო ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე მხარეს არ წარმოუდგენია და არ გამოუყენებია ეს უფლება, რადგან არ ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ ქონება შეფასდებოდა, ასე ზერელედ, არარელურად დაბალი ფასით, თუმცა წარმოდგენილია ორი დასკვნა, რომელიც სხვაობას ფასებს შორის იძლევა 700000 (შვიდასიათასი) ლარის ფარგლებში, როდესაც მხარემ გაიგო, რომ მოპასუხემ ქონება შეაფასა გამოკველვის, დათვალიერების გარეშე ძალიან დაბალ ფასად, გამოიყენა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტი და წამოიყო დავა ქონების ფასზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალის არათანაბარ პირობებში ჩაყენებისაგან მისი დაცვის გარანტია. კანონი არ ამბობს, რომ მოვალის მიერ თავისი უფლების გამოუყენებლობა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შესახებ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე სავალდებულოა, ან ართმევს მას ფასზე დავის უფლებას. მოპასუხის პოზიცია სასამართლო სხდომაზე იდენტური იყო სასამართლო გადაწყვეტილებისა, რაც დასტურია იმისა, რომ არ არის დაინტერესებული ქონების რეალიზაცია მოხდეს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და განისაზღვროს რეალური საბაზრო ღირებულება, არამედ დარჩეს ზერელედ დაბალ ფასად შეფასებული ქონება, რადგან ვალში გადაეცეს კრდიტორს და ამით ის ჩადგეს უპირატეს მდგომარეობაში;

 

3.1.2. აპელანტის აღნიშვნით, საქართველოს კანონი " საარსრულებო წარმოებათა შესახებ" მე-18 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტი მხარეს აძლევს უფლებას, თუ არ ეთანხმება წარმოდგენილი დასკვნას, დავა წამოიწყოს ქონების ფასზე, რეალიზაციამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მოვალე დაეთანხმა ქონების შეფასებას და მომავალში ამ საფუძველზე მითითებით, ვეღარ შეძლებს ინტერესის დაცვას. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მხარეს ექსპერტიზის დაკვნის წარმოდგენის უფლება აქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე. სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეს უფლება აქვს წარმოადგინოს დასკვნა და არა ვალდებულება, მოპასუხე მხარე კი ვალდებულია ქონების რეალიზაცია მოახდინოს კანონით დადგენილი წესით, ვალდებულია და არა უფლებამოსილი და ამ ვალდებულებაში იგულისხმება აუქციონის დანიშვნამდე ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა, აუქციონის წესიდან გამომდინარე და არა ხელოვნურად დაბალი ფასის განსაზღვრა, იმ მიზნით, რომ ის უფრო იოლად შესაძენი გახდეს კრედიტორისათვის და გადაეცეს ვალში. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით არ მომხდარა ქონების კომერციული ღირებულების განსაზღვრა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეფასება განისაზღვრა ზერელედ, რასაც არ ეთანხმება მხარე და წამოიწყო სამართლებრივი დავა, ხოლო მხარის მიერ უფლების განუხორციელებლობა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სააპელაციო სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს იმავე ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დამტკიცებულად მიჩნეული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული ამ განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას და რომელთაც არსებითად არც სააპელაციო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ. პალატა თვლის, რომ დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. ამასთან, მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობის საგანია მხოლოდ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება, კერძოდ არსებობდა თუ არა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნის გაზიარების ან შპს „ი-------ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფასის სარჩელში მითითებული თანხით განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ვინაიდან მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების ,,იძულების ძალით’’ განხორციელება, რაც ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა – სახელმწიფოს დახმარებით განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების მიერ (გადაწყვეტილებით) ტიტულირებული, დადასტურებული მოთხოვნა, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სააღსრულებო კომპეტენციის გამოვლინებას.

 

ამდენად ცალსახაა, რომ ისევე როგორც სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი მოქმედება, სააღსრულებო ორგანოების, როგორც სახელმწიფო ორგანოების მოქმედებაც უნდა იყოს კონსტიტუციასთან შესაბამისი და სათანადოდ უნდა იცავდეს აღსრულების წარმოების ყველა მონაწილის, მათ შორის კრედიტორისა და მოვალის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვით აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. მე-8 პუნქტის მიხედვით, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

საქმეში წარმოდგენილი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №A------------ წინადადებით დადგენილია, რომ აპელანტს, როგორც მოვალეს სრულყოფილად განემარტა მისი უფლებები, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა და მისი გადახდის წესი. ამასთან მიეთითა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად დამატებით არ ეცნობებოდა და აუქციონის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეღო შესაბამისი ვებ გვერდიდან. ამ გარემოების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო მის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შესახებ და შესაბამისად უფლებამოსილი იყო მოეხდინა თავისი უფლებების რეალიზაცია და წარედგინა ქონების შეფასების დასკვნა, რაც არ განუხორციელებია, შესაბამისად უსაფუძვლოა მხარის მითითება ქონების არაკომპეტენტურად შეფასების შესახებ. შესაბამისად საფუძველს მოკლებულია მისი პრეტენზია ქონების სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ გაცემული დასკვნით გათვალისწინებულ თანხაზე მეტი ღირებულებით განსაზღვრის თაობაზე, რა გარემოებებიც მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში (იხ.ს.ფ.27) დაფიქსირებულ შეფასებას მისი არასრულყოფილების გამო; კერძოდ, პალატა აღნიშნავს, რომ ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ’’საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აუდიტორული დასკვნა არის აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რამდენად არის ფინანსური ანგარიშგება მომზადებული ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად, ან უარს განაცხადებს მოსაზრების გამოთქმაზე.

 

ცალსახაა, რომ ქონების შეფასების შესახებ აუდიტორულ დასკვნაში გამოთქმული მოსაზრება უნდა ეფუძნებოდეს აუდიტის მიერ მოძიებული მასალების შესწავლა-გაანალიზებას და სათანადო კვლევას განხორციელებული შეფასების ობიექტურობასთან დაკავშირებით, რა კრიტერიუმებსაც წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა არ აკმაყოფილებს; კერძოდ მასში არ არის აუდიტორის მიერ ჩატარებული კვლევის აღწერა და ლოგიკური ბმა მიღებულ შედეგთან, მათ შორის ქონების ფასის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული ამ ქონებაზე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ გამოყენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იპოთეკის სახით (იხ.ს.ფ.13).

 

ამდენად პალატა ასკვნის, რომ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის შინაარსი არ წარმოადგენს შპს ,,ი-------ს’’ ქონების ღირებულების შეფასების სარწმუნო მტკიცებულებას, შესაბამისად მასში მოცემული მონაცემები ობიექტურ მაჩვენებლებად ვერ შეფასდება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ შპს „ი-------ს“ სააპელაციო საჩივარი უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც შპს „ი-------ს“ მიერ წინასწარ გადახდილია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ”ი-------ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე