განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 060310017001828520 (3/ბ-590-2017წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) – გ---–------- ჩ-----ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მესამე პირის - თ-----------ი
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 02 მარტს გ---–------- ჩ-----მა სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოპასუხე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ქალაქ სამტრედიაში ლ.თ------ის ქ.N62, ბინა N5- ში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი 34,5 კვ.მ ფართობის (ბინის) თ-----------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 1-------------ის N------- ბრძანების ბათილად ცნობა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2016 წლის 1--------------ს თ-----------ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების N-- მოწმობის ბათილად ცნობა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ-----------ი.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ სამტრედიის გამგეობასა და გ---–------- ჩ-----ს შორის 2005 წლის 1-------------ის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს დროებით სარგებლობაში გადაეცა ქ.სამტრედიაში გ-----------ს ქ.N62-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე ერთ ოთახიანი ბინა. მართალია, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ბინის დროებით სარგებლობაში გადაცემის ვადა განსაზღვრული იყო 2006 წლის 1 აპრილამდე, თუმცა ამ ვადის გასვლისას მისთვის ხელშეკრულების მეორე მხარეს არ მოუთხოვია ბინის გათავისუფლება. შესაბამისად, მოსარჩელე თავისი ოჯახით დღემდე ფლობს აღნიშნულ ბინას. აღნიშნული ფართი გ---–------- ჩ-----ისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემამდე იყო ე---------------ის სარგებლობაში, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ბინას 12 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს გ---–------- ჩ-----ი. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის N------- ბრძანების საფუძველზე ე---------------ის მემკვიდრე თ-----------ისთვის ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფაქტით, არსებითად ხელყოფილი იქნა მოსარჩელის კანონიერი მფლობელობის უფლება.
მოპასუხე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის და მესამე პირის თ-----------ის წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცვნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ---–------- ჩ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ სამტრედიის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 2--------ის N-- გადაწყვეტილებით სამტრედიში, გ-----------ს ქუჩის N62-ში მდებარე რ--------------–----- საცხოვრებელ სახლში ე---------------ს, ბარაკული ტიპის სახლების აყრის დროს კეთილმოუწყობელი ბინით დაუკმაყოფილებელ მოქალაქეს გამოეყო პირველი სადარბაზო, მე-2 სართული, ბინა N5.
ე---------------ი გარდაცვალებამდე უწყვეტად ფლობდა საცხოვრებელ ბინას მდებარე სამტრედია, გ-----------ს ქუჩის N62, ბინა N5 და იყო აღნიშნული ბინის კანონიერი მოსარგებლე.
ე---------------ი გარდაიცვალა 2005 წლის 19 სექტემბერს. სამკვიდროს გახსნის ადგილია - სამტრედია, გ-----------ს ქუჩა N62-ში, ბინა N5.
2005 წლის 1--------------ს სამტრედიის ქალაქის გამგეობასა და გ---–------- ჩ-----ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც აწ. გარდაცვლილი ე---------------ის სარგებლობაში მყოფი ბინა დროებით სარგებლობაში გადაეცა გ---–------- ჩ-----ს. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად გ---–------- ჩ-----ი იღებდა ვალდებულებას 2006 წლის 01 აპრილისთვის უპირობოდ გაათავისუფლოს ბინა. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადად მითითებული იყო 2006 წლის 1 აპრილი. ხელშეკრულების 2.7 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლებოდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
დადგენილია, რომ გ---–------- ჩ-----ი არ წარმოადგენს მის მიერ დაკავებული ფართის მართლზომიერ მფლობელს 2006 წლის 1 აპრილიდან, ვინაიდან ხელშეკრულებამ, რომლის საფუძველზეც მას დროებით სარგებლობაში გადაეცა სადავო ბინა, მოქმედება შეწყვიტა 2006 წლის 01 აპრილს. ხელშეკრულების თანახმად, გ---–------- ჩ-----ი ვალდებული იყო უპირობოდ გაეთავისუფლებინა ზემოხსენებული ბინა, ხელშეკრულების რაიმე პირობის ცვლილება მხარეთა მიერ წერილობითი ფორმით არ დაფიქსირებულა. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული პერიოდიდან დღემდე მოპასუხე თვითნებურად, სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აგრძელებს ამ ბინის ფლობას, არ წარმოშობს მისი მხრიდან მოცემული ბინის მართლზომიერად ფლობის საფუძველს.
დადგენილია, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს თამარ გუკის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად მან სრულად მიიღო ე---------------ის სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
2016 წლის 1--------------ს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელს განცხადებით, ბინაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მიღების მოთხოვნით, მიმართა თ-----------მა.
2016 წლის 1--------------ს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული იქნა N------- ბრძანება ქალაქ სამტრედიაში, ლ.თ------ის ქ.N62, ბინა N5-ში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი 34.5 კვ.მ ფართობის (ბინის) თ-----------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
2016 წლის 1--------------ს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ თ-----------ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N--, მასზედ, რომ მას საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი 34.5 კვ.მ მდებარე ქ.სამტრედის, ლაშა თ------ის ქ.N62, ბინა N5.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ ,,კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმდ, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 02 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. წესის მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი (თვითმმართველი ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალაქ თბილისში - შესაბამისი რაიონის გამგებელი) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესის და კანომდებლობის შესაბამისად.
აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, ფიზიკურ პირს სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული არაპრივატიზებული ფართი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ პირობით, თუ იგი წარმოადგენს ამ ფართის კანონიერ მოსარგებლეს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული "კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის" მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
სასამართლომ დაადგინა, რომ თ-----------ი წარმოადგენდა სამტრედია გ-----------ს ქ.N62-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლეს და გამომდინარე აღნიშნულიდან, იგი აკმაყოფილებს მთავრობის დადგენილებაში მითითებულ ყველა იმ პირობას, რომლის საფუძველზეც მოხდა მისთვის საკუთრების უფლებით სადავო ბინის გადაცემა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ სამტრედიაში, ლ.თ------ის ქ.N62, ბინა N5-ში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი 34.5 კვ.მ ფართობის (ბინის) თ-----------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის N------- ბრძანების მიღების დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამდენად არ უნდა დაკამყოფილდეს გ---–------- ჩ-----ის სასარჩელო მოთხოვნა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ---–------- ჩ-----მა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა კანონის ნორმები, ასევე არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებლი და არასაცხოვრებლი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღამსრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის" მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
იმისთვის რომ ფიზიკურმა პირმა N189 დადგენილების საფუძველზე მიიღოს ქონება საკუთრებაში უნდა აკმაყოფილებდეს ორ წინაპირობას: უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სამართლებრივი აქტი და ასევე უნდა იყოს აღნიშნული ფართის კანონიერი მოსარგებლე.
სასამართლომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მხოლოდ ერთ წინადადებაში დაასკვნა, რომ თ-----------ი იყო ბინის კანონიერი მოსარგებლე და აკმაყოფილებდა მთავრობის N189 დადგენილებით გათვალისწინებულ ორივე კრიტერიუმს, თუმცა მან გადაწყვეტილებაში არც ერთ მტკიცებულებაზე არ მიუთითა, რომელზე დაყრდნობითაც მივიდა ამ დასკვნამდე. კერძოდ, მოსარჩელე სადავოდ ხდის პროცესის მიმდინარეობისას საკითხს, რომ თ-----------ი არ აკმაყოფილებდა აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებულ მეორე მოთხოვნას, იგი არ იყო ამ ფართის მოსარგებლე.
დგინდება, რომ გ---–------- ჩ-----ი სადავო ფართში ცხოვრობს 2005 წლიდან დღემდე უწყვეტად. ამ ფაქტს ადასტურებს გადასახადის გადახდის ქვითრები, ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ აღნიშნული გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა სამტრედიაში, ლაშა თ------ის 62/5 და ისიც, რომ დღეის მდგომარეობით თ-------ა და გ. ჩ-----ს შორის მიმდინარეობს გამოსახლებასთან დაკავშირებით დავა მოცემული ფართიდან სამოქალაქო წესით. (საქმის ნომერი 2/20-2017). შესაბამისად, გ---–------- ჩ-----ი დღეის მდგომარეობითაც არის ამ ფართის მოსარგებლე, ხოლო თ-----------ს არც ადმინისტარციულ ორგანოში და არც სასამართლოში არ წარმოუდგენია ამის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება ან იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ იგი 2005 წლიდან დღემდე თუნდაც ერთი დღე მაინც სარგებლობდა ამ ფართით. თ-----------მა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის გაგზავნილ მიმართვაში მკაფიოდ მიუთითა, რომ "სარგებლობდა ქ.სამტრედიაში, ლ. თ------ის ქ. N62 ბინა 5 ერთოთახიანი ბინით". პრაქტიკულად მან განცხადებაში მიუთითა არასწორი ინფორმაცია, ხოლო ადმინისტარციულმა ორგანომ ისე გამოსცა აქტი, რომ არ გადაუმოწმებია თ-----------ის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოება ("ვსარგებლობ") შეესაბამებოდა თუ არა სინამდვილეს, შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ადმინისტარციულ ორგანოს ავალდებულებს საქმეში არსებული ყველა გარემოების გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს აქტი.
აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ გასაჩივრებული საკუთრების მოწმობა არავითარ ზიანს არ აყენებდა გ---–------- ჩ-----ის კანონიერ უფლებას ან ინტერესს და შესაბამისად, არ დააკმაყოფილა მისი სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლო გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილიც არის აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაურკვეველი, რამდენადაც სასამართლოს არ მოუხმია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მოცემულ საკითხზე მის დასაბუთებას თუნდაც ერთი არგუმენტით მაინც გამჭვირვალეს გახდიდა.
აპელანტის განმარტებით, საქმეში არსებული გარემოებებით დგინდება, რომ 2005 წლის 1--------------ს სამტრედიის გამგეობასა და გ---–------- ჩ-----ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც გ---–------- ჩ-----ი გახდა სადავო ფართის დროებითი მოსარგებლე. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა შესაგებელში უთითებს, რომ მას არ ჰქონდა უფლება ხელშეკრულება გაეფორმებინა და ეჭქვეშ აყენებს აღნიშნული გარიგების ნამდვილობას. აღნიშნულ პოზიციას აპელანტი მხარე არ იზიარებს, რამდენადაც სანამ არ მოხდება ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მანამდე აღნიშნული გარიგება ნამდვილია, გასათვალისწინებელია სამოქალაქო კოდექსით აღიარებული ხანდაზმულობის ვადები, რომლითაც აღიარებულია სახელშეკრულებო ურთიერთობების ასევე საერთო ხანდაზმულობის ვადა, რაც შეადგენს 10 წელს, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ხელშეკრულების დადებაზე არაუფლებამოსილების მითითება ხანდაზმულია და სცდება ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ დამტკიცებულ გარემოებად უნდა ჩაითვალოს, რომ სამტრედიის გამგეობასა და გ---–------- ჩ-----ს შორის ნამდვილად გაფორმდა ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო თუ ადმინისტარციულმა ორგანომ არ დაიცვა სამკვიდრო ქონების გადაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა და ამით ზიანი მიაყენა თ-----------ს, აღნიშნული საკითხი გ---–------- ჩ-----ის ინტერესს არ ეხება და ეს სამტრედიის მუნიციპლაიტეტის გამეგობასა და თ-----------ის გასარკვევი საკითხია.
კიდევ ერთი არგუმენტი, რომელზეც მოპასუხე მხარე აპელირებდა არის ის, რომ მოცემული ხელშეკრულება იყო ვადიანი და 2006 წლის შემდეგ გ---–------- ჩ-----ი იყო არამართლზომიერი მოსარგებლე, ამიტომაც არ გახდა საჭირო მისი მოწვევა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დროს და ამიტომაც არ ადგებოდა მის ინტერესს რაიმე ზიანი. აპელანტის აღნიშვნით, მას შემდეგ, რაც გ---–------- ჩ-----თან დაიდო აღნიშნული გარიგება და ამ ხელშეკრულებას 2006 წელს ვადა გაუვიდა, ადმინისტარციული ორგანოს მხრიდან შემდგომში რაიმე ქმედებების განორციელებას ადგილი არ ჰქონია, მას არ მოუთხოვია გ---–------- ჩ-----ისთვის დაეტოვებინა საცხოვრებელი ფართი, აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ ჩ-----ი დღემდე მოცემულ ფართში ცხოვრობს და არც ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოუდგენია ამის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად, ვინაიდან აპელანტმა გააგრძელა ფართით სარგებლობა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და ადმინისტრაციული ორგანო ამაზე არ შედავებია, უნდა ჩაითვალოს, რომ ხელშეკრულება განახლდა განუსაზღვრელი ვადით. აღნიშნული მიდგომას ავითარებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსიც, რომლის სსკ-ის 559-ე მუხლის მიხედვით, თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით. შესაბამისად, გაუგებარია რატომ ჩათვალა სასამართლომ, რომ საკუთრების მოწმობის გაცემით არ ილახებოდა ჩ-----ის ინტერესები, მაშინ, როდესაც დაიწყო გამოსახლების პროცესი და იგი აღნიშნულის მიმართ აღმოჩნდა აბსოლუტურად მოუმზადებელი, ამას გარდა, ადმინისტრაციულმა ორგანომ გ---–------- ჩ-----ი, როგორც დაინტერესებული მხარე, რატომ არ ჩააბა საქმის წარმოებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალსწინებული მოთხოვნები, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:
გ---–------- ჩ-----ის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი” (შემდეგში ”წესი”), შესაბამისად, განცხადების განხილვისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია, აკმაყოფილებდა თუ არა მათი მოთხოვნა “წესით” განსაზღვრულ პირობებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „წესი” აწესრიგებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 02 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.
დასახელებული ,,წესის” მე-2 მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე.
მითითებული წესი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს სცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხის განხილვისას შეამოწმოს განმცხადებლის მოთხოვნისა და წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მოთხოვნებთან.
„წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ამავე მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულია იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი, რომელიც თან უნდა დაერთოს განცხადებას, როგორც კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები სადავო ფართზე. კერძოდ: განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 02 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).
ხსენებული ნორმატიული აქტით განსაზღვრულია ასევე კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრისათვის საკუთრების უფლების გადაცემის წესი და პირობები.
საარქივო ცნობით 07.10.2016წ N A------------04, ირკვევა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული სამტრედიის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 2--------ის სხდომის N- ოქმის N-- გადაწყვეტილებით მოქალაქე ე----------------–--------–-----ის გამოეყო ერთოთახიანი ბინა პირველი სადარბაზოშე, მე-2 სართულზე - 15,8 კვ.მ საცხოვრებელი ფართით, მისამართზე - სამტრედია, გ-----------ს (ამჟამად ლ.თ------ის) ქუჩა N62 (ს.ფ 20-24);
ე---------------ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მისამართზე -სამტრედია, გ-----------ს (ამჟამად ლ.თ------ის) ქუჩა N62, ბინა N4 (ამჟამად N5);
ე---------------ი გარდაიცვალა და მისი სამკვიდრო გაიხსნა 1-----2005 წ. ე---------------ის მემკვიდრეა ძმის შვილი, თ-----------ი (იხ. სამემკვიდრეო მოწმობა ს.ფ. 18-19);
,,ქ.სამტრედიაში, გ-----------ს ქუჩის N62-ში მდებარე ერთოთახიანი ბინის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ’’ 2005 წლის 1-------------ის ხელშეკრულების 1.1. და 1.2 პუნქტით სამტრედიის რაიონის გამგეობას 2005 წლის 0-------------ის N--- მომართვის საფუძველზე ქ.სამტრედიაში გ-----------ს ქუჩის N62-ში I სადარბაზოს, II სართულზე მდებარე 36 კვ.მ. ფართი აწ. გარდაცვლილი ე---------------ის სარგებლობაში არსებული N4 ბინა, 2006 წლის 01 აპრილამდე, დროებით სარგებლობაში გადაეცა გ---–------- ჩ-----ს. ხელშეკრულების 2.2. პუნქტით, ბინის მიმღებმა აიღო ვალდებულება, რომ 2006 წლის 01 აპრილისთვის უპირობოდ გამოათავისუფლბდა და დატოვებდა ხელშეკრულებაში მითითებულ ბინას. 2.3. მუხლით, მიმღებს დროებით სარგებლობის პერიოდში არ უნდა მოეხდინა ბინის რეკონსტრუქცია. ხელშეკრულება მოქმედებდა 2006 წლის 01 აპრილამდე (ს.ფ 12).
ახალი ხელშეკრულება მხარეებს შორის არ დადებულა და მხარეები წერილობით არც 2005 წლის 1-------------ის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებაზე შეთანხმებულან, თუმცა გ---–------- ჩ-----ი დღემდე აგრძელებს ბინით სარგებლობას.
თ-----------ის სახელზე სამემკვიდრეო მოწმობა გაცემულია 1-----2016წ. მან 1-----2017 წელს განცხადებით მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოითხოვა საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. განცხადებას დაურთო პირადობის მოწმობის ასლი, აზომვითი ნახაზი, სამემკვიდრეო მოწმობა და საარქივო ცნობა (ს.ფ. 16);
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 1-----2016წ. N------- ბრძანებით თ-----------ს უსასყიდლოდ დაკუთრებაში გადაეცა ქ.სამტრედიაში, ლ.თ------ის ქ. N62, ბინა N5 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი 34,5 კვ.მ. წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად და მის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N-- (ს.ფ. 14-15);
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად საკუთრების წარმოშობა სამკვიდროზე მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
”წესის” მე-3 მუხლის თანახმად არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ”წესის” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით, თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 1-------------ის N------- ბრძანებით თ-----------ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ.სამტრედიაში, ლ.თ------ის ქუჩის N62, ბინა N5-ში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი 34.5 კვ.მ. ფართობი (ბინა), წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით. თ-----------ს ქ.სამტრედიაში, ლ.თ------ის ქუჩის N62, ბინა N5-ში მდებარე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ 34.5 კვ.მ. ფართობზე (ბინაზე) მიეცა საკუთრების უფლების მოწმობა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონიერი მოსარგებლის სტატუსის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დადგინდეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასაცემ ფართობზე დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) სარგებლობის უფლების მართლზომიერების ფაქტი. რაც შეეხება ფაქტობრივ სარგებლობას, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება). აღნიშნული საკითხების გამოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მთავრობის ზემოთ მოხსენიებული დადგენილების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციაა, რაც მან უნდა განახორციელოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ”წესისა” და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით.
საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მისაღებად გადამწყვეტია ამა თუ იმ პირის მიერ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით არა ფაქტობრივი სარგებლობა, არამედ ფართით სარგებლობის კანონიერი საფუძველი, კერძოდ, აღნიშნული პირი რამდენად წარმოადგენს საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლეს.
2005 წლის 1--------------ის ხელშეკრულებაშივე არის აქცენტი მასზე, რომ ბინა რომელიც დროებით სარგებლობაში გადაეცა გ---–------- ჩ-----ს წარმოადგენდა ე---------------ის სარგებლობაში არსებულ ფართს და ის დროებით 2016 წლის 01 აპრილამდე გადაეცა სარგებლობაში მოსარჩელეს. ამდენად გ---–------- ჩ-----ისთვის ხელშეკრულებით იყო ცნობილი, რომ ბინაზე კანინიერი სარგებლობის უფლება გააჩნდა აწ.გარდაცვლილ ე---------------ს.
ე--------------ის ქონება მემკვიდრეობით მიიღი მისმა ძმისშვილმა თ-----------მა და მას ამის უფლება, როგორც მემკვიდრეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით ჰქონდა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ამდენად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 1-----2016წ N------- ბრძანებისა და N-- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებირივი საფუძველი არ არსებობს, რაც სრულიად მართებულად შეაფასა სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ.
აპელანტის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ თ-----------ი არ წარმოადგენდა სადავო ბინის ფაქტობრივ მფლობელს/მოსარგებლეს, რაც ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის აუცილებელი პირობაა, -სასამართლო მიუთითებს, რომ თ-----------ი საცხოვრებელი ბინის კანონიერი მოსარგებლის მემკვიდრეა, შესაბამისად, მიუხედავად იმისა პირადად სარგებლობდა თუ არა სადავო ფართით, მასზე გადავიდა მამკვიდრებლის ყველა უფლება და მოვალეობა, მათ შორის ნივთის ფლობის უფლება (მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან (სამკვიდროს დამტოვებელთან) (სსკ-ის 157-ე მუხ), ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამდენად, მემკვიდრეზე გადავიდა კანონიერი მოსარგებლის უფლებები, - უფლება უსასყიდლოდ მიიღოს საკუთრებაში საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი საქართველოს მთავრობის ზემოთ ხსენებული დადგენილებით განსაზღვრული წესით.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტი გ---–------- ჩ-----ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ1’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ---–------- ჩ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე